ყველა დეტალი სომხეთის ომბუდსმენის ინფორმაციაზე დაყრდნობით" />

2017 წელს უფლებების დარღვევის საჩივრით სახალხო დამცველის ოფისს სომხეთის 6000-მა მოქალაქემ მიმართა

ყველა დეტალი სომხეთის ომბუდსმენის ინფორმაციაზე დაყრდნობით

გასულ წელს სომხეთის ომბუდსმენის ოფისს უფლებების დაცვის და აღდგენის თხოვნით 6000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ადამიანის უფლებების დამცველმა არმან ტატოიანმა 2017 წლის მონაცემები წარმოადგინა.

მან განაცხადა, რომ გასულ წელს ოფისში 1300 საჩივრით მეტი შევიდა, ვიდრე 2016 წელს. ამავდროულად ომბუდსმენთან შესული საქმეებიდან სამჯერ მეტი საქმე გადაწყდა განმცხადებლის სასარგებლოდ.

შემაშფოთებელი ფაქტები არჩევნებთან დაკავშირებით 

2017 წელს სომხეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ასევე – ერევნის უხუცესთა საბჭოსა და რეგიონულ თემთა ხელმძღვანელების არჩევნებიც.

არმან ტატოსიანის თქმით, მათი მიმდინარეობის დროს აღნიშნული დარღვევების შედეგად საზოგადოებამ არჩევნებისადმი ნდობა დაკარგა:

„ომბუდსმენის ოფისის მხრიდან საარჩევნო პროცესის შედეგებზე დაკვირვების შედეგად 2017 წელს ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი ფაქტები და შემთხვევები გამოვლინდა. იყო ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც.

აღინიშნა სახელმწიფო მოხელეებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების თანამშრომლებზე ზეწოლის, ამომრჩევლის დაშინების შემთხვევებიც, ადგილი ჰქონდა სამსახურიდან დათხოვნის მუქარასა და ხელქვეითებისთვის ხმის მიცემის იძულებას“.

ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

არმან ტატოიანის თქმით, 2017 წელს ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის სხვადასხვაგვარი შემთხვევა აღინიშნა, მათ შორის თანამდებობის პირების მხრიდანაც:

„სახელმწიფოს წარმომადგენელი კანონმორჩილების პრეზუმციით, ჟურნალისტის კეთილსინდისიერებითა და წესიერებით უნდა ხელმძღვანელობდეს. ნებისმიერი სახელმწიფო საქმიანობის საბოლოო ადრესატი საზოგადოებაა, ხოლო მასთან კავშირი სწორედ ჟურნალისტების საშუალებით მყარდება. ქვეყანაში ისეთი ატმოსფერო უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ჟურნალისტი სახელმწიფოს მხრიდან თავს დაცულად გრძნობდეს“.

სოციალური უზრუნველყოფის უფლება

ომბუდსმენის მოხსენებაში ასახულია პენსიის ზომისა და სამუშაო სტაჟის გათვლისას, ასევე დედის შემწეობის დანიშვნისას აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი დარღვევაც.

სასამართლო სისტემა

არმან ტატოიანმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემას  პრინციპული ცვლილებები ესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებს მათი უფლებების შესახებ წარმოდგენა შეეცვალოთ, განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის, როგორც აღმკვეთი ღონისძიების განსაკუთრებული ზომის, გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებები თავისუფლების აღკვეთის საწყის ეტაპზე ან დაკავების დროს დაცული არ არის. აქ მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს მომენტი, როდის უნდა გამოიყენონ თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება. ადამიანი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, პოლიციის განყოფილებაში პირდაპირ ქუჩიდან მიჰყავთ.

მას თავისუფლება ეზღუდება და მინიმალური უფლებებიც არ გააჩნია. მთავარი პრობლემები სწორედ ამ ეტაპზე მჟღავნდება, როდესაც ადამიანი პოლიციის განყოფილებაში ქუჩიდან მიჰყავთ. დაკავებულს დადგენილ ვადაზე მეტ ხანს აკავებენ, არასწორად ავსებენ ჟურნალებს და ა. შ.“, – თქვა ომბუდსმენმა

ირღვევა ადვოკატების უფლებები

არმან ტატოიანმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საადვოკატო საიდუმლო გახმაურებას არ ექვემდებარება. მან იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოთქვა აზრი, რომელიც ადვოკატებს სასამართლოს შენობაში ნივთების მთელი ჩამონათვალის შეტანას უკრძალავს. ადამიანის უფლებების დამცველს ასევე სამართლიანად მიაჩნია ადვოკატების პროტესტი მათ ჩხრეკასთან დაკავშირებით, რომლსაც ისინი სასამართლოს შენობაში შესვლის წინ და სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულების დროს ექვემდებარებიან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ