მისი ქალიშვილი ლანა ესტემიროვა ლონდონში უნივერსიტეტს ამთავრებს და წერს წიგნს რამაზან კადიროვის რეჟიმზე" />

10 წლის წინ მოკლული ჩეჩენი უფლებადამცველის ქალიშვილი დედის საქმის გაგრძელების პირობას დებს

მისი ქალიშვილი ლანა ესტემიროვა ლონდონში უნივერსიტეტს ამთავრებს და წერს წიგნს რამაზან კადიროვის რეჟიმზე

ათი წლის წინ, 2009 წლის 15 ივლისს, ჩეჩნეთში მოიტაცეს და სასტიკად მოკლეს უფლებადამცველი საზოგადოება „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების თანამშრომელი, ნატალია ესტემიროვა.

წელს მისი ქალიშვილი ამთავრებს უნივერსიტეტს ლონდონში და მუშაობს საკუთარი დედის შესახებ წიგნზე. ქვემოთ გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ წიგნიდან, რომელიც The Guardian-მა გამოაქვეყნა.

„8 წლის ვიყავი, როდესაც ღამის კოშმარები დამეწყო. მესიზმრებოდა, რომ რუსი ჯარისკაცები შემოდიოდნენ ჩვენს სახლში და დედას კლავდნენ. ვთხოვდი, რომ მეც მოვეკალი და ისინი ამას აკეთებდნენ…

ჩვენ ჩეჩნეთში ვცხოვრობდით, რომელიც მაშინ რუსეთს ეომებოდა. ჩემთვის რთული გასაგები იყო, ეს რატომ ხდებოდა. უფროსების საუბრიდან ვხვდებოდი, რომ რუსები მოვიდნენ ჩვენს მიწაზე, აწამებდნენ და კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. მაგრამ დედა არც ჩეჩენ პოლიტიკოსებსა და გენერლებს მოიხსენიებდა კარგად.

დედა განათლებით მასწავლებელი იყო, უფლებადაცვით მოძრაობაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ჩაერთო. ჩეჩნეთის ორი ომის პერიოდში ის ყველაფრის მოწმე გახდა – სასამართლოს გარეშე გასწორების, წამების, დაცინვის… მისი სამუშაოს მთავარი მიზანი იყო, რომ მსოფლიოს გაეგო ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

როდესაც ჩემს სამშობლოში, კრემლის მხარდაჭერით, ხელისუფლებაში რამზან კადიროვი მოვიდა, მან ტერორისტების მოშორებისა და რესპუბლიკის აღორძინების პირობა დადო. დაბომბვისა და სროლების შედეგად დარჩენილი ნანგრევების ადგილზე, ჩემ თვალწინ დაიწყეს ცათამბჯენების მშენებლობა.

მაგრამ ამ ფასადური მშვიდობის მიღმა, გრძელდებოდა სასტიკად გასწორება ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნის მიმართ. ნებისმიერ კრიტიკას კადიროვი იღებდა, როგორც პირადად მასზე შეტევას და არაერთხელ დაემუქრა უფლებადამცველებს, მათ შორის, დედას.

2009 წლის 15 ივლისს, დედა მოიტაცეს და მოკლეს. ჩემი ღამის კოშმარები ახდა. გასული ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. უფლებადაცვითი მოძრაობა ჩეჩნეთში იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო, აქტივისტებს სცემენ და ციხეში გზავნიან წარმოუდგენელი ბრალდებებით, მათ სახლებს წვავენ. ყოველ ჯერზე ასეთი ინფორმაციის გაგება დეპრესიაში მაგდებს. ვფიქრობ – ტყუილუბრალოდ ხომ არ დაიღუპა დედაჩემი? მისი მკვლელები ხომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან…

ყოველ ჯერზე ვახერხებ დეპრესიის გადალახვას და ვაგრძელებ მის შესახებ წიგნის წერას. იმიტომ, რომ ცოცხალი და ბედნიერი ვარ – და ეს ჩვენი ყველაზე დიდი საერთო გამარჯვებაა“.


ასევე წაიკითხეთ