დარბევის მიუხედავად, ბაქოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ აქცია მაინც გაიმართა
ბაქოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ არასანქცირებული აქცია გაიმართა. თავიდან პოლიცია აქციას უხეშად არბევდა, მაგრამ საბოლოოდ ზოგიერთ მონაწილეს მარშრუტის ბოლომდე მისვლის ნება მაინც დართეს.
მსვლელობის მიზეზები
ოქტომბრის დასაწყისში მამაკაცმა ჩხუბის დროს ცოლი მოკლა. მან ცოლს ქუჩაში, თავისი სამი შვილისა და გამვლელების თვალწინ დანა 25-ჯერ დაარტყა. ამ შემთხვევამ ყველას შოკი მოჰგვარა; ვიღაცამ ბოლო დროის საყოფაცხოვრებო ძალადობის სტატისტიკა გამოითვალა და გაირკვა, რომ 5 დღეში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაახლოებით 10 ქალი იყო მოკლული ან სასტიკად ნაცემი.
ამან სოციალურ ქსელებსა და მედიაში ადამიანები ისევ საყოფაცხოვრებო ძალადობის შესახებ აალაპარაკა. სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #QadınaŞiddətəYox (#არა ქალების წინააღმდეგ ძალადობას) საპროტესტო კამპანია დაიწყო. ბევრი სახელმწიფოსგან მოითხოვდა, რომ ამ საქმეში ჩარეულიყო და რაიმე ზომა მიეღო.
საყოფაცხოვრებო ძალადობა – აზერბაიჯანში ძალიან აქტუალური პრობლემაა. უფლებადამცავი ორგანიზაციის The Advocates for Human Rights-ის გამოთვლებით, ეს პრობლემა, ამა თუ იმ ფორმით, ქალების 43%-ს აქვს გადატანილი.
ქალებს ხშირად სცემენ როგორც ქმრები, ისე ოჯახის სხვა წევრები: მამა, ძმა, მამამთილი ან დედამთილი. ამის მიზეზი შეიძლება ყველაფერი გახდეს – ეჭვიანობით დაწყებული, წვრილმანი კონფლიქტით დამთავრებული.
აზერბაიჯანში არსებობს საყოფაცხოვრებო ძალადობის აღმკვეთი კანონი, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს არის მიღებული. მაგრამ სინამდვილეში ის პრაქტიკულად არ სრულდება, რადგან საყოფაცხოვრებო ძალადობას პოლიციაც კი ხშირად „შიდასაოჯახო საქმედ“ მიიჩნევს.
რა მეტად „უშლის ხელს დასვენებას“: მკვლელობები თუ მათ წინააღმდეგ პროტესტი
აქცია ლოზუნგით „ნუ მოითმენ! შეუერთდი მსვლელობას!“ აქტივისტების ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. აქცია მშვიდობიან მარშად იყო ჩაფიქრებული – მონაწილეები ქალაქის ცენტრში, პოეტი ქალის ნათავანის ძეგლთან შეკრებას, რამდენიმე ასეული მეტრის გავლას, „ფინიშთან“ კი მოთხოვნების გამოცხადებას გეგმავდნენ. კერძოდ – რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ხელი მოაწეროს ქალების მიმართ ძალადობისა და საყოფაცხოვრებო ძალადობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებას – სტამბოლის ხელშეკრულებას და მისი რატიფიცირება მოახდინოს. კონვენცია ძალაში 2014 წლის 1 აგვისტოს შევიდა. მოცემულ მომენტში მასზე ხელი 50 ქვეყანას (საქართველოსა და სომხეთის ჩათვლით) აქვს მოწერილი.
ამავდროულად წინასწარ ითქვა, რომ მარში გამოკვეთილად მშვიდობიანი ხასიათის იქნებოდა, აკრძალული იყო აქციის თემასთან დაუკავშირებელი ლოზუნგები.
ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ნებართვის მისაღებად ქალაქის ხელისუფლებას მიმართეს. მაგრამ მათ უარი განუცხადეს, და მიზეზად ის დაასახელეს, რომ აქცია „ქალაქელებს დასვენებაში ხელს შეუშლის“, და „არამიზანშეწონილია“.
„ანუ ქუჩებში ქალების მკვლელობა ქალაქელების დასვენებას ხელს არ უშლის, და მარში შეუშლის?!“, – აღშფოთდნენ ორგანიზატორები და გადაწყვიტეს, აქცია მაინც ჩაეტარებინათ.
ის 20 ოქტომბერს 15:00 უნდა დაწყებულიყო.
როგორ მიმდინარეობდა აქცია
აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ძეგის გარშემო არსებულ ტერიტორიას უკვე პოლიცია აკონტროლებდა. მათ შორის იყვნენ ქალი-პოლიციელებიც, რომლებსაც ბოლო ხანს მიტინგების დასაშლელად ხშირად სპეციალურად იხმობენ, რათა ქალი მონაწილეები დააკავონ. იქვე რამდენიმე პოლიციის მანქანა იცდიდა.
დასაწყისისთვის ძეგლის წინ რამდენიმე ათეული აქტივისტი და თითქმის იმდენივე ჟურნალისტი იდგა.
როდესაც აქტივისტებმა პლაკატები გაშალეს და თავიანთი ლოზუნგის სკანდირება დაიწყეს, პოლიციამ პროტესტანტების უხეშად დაშლა დაიწყო. დაახლოებით ხუთი ადამიანი დააკავეს, მაგრამ თითქმის მაშინვე გაათავისუფლეს. ზოგიერთი ავტობუსში ძალით ჩასვეს.
პოლიციამ მონაწილეების ნაწილი გვერდითა ვიწრო ქუჩაზე განდევნა და ამით აქციის ლოკალიზება მოახდინა. იქ მათ არწმუნებდნენ, რომ დაშლილიყვნენ. საბოლოოდ აქტივისტებმა თავიანთი მოთხოვნები მაინც განაცხადეს.
ამასობაში აქციის სხვა მონაწილეები პლაკატებით ხელში დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, და მათ უკვე აღარავინ დევნიდა.
წინა დღეს, 19 ოქტომბერს პოლიციამ და სპეცრაზმმა ოპოზიციის მიტინგი მკაცრად ჩაახშვეს.
პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.