კორონავირუსის ტყვეები - მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ
აფხაზეთში, ქართული საზოგადოება მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 12 მარტს აფხაზეთმა ჩაკეტა ქართულ მხარეს არსებული ერთადერთი გადასასვლელი.
ამის მიზეზად კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დასახელდა. საქართველოში, 13 მარტის მონაცემებით, 25 ინფიცირებულია, ასზე მეტი ადამიანი კი კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება.
აფხაზური ტერმინოლოგიით სახელმწიფო საზღვარი ან ქართული მხარის ტერმინოლოგიით ადმინისტრაციული საზღვარი – ეს არის მდინარე ენგურზე არსებული ხიდი. ხიდის მეზობლად მდებარე გალის რაიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველები არიან, რომლებიც მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ ქართულ მხარესთან.
მათ შორის, ბევრი ქართულ პენსიასაც იღებს და ფულის მისაღებად, რეგულარულად უნდა გადავიდნენ ხიდის გავლით ქართულ მხარეზე.
მაგრამ ახლა მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ და 10 მარტამდე დაბრუნება ვერ მოასწრეს, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ. ხალხს ეუბნებიან, რომ ისინი დაბრუნებას 7 აპრილზე ადრე ვერ შეძლებენ.
ეს კორონავირუსის ექსპრეს-ტესტების არარსებობით აიხსნება, რაც აფხაზეთისთვის ცალკე საშიშ ფაქტორს წარმოადგენს.
გადაადგილება ფაქტობრივად მაშინვე შეიზღუდა, როდესაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა – 27 თებერვალს. მაგრამ 13 მარტს, აფხაზეთის ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა გადასასვლელი. ახლა, ენგურის ხიდის გადაკვეთა მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს შეუძლიათ – უმსხვილესი ენერგოპროექტის, რომელზეც არის დამოკიდებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და ემსახურებიან სპეციალისტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარიდან.
რუსული გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ჟურნალისტები გაესაუბრნენ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ, დაკრძალვაზე ან სამუშაოდ გადავიდნენ.
• ქართული კანონი ოკუპაციის შესახებ
• აფხაზეთში ქართველები გვარებს იცვლიან და ამასთან ერთად, ეროვნებასაც
• აქ ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც იძულებული გახდნენ ორჯერ გადასახლებულიყვნენ აფხაზეთიდან. ვიდეო
აფხაზეთში, ქალაქ გალის მცხოვრებს, ასტამურ ლაცუზბაიას ქართულ მხარეს, ქალაქ მარტვილში მოუწია წასვლა, რადგან იქ გარდაეცვალა ნათესავი.
„6 მარტს გადავკვეთე საზღვარი, ვიცოდი, რომ შემოღებულია კარანტინი. მესაზღვრეს ვკითხე, მოვახერხებდი თუ არა უკან დაბრუნებას. მითხრეს, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს უშვებენ, მაგრამ 10 მარტს მოვედი საზღვართან ბიძის დაკრძალვის შემდეგ და აღარ მიშვებენ.
მთელი ფული, რაც მქონდა, დაკრძალვისთვის მივეცი, ჩემთვის მხოლოდ სამგზავრო დავიტოვე. არც ჩემს ცოლს და არც მე ბანკის ბარათი არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ფულის ჩარიცხვას ვერ ახერხებს, შორეულ სოფელში ვცხოვრობთ“, – გვიყვება ლაცუზბაია.
ჯერჯერობით ის ნათესავმა შეიფარა საზღვრისპირა სოფელ რუხში. მასთან აფხაზეთში მცხოვრები კიდევ ხუთი ქართველი გაჩერდა.
„ჩვენ კორონავირუსის ტყვეები გავხდით. ვშიშობ, რომ 7 აპრილს კარანტინს არავინ გააუქმებს. იმიტომ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება არ არის მზად ასეთი საფრთხისთვის, ჩვეულებრივი ადამიანები ზარალდებიან.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ გალის რაიონის მცხოვრებლები არ უყვართ, მაგრამ საქართველოში ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ, მხოლოდ იქ შეგვიძლია ნორმალური სამედიცინო დახმარების მიღება და სამუშაოს მოძებნა“, – ამბობს ასტამურ ლაცუზბაია.
გალის რაიონის მცხოვრები, ბოტა სმირი მოგვიყვა, რომ ოპერაციის შემდეგ, ქალაქ ზუგდიდის საავადმყოფოდან 10 მარტს გამოწერეს. მან მხოლოდ საზღვარზე შეიტყო, რომ სახლში დაბრუნებას ვერ შეძლებდა.
„მე მათ საბუთები ვაჩვენე, საავადმყოფოში გამოწერილი – მათ მაშინვე მითხრეს, რომ სამკურნალო დაწესებულებასთან მქონდა შეხება და ვერ დავბრუნდები სახლში 7 აპრილამდე. ზუგდიდში მომიწია დაბრუნება, სადაც სასტუმროში ვცხოვრობ. ნათესავებმა გამომიგზავნეს ცოტა ფული“, – გვითხრა სმირმა.
გალის რაიონის კიდევ ერთი მცხოვრები, ირინა ლაბახუა, მოგვიყვა, რომ ფულისა და საბუთების გადაცემას ცდილობდა თავისი ქმრისთვის, რომელიც ასევე ქართულ მხარეს აღმოჩნდა, მაგრამ აფხაზმა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მისცეს.
„საზღვრის გადაკვეთა არ შემიძლია, რადგან უკან არ შემომიშვებენ, მე კი სახლში პატარა ბავშვები მელოდებიან. რა გავაკეთო?“, – ამბობს ლაბახუა.
ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მაგრამ, როგორც ირკვევა, არც ერთი ტესტი არ აქვთ, ეს რომ დაადგინონ.