ვის ირჩევენ ეთნიკური უმცირესობები?" />

ჯავახეთში ყინული დაიძრა

ვის ირჩევენ ეთნიკური უმცირესობები?

პარტიებმა წელს, ისე როგორც არასდროს,  ახალქალაქში წინასაარჩევნო ვითარების შექმნაზე იზრუნეს.

სახელმწიფო დაწესებულებების ფასადებს,  საკუთარი სახლების ღობეებს, ტრანსპორტის მინებს  იმ კანდიდატების სახეები ამშვენებს, რომლებიც ახალქალაქელებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდებიან.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის  მიხედვით, საქართველოში  168 ათასი სომეხი ცხოვრობს, და მათი უმრავლესობა – სწორედ ჯავახეთის რეგიონში, რომლის ცენტრი ახალქალაქია.

სომხური  თემი საქართველოში, ტრადიცულად, პოლიტიკურად პასიურია.  არჩევნებზე რეგიონი ყოველთვის დაბალი დასწრებით გამოირჩეოდა, საარჩევნო ურნებთან მისული მოქალაქეები კი, როგორც წესი, მმართველ პოლიტიკურ ძალას  აძლევდნენ ხმას და ამგვარად გამოხატავდნენ სახელმწიფოსადმი თავიანთ ლოიალურობას.

თუმცა, წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2012 წელს, ბევრისთვის გასაოცრად, ჯავახეთიდან არცთუ ცოტა ხმა მიიღო ოპოზიციამ.

იქცევა თუ არა პრეცედენტი ტენდენციად? ამას ვნახავთ მომავალ არჩევნებზე, რომელიც საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება.

საპარლამენტო არჩევნებში 29 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, თუმცა მხოლოდ ექვს მათგანს ჰყავს საკუთარი კანდიდატი ახალქალაქის საარჩევნო ოლქში.

მათ შორის ყველაზე “ტიტულიანია” ენზელ მიქოიანი  – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალქალაქის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან”.

საქართველოს პარლამენტში მიქოიანი უკვე მეხუთედ იყრის კენჭს. ის 1999 წლიდან პარლამენტის წევრია და ამ დროის განმავლობაში პარტიების ცვლაც  მოასწრო – 2012 წელს ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა, მაგრამ ამ პარტიის დამარცხებისთანავე მმართველი “ქართული ოცნების” რიგებს შეუერთდა.

ახალქალაქში საპარლამენტო არჩევნებს ხუმრობით მისი სახელიც კი შეარქვეს – “ენზელის არჩევნები”.

არც სხვა პოლიტიკური ძალების კანდიდატები არიან მაინცდამაინც ახალი სახეები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, რომელიც 2012 წელს ახლდა, პარტიებს განსაკუთრებულად არ უზრუნიათ ჯავახეთში თავიანთი პოლიტიკური კაპიტალის განახლებაზე.

ამავდროულად,  პირველად ხდება, რომ პარლამენტში მოხვდრას ცდილობს ორი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენენ.

“ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან კონკურენციის რეალური შანსი გაჩნდა, რაც ადრე არ ყოფილა. ყინული დაიძრა. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როდესაც კანიდატებს შორის ბრძოლა მხოლოდ ფორმალური იყო, ახლა ხმების მოსაპოვებლად სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული. ოპოზიციას შანსი აქვს,” – ამბობს ერთ-ერთი მაგანი, დამოუკიდებელი კანდიდატი არტაშეს ფალანჯიანი. 

საქართველოში 73 თითომანდატიანი საარჩევნო ოლქია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12 მათგანში ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობას წარმოადგენენ. ამ რაიონების მოსახლეობა უპირატესად სომხური ან აზერბაიჯანულია.

850-ზე მეტი მაჟორიტარი კანდიდატიდან, რომლებიც 73 მანდატის პრეტენდენტები არიან, 12 ეთნიკურად სომეხია.

დღევანდელ პარლამენტში სამი ეთნიკურად სომეხი დეპუტატია. რუსლან პოღოსიანი და ენზელ მიქოიანი “ქართული ოცნებიდან” და სამველ პეტროსიანი – უპარტიო.

არც ერთი ამ სამი დეპუტატიდან პარლამენტში ყოფნის წლებში არ გამოირჩეოდა აქტიურობით. ენზელ მიქოიანს 4 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ უსარგებლია საპარლამენტო ტრიბუნით. პოღოსიანი სულ ორჯერ მივიდა მიკროფონთან, პეტროსიანი კი იმ დეპუტატების ოცეულშია, რომლებიც ყველაზე იშვიათად ესწრებოდნენ საპარლამენტო სხდომებს.   

“მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით, ამ დროს ყველაზე ცნობილი ბრენდი ვხდებით ხოლმე; მანამდე სალამზეც არ გვპასუხობდნენ, ახლა კი დადიან და ყველას რიგ-რიგობით ხელს ართმევენ,” – ამბობს აიკ მანუკიანი, ახალქალაქის მცხოვრები.

უმუშევრობისა და სხვა სოცილური პრობლემების გადაჭრასთან ერთად,  წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დეპუტატობის კანდიდატების მხრიდან გაცემულ მთავარ დაპირებათა შორისაა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და სავიზო რეჟიმის გაუქმება.

ჯავახეთისთვის, საიდანაც მამაკაცების თითქმის 80 პროცენტს ოჯახის სარჩენად  ყოველწლიურად უწევს რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრება, ეს მაცდუნებელი წინადადებაა.

ნუნე და მისი მეზობელი ანაითი სოფელ კარცახის კარტოფილის სათეს მინდორში შეგვხვდნენ.

“ყოველდღე ვინმე მოდის და გვთხოვს, რომ ის ავირჩიოთ. და სულ ასეა, ოღონდ არაფერი იცვლება”, – ამბობს ნუნე. მისი ქმარი ახლა კრასნოდარშია, გზის მშენებლობაზე მუშაობს.

კარცახი თურქეთის საზღვრისპირა სოფელია. ზამთრში აქ ადამიანები  სახლებს ფიჩხით ათბობენ. სოფლის მრავალრიცხოვანი პრობლემების ჩამოთვლისას მოსახლეობა განსკუთრებულად უჩივის უწყლობასა და ბუნებრივი აირის არქონას. ამ სოფელში წყალს დღემდე სათლებით და სახედრებით ეზიდებიან.

“მოვიდნენ თავიანთი ძვირფასი მანქანებით, რას აღარ დაგვპირდნენ, და პასპორტები მოგვთხოვეს… მე კიდევ  ვუსმინე და ბოლოს ვუთხარი, – ბიჭებო, ისე მწყურია , თვალებში მიბნელდება. წადით და თქვით, რომ აქ წყალი არ გვაქვს და ადამიანები იხოცებიან. მთელ დღეს კარტოფილის კრეფაში ვატარებთ, საღამოს კი დაღლილ-დაქანცულებს წყლის თრევა გვიწევს, რომ ძილის წინ დავიბანოთ,” – ამბობს 47 წლის ანაითი.

 

 გამოქვეყნებულია: 6.10.2016


ასევე წაიკითხეთ