ისტორიები სოხუმის "დიდი ბაზრობიდან"" />

“საოცრებათა ველი”აფხაზეთში

ისტორიები სოხუმის "დიდი ბაზრობიდან"

სოხუმის ძველმანების ბაზრობაზე ყველა მსურველს შეუძლია ივაჭროს – უბრალოდ, საჭიროა სიმბოლური ‘ბაჟის’ გადახდა სავაჭრო ადგილისათვის, და იმპროვიზებულ დახლზე ნივთების დაწყობა. და უცებ, ნივთები თითქოს იერს იცვლის: ის, რაც თქვენ სავსებით სამართლიანად ძველმან და უსარგებლო ნივთად მიგაჩნდათ, შეიძლება ყველზე მოთხოვნადი საქონელი აღმოჩნდეს, ანდა სულაც – კოლექციონერის დიდი ხნის ოცნება.

რა თქმა უნდა, შევაჭრებაც მიღებულია! თუმცა, აქ არ იგრძნობა აღმოსავლური ბაზრებისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და თამაში. ამის მიზეზი ვაჭრობის აქაური სტრატეგიაა – რაც იმით გამოიხატება, რომ ორივე მხარემ უეჭველად თავი უნდა მოისაწყლოს:

– ოცად მომეცი, ბოლო ფულს ვიხდი.

– არა, ოცდაათი, ნახევარი წელია, ბინის ქირა არ გადამიხდია.

სიღარიბის აუცილებელი დონე ‘ადგილის შესაფერისი’ ჩაცმულობით მიიღწევა.
ანუ: ძველმანების ბაზრობის დაუწერელი კანონებით, გამყიდველებმაც და მყიდველებმაც გარკვეული სიღარიბის დრეს-კოდი უნდა დაიცვან. ზოგიერთს მეტი საიმედოობისათვის თან ‘გამოსაცვლელი’ სამოსი დაააქვს – მაგალითად, ძველი, დაჭმუჭნილი კეპი და გაცვეთილი პალტო. ივარაუდება, რომ ‘ღარიბული’ იერი ვაჭრობისას თქვენს სიტყვებს ძალას შეჰმატებს.

ძველმანების ბაზრობაზე მხოლოდ ნივთების კი არა, იდეების გარდასახვაც ხდება. მაგალითად, აქ მუდმივად ეჯახება ერთმანეთს გამყიდველების მიერ თავიანთი საქონლის შეფასება და ის გარემოება, რომ ბაზარობა იაფი უნდა იყოს. 

ძველმანების ბაზრის ტიპური გამყიდველი თავის ნივთებს ძალზე პერსონიფიცირებულად ეკიდება; მას უჭირს ნივთთან განშორება, რაც არ ხდება მაღაზიასა თუ საკომისიოში, სადაც ასევე ნახმარი ნივთები იყიდება. ამიტომ, საქონელზე ფასის დაკლების მოთხოვნა აუცილებლად პროტესტს იწვევს:

– რა ღირს ბამბის შარვალი?

– ძვირს ვაფასებ.

– რამდენს?

– 150.

– ეს ხომ ბაზარია!

– მერე რა?

– 100-დ? ეს ხომ ბაზარია!

– 100-დ მენანება.

ალბათ სწორედ ამ საოცარი გარდასახვის გამო უწოდებენ  სოხუმის ძველმანების ბაზრობას სულ უფრო ხშირად  ‘ჯადოსნურ ველს’. ადგილობნრივი გამყიდველებიდან ვიღაცამ შემახსენა, რომ რუსული გამოთქმა ‘ბლოშინი’ (ბაზრის რუსული დასახელება) საფრანგეთიდან მოდის. რამდენიმე საუკუნის წინ პარიზთან ახლოს მეძველმანეები იკრიბებოდნენ და იაფად ყიდდნენ ნახმარ ტანსაცმელს, რომელსაც ხშირად რწყილები (რუსულად ‘ბლოხა’) მოჰყვებოდა.

ძველმენების ბაზრის ძირითადი მყიდველი – ჩამოსული ტურისტია. ადგილობრივებს შორის გაცილებით ნაკლებია ‘ძველმანის’ დამფასებელი. მიუხედავად ამისა, აქ საზოგადოება მეტად მრავალფეროვანია, ვის არ შეხვდები: პენსიონერებს, რომლებსაც იაფად სურთ შემოსვა, ახალგაზრდა ინტელექტუალებს, რომლებიც იშვიათ გამოცემებს ეძებენ, და მოდის მიმდევრებსაც, რომლებიც იძენენ ძველებურ ჩანთებს, იშვიათ წიგნებს, სამკაულებს.

აქ ძალიან ბევრი ძველი წიგნი და ღია ბარათია. მაგრამ ცოტა ვინმე თუ ყიდის საკუთარ წიგნებს ოჯახის ბიბლიოთეკიდან. ძირითადად, ეს გადამყიდველები არიან. გალინა კოლესნიკოვა ძველმანების ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს – წიგნებს ყიდის. ‘სულ თავიდან, როცა მუშაობა დავიწყე, ერთხელ წიგნს ვყიდდი, თვითონაც არ ვიცოდი, რამდენი ღირდა – 20 მანეთს ვითხოვდი. მამაკაცი მოვიდა, ფასი მკითხა და როცა ვუპასუხე, რამდენად ვაფასებდი, 100 მანეთი ამოიღო, მომცა და მითხრა, რომ ეს წიგნი გაცილებით ძვირი ღირდა. ავტორი უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ ძველი გამოცემა იყო, 1879 წლისა,’ – ჰყვება ქალბატონი გალინა.

ლენა ლაზინსკაია ძველმანების ბაზარზე 20 წლის წინათ, ომის დამთავრებისთანავე მივიდა, გაჭირვების გამო – როგორღაც შვილები ხომ უნდა გამოეკვება. ‘აქ ბევრს ვერ გამოიმუშავებ, მაგრამ დროს საინტერესოდ გაატარებ. მე ძვირიანი წიგნები არ მაქვს – 20 მანეთიდან 200-მდე. ძირითადად ასაკოვანი ხალხი მოდის, რომლებიც წიგნების შეხედვაზე ახალგაზრდობას იხსენებენ. ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა,’ – ამბობს ლენა.

ბაზარზე ფულიც იყიდება. მაგალითად ასეთი – საბჭოთა, უკვე ძველი. მათმა მეპატრონემ გვიამბო, რომ ეს სიმდიდრე სრულიად შემთხვევით დეიდამისის ნივთებში იპოვა. სხვათა შორის, ეს ფული ახლა საკმაოდ ძვირად ფასობს.

ნებისმიერი ძველი ნივთი, თუნდაც დაზიანებული, მოთხოვნის საგანი ხდება. ახლა მოდაშია სიძველე, ფასობს. თუმცა, ხშირად ძველი ნივთების მეზობლად ახლებსაც წააწყდებით, ძვირის გვერდით – იაფს. ძველმანების ბაზრის წესის მიხედვით, დახლზე ძვირად ღირებულ საქონელთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ნივთები დემოკრატიული ფასით.

თუ ბევრს იხეტიალებ, შეიძლება ნამდვილად ღირებული სიძველეც შეგვხდეს. მაგალითად, ასეთი ხის ჯამი. რა თქმა უნდა, ეს განუმეორებელი ხელით ნამუშევარია – ნახეთ, როგორი ორნამენტია! მგონი, მყიდველი ვხდები!

‘საიდან ასეთი სილამაზე?’ – ვეკითხები დახლის მეპატრონეს.
‘თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ფასეულ ნივთს ყრიან ადამიანები, როცა სხვენსა და საკუჭნაოებს ათავისუფლებენ, – მპასუხობს ის, – სხვადასხვაგვარ ნაგავს შორის ხშირად შეხვდებით მე-18 – მე-19 საუკუნეების სამუზეუმო ნივთებს.’

აღარ მიკვირს, ეს უსარგებლო ძველმანის მორიგი გარდასახვაა მშვენიერ ნივთად. უკვე მივხვდი, რომ აქ ეს იშვიათობა არ არის.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ