კლიმატური ცვლილებების გამო ბუნებრივი წყაროები დაშრა და ადამიანები წლობით ელიან, როდის მიიყვანენ მათ დასახლებაში წყალსადენს" />

წყლის გარეშე დარჩენილი სომხური სოფლები იცლება

კლიმატური ცვლილებების გამო ბუნებრივი წყაროები დაშრა და ადამიანები წლობით ელიან, როდის მიიყვანენ მათ დასახლებაში წყალსადენს

села без воды, питьевая вода, орошение,

„თქვენი ცხოვრება ისეთი ხანგრძლივი იყოს, როგორც წყლის დენა“, – ეს გამოთქმა სომხეთში ხშირად შეიძლება მოისმინოთ, მაგრამ არა სოფელ თლიკში. აქ ამ დალოცვას წყევლად იღებენ. ბოლოჯერ ამ სოფელში წყალი ონკანიდან 25 წლის წინ წამოვიდა.

77 წლის ხანუმ ჯანოიანი – იეზიდების (იეზიდები – ხალხი ახლო აღმოსავლეთში, რომლებსაც ზოროასტრიზმზე დაფუძნებული საკუთარი რელიგია აქვთ) ერთ-ერთი ძველი წარმომადგენელია სოფელ თლიკში. მისი სახლი სოფლის განაპირას დგას, მიტოვებული ბაღით, სიმწვანისა და სიცოცხლის გარეშე.

სოფელი თლიკი. ფოტო JAMnews

სომხეთის იეზიდები თავიანთ პრობლემებს თავად წყვეტენ

როგორ ცხოვრობენ სომხურ სოფელში, რომელიც ადრე აზერბაიჯანული იყო

ხანე ბებია გვიყვება, რომ ადრე, თურქეთის საზღვრისპირას მდებარე ამ სოფელში 120 ოჯახი ცხოვრობდა და არა შვიდი, როგორც ახლა. და მაშინ წყალიც იყო – ოთხი ბუნებრივი წყაროდან.

„წყარო არის, წყალი კი არა. საბჭოთა მეურნეობა ჩამოიშალა – არავინ დარჩა, ვინც სოფელზე იზრუნებდა და ასეც მოხდა. უკვე 25 წელია სასმელ წყალს ვყიდულობთ, სამუშაოებისთვის, რეცხვისა და საქონლისათვის კი მამაკაცები ექაჩებიან წყალს ხეობიდან“, – ამბობს ხანუმ ჯანოიანი.

ხანუმ ჯანოიანი. ფოტო JAMnews

ავტომობილს სოფელში სასმელი წყალი 10 დღეში ერთხელ მოაქვს – საუკეთესო შემთხვევაში. ხანე ბებია ყოველ ჯერზე 20 ლიტრს ყიდულობს. ის წყალს ეკონომიურად მოიხმარს და გრილ ადგილას ინახავს, რათა 10 დღის განმავლობაში არ გაფუჭდეს. 20 ლიტრს ის 350 დრამად (85 ცენტად) ყიდულობს. მარტოხელა ქალი, რომელიც ინვალიდია, მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს, რომელიც 36 ათას დრამს (75 დოლარს) შეადგენს.

„ცოტას ვჭამ, რათა მეყოს“, – ამბობს ბებია.

გასულ წლებში, მან მოისმინა დაპირებები წყლის პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებასთან დაკავშირებით. ბოლო დაპირებები თლიკის მცხოვრებლებს ჩინოვნიკებმა მიმდინარე წლის დასაწყისში მისცეს. უთხრეს, რომ 6 სექტემბერს სოფელში წყალი იქნებოდა. ადამიანებმა უკვე აღარ დაიჯერეს, მაგრამ თარიღი დაიმახსოვრეს.

ქვეყანაში არსებული სიტუაცია ციფრებში

სომხეთში 580 დასახლებაა, რომლებშიც საერთოდ არ არის სასმელი წყალი. შედარებისთვის, ქვეყნის ერთადერთი წყლით მომმარაგებელი, 355 დასახლებულ პუნქტს ემსახურება.

წყალმომარაგების სისტემის გარეთ დარჩენილ დასახლებებს ოდესღაც წყალი ბუნებრივი წყაროების წყალობით მიეწოდებოდა. თუმცა, კლიმატური ცვლილებების გამო წყაროები დაშრა და ადამიანები წყლის გარეშე დარჩნენ.

ამ ადამიანების პრობლემის გადასაჭრელად, ოფიციალური ცნობით, 270-300 მილიონი ევროა საჭირო, რომელიც სახელმწიფოს ჯერჯერობით არ აქვს.

ეკოლოგის განმარტებები

ეკოლოგი კარინე დანიელიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთში მიწისქვეშა და მიწისზედა წყლის რესურსების შემცირების მიზეზი არა მხოლოდ კლიმატური ცვლილებები, არამედ ადამიანების წინდაუხედავი გადაწყვეტილებებია. მისი თქმით, ამ მხრივ საბედისწერო მნიშვნელობა ჰქონდა ხელისუფლების მიერ 2008 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

„2008 წელს სახელმწიფომ ექსპერტებს დაუკვეთა არარატის ვაკის არტეზიული აუზის კვლევა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ ოდნავ გადავაჭარბეთ მოხმარების დასაშვებ ნორმას და მტკნარი წყლის რესურსების შესანარჩუნებლად, საჭირო იყო მოხმარების შემცირება.

მაგრამ, რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ? დიამეტრულად საპირისპირო. გადაწყვიტეს თევზების მეურნეობების განვითარების სტიმულირება. შედეგად, სხვადასხვა ადგილას არტეზიული წყლების დონე 3 მეტრიდან 15 მეტრამდე შემცირდა“, – ამბობს ეკოლოგი.

ცნობილია, რომ სომხეთში დარეგისტრირებული 319 თევზის მეურნეობიდან 280 არარატის ვაკეში მოქმედებდა და მათი 99% არტეზიულ ჭებს იყენებდა. შედეგად, მდინარე მეწამორის აუზში არსებული 303 არტეზიული წყაროდან 120 დაშრა. 1984 წელს არტეზიული წყლებით 32700 ჰექტარს რწყავდნენ, ახლა კი მხოლოდ 10700-ს – ანუ სამჯერ ნაკლებს.

სომხეთში 450 000 ჰექტარი სახნავი მიწაა, თუმცა, გაუდაბნოების პირობებში მხოლოდ 200 000 ირწყვება – ანუ 50%-ზე ნაკლები.

კარინე დანიელიანს სიტუაციის შეცვლის იმედს სომხეთის ახალი ხელისუფლების მოქმედებები აძლევს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სათევზაო მეურნეობები ამის შემდეგ აღარ გამოიყენებენ არტეზიულ წყლებს და „მეორადი გამოყენების წყლების“ პრინციპით იმუშავებენ. ამას გარდა, დაიხურება 37 ჭაბურღილი, რომლებიც ამ ეტაპზე გამოიყენება და წყლების დაკარგვის დამატებითი წყაროა.

და მაინც, ეკოლოგი დარწმუნებულია, რომ წყლის რესურსებისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად, ათწლეულები იქნება საჭირო:

„ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მიწისზედა და მიწისქვეშა წყლები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუკი სევანის ტბის დონეს შევამცირებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ წყაროები მთელ სომხეთში დაშრება. როდესაც არტეზიულ აუზებს ვაზიანებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მდინარეები შემცირებას იწყებს და წყაროები შრება.

ეროვნულ დონეზე ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია კლიმატური ცვლილებების გათვალისწინება. სამწუხაროდ, პლანეტაზე ქაოტური ცვლილებები ხდება. ბუნება რამენაირად ადამიანების გონზე მოყვანას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეშინია, რომ მან უბრალოდ ადამიანების, როგორც სახეობის, მოსპობა დაიწყო, რომელიც მის მთლიანობას არღვევს. სამწუხაროდ, ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს არ ესმით“.

დეტალები თლიკის ცხოვრებიდან

სურენ ხალათიანი თლიკის ყველაზე ასაკოვანი მცხოვრებია. მისი სამი ვაჟი ოჯახებთან ერთად სოფელში დარჩა საცხოვრებლად.

სურენ ხალათიანი. ფოტო JAMnews

ბაბუა სურენის ბაღში დიდი ცარიელი ავზები დგას. ცოტა წყალი მხოლოდ ხელნაკეთ პირსაბანში დარჩა. ბაღის ცენტრში ძველი ურიკა დგას, ის დატვირთულია დიდი ცისტერნით, რომლითაც მდინარიდან მოაქვთ მეურნეობისთვის საჭირო წყალი.

„წყლის გამო ჩვენი სოფელი დაცარიელდა. სახლები აღარ დარჩა, მხოლოდ ნანგრევებია. წყალი რომ ყოფილიყო, ადამიანები ადგილიდანაც არ დაიძვრებოდნენ. ჩვენი სახსრებით შევიძინეთ დიდი ვაგონი, რომელშიც მდინარის წყალს ვაგროვებთ წყალსაქაჩის საშუალებით. ამ წყლით ვრწყავთ ბაღებს, ვასმევთ საქონელს და ვრეცხავთ. ნორმალურ პირობებში ადამიანი ამ წყალში ხელს არ ჩაყოფდა, ჩვენ კი ჩვილებს ვაბანავებთ“, – ამბობს ბაბუა სურენი.

სოფელი თლიკი. ფოტო JAMnews

ის ჰყვება, რომ გასულ წლებში, სოფლის წყლის რესურსები 72 ჰექტარი ვაკე მიწებისა და 35 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად კმაროდა. მაგრამ წყაროები ფაქტობრივად ერთდროულად დაშრა და უკვე 25 წელია, სოფლის მცხოვრებლები იძულებული არიან, იყიდონ სასმელი წყალი, საყოფაცხოვრებო საჭიროებისა და მორწყვისათვის კი მდინარე ახურიანის წყალი გამოიყენონ. და ყოველ ჯერზე, თლიკის მცხოვრებლებს ამისათვის ნებართვის აღება უწევთ ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების მეთაურებისგან.

სოფელი თლიკი. ფოტო JAMnews

ექსპერტის პროგნოზი

ნიადაგმცოდნე აშოტ ხოეციანი უკანასკნელი 2-3 წელია სომხეთის რეგიონებში დადის და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებს სწავლობს, მათ შორის, დასახლებული პუნქტების გაღარიბებასა და შიდა მიგრაციას. მისი აზრით, გაუდაბნოებასთან ბრძოლა – სომხეთის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ ექცევა სახელმწიფოს მხრიდან:

„გაუდაბნოება გლობალურ, პლანეტარულ პრობლემად მიიჩნევა, სომხეთში კი ის ძალიან მწვავედ ვლინდება და საკუთარი თავისებურებები აქვს. სომხეთის ტერიტორიის 80%-ზე მეტი გაუდაბნოების პირასაა. დაახლოებით, 30% კი უკვე გაუდაბნოების უკიდურეს სტადიაზე იმყოფება. დღეს, სომხეთის ტერიტორიის მხოლოდ 8%-ია ტყით დაფარული. ეს, პირველ რიგში, მიწების დეგრადაციას ნიშნავს, უფრო ზუსტად, მიუთითებს მათი ბუნებრივი ნაყოფიერების შემცირებაზე“.

ნიადაგმცოდნეს მიაჩნია: თუკი არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, სომხეთი დაკარგავს თავის ნიადაგს ანუ მიწას, რომელიც კვებავს ხალხს.

„თუკი ამ პრობლემის მიმართ სრული გულგრილობა არ შეიცვლება, რამდენიმე წლის შემდეგ, მიწის დეგრადაცია, რომელიც სომხეთში შეიმჩნევა, უბრალოდ შიმშილამდე მიგვიყვანს“, – გვაფრთხილებს მეცნიერი.

გლობალური პრობლემების გადაწყვეტამდე

თლიკის წყლით მომარაგების საკითხის გადასაწყვეტად მხოლოდ პრობლემის მოგვარების სურვილი და 4 კილომეტრი სიგრძის წყალსადენია საჭირო. ყველა მეზობელი სოფელი უკვე უზრუნველყოფილია წყლით და მხოლოდ თლიკში არ შეცვლილა არაფერი 25 წლის განმავლობაში.

სოფელი თლიკი. ფოტო JAMnews

სოფელში დარჩენილი მოსახლეობის ერთადერთი საქმიანობა – მეცხოველეობაა. ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე, ძროხები და ცხვრები საძოვარზე გაჰყავთ. სახლისკენ მიმავალ გზაზე ნახირი წყლის დასალევად ჩერდება – სოფლის განაპირას მდგარ მწვანე ცისტერნასთან. როდესაც საქონელი წყლის სმას ასრულებს, მწყემსები აუცილებლად კეტავენ ონკანს, რათა წყალი სხვებისთვისაც დარჩეს. აქ ყველა ადამიანი აფასებს თითოეულ წვეთ წყალს.

სოფელი თლიკი. ფოტო JAMnews

მზის ჩასვლისას ბაბუა სურენი მეზობლების ეზოებს ჩამოივლის ხოლმე, რომელთა ცარიელ სახლებსაც უკვე მრავალი წელია იმ იმედით ყარაულობს, რომ ერთხელაც იქნება, ისინი დაბრუნდებიან. მაგრამ იცის: თავდაპირველად საჭიროა, წყალი დაბრუნდეს ამ სოფელში.

სოფელი თლიკი. ფოტო JAMnews


ასევე წაიკითხეთ