მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხის კედლების მეორე მხარეს მყოფ ადამიანებს წერილებს სწერს. ისტორიის გაგრძელება " />

წერილი ციხიდან. ადგილი, სადაც გაღვიძებას ისევ ძილი სჯობს

მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ციხის კედლების მეორე მხარეს მყოფ ადამიანებს წერილებს სწერს. ისტორიის გაგრძელება

ანასტასია ლოგვინენკოს ნახატი

 წერილები საპატიმროდან”  JAMnews-ის ახალი პროექტია. ყველაფერი დაიწყო რედაქციაში შემოსული  წერილით, რომლის ავტორსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. უკვე 23 წელია, რაც იური სარქისიანი ციხეშია. მას საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდა და ამიტომ მოგვწერა. იურის  მიაჩნია, რომ საზოგადოებას  უნდა ესმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც საპატიმროების კედლების „მეორე მხარეს“ ცხოვრობენჩვენ მას დავეთანხმეთ და ასე შეიქმნა ეს პროექტი.

იური სარქისიანის მეორე წერილი         

“დახვრეტა“! ასეთი გადაწყვეტილება მიიღო შავ მანტიაში გამოწყობილმა ჩინოვნიკმა. უემოციო, მაგრამ არც ისე მიუკერძოებელი ადამიანის მზერა, რომელიც ტექტისკენაა მიმართული. პირი, რომელიც სიკვდილს აბოყინებს. მაჯებზე ფოლადის „ბრასლეტები“ შემაბეს და ამით დაასრულეს ეს წარმოდგენა. მართლმსაჯულების გალია გაიღო და მასში დამთრგუნველი უფსკრული გამოჩნდა. ხალხი ფეხზე იდგა და ისე უკრავდა ტაშს. ისინი მკვლელობას მოითხოვდნენ და მიიღეს ის, რაც სურდათ ერთხელაც არ გამიხედია დარბაზისკენ – იმ ადამიანებისკენ, რომლებიც შურისძიების გამომხატველი, დაღმეჭილი სახეებით ისხდნენ. ამ ყველაფერს კი მოჰყვა საპატიმრო, რომელსაც მოხვეწილი კუთხეების მქონე პენტაგრამის ფორმა აქვს. თუმცა, აქ ყველაფერი მოხვეწილი და დახვეწილი ნამდვილად არ არის…

ბოლო ოცი წლის მანძილზე ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს, თუ რანაირად მერგო ეს „ცხოვრება“, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს ეს სახელი. არც მზის ამოსვლა, არც დაისი, არც ემოციური „მიქცევა“ და „მოქცევა“ და არც წელიწადებად, დღეებად და საათებად დაყოფილი სიცოცხლე – იქ, სადაც გაღვიძებას ისევ ძილი სჯობს.

მამაჩემს ერთადერთი ვაჟის გამოსასყიდ თანხას სთხოვდნენ. მაგრამ ამ მიზნით შეგროვებული ფული სხვა დამნაშავეებმა მოიპარეს. ბერიკაცი დააყაჩაღეს. მე კი ცოცხლად დავიმარხე.

რკინის ჭიშკართან მდარგმა უკანასკნელად შევხედე მზეს, რომელიც საყვარელი ადამიანის თვალებში არეკლილიყო.  მართლა მიმზერდა, თუ ეს უბრალოდ წარმოსახვის შედეგი იყო?  ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ დავიჯერე, რაც თვითგადარჩენასა და საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ღირებულების  გაცნობიერებაში დამეხმარა.   ამას გარდა, დავრწმუნდი, რომ   ყველა შემთხვევაში ადამიანმა გამოუსწორებელი დანაშაულისგან  თავი უნდა შეიკავოს. ცხოვრება კი სხვადასხვანაირი შემთხვევებითაა სავსე…  

როდის დაიწყო ეს ყველაფერი? დემობილიზაციის შემდეგ აღრიცხვაზე ამიყვანეს და მიწისძვრის ზონაში გამამწესეს [1988 წელს სომხეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, შემთხვევას 25 ათასი ადამიანი ემხსვერპლა, ნახევარი მილიონი მოქალაქე კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა] მისიის დასრულების შემდეგ ნოვოსიბირსკის წყლის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და, ამავდროულად, ამიერკავკასიაში, მოსკოვსა და ციმბირში საშუამავლო ბიზნესი წამოვიწყე.

მაგრამ პირველი ცდა გამიცუდდა. რამდენჯერმე რეკეტიორებთან დაპირისპირება მომიწია და იძულებული გავხდი, ცხოვრებაში თავის დამკვიდრების მშვიდობიან გზაზე უარი მეთქვა. რეკეტის საწინააღმდეგო დაჯგუფება შევქმენი და სხვა მეწარმეებს დანაკარგების თავიდან არიდებაში ვეხმარებოდი. მალე კლიენტების ნდობა და შესაბამისი რეპუტაციაც მოვიპოვეთ.

ერთ მომენტში სიფრთხილე დავკარგე და ბირჟის მსხვილი მოთამაშეების ანკესზე წამოვეგე, რის შემდეგაც საერთო დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი დავკარგე. ამ ყველაფერმა საყვედურებისა და კონფლიქტის გარეშე ჩაიარა, მაგრამ ამ შემთხვევას მეგობრული ურთიერთობები შეეწირა.

დროებით ერევანში გავემგზავრე. შემდეგ კი ქალაქ უფადან დამირეკეს. ჩემი ყოფილი მეგობრები „გადააგდეს“ და საგრძნობლად აზარალეს: ერევნელმა „მევალუტეებმა“ ყალბი ფული შეაჩეჩეს. საქმის გარჩევას  აპირებდნენ, რასაც შესაბამისი ქმედებებიც უნდა მოჰყოლოდა. შეუძლებელი იყო ამის დაშვება, ამიტომ გადამხურდავებლებს შევხვდი. „მევალუტეები“ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე თანხმობა განაცხადეს. თავიდან ყველაფერი კარგად ვითარდებოდა – რაღაც ბინა გვიხსენეს, რომელშიც, თაღლითების თქმით, დასაბრუნებელი თანხა ინახებოდა. თუმცა, მოგვიანებით, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. როდესაც პისტოლეტი დამიმიზნეს, უკვე ვეღარ ვაცნობიერებდი იმას, თუ რას ვაკეთებდი და საბოლოოდ ორივე თავდამსხმელი დაიღუპა. გაქცევა მომიწია. ნახევარი წელი ვიმალებოდი.

ეს ფაქტებია – შეუძლებელია მათი განმარტება, ან გამართლება. ისევე როგორც ყველაფრის, რაც სხვა ადამიანს ზიანს აყენებს. სასამართლოს დარბაზიდან დაქვრივებული ქალებისა და დაობლებული ბავშვების ხმები ისმოდა…

დამტკიცებისათვის საჭირო გამბედაობა არ მეყო – იძულებული ვიყავი, თავი დამეცვა

რატომ დაიღუპა თავი ჩვეულებრივმა ბიჭმა, რომელიც სანიმუშო საბჭოთა მოქალაქის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა?  არ ვიცი. საკუთარი პასუხისმგებლობის გარე ფაქტორებზე გადაბრალების საცდური არასდროს მქონია და მსგავსი არგუმენტები არასდროს გამომიყენებია – არასდროს მითქვამს, რომ „მტკიცე და ურყევი საბჭოთა კავშირისგან“ მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა და ამ გარემოების მსხვერპლად ვიქეცი.

იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი კი არ დაიშალა, თავად ადამიანებს დაეწყოთ გაორება; ყველაფერი ერთმანეთში აერიათ – წარსული და მომავალი, მირაჟი და სინამდვილე…  საბჭოთა კავშირის პირველმა და ერთადერთმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იწყებოდა „გარდაქმნის“  ეპოქა და უნდა ითქვას, რომ ეს გარდაქმნა, პირველ რიგში, ჩვენს ტვინებსა და ცნობიერებაში ხდებოდა. ზოგიერთმა ადამიანმა ეს შეძლო, სხვებმა კი ვერ მოასწრეს. ეთნოკონფლიქტები, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, აღმოსავლეთი გერმანიის დაკარგვა… ეს ყველაფერი სამყაროს აღსასრულის მომასწავებელ ნიშნებად აღიქმებოდა.

უმრავლესობისათცის კომუნისტური პარტია ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ფორპოსტის ფუნქციას. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მეექვსე მუხლი (რომელიც კომუნისტური პარტიას მმართველი ძალის ფუნქციებსა და როლს ანიჭებდა) გაუქმდა. რა თქმა უნდა, უფრო მკაფიო და ცალსახა რეალობა არ მიგვიღია – იგივე მუსიკა დარჩა, მხოლოდ სიტყვები შეიცვალა. უბრალოდ ხალხმა ძველი კერპები დაივიწყა. და სამაგიეროდ დიდი გზნებითა და მონდომებით დაიწყო ახალი კერპების შექმნა…

როდესაც უკვე პატიმრის სახით გადმოვკვეთე სომხეთის საზღვარი, კიდევ ერთხელ ვიხილე ტრაგედიით განადგურებული მთისწინეთი. თითქოს ვიგრძენი, როგორ შედრკნენ მთები თავზარდაცემული კივილით და როგორ გამოგვაცალეს ფეხქვეშ მიწა. ერთმა წამმა ათასობით სიცოცხლე დაიტია, ცრემლის მდინარეებად დაიღვარა და უამრავი საფლავის ქვით დაიფარა…

შვიდ დეკემბერს ჯერ კიდევ გზაში ვიყავით. ცხრაში თბილისში ჩავედით. მთელი დედაქალაქი გლოვობდა. და არამხოლოდ მეზობლების თავს დამტყდარი ტრაგედიის გამო. კატასტროფის მასშტაბები ცნობიერების ფარგლებს ცდებოდა. სტერეოტიპები, რწმენა, შენობები… ყველაფერი გაცამტვერდა. ინგრეოდა ყველაფერი ის, რაც ენთუზიაზმით იყო შექმნილი. და თუკი ამას  ჭეშმარიტებასთან ზიარების პროცესი არ მოჰყვებოდა, საყოველთაო ფრუსტრაცია იწყებოდა ხოლმე.

მოტყუებული და მოლოდინით გათანგული  ადამიანი, ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა იშლებოდა. ტვინი „გახეთქილი ბუშტუკების“ აღქმაზე უარს ამბობდა. პოლიტიკური ქარცეცხლი დაუნდობლობით გამოირჩეოდა და მთელ ქალაქებს, მცირე დასახლებებსა და ადამიანების მომავალს ანადგურებდა. ეს ძალა არ ჩერდებოდა და იმპერიას, იდეებსა და წყობილებას ანგრევდა.

ხანმოკლე პერიოდში პლანეტა კარდინალურად შეიცვალა. საზარელი ნამსხვრევები მხოლოდ მიწაზე არ ყოფილა მოფენილი; ეს ფრაგმენტები ჰაერშიც დაფრინავდა – ერთ დროს უზარმაზარ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გულებსა და ტვინებში… დიდი ოჯახი ხალხის მტრებად და მეგობრებად გაიყო. მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობას ვხედავდით და სპიტაკის ნანგრევების ქვეშ ადამიანების გვამების საძებნელად გავეშურეთ – იმისათვის რათა ჩვენც არ დავკარგულიყავით.

ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები კოშმარს ჰგავდა. ზოგი ადამიანების გადარჩენით იყო დაკავებული, სხვები კი ქონებას იხვეჭდნენ. გადარჩენილებისათვის კომპენსაციის გადახდას არავინ აპირებდა. ბევრ შემთხვევაში ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო.  მიწისქვეშა ბიძგები, რომლებმაც 1988 წლის 7 დეკემბერს სომხური მიწა გახლიჩა და მასზე ღია უფსკრულები გააჩინა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რწმენას,  გულებსა და ცნობიერებასაც ანადგურებდა.

სომხებს ვეღარაფერი დაარწმუნებდა იმაში, რომ მყარად იდგნენ მიწაზე. ჯარიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს აღარ დაგვხვდა ის სამყარო, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად გაგვგზავნა. ამ გაუცხოებას ნანგრევები, სხვა ადამიანები და სხვა ბიოგრაფიებიც მოჰყვა. წესით, ისე უნდა მეცხოვრა, რომ  სხვებისთვის  ხელი არ შემეშალა და ჩემს თავზე ცის ნაგლეჯი შემენარჩუნებინა. მაგრამ არ გამომივიდა. მაპატიეთ…

გაგრძელება იქნება

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს. JAMnews- იტოვებს უფლებას, წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ