მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, წერილებს სწერს მათ, ვინც საპყრობილის კედლების მეორე მხარეს ცხოვრობს. წერილი მეშვიდე" />

წერილები სომხური საპატიმროდან. თავისუფლება და დაჭმუჭნული ცხოვრება

მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, წერილებს სწერს მათ, ვინც საპყრობილის კედლების მეორე მხარეს ცხოვრობს. წერილი მეშვიდე

ანასტასია ლოგვინენკოს ნახატი0

JAMnews-ის პროექტი „წერილები საპატიმროდან“ დაიწყო რედაქციაში შემოსული  წერილით, რომლის ავტორსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. უკვე 24 წელია, რაც იური სარქისიანი ციხეშია. წერილი გამოგზავნისას მას საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდა და მიაჩნდა, რომ საზოგადოებას  უნდა ესმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც საპატიმროებში ცხოვრობენ. ჩვენ მას დავეთანხმეთ და ასე შეიქმნა ეს პროექტი. ამას გარდა, იური სარქისიანმა დაწერა დოკუმენტური რომანი „სასჯელის უმაღლესი ზომა“, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა.

ეს იური სარქისიანის მეშვიდე წერილია

წინა წერილები:

პირველი წერილი: თავისუფლება, პატიმრობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს საკითხი ეხება         

მეორე წერილი: ადგილი, სადაც გაღვიძებას ისევ ძილი სჯობს           

მესამე წერილი: მომავალი მშვენიერია, როდესაც ის გაქვს           

მეოთხე წერილი: უკანასკნელი გაფრთხილება     

მეხუთე წერილი: ადამიანი ყოველთვის გზაჯვარედინზე დგას

მეექვსე წერილი: ტკბილი ოცნების სიმწარე                                                   

 თუკი გინდა, რომ მომავალში ცვლილებები მოხდეს, დღესვე თავად იქეცი ამ ცვლილებად.    

                                                                                     მაჰათმა განდი

ომხეთში ათწლეულების მანძილზე სრული განუკითხაობა და უკანონობა სუფევდა. გადავსებული საპატიმროები, დაცარიელებული ქვეყანა, გამოფიტული სულები… და ახლა, სახალხო გულისწყრომისა და მღელვარების ტალღაზე, ახალი ლიდერი აღზევდა. ვინ არის ის? მხსნელი?  ზეციური მოციქული? თუ უბრალოდ ამჯერადაც რეალობად ვიღებთ იმას, რაც გვსურს? ჩვენთვის – იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სიკვდილი და თავდავიწყება მოგვისაჯეს – თითოეული ეს შეკითხვა განსაკუთრებულად მწვავეა. სომხეთის მეტ-ნაკლებად თავისუფალ მოქალაქეებს შეუძლიათ, სამშობლო დატოვონ და უკეთესი საცხოვრებელი ადგილის ძებნა დაიწყონ, მაგრამ დაპატიმრებულ ადამიანებს ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ.

სამი პრეზიდენტის რეჟიმებმა ყოფილი სიკვდილმისჯილების საქმეებს ტაბუ დაადეს და ყველა დაქვემდებარებული ინსტანცია მკაცრად იცავს მიღებულ დირექტივებს. ჩვენ დაავადებებისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო ვიხოცებოდით, ვგიჟდებოდით, ხავსს ვეჭიდებოდით, გულწრფელად, მთელი არსებით ვლოცულობდით… დღეს კი ჩვენ – ისე, როგორც არავის – გვსურს გვჯეროდეს, რომ მოხდება ელვისებური რევოლუცია, რომელიც ზეციდან მიღებული პასუხი იქნება იმ ყველაფერზე, რაც მოხდა.

ამ სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევით… ნიკოლ ფაშინიანი ზუსტად მაშინ მოვიდა, როდესაც ის სომხეთს სჭირდებოდა. როდესაც იგი სომხებს სჭირდებოდათ. როდესაც ის ყველა მეტ-ნაკლებად დაჩაგრულ ადამიანს სჭირდებოდა. იგი წინა ხელისუფლებასაც სჭირდებოდა – ხელისუფლებამ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა გაჩერებას. ქვეყნის ძველი ხელმძღვანელობა იმ დამნაშავე მანიაკს ჰგავდა, რომელიც სულ უფრო გამომწვევი და თავხედური ქმედებებით ცდილობს, სამართალდამცავებს თავი დააპატიმრებინოს.

ნელია, წარმოიდგინო ადამიანი, თუკი მხოლოდ ზოგად მონაცემებს ფლობ მის შესახებ. „დაიბადა“, „სწავლობდა“, მსახურობდა/არ მსახურობდა“, „ირიცხებოდა/არ ირიცხებოდა“, „ოჯახური მდგომარეობა“, „ნასამართლეობა“… და ა.შ. თითოეული ცივი გრაფის უკან მთელი ცხოვრება იმალება. და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ერთი მეორედან გამომდინარეობდეს, ან მომდევნოს განსაზღვრავდეს. ცოცხალი ბედი არაპროგნოზირებადია – როგორც ზღაპარი – და ყოველთვის ბედნიერი დასასრულის პრეტენზია აქვს. ნებისმიერი ბედი. ნებისმიერი ჩვენგანის.

დაწერეთ კარგი მოთხრობა – ბავშვის თვალებში არეკლილი პირველი ალიონით დაიწყეთ და იმავე თვალების გამოსამშვიდობებელი დახამხამებით დაასრულეთ. ან მშვენიერი ლექსი შეთხზეთ. ან სიმღერა. შემდეგ კი ფურცელი, რომელზეც თქვენი ნაწარმოები დაწერეთ, დაჭმუჭნეთ  და ნაგვის ურნაში მოისროლეთ. იგივე ქმედება გაიმეორეთ ხვალაც, და ზეგაც… ზუსტად ასეთი ბედი ერგოთ მსჯავრდებულებსა და მათ ოჯახებს – ჩვენს ოცნებებსა და გეგმებს მომავალი წაართვეს და წარსულისა და საპატიმროს კედლების სიმძიმის ქვეშ დამარხეს.

წლიდან წლამდე პირადი საქმეები სხვადასხვა დეტალებით, დახმარების თხოვნებითა და ჩინოვნიკების ცივი უარებით ივსება.  მავთულხლართებსა და არაადამიანური ჰუმანიზმში გაბლანდული არსებობა. წლიდან წლამდე.

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ იმ დიდ სამყაროში არა თავისუფალი ადამიანები, არამედ ციხის ზედამხედველები ცხოვრობენ. მართლმსაჯულების საკითხზე საუბრისას ყველაფერი  მოსამართლეებისა და ამ სფეროს კორუმპირებულობამდე, ახალი საპატიმროების მშენებლობამდე და ამ ახალ საპატიმროებში კომფორტული პირობების შექმნამდე დაიყვანება ხოლმე. თუმცა, სიმართლე ითქვას, განსაკუთრებული ორიგინალურობით არც თავად პატიმრები გამოირჩევიან.

ოგორც საპატიმროში, ისე მისი კედლების მიღმა იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელიც სერიოზულად განიხილავს ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც კონკრეტული ადამიანების იზოლაციის საჭიროება საერთოდ აღარ არსებობს. სამყარო პროგრესს არ განიცდის – უბრალოდ ინერციით არსებობს და უკვე არსებულ „წესრიგში“ გარკვეული ცვლილებები შეაქვს.

სასამართლო სისტემის მანკიერება ადამიანური ფაქტორითაა განპირობებული. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეები არამხოლოდ კანონით, არამედ  შინაგანი რწმენითაც ხელმძღვანელობენ. შინაგანი რწმენით, რომელსაც ხშირად არა სამართლიანობა, არამედ სიხარბე განსაზღვრავს.

ცამეტ აპრილს, რამდენიმე საათით ადრე იმ მომენტამდე, როდესაც ქვეყანაში დიდი გარდაქმნები დაიწყო [საუბარია დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე, რომელიც სომხეთში 13 აპრილს ჩამოყალიბდა. პროცესი დემონსტრანტების ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის პრემიერ-მინისტრად არჩევით დასრულდა], მოსამართლე არტუშ გაბრიელიანმა ვადამდელ გათავისუფლებაზე უარი მითხრა. დამშვიდობებისას  კი განაცხადა, ნუ გეწყინებათ, მე ხომ წინასწარ გაფრთხილებდით, რომ შეუძლებელია დადებითი პასუხი მიიღონ იმ მსჯავრდებულებმა, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილიო.

ა აი, ველოდებით. რაიმე სახის გარდაქმნებს ველოდებით, კარდინალური ცვლილებებისთვის ვემზადებით. ჩვენი საკითხის დადებითად გადაწყვეტად ველოდებით. ჩვენი ოჯახის წევრებიც ელოდებიან. უბრალოდ კი არ ელოდებიან, არამედ თავადაც მონაწილეობენ პროცესებში – ზოგიერთ პოლიტიკოსს უპირისპირდებიან, სხვებს კი იმედის თვალით შესცქერიან. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება და ოჯახის წევრების წრეში სრულფასოვანი ცხოვრების შეზღუდული უფლებაც დაგვიბრუნდება. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველა სფეროში პროგრესი გველოდება.

ის ადამიანები, რომლებსაც 90-იან წლებში სიკვდილი მოგვისაჯეს, ყოველ ჯერზე ახალი რეალობის ტყვეების როლში ვრჩებით ხოლმე. ჩვენ გვასწავლეს, რომ დაპატიმრებული და თავისუფალი ადამიანების პრობლემები პოლიტიკურ თამაშებში უბრალოდ გარკვეული ძალის მქონე ბანქოს ქაღალდს წარმოადგენს, რომელიც ნამდვილად არაა კოზირი. ამ ყველაფრის დასრულებისა და გამარჯვებულის განსაზღვრის შემდეგ ამ ქაღალს ისევ ბანქოს ძველ დასტაში დააბრუნებენ. პოლიტიკოსების ფარისევლობას საზღვარი არ აქვს.

გამარჯვებულის ფეხქვეშ დაფენილი წითელი ხალიჩა დამარცხებული მტრის სისხლის სიმბოლოა. ნამდვილი სისხლის, და სხვა არაფრის. ერთის აღზევება ყოველთვის მეორეს დამცირების (ზოგჯერ კი განადგურების) ხარჯზე ხდება. სომხეთში მცხოვრები თითოეული მოქალაქე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე იყო დამცირებული.

მბობენ, რომ ნიკოლ პაშინიანმა სახელმწიფო სტრუქტურების ზედა დონის წმენდის პირობა დადო და თან განაცხადა, რომ საშუალო და ქვედა რგოლებს არ შეეხებოდა. როგორ გავიგოთ ეს დანაპირები? მმართველების ბოროტი ნების პირდაპირი აღმსრულებლები დარჩებიან? მე როგორც ვხვდები, ციხის ზედამხედველები, რომლებიც მსჯავრდებულების წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიან, ძველებურად  გააგრძელებენ საპატიმროებში მუშაობას. და არაფერი შეიცვლება! ასეთი თანამშრომლებისთვის წამება, დამცირება, ადამიანის უფლებების დარღვევა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები ჩვეულებრივი საქმეა. მათი გარდაქმნა და მათთვის რაიმე ახლის სწავლება შეუძლებელია – ახალი ღვინისა და ძველი საბერველის შეთავსება უბრალოდ შეუძლებელია.

ჰო, სულელი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა ადგას. მაგრამ დასახიჩრებული ფეხებითაც ვერ წახვალ შორს. ახალი პრემიერის საკადრო ცვლილებები არაფერს მოგცემს იმ შემთხვევაში, თუკი არ  მოხდება იმ საკანონმდებლო სისტემის რეფორმირება, რომელიც ადამიანის სტატუსს ამცირებს და თუკი უმრავლესობა მის ცნობიერებაში ჩაბეჭდილ მონურ მორჩილებას არ მოიშორებს.

დღეისათვის კი მხოლოდ ერთი რამ  არის ცალსახად ცხადი – სახალხო დაუმორჩილებლობა სომხეთში მცხოვრები ხალხის გამარჯვებით დასრულდა! აქამდე საყოველთაო პროტესტის გზით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. ეს კი ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ კუბოს ფიცარში კიდევ ერთი ლურსმანი ჩაეჭედა. მაგრამ მოღალატე პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ძალიან მარტივად მოიპარონ ნების თავისუფლება, რომელიც საზოგადოებამ დაიბრუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტზე ჯერ კიდევ მოჩანს საკუთარი წინდაუხედაობის გამო დამსხვრეული იმედების პერსპექტივა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ