მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, წერილებს სწერს მათ, ვინც საპყრობილის კედლების მეორე მხარეს ცხოვრობს. წერილი მეექვსე " />

წერილები საპატიმროდან: ტკბილი ოცნების სიმწარე

მსჯავრდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, წერილებს სწერს მათ, ვინც საპყრობილის კედლების მეორე მხარეს ცხოვრობს. წერილი მეექვსე

ანასტასია ლოგვინენკოს ნახატი

“წერილები საპატიმროდან” JAMnews-ის ახალი პროექტია. ყველაფერი დაიწყო რედაქციაში შემოსული  წერილით, რომლის ავტორსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. უკვე 24 წელია, რაც იური სარქისიანი ციხეშია. მას საკუთარი აზრის დაფიქსირება სურდა და ამიტომ მოგვწერა. იურის  მიაჩნია, რომ საზოგადოებას უნდა ესმოდეს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც საპატიმროების კედლების „მეორე მხარეს“ ცხოვრობენ. ჩვენ მას დავეთანხმეთ და ასე შეიქმნა ეს პროექტი. ამას გარდა, იური სარქისიანის კალამს ეკუთვნის დოკუმენტური რომანი სახელწოდებით„სასჯელის უმაღლესი ზომა“, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა.

ეს იური სარგსიანის მეექვსე წერილია

წინა წერილები:

პირველი წერილი: თავისუფლება, პატიმრობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს საკითხი ეხება         

მეორე წერილი: ადგილი, სადაც გაღვიძებას ისევ ძილი სჯობს           

მესამე წერილი: მომავალი მშვენიერია, როდესაც ის გაქვს            

მეოთხე წერილი: ბოლო გაფრთხილება    

მეხუთე წერილი: ადამიანი ყოველთვის გზაჯვარედინზე დგას

თუკი ადამიანის გაცნობა  გინდა, ჰკითხე, რაზე ოცნებობს. რას ისურვებდა თავისთვის, სხვა ადამიანებისთვის, მთელი სამყაროსთვის… დეტალურად გამოკითხე. იმიტომ რომ ოცნება სულის მისწრაფებაა, მიმდინარე დღე კი ხშირად ოცნების ბორკილებით სრულდება. ყოველთვის ამ კითხვას ვსვამ – ახლობლებსაც ვეკითხები, და უცხო ადამიანებს. რამდენად ახლოსაა ადამიანი მიზანთან და რამდენად შორსაა მისგან.  მოსამართლეებსა და პროკურორებს ვაკვირდები და იგივე შეკითხვა მიჩნდება – რაზე ოცნებობენ, როდესაც საკუთარ სურვილებს ხორცს ასხამენ და სხვა ადამიანების ბედ-იღბალს განაგებენ?

და რა სურს პატიმარს? წლებისა და ათწლეულების მანძილზე ტკბილ ოცნებაზე ოცნებობს. ძილის დროს ტუსაღი ამ თავისუფლებას იხვეჭს, მაგრამ გამოფხიზლებისთანავე კარგავს. კარგად ვიცი, რაც მელოდება იქ – ყველა დღე და ყველა ადამიანი წარმოვიდგინე. საკუთარი ცოლიც კი. წარმომიდგენია, როგორ ამარიდებს თავს ყველა და ისე მომეპყრობა, როგორც კეთროვანს. ვიცი, რომ ბოლომდე არავინ მენდობა. სწორედ ესაა იმ თავისუფლების სიმწარე, რომლისკენ მიმავალი გზაც ჩვენი შიშებითა და კომპლექსებითაა მოფენილი. მაგრამ ეს უკვე ჩემი პრობლემაა და მე მზად ვარ, ამ ამოცანა გადავჭრა.

ფიქრობენ თუ არა ამ საკითხზე ის ადამიანები, რომლებიც სხვების ბედ-იღბალს განაგებენ? არ ვიცი. თუმცა, ჩემი გამოსაცდელი ვადით, ან სამუდამოდ გათავისუფლების შემთხვევაში სასჯელისგან მაინც ვერ გამათავისუფლებენ. ამ შემთხვევაშიც ყბადაღებული ტკბილი ოცნების სიმწარე იგრძნობა. დიახ, სასჯელს არა ციხე, ან სხვისი აზრი, არამედ მომხდარის გაცნობიერება და პირადი პასუხისგების გარდაუვალობა წარმოადგენს.

უკვე ოთხი თვეა, რაც ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს.ცარიელ დარბაზს გავყურებ და საკუთარ მომავალს ვხედავ. არც ოჯახის წევრები ჩანან, არც მეგობრები, და არც მტრები – მხოლოდ „ბრალმდებლებსა“ და „გამამართლებლებს“ ვამჩნევ.

საპატიმროს გისოსებზე ადრე სულიერი გისოსები ჩნდება. ჯერ კიდევ თავისუფალი (მეტ-ნაკლებად თავისუფალი) ადამიანი თავად იქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც პატიმრობის კოშმარად გარდაიქმნება. ხშირად ადამიანები უფსკრულის პირას დგას და ამას ვერ ამჩნევს. და ხშირად ამ უფსკრულში ვარდება. როგორ ავირიდოთ თავიდან თუნდაც ერთი უბედურება და როგორც დავიზღვიოთ საკუთარი თავი და სხვა ადამიანი საბედისწერო შეცდომისგან – შეცდომისგან, რომელიც ზოგჯერ ადამიანს სიცოცხლის ფასად უჯდება?

1994 წლის 19 მარტს – ერთ ჩვეულებრივ დღეს -ტრაგედია დატრიალდა.  ცხოვრების გზაჯვარედინზე სამი ადამიანი იდგა. სამივე ჩვენგანს ბოლო წამამდე ჰქონდა არჩევანი და თითოეულმა ჩვენგანმა არასწორი გზა აირჩია. ცხოვრება უკუღმა დატრიალდა. ოცდაოთხი წლის მანძილზე ვეპოტინები საშინელი დღის ილუზიას. კარგად ვხვდები მომხდარის გარდაუვალობასა და იმას, რომ ვერასდროს გამოვასწორებ იმას, რაც დავაშავე. რა მოხდებოდა, ის შეხვედრა რომ არ დამენიშნა? ან უბრალოდ რომ არ მივსულიყავი? ან რომ მივსულიყავი, მაგრამ იარაღი არ მქონოდა თან? რა მოხდებოდა, იმ საბედისწერო გასროლისგან რომ შემეკავებინა თავი? ნეტავ…

მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ბედნიერება არასდროს იქნება სრული, იმიტომ რომ ყველა სიხარული იმ ადამიანებს გახსენებს, რომლებსაც ეს სიხარული წაართვი. ვერავის ჩახედავ თვალებში ისე, რომ არ გაგახსენდეს ის თვალები, რომლებიც ხელის მარტივი მოძრაობით გააქვავე. წართმეული სიცოცხლეებზე პასუხისმგებლობის ტვირთი არასდროს შემსუბუქდება.

საპატიმროს საკანი ადამიანს არ ცვლის. ციხე უბრალოდ თითოეული პიროვნების იმ თვისებებს ავლენს, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა. კარგი თვისებები კიდევ უფრო მტკიცდება და უმჯობესდება, ცუდი თვისებები კი მის მატარებელს ანადგურებს. სამწუხაროდ ეს არ არის ის ეკლიანი გზა, რომელსაც ადამიანი ვარსკვლავებამდე მიჰყავს. როდესაც იმედი არ გაქვს, ეს გზა ვერსად მიგიყვანს.

2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ჩემი ვადამდელი გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დაიწყო. დამოუკიდებელმა კომისიამ ჩემს შეწყალებაზე უარი განაცხადა და საქმე სასამართლოს გადაეცა. ოთხი სხდომა გაიმართა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით გადაიდო.

სომხეთში არასდროს გაუთავისუფლებიათ პატიმარი, რომელსაც სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. დღემდე ეს „უპრეცედენტობა“ ყველას აწყობდა, ამ სიტუაციის მძევლების (მსჯავრდებულებისა და მათი ახლობლების) გარდა. ვადამდელი გათავისუფლების  ყველა პრეტენდენტს სასწაულის იმედი აქვს. და მეც ასეთ სასწაულ ველოდები.

ვერავინ შეცვლის, იმას, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხვდა. მკვლელობის დავიწყება, გამართლება, შენდობა, ან გამოსყიდვა უბრალოდ შეუძლებელია. და მე ოცდაექვსი წლის ასაკში ჩავიდინე ეს დანაშაული. მოსამართლეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა – მკვლელი სიკვდილით უნდა დაესაჯა. და მე მოვკვდი.  ახლობლებისთვის, უცხო ადამიანებისთვის და ახლანდელი ჩემი თავისთვის საკუთარ უგუნურებაში ჩაძირული მოვკვდი. ჩემს შემთხვევაში მართლმსაჯულებამ იზეიმა – მიწიერმა სამსჯავრომ უბრალოდ გაახმოვანა ის განაჩენი, რომელიც ზეციურმა სამსჯავრომ გამომიტანა.

ადამიანები ყველაფერზე წუწუნებენ – ზეციურ და მიწიერ ხელისუფლებაზე, გარემოცვაზე და შინაგან მდგომარეობაზე. ყოველთვის გვეჩვენება, რომ უკეთესს ვიმსახურებთ, თავს დამტყდარ უბედურებას კი ბნელ ძალებს მივაწერთ ხოლმე. უბედურებას მაგრამ, როგორც ამბობენ, ადამიანის ცხოვრების 10 პროცენტს მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები შეადგენს, დანარჩენი 90% კი ამ მოვლენებთან დაკავშირებული რეაქციებისგან შედგება.

ვადამდელი გათავისუფლების დამოუკიდებელი კომისიის წევრები – პროკურორები და საპატიმროების თანამშრომლები – არ ცდებიან, როდესაც მსჯავრდებულს ნდობას არ უცხადებენ. მათთვის ასე უფრო მოსახერხებელია! თითოეული მათგანი ჭეშმარიტების მხოლოდ ერთ მხარეს (კერძოდ კი მკვლელს) ხედავს. დეტალების ანალიზი და ნიუანსების განხილვა არავის სურს… მათთვის ასე უფრო მოსახერხებელია! და ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ – გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათაც აზიანებს, და სხვებსაც. ისეთი გადაწყვეტილებას, რომელსაც მკვლელი იღებს ხოლმე.

კომისიის უარის შემთხვევაში მსჯავრდებულს საქმის კიდევ ერთხელ გადახედვის უფლება ეძლევა. წელიწად-ნახევრის შემდეგ. სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილება მსჯავრდებულს სამი წლით დააშორებს მომზიდველი, მომნუსხველი ჰორიზონტისგან. და ამ პერიოდის მანძილზე რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც ბოლო ოცდაოთხი წლის მანძილზე არ მომხდარა? რომელი უახლეს ტექნოლოგიებს აამოქმედებენ იმისთვის, რათა ჩვეულებრივი ადამიანი ანგელოზად იქცეს? და საერთოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებთან შესაბამისობაც თავისუფლების გარანტიას მოგვცემს?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეკითხვა პასუხზე უფრო მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ყველაფერი არა მსჯავრდებულის ვინაობაზე, არამედ მის ბედსა და მომავალზე პასუხისმგებელი ადამიანების კომფორტის ზონაზეა დამოკიდებული.

„ადამიანი-ბორკილის“ სიტუაცია ჩვენს ცნობიერებას თავდაცვითი რეაქციის ბადეში იმწყვდევს და ეს თავდაცვითი რეაქცია ყველაზე და ყველაფერზე ვრცელდება – ღმერთზე, ხალხზე, გარემოებებზე. და აი, მთელი ცხოვრება ცდილობ, თავი იმართლო და დიდი და არც ისე დიდი სიხარულების, ემოციების, გრძნობებისა და პირადი აზრის ქონის უფლებისთვის იბრძვი. თვითგადარჩენისა და ადამიანობის შენარჩუნების პრინციპებს სწავლობ – საპატიმროში თავის გატანის მეთოდებს ეცნობი.

მაგრამ საპატიმროს გარეთ ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ისწავლი, თუკი ამ საპატიმროს დატოვებ. სწორედ ამ თხოვნით მივმართე სასამართლოს და და ჩემი ბედი მოსამართლის გამოცდილებას მივანდე. იმ ინსტანციას მივმართე, რომელსაც შეუძლია, ყოველმხრივ განიხილოს ეს საკითხი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფლებას მომანიჭებს და საშუალებას მომცემს, გავხდე მეუღლე, მამა, ძმა და მეგობარი… გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც თქვენ შორის ცხოვრების უფლება მომეცემა. მე ორმოცდაათი წლის ვარ. ძნელია სწორი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, როდესაც უსმენ ადამიანს, რომელმაც ამდენი ბოროტება ჩაიდინა. მაგრამ არჩევანის გაკეთება გარდაუვალია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ