საჭირო და სასაცილო აკრძალვები, ძველი და ახალი რეგულაციები " />

ცხრა ობიექტი, რომელთა გადაღებაც ბაქოში აკრძალულია

საჭირო და სასაცილო აკრძალვები, ძველი და ახალი რეგულაციები

რა აერთიანებს ამ ყველა ნამუშევარს? პირველ რიგში, ის, რომ ამ ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ამ აკრძალვებს ან ლოგიკური საფუძველი არ აქვს, ან შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტით არაა გამყარებული. საერთოდ, აზერბაიჯანში არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც იკრძალება ყველაფერი, რის ნებართვასაც სპეციალური დოკუმენტი არ იძლევა. ეს კი ძალიან ართულებს ფოტოგრაფის ცხოვრებას.

ბაზარი

ბაზარში ტრადიციული „დაცვის სამსახური“ არ არსებობს. და თუკი მასალის გადასაღებად აქ რომელიმე ტელეარხის წარმომადგენლები მოვლენ (როგორც წესი, იმის შესახებ, რომ დღესასწაულის წინ ხილი არ გაძვირდება), ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის. მაგრამ ნამდვილად არ აღმოჩნდებით სახარბიელო მდგომარეობაში იმ შემთხვევაში, თუკი ბაზარში კოლორიტული სცენების მოსაძებნად და შესაბამისი კადრების გადასაღებად გაისეირნებთ. ამ დროს თქვენთან დარაჯები მოვლენ და, საუკეთესო შემთხვევაში, ფოტოების წაშლას გთხოვენ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, იკითხოთ, რომელი კანონის საფუძველზე იქცევიან ასე და რატომ არ შეიძლება ბაზრის გადაღება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, უმჯობესია, დათმობაზე წახვიდეთ. თავიც ნაკლებად გეტკინებათ, და კამერასაც არ დაგილეწავენ.

მეტროპოლიტენი

პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტროპოლიტენი არამხოლოდ „გადაადგილების საშუალება“, არამედ პოტენციური ბომბსაფარიცაა. ამიტომ ამ ობიექტის მნიშვნელობის საკითხი საერთოდ არ განიხილება. მაგრამ რა საჭიროა რესტავრაციისათვის ამხელა თანხების გამოყოფა და იმის სიამაყით არნიშვნა, რომ „ბაქოს მეტრო ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში“, თუკი ამ სილამაზის აღბეჭდვა არ შეიძლება? და თუკი ეს მართლაც სამხედრო ობიექტია, მაშინ რატომ იღებენ მეტროპოლიტენში ფოტოებს ზოგიერთი მედიასაშუალების „რჩეული“ ფოტოგრაფები? სხვათა შორის, ეს ფოტოები საკმაოდ მრავლადაა და მათზე წვდომა შეზღუდული არ არის.

სავაჭრო ცენტრები

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სავაჭრო ცენტრების გადაღებაც აკრძალულია. დაცვა მხოლოდ შემოსასვლელში დგას, ასეთ კომპლექსებში ფოტოების გადაღების სურვილი კი ნამდვილად არ მიჩნდებოდა. თუმცა, ერთხელ, როდესაც ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების ფირზე აღბეჭდვის სურვილმა წამძლია, დაცვის თანამშრომელმა გამაჩერა და დამტვრეული ინგლისურით მომმართა: «No photo! No photo!», უცხოელი ვეგონე, რაც სულაც არაა გასაკვირი, იმიტომ რომ იმ პერიოდში „ფორმულა 1“-ის შეჯიბრი იმართებოდა.

აეროდრომი

აქ არამხოლოდ სურათების გადაღება, არამედ უბრალოდ დგომაც კი არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ასეთი აკრძალვა ნამდვილად გამართლებულია, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არ მომცეს თვითმფრინავის აფრენის აღბეჭდვის უფლება მაშინ, როდესაც შოსეს კიდეზე ვიდექი.

ავტოსადგური

mapio.net

პრობლემები ავტოსადგურზე შემექმნა. თოვლიანი დღე იყო. იმედი მქონდა, რომ რაიმე საინტერესოს გადავაწყდებოდი და ამიტომ ჩემს ფოტოაპარატს შალითა მოვაძრე. ყოველწლიურად ბაქოში თოვლიანი დღეების რაოდენობა შვიდს არ აჭარბებს ხოლმე. საკუთრივ რკინიგზის სადგურის შენობა უსახური და ულამაზოა და ნამდვილად არ წარმოადგენს განსკაუთრებულ ნაგებობას. მიუხედავად ამისა, პოლიციელი მომიახლოვდა და საკმაოდ უცნაური შეკითხვა დამისვა: «რატომ იღებთ აქაურობას? აკრძალულია». გავოცდი, მაგრამ გადავწყვიტე, სიტუაცია არ გამემწვავებინა და ჩემ მიერ გადაღებული ყველა ფოტო ვაჩვენე. პოლიციელმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მთხოვა, დაცვის კაბინეტში ავსულიყავი. სწორედ იქ დაიწყო დაკითხვა. პირველი შეკითხვა ასე ჟღერდა: „რომელი ორგანოდან ხართ?“. შემეძლო ამ კითხვაზე მეპასუხა, რომ ღვიძლიდან ვარ, მაგრამ ტაქტიანად გავჩუმდი. ამ კითხვას სხვა შეკითხვებიც მოჰყვა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დამკითხავების ფოტოობიექტივში მე, ჩემი ფოტოაპარატი და ჩემი პირადობა მოვხვდით. თუმცა, მაინც გამათავისუფლეს, იმიტომ რომ ავტოსადგურის ფოტოები ვერ მიპოვეს. ამის მიუხედავად, მე პირადად, ნახევარი კილომეტრითაც კი არ მივუახლოვდები სადგურს იმ შემთხვევაში, თუკი ჩემი ტექნიკა შალითაში არ იქნება გახვეული.

რკინიგზის სადგურები

ნებისმიერ თავმოყვარე ფოტოგრაფის პორტფოლიოი აუცილებლად მოიძებნება რამდენიმე ფოტო, რომლებიც რკინიგზაზეა გადაღებული. ზოგჯერ რკინიგზის ხაზებზე სრულყოფილ ფოტოსესიებსაც კი აწყობენ ხოლმე. მაგრამ ფოტოების გადასაღებად უმჯობესია, რკინიგზის მიტოვებული ხაზები იქნას გამოყენებული. თუკი რკინიგზის ხაზი ჯერ კიდევ გამოიყენება, დაცვის თანამშრომელი, რომელიც მეტწილად პატარა ჯიხურში ზის და მოწყენილი ელოდება მორიგეობის დასრულებას, დიდი სიხარულით შეამოწმებს, აღბეჭდეთ თუ არა „სახელმწიფო ობიექტები“ ფოტოაპარატის ფირზე. და მნიშვნელობა არ აქვს თუ რას იღებთ – რკინიგზის სადგურის შენობას, თუ საკუთრივ ლიანდაგებს.

ტანვარჯიშის (მძლეოსნობის) სტადიონი

სიის შედგენისას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ჩამონათვალში ეს უზარმაზარი სტადიონიც მოხვდებოდა, რომელიც 2015 წლის ევროპული თამაშებისთვის აშენდა და ღია ტერიტორიაზე აგებულ კონსტრუქციას წარმოადგენს. ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, ვიდრე დაცვის თანამშრომელი არ მომიახლოვდა (ფეხით მოვსეირნობდი ხიდზე, რომელიც სტადიონს ესაზღვრება). მისი თქმით, მას რაციით აუწყეს, რომ ვიღაც ხიდზე მდგარი ახალგაზრდა სტადიონს უღებდა ფოტოებს. მას შემდეგ, რაც საკუთარი „უდანაშაულობის“ დამამტკიცებელი საბუთები წარვადგინე, დაცვის თანამშრომელს კითხვა დავუსვი: «და რატომ არ შეიძლება ამ სტადიონის გადაღება? შემიძლია ოდნავ მოშორებით დავდგე და იმდენი სურათი გადავიღო, რამდენიც მინდა», რაზეც მან გენიალური პასუხი გამცა. «იქიდან სტადიონი საკმაოდ შორია, აქედან კი ახლოსაა. ნამდვილად არ იქნება კარგი, თუკი რაიმე ისეთს გადაიღებ, რისი აღბეჭდვაც არ ღირს». დაცვის თანამშრომელმა ძალიან კარგი არგუმენტი წარმოადგინა. უსიტყვოდ გავეცალე იქაურობას.

ავტოსადგომი

მოდით, ამ კუთხითაც შეხედეთ შადრევნების მოედანს, რომელიც ბაქოს „ტურისტულ არტერიას“ წარმოადგენს.

ახლა კი დაივიწყეთ. უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავტოსადგომებიდან გადაღება აკრძალეს. და თუკი ავტოსადგურის შემთხვევაში შიშობდნენ, რომ საკუთრივ ობიექტს გადავიღებდი, ამ შემთხვევაში აკრძალვას საერთოდ არ ჰქონდა რაიმე აზრი და საფუძველი. მე ხომ ბაქოს ყველაზე „აღბეჭდვადი“ ადგილის გადაღება მსურდა. თვრამეტიოდე წლის ჭაბუკი მომიახლოვდა და მითხრა, აქ გადაღება არ შეიძლება და თუკი ჩემს მითითებას არ დაემორჩილები,იძულებული ვიქნები, უფროსის კაბინეტში გადაგიყვანოო. გადავწყვიტე, არ გამერისკა, მაგრამ საუბრის ბოლოს ისეთი კითხვა დავსვი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი შოკში ჩააგდო: «თუკი ავტომობილში ვიდეორეგისტრატორს ჩავრთავ და სადგომის ყველა სართულზე გავივლი, ვინ გამაჩერებს?».

ხალხი

ყველაზე რთულ გადასაღებ ობიექტად ბაქოში ხალხი ითვლება. შემთხვევით გამვლელებს ისე ეშინიათ ობიექტივის, როგორც ეშმაკს – ჯვრის. ნამდვილად არ იქნება სწორი, თუკი ვიტყვით, რომ მათ ერთბაშად იგრძნეს საკუთარი პირადი სივრცის მნიშვნელობა. ხალხს უბრალოდ ეშინია, რომ ფოტოების გადაღებით „რაღაც „ისეთი“ არ მოხდეს“. ადამიანებს ერთგვარი უნდობლობა დასჩემდათ. გოგონებს საერთოდ მიაჩნიათ, რომ ვინმეს ობიექტივში შემთხვევით მოხვედრით სამუდამოდ შეელახებათ რეპუტაცია. ეშინიათ, რომ მათ გამოსახულებას ვინმე „დააფოტოშოპებს“ (ამ სიტყვით ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აღნიშნავს ფოტომონტაჟის ერთგვარ ფორმას, რომლის დროსაც „ობიექტის“ თავს შემაძრწუნებელ პორნოგრაფიულ მასალაზე გამოსახულ ადამიანებს „აბამენ“). სწორედ ამითაა გამოწვეული ის, რომ ბაქოში „ქუჩის ფოტოგრაფია“ საკმაოდ სუსტადაა განვითარებული და გეოგრაფიული თვალსაზრისითაც ძალიან მწირია (მხოლოდ ქალაქის ცენტრს მოიცავს – იმ ტერიტორიას, სადაც კამერებიან ადამიანებს შეეჩვივნენ)

ეს აკრძალვა კანონშია ასახული და სავსებით ლოგიკურიცაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხი დიდი ენთუზიაზმით იყენებს უფლებას, უარი თქვას პოზირებაზე, რასაც ზოგჯერ ფოტოგრაფები დეპრესიამდე მიჰყავთ.


ასევე წაიკითხეთ