სერიალი უკვე მერვე წელია პოპულარობას არ კარგავს " />

“ჩემი ცოლის დაქალები” – მეტი, ვიდრე გასართობი

სერიალი უკვე მერვე წელია პოპულარობას არ კარგავს

ბულინგი სკოლაში, ლგბტ ადამიანების დისკრიმინაცია, ოჯახში ძალადობაეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალი, „ჩემი ცოლის დაქალებიშეხებია. ჩცდ უკვე 8 წელია ეკრანზეა. სცენარის ავტორი ამბობს, რომ პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები არ ჰყავთ და სერიალის მიზანი ვინმეს გამოსწორება არ არის. თუმცა, მის სიუჟეტში იგივე პრობლემებია ასახული, რაც საზოგადოებას რეალურ ცხოვრებაში აღელვებს. 

სატირა და ტრაგიკომედია

მაკა ანჯაფარიძე წარმატებული ქალია – მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო მინისტრი და ზოგადად, როგორც საქართველოში ამბობენ, „კარგი ოჯახის შვილია“. იმის გამო, რომ სხვა მაღალი თანამდებობის პირის შვილს პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება არ მისცა, ის მორალური ტერორის მსხვერპლი გახდა – ბევრი ქართველი ქალის მსგავსად, მას პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს. მაკა იბრძვის, თუმცა უშედეგოდ – მოსყიდული ან დაშინებულია სასამართლო, მოწმეები, ადვოკატიც კი. ქალი სამართლის აღსრულებას თავად გადაწყვეტს – ვიდეოს შემკვეთს კლავს.

“ჩემი ცოლის დაქალების” პირველი სერია 2011 წელს გამოვიდა და ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების – ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას აღწერდა.

სცენარის ავტორი, ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო კაცის, ხშირ შემთხვევაში არასწორი პერსპექტივიდან, დანახული ისტორიები ქალების შესახებ. აქედან წამოვიდა სახელის იდეაც – ჩემი ცოლის დაქალები.

უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ

• ჩერნობილი, როგორც ბიზნესი

როგორია ფილმები ომზე, რომლებსაც აფხაზი რეჟისორები იღებენ. მიმოხილვა

თავდაპირველად, მხოლოდ 3-4 სეზონის გადაღება იგეგმებოდა, თუმცა პერსონაჟების და თემების დამატების შემდეგ, ჩცდ გაგრძელდა.

სერიალი უკვე 8 წელია პოპულარობას არ კარგავს და ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ უამრავ თემას ეხება, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო. რაც შეეხება ჟანრს, სცენარის ავტორის თქმით, ეს სატირა და ტრაგიკომედიაა.

„ურა პატრიოტები“, – ასე ჰქვია ფრაქციას, რომლის ლიდერი პოპულისტი პოლიტიკოსი, ცოტნე ცოტაშვილია. წარუმატებელი კარიერის შემდეგ ის ჯერ მომღერალი ხდება, შემდეგ კი მღვდელი. ფიქრობს, რომ უკვე ბევრი გამოცდილება დააგროვა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაში ახლა უკვე სხვას ეხმარება – ბაქარ ორჯონიკიძეს.
 

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გაზრდილი ბაქარი ალბათ ვერც იოცნებებდა იმ ყველაფერზე, რაც აქვს – მილიონები და შიში გარშემომყოფებში, თუმცა პატივისცემა ჯერ ვერ მოიპოვა და ეს ძალიან აბრაზებს. ბაქარს ახლა დეპუტატობა სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს – დაიქირავა პიარის და მარკეტინგის სპეციალისტები. საზღვარგარეთ გაუშვა ცოლი და ახლა ვაკელ ლეკას უგზავნის საჩუქრებს, რადგან მისი ცოლად შერთვა უფრო მომგებიანია.

 

ბაქარის პროტოტიპი ივანიშვილია?

წარმომავლობის, სწრაფად გამდიდრების თუ ნიცშეს სიყვარულის გამო, მაყურებლის ნაწილმა მიიჩნია, რომ ბაქარის პროტოტიპი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. არ არის გამორიცხული, რომ თავად ივანიშვილიც ასე ფიქრობს – მან ქართულ სერიალებს მდარე უწოდა და საზოგადოების დაკარგვის საფრთხესთან დააკავშირა. ქართული სერიალები კი არც ისე ბევრია და მათგან ყველაზე პოპულარული, სწორედ „ჩემი ცოლის დაქალებია“.

ქეთი დევდარიანს პროტოტიპების შესახებ ხშირად ეკითხებიან. ის ამბობს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი პერსონაჟის სახე არასდროს არ არის.

„ზოგს ჰყავს პროტოტიპთა ნაკრები, ზოგი ტრენდების და ტენდენციების ნაკრებია და ზოგიც უბრალოდ ვიღაცებს ჰგავს. კონკრეტულად ერთ ადამიანს რომ „თავს დავესხა“, გამოვწოვო რაც ხასიათში აქვს და პერსონაჟი გავაკეთო, ეს არ ამართლებს ხოლმე. უფრო არქეტიპებია, ამაზე დაშენებული ფსიქოტიპები და ადამიანების ნაკრები“, – აღნიშნავს სცენარის ავტორი.

საყვარელი პერსონაჟის დასახელება უჭირს. ამბობს, რომ ყველა უყვარს, ერთი და იგივე ენერგიას და დროს უთმობს: „შვილებივით არიან“.

“იმაზე ვწერ, რასაც ვხედავ”

სერიალის გმირი იყო ტრანსგენდერი ქალი ნინოც, რომელიც მისი გენდერული იდენტობის გამო სახლიდან გამოაგდეს, მეგობრები არ ჰყავს, მეზობლები დასცინიან. სწორედ მაშინ, როცა მან ქვეყნიდან წასასვლელად საბუთების და ფულის შეგროვება შეძლო, მოკლეს. ნინოს ერთადერთი მხარდამჭერი ნელიკოა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს.

 

ნელიკო სერიალის ყველაზე კეთილი პერსონაჟია და ერთ-ერთია, ვისაც მაყურებელი ყველაზე მეტად გულშემატკივრობდა. ამის მიზეზი კი კიბო იყო, რომელიც პერსონაჟს მოულოდნელად აღმოაჩნდა. ნელიკო გადარჩა და ახლა რჩევებს ნინას აძლევს, რომელსაც იგივე დაავადება აქვს. ნინას და ნელიკოს ისტორიებში კარგად ჩანს რას გრძნობენ პაციენტები და რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად – მხარდაჭერა, თუმცა ხანდახან ესეც შეიძლება იყოს შემაწუხებელი.

სწორედ იმის გამო, რომ სერიალი ბევრ აქტუალურ თემას ეხება, მაყურებელს ხშირად აქვს მოლოდინი, რომ ჩცდ ყველა პრობლემას უნდა გამოეხმაუროს.

„მთავარი არასწორი სიტყვები, რასაც სერიალთან მიმართებით იყენებენ ხოლმე, არის „სიუჟეტი“ და „გაშუქება“. დამოკიდებულება საინფორმაციოს მიმართ მოლოდინებს დაემსგავსა – ამ თემას რატომ არ ეხებით, იმ თემას რატომ არ აშუქებთ… ეს არის სერიალი და არ მაქვს არანაირი ვალდებულება შევეხო მიმდინარე აქტუალურ თემებს, მაგრამ რადგან არის ცხოვრებაზე, ცხოვრებაში აქტუალური თემები ხდება ჩვენთვის საინტერესო და მეც ვცდილობ, რასაც ვუყურებ, იმაზე ვწერო“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.

ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანიაც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სერიალი რეალობას უნდა ასახავდეს.

„უკონკურენტო სერიალია, რაც ჩემი აზრით გამოიწვია იმან, რომ ჩვენი კოლექტიური განცდები, ვნებები და ფანტაზიები უფრო ადეკვატურად არის აღწერილი, ვიდრე სხვაგან. „ჩემი ცოლის დაქალები“ რაღაც სოციალური კომენტარიც არის იმ ცვლილებებზე, რომლებიც საზოგადოებაში მოხდა“, – ამბობს ის.

“ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

გარდა ამისა, ფილოსოფოსის აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2011 წელს დაწყებული კერძო ცხოვრების ამსახველი სიუჟეტი მალევე შეიცვალა და გამოჩნდა პოლიტიკა.

„ამას ბევრი მატერიალური მიზეზი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ სიმბოლურად ამ ცვლილებამ გვაჩვენა, რომ კერძო ცხოვრება საქართველოში არ არსებობს ამ ძალიან მჭიდრო გადაჯაჭვის გარეშე პოლიტიკასთან“, – აღნიშნავს გიგა ზედანია.

ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, ჩცმ-მ შეძლო გადაქცეულიყო კულტურულ მოვლენად.

„ალბათ ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) პროდუქტია ტელევიზიაში, კინოში, ან ლიტერატურაში, რომელსაც თანამედროვე საქართველოს მთლიანობაში ასახვის პრეტენზია აქვს“, – აღნიშნავს ის

სერიალი ტრენინგებისა და სემინარების ნაცვლად 

„ჩემი ცოლის დაქალების“ უცვლელი პერსონაჟია ჯეკო. 8 წლის განმავლობაში მან გაირა ბევრი ის სირთულე და პრობლემა, რაც საქართველოში მოზარდებს აწუხებთ. მათ შორის იყო ბულინგიც – უფროსკლასელები ჩაგრავენ, თუმცა ბიჭი ამაზე მშობლებს ვერ ესაუბრება. ჯეკო ინტერნეტში გაცნობილი უფროსი მეგობრების დახმარებით ცდილობს პრობლემის გადაჭრას. თუმცა უშედეგოდ – მისი ჩაგვრა გრძელდება, რასაც ვიდეოზე იღებენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ… სხვა პრობლემების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ჯეკოს მხარდამჭერი მხოლოდ ბაბუაა.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ ბულინგთან დაკავშირებული სერიების შემდეგ სცენარის ავტორს მადლობა გადაუხადა, რადგან ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებას სპეციალისტები წლებს და დიდ შრომას ანდომებენ, ატარებენ უამრავ ტრენინგსა და სემინარს.

„როგორ უნდა მოხდეს ბულინგის იდენტიფიცირება, რა ფორმებია გავრცელებული, როგორ გამოიყურება ბავშვი, რომელიც ბულინგის სამიზნეა და როგორ – ბავშვი, რომელიც ძალადობს და ა.შ. მთელი რიგი საკითხებია, რომელიც ამ სერიებში ენციკლოპედიური სიზუსტით იყო ნაჩვენები“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ის ასევე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ხშირია, როცა ადამიანებს ბულინგის შემთხვევებზე მგრძნობელობა, ემპათია არ აქვთ, სერიალმა კი ეს გააჩინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ შევმძვრალვარ როგორც ერთი, ასევე, მეორე მხარეს მყოფი ბავშვის ტყავში, მიმოგზაურია მათ შინაგან სამყაროში და მთელი ეს პროცესები მათთან ერთად გამივლია, პირადად ჩემთვის ეს სერიები ძალიან სენსიტიური, ძალიან ამაღელვებელი იყო“, – ამბობს მაია ცირამუა.

მას მიაჩნია, რომ პრობლემური თემის საზოგადოებისთვის ამ ფორმით მიწოდება ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამომხატველია.

“ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

როდესაც მაყურებელი “არასწორად” რეაგირებს

ფსიქოლოგი იხსენებს იმ შემთხვევასაც, როცა სერიალს იმის საპირისპირო რეაქცია მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო. საუბარია ქეთის ისტორიაზე, რომელზეც ქმარი წლებია ძალადობს, ჰყავს სხვა პარტნიორებიც, ცოლს კი ხშირად მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლასაც უკრძალავს. ქეთის სხვა კაცი უყვარდება, რის გამოც მაყურებლის დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ქმარს უნდა მოეკლა.

„ადამიანები ელოდებოდნენ როდის მოკლავდნენ მას. ანუ ფემიციდის შეკვეთა იყო. ჩემთვის ეს იყო ძალიან საშიში და ძალიან ცუდი სიგნალი. პირდაპირ ითხოვდა ამას მაყურებელი, აღტკინებით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ პრეისტორია, რა გზა გაიარა ამ ქალმა. განა არ ვიცით, რომ როცა მსგავსი რამ რეალობაში ხდება, ქალია მუდამ მსხვერპლი?!“, – ამბობს მაია ცირამუა.

მას საპირისპირო რეაქციის მაგალითად მოჰყავს ე.წ. „ბაბულიკების“ ეპიზოდებიც. მაია ცირამუას აზრით, ის, რომ გაშარჟებულმა პერსონაჟებმა მაყურებლის ნაწილის სიმპათია გამოიწვია, კარგად აჩვენებს რისთვის არის მზად საზოგადოება და რისთვის არა.

„მე მგონია, რომ სოციოლოგებისთვის და ფსიქოლოგებისთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტია დააკვირდე რა და როგორ იცვლება საზოგადოებაში, სად არის ჩვენი ყველაზე მტკივნეული წერტილები, სად არის ის ადგილები, რის მიმართაც საერთოდ მგრძნობელობა არ გაგვაჩნია და ვისხლიტავთ ან სრულიად საპირისპირო რეაქციები გვაქვს“, – აღნიშნავს ის.

ე.წ. „ბაბულიკების“ თემაზე იგივე პოზიცია აქვს გიგა ზედანიასაც. ის დარწმუნებულია, რომ სერიალს იგივე ეფექტი ექნება ვაკის და “ვაკელობის” შემთხვევაში.

„ვაკის განსაკუთრებულობის მითოსი, მიუხედავად იმისა, როგორი იყო სერიალის ავტორების განზრახვა, უფრო გაძლიერდება, ვიდრე შესუსტდება. როგორც ყველა რთული ხელოვნების პროდუქტი, ჩცდ-ც ერთმნიშვნელოვან, დაპროგრამებულ გავლენას არ ექვემდებარება. არსებობს რაღაცები, რაც წინასწარ ვიცით, მაგალითად, ჩაგრული ჯგუფების მიმართ მოსალოდნელი თანაგრძნობა, მაგრამ პარადოქსულია ის, რომ მხარდაჭერა აქვთ ისეთ პერსონაჟებსაც, რომელთა მიმართ მხოლოდ სატირული განზრახვა იყო“, – ამბობს ფილოსოფოსი.

“ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

ვერ გამოასწორებს, მაგრამ დააფიქრებს

სერიალის სცენარის ავტორი კი აღნიშნავს, რომ მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩცდ-ს შემდეგ რაღაც საკითხებს სხვანაირად უყურებენ. მისი აზრით, ეს თემები ადამიანებს ეხებათ, სხვაგვარად 15 სეზონი არ იქნებოდა.

„არ არის სერიალი ის პროდუქტი, რომელიც ვიღაცას ან გამოასწორებს, ან გააფუჭებს. ამიტომ ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრება ალბათ არასწორი იქნება. მაგრამ როგორც მე შეიძლება ხვალ მაღაზიაში ვინმე შემხვდეს და რაღაც ისეთი მითხრას, რომ შეცვალოს ჩემი გადაწყვეტილება, ასე არის სერიალიც – ვიღაცისთვის შეიძლება იყოს თრიგერი რაღაცის შესაცვლელად, მაგრამ მორალისტურ-აღმზრდელობითი ფუნქცია არ აქვს და არც მინდა რომ ჰქონდეს“, – ამბობს ქეთი დევდარიანი.

სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩცდ გასართობ ჟანრს უკვე გასცდა.

„ჩემი ცოლის დაქალები ძალიან სერიოზულ თემებს არამარტო განიხილავს, არამედ, შემოაქვს კიდეც კონკრეტული თემები სადისკუსიოდ. მათ შორის, ისეთი საკითხები, რომლებზეც საჯარო დებატები ზოგადად დიდი არ არის“, – ამბობს ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი.

რამდენ ხანს გაგრძელდება ჩცდ და უკვე მოფიქრებული აქვს თუ არა დასასრული? – ეს კითხვა ქეთი დევდარიანს დავუსვით. სცენარის ავტორი ამბობს, რომ სერიალს ისე უყურებს, როგორც ცხოვრებას – ეს არის მიმდინარე პროცესი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება ის.

“მედიაქსელის” მხარდაჭერით
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ