პირველად ათი წლის განმავლობაში, მხარეებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა აშშ-ში გაიმართა " />

შუამავლებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრებს პროვოკაციებისგან თავშეკავება ურჩიეს

პირველად ათი წლის განმავლობაში, მხარეებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შეხვედრა აშშ-ში გაიმართა

20 ივნისს, ვაშინგტონში, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ზოგრაბ მნაცაკანიანმა და ელმარ მამედიაროვმა. პირველად უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აშშ-ში შეხვდნენ ერთმანეთს.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, შუამავლებმა განცხადება გაავრცელეს. ამჯერად, მათ სომხეთსა და აზერბაიჯანს ჯარების კონტაქტის ხაზთან პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს. ეს უკანგადადგმულ ნაბიჯს ჰგავს, იმდენად, რამდენადაც ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა მინისტრები მოსახლეობის მშვიდობისთვის მომზადების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ

შეხვედრა მოსკოვში: სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრები ახალ დეტალებზე საუბრობენ

როგორ ჩაიარა ვაშინგტონში შეხვედრამ

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს ძირითად საკითხებსა და სამშვიდობო პროცესის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

მხარეები კონტაქტის ხაზზე არსებულ დაძაბულობასაც შეეხნენ. მოხდა შეთანხმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმაზე, რათა გადაილახოს შექმნილი სიტუაცია და მშვიდობა დამყარდეს.

თანათავმჯდომარეების განცხადების დეტალები

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა კონტაქტის ხაზზე ბოლო პერიოდში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს მოუწოდეს:

  • თავი შეიკავონ ყველანაირი პროვოკაციული ქმედებისგან
  • დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის შესახებ
  • თავი შეიკავონ ყველანაირი პროვოკაციული ქმედებისგან, მათ შორის, სნაიპერების გამოყენებასა და დაპირისპირების ხაზის გასწვრივ საინჟინრო სამუშაოებისგან.

საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში, სომხური და აზერბაიჯანული მხარისგანაც ვრცელდება ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის თაობაზე. პერიოდულად, მედია სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც იღებს ინფორმაციას სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების შესახებ, რასაც მეორე მხარე უარყოფს.

„სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი დანაკარგების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მხარეებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს აღდგენისა და ხელსაყრელი არსებითი მოლაპარაკებების წარმოებისთვის“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

აქ არის ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თავის მხრივ, განმარტეს საკუთარი ქვეყნების პოზიციები და მოლოდინები მიმდინარე ჰუმანიტარულ ზომებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც შუამავლებმა რეგიონში ბოლო ვიზიტისას შესთავაზეს.

ამასთან, ისინი დათანხმდნენ, განაგრძონ კონსულტაციები უახლოეს თვეებში ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

ოფიციალური ინფორმაცია ერევნიდან

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:

სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცების რეალიზაციისა და დაძაბულობის რისკების შემცირების მნიშვნელობას ინციდენტების თავიდან აცილებისა და სწრაფი რეაგირებისათვის. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის ძირითადი პოზიციები და მიდგომები სამშვიდობო პროცესში“.

სომეხი ექსპერტების მოსაზრებები

პოლიტიკური მიმომხილველი აკოფ ბადალიანი აღნიშნავს, რომ ის ატმოსფერო, რომელსაც აზერბაიჯანი ყოველი შეხვედრის წინ ქმნის სამშვიდობო რეჟიმის დარღვევით, არასახარბიელო გავლენას ახდენს საერთო სიტუაციაზე.

ექსპერტის აზრით, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა შემცირდეს დაძაბული ატმოსფერო:

„კერძოდ, საუბარია ვენის დღის წესრიგზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მექანიზმების შესახებ და ერევანი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ამ მექანიზმებს უფრო ხშირად ახსენებს. ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს, იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ცდილობს შექმნას გარკვეული დაძაბულობა და საფრთხე“.

აკოფ ბადალიანის აზრით, ერევანმა უფრო მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს აზერბაიჯანის მხრიდან შანტაჟზე, რათა შეაჩეროს პროვოკაციული ქმედების ნებისმიერი მცდელობა:

„უნდა აღინიშნოს, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, სომხეთი გეგმავდა გასულიყო ე.წ. მადრიდის პრინციპებიდან“.

ექსპერტის აზრით, ეს ყველაზე მთავარი საკითხია. ის დარწმუნებულია, რომ თუ სომხეთი ამის მიღწევას ვერ შეძლებს, აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, რომ მომავალშიც საკუთარი თამაშის წესებით ითამაშოს.

სამხედრო ექსპერტს, ლეონიდ ნერსესიანს სჯერა, რომ ვაშინგტონის შეხვედრა ბევრად არ განსხვავდება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სხვა შეხვედრებისგან. მისი აზრით, გულუბრყვილობა იქნებოდა რაიმე გარღვევის მოლოდინი:

„არანაირი ნიშანი იმისა, რომ რაიმე გარღვევის მოლოდინი გვქონოდა, არ არსებობს. აზერბაიჯანი არ არის მზად და ნაკლებსავარაუდოა, უახლოეს მომავალში იყოს მზად რაიმე სახის რეალურ დათმობებზე წასასვლელად არცახის დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებასთან დაკავშირებით“.

რაც შეეხება შეხვედრის გამართვის ადგილსა და ვაშინგტონის ინიციატივებს, ნერსესიანს მიაჩნია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, ასე საკუთარი ინტერესები გაატაროს:

„ვაშინგტონის ზოგიერთი აქტივობა დაკავშირებულია ერევნისა და ბაქოს ჩართვის მცდელობასთან ირანის ბლოკადის პროცესში მხარეებს შორის გარკვეული უთანხმოების დარეგულირების გზით. თუმცა, ასეთი სცენარის რეალიზაციის შანსი მიზერულია“.

 ოფიციალური ინფორმაცია ბაქოდან

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელმარ მამედიაროვი, შეხვედრასა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოსაზრებების კომენტირებისას, ამბობს, რომ არაფერი მნიშვნელოვანი და ახალი არ მოუსმენია და კვლავინდებურად რჩება სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა.

„15 წელია ერთსა და იმავე იდეას ვხედავთ, იმავე სამშვიდობო გეგმას“, – ამბობს ის.

ამასთან, მამედიაროვს მიაჩნია:

„ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია მეტი პოლიტიკური ნების ჩვენება. დაპირისპირების ხაზზე არსებულმა სიტუაციამ არ უნდა შეაფერხოს დეკლარაცია ან სამშვიდობო შეთანხმება“.

აზერბაიჯანელი ექსპერტების მოსაზრებები

აზერბაიჯანელი ექსპერტები მოლაპარაკებებისგან თავიდანვე არაფერ საინტერესოს არ ელოდნენ, მით უმეტეს – არაფერ კარგს. და მას შემდეგ, რაც შეხვედრა გაიმართა, ისინი უბრალოდ დარწმუნდნენ საკუთარ მოსაზრებებში.

„პროცესი, სამწუხაროდ, არაეფექტურ ფაზაშია“, – აცხადებს პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე.

ის იხსენებს, რომ მოსკოვში გამართული ბოლო შეხვედრისას განიხილებოდა ჰუმანიტარული ნაბიჯები, კერძოდ – ტყვეების შეხვედრა ოჯახის წევრებთან და სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ორმხრივი ვიზიტები. მაგრამ ჯერჯერობით ეს შეთანხმებები არ განხორციელებულა, სამაგიეროდ, სიტუაცია გამწვავდა ფრონტის ხაზზე და შემცირდა ქვეყნებს შორის ერთმანეთის მიმართ ნდობა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მხარეები საერთო მნიშვნელამდე მისვლისგან შორს არიან და ინტენსიურად ემზადებიან საომარი მოქმედებებისთვის.

„ალბათ, ამ პირობებში მოლაპარაკებების პროცესი თავისი, არცთუ ყოველთვის გასაგები ლოგიკით წავა, მაგრამ რეალური პროცესი ფრონტის ხაზზე განვითარდება“, – ვარაუდობს ველიზადე.

პოლიტიკური კვლევის ცენტრის, „ატლასის“ ხელმძღვანელი ელჰან შაჰინოღლი ასევე მიიჩნევს, რომ ვაშინგტონში გამართულმა შეხვედრამ არანაირი შედეგი არ მოიტანა. იმის გარდა, რომ „პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ასეთ შეხვედრას ორგანიზება აშშ-მა გაუწია“. მაგრამ, ექსპერტის აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ შტატები აქტიურ მონაწილეობას იღებს ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში.

„ვაშინგტონი უბრალოდ რუსეთს ატყობინებს, რომ ამერიკას საკუთარი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა შაჰინოღლუმ.

ბოლო მოლაპარაკებამდე არსებული სიტუაციის შესახებ

2018 წლის გაზაფხულზე, სომხეთში მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გააქტიურდა. 2018 წლის სექტემბერში, დუშანბეში, დსთ-ის სამიტზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართული ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის სერიოზული ვარდნა შეინიშნებოდა.

ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხედვა აქვს მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც მან მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე განაცხადა. ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების დაბრუნებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ ეს არა კაპრიზი, არამედ აუცილებლობაა: ის უფლებამოსილია გამოვიდეს სომხეთის მცხოვრებლების სახელით, მაგრამ არა ყარაბაღის, იმდენად, რამდენადაც, მათ ის არ აურჩევიათ. აზერბაიჯანული მხარე მოლაპარაკებების ამგვარი ფორმატით გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგია.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროების თავკაცების შეხვედრას, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამედიაროვის ვაშინგტონის შეხვედრა პირველი არ არის. 2019 წლის იანვარში, პარიზში გამართულ შეხვედრაზე, ისინი მოსახლეობის მშვიდობისთვის მომზადების დაწყებაზე შეთანხმდნენ. აპრილში, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მოლაპარაკებების პროცესში კიდევ უფრო წინ წასვლა მოახერხეს.

მაშინ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა „გამოხატეს მზადყოფნა, დაიწყოს ხალხთა შორის კონტაქტის დამყარებისთვის პრაქტიკული მუშაობა, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტები“, – ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უფრო მეტიც, მნაცაკანიანმა და მამედიაროვმა განიხილეს საზღვარზე არსებული სიტუაცია და შეთანხმებული მოქმედება ჰუმანიტარულ სფეროში:

„ისინი (მინისტრები) ასევე შეთანხმდნენ, ორმხრივ საფუძველზე მიიღონ ზომები ნათესავების დაშვებასთან დაკავშირებით იმ პირებთან, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე იხდიან სასჯელს“.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ