მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დაწესებას 2023 წლიდან აპირებს" />

შეიცვლება თუ არა საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესი

მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დაწესებას 2023 წლიდან აპირებს

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის გაუქმებას 2018 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს.

კონსტიტუციონალისტ ვახტან ხმალაძის ინიციატივის მიხედვით, ქვეყნის პირველ პირს 150 დეპუტატთან ერთად კიდევ 150 დელეგატი (ადგილობრივი თვითთმართველობებიდან, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოებიდან) აირჩევს.

ხმალაძის მიერ წარდგენილ ინიციატივას დადებითად აფასებენ მმართველი გუნდის წევრები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესში.

პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს მხარს უჭერენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ლტოლვილთა და განსხალების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა იყოს ისეთი, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკას შეესაბამება.

ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში წარდგენილი ცვლილებების პაკეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ოპოზიციისთვის მიუღებელია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევას მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, პრეზიდენტს მოქალაქეები უნდა ირჩევდნენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ კომისიის წევრებს, რომ თუ მაინც გადაწყვეტენ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, ეს ცვლილება შევიდეს 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან და არა 2018 წლის, რათა გადაწყვეტილება პოლიტიკური დატვირთვისგან  თავისუფალი იყოს.

პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის მცდელობის გამო, მმართველ გუნდ აკრიტიკებს ოპოზიციაც.

„პრეზიდენტის არჩევის წესის წართმევა ქართველი ხალხისთვის არის ჩვენი უფლებების შეზღუდვა,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს 2018 წელსაც, 2023-შიც და ყველა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მისი თქმით, პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე, ქვეყნის მოწყობაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, აზრს მოსახლეობას ეკითხება.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშული კამპანია 13 მარტს დაიწყო. კამპანიის დაწყების შესახებ მარგველაშვილმა ჯერ კიდევ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე არ იყვნენ “ქართული ოცნების” წავრები. მათ ერთ-ერთ მიზეზად პარლამენტის სხდომის მიმდინარეობა დაასახელეს. 

 შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავის გამოსვლით სიტყვებში აღნიშნა, რომ ეს კამპანია არ წარმოადგენს პარლამენტში უკვე შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის ალტერნატივას,რომელშიც ორი ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა, თუმცა მაშინ მათ კომისიის ფორმატს ბოიკოტი გამოუცხადეს, იმ მიზეზით, რომ მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება – კომისია მისი, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით შექმნილიყო.

 

73-წევრიანი საკონსტიტუციო კომისია, ქვეყნის მთავარი კანონის გადასინჯვის მიზნით, პარლამენტში 2016 წლის 15 დეკემბრს შეიქმნა. კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ოთხ თემატურ ჯგუფად არის დაყოფილი: 

  • ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე;
  • პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის;
  • პრეზიდენტის, მთავრობის და თავდაცვის საკითხების;
  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.

კონსტიტუციის როგორ მოდელზე შეჯერდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი, რადგან კომისია მუშაობის დასრულებას ამ დროისთვის გეგმავს.


ასევე წაიკითხეთ