რუსული სამხედრო აგრესია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, რუსული პროპაგანდა - საქართველოს მოქალაქეების აზრით, რუსეთთან დაკავშირებული ფაქტორები საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის " />

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებენ

რუსული სამხედრო აგრესია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, რუსული პროპაგანდა - საქართველოს მოქალაქეების აზრით, რუსეთთან დაკავშირებული ფაქტორები საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის

2018 წლის მარტსა და აპრილში საქართველოში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა (63 პროცენტი) ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დაასახელა. გამოკითხვა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს მოქალაქეების აზრით ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის რუსული სამხედრო აგრესია (33 პროცენტი), აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ტერორიზმი, რუსული პროპაგანდა და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. რუსეთთან დაკავშირებული ფაქტორები ჯამში გამოკითხულთა 53-მა პროცენტმა დაასახელა. საფრთხეებს შორის დასახელდა თურქეთის ინტერესები საქართველოში (5 პროცენტი), რელიგიური (4 პროცენტი) და ეთნიკური (2 პროცენტი) დაპირისპირებები, ნატოში გაწევრიანება (3 პროცენტი).

რუსეთის შემდეგ იმ ქვეყნებს შორის, ვინც საქართველოს საფრთხეს უქმნის, დასახელებულია თურქეთი (8 პროცენტი) და ამერიკის შეერთებული შტატებიც (5 პროცენტი). თუმცა ამ მოსაზრებას ბევრად ნაკლები მოქალაქე იზიარებს. ამავდროულად გამოკითხულთა 30 პროცენტი შეერთებულ შტატებს განიხილავს, როგორც ქვეყანას, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას. ასეთი ქვეყნების სიაში რუსეთიც მოხვდა და ის გამოკითხულთა 15-მა პროცენტმა დაასახელა.

მოქალაქეთა შედარებით დიდი ნაწილი (26 პროცენტი) მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება. იმ კომპონენტებს შორის, რაც საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დასახელებულია საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიის გაძლიერება.

საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (52 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. თუმცა, არც ისე ცოტა – 43 პროცენტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მოქალაქეების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის უნარიანობა არ შეცვლილა და იგივე დარჩა. თუმცა მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (49 პროცენტი) პოზიტიურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოს თავდაცვითუნარიანობა გაიზრდება.


ასევე წაიკითხეთ