„ყარაბაღის ახლანდელი პრეზიდენტის ბაკო სააკიანის მმართველობის ხანა დასასრულისკენ მიიწევს“, - მიაჩნიათ ადგილობრივ ექსპერტებს" />

ყარაბაღში პროტესტი დაიწყო. ვინ და რატომ გავიდა ქუჩაში?

„ყარაბაღის ახლანდელი პრეზიდენტის ბაკო სააკიანის მმართველობის ხანა დასასრულისკენ მიიწევს“, - მიაჩნიათ ადგილობრივ ექსპერტებს

რა ხდება ყარაბაღში და რატომ?

საპროტესტო აქციები სტეფანაკერტში 1 ივნისს დაიწყო. ათობით ადამიანმა (რაც 40-ათასიანი სტეფანაკერტისთვის არცთუ ცოტაა) აზტამარტიკნერის ცენტრალური პროსპექტი გადაკეტა და ის გვიან ღამემდე დაბლოკილი იყო.

მონაწილეების თქმით, პროტესტების მიზეზი იყო ინციდენტი, რომელშიც ყარაბაღის სპეცდანიშნულების ეროვნული სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საყოფაცხოვრებო კონფლიქტი, რომელშიც ერთ-ერთი სპეცრაზმელი მონაწილეობდა, იმით დასრულდა, რომ შემთხვევის ადგილას სპეცრაზმის 20 თანამშრომელი მივიდა და ორ სამოქალაქო პირს სასტიკად სცემა.

მოწმეთა თქმით, პოლიცია არათუ არ ჩარეულა, არამედ ნაცემი ადამიანები დააკავა, თუმცა იძულებული გახდა, რომ შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაეყვანა. იუწყებიან, რომ ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თუმცა, გუშინდელი პროტესტების შემდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 15 ადამიანი მილიციაშია გადაყვანილი. როგორც იუწყებიან, ეს ძირითადად ის პირები არიან, რომლებმაც სამოქალაქო პირებს სცემეს.

ადგილობრივი პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი ამბობს, რომ ადამიანები ძალოვნების მხრიდან განუკითხაობას აპროტესტებენ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ყარაბაღში ხელისუფლება ორი შემადგენლის მიხედვით ყალიბდებოდა. ეს არის:

ერევნის მხარდაჭერა, სადაც  1997 წლიდან მმართველები წარმოშობით ყარაბაღელი რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარგსიანი იყვნენ;

 „სპეცრაზმის“ კარტელური ძალა.

რა მოხდა მანამდე

„ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სომხეთში 2018 წლის აპრილ-მაისში ერევანში ხელისუფლება შეიცვალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში რევოლუციურმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პირველი ვიზიტი 9 მაისს სტეფანაკერტში განახორციელა. იქ მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება ყარაბაღის ხელისუფლების „პატრონირებას“ აღარ გააგრძელებს.

მან ყარაბაღის დარეგულირების პროცესის თაობაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „ამიერიდან არცახმა [ყარაბაღის თვითგამოცხადებული სახელი – JAMnews] საკუთარი ინტერესები მოლაპარაკებების მაგიდასთან თავად უნდა დაიცვას“.

მაგრამ ამ განცხადების პროეცირება ერევნისა და სტეფანაკერტის ურთიერთობებზეც შეიძლებოდა. ბევრის ინტერპრეტაციით, ეს ოფიციალური ერევნის მხრიდან სტეფანაკერტში ხელისუფლების დანიშვნასა და დასპონსორებაზე უარის თქმას ნიშნავდა.

ამ განცხადებების შემდეგ პოლიტოლოგები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ყარაბაღი სომხეთში მიმდინარე პროცესების მიღმა ვერ დარჩება. ხელისუფლების შეცვლა სტეფანაკერტში სულ უფრო გარდაუვლად გამოიყურებოდა, და ახლა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პროცესები ყარაბაღის ახლანდელი პრეზიდენტის ბაკო სააკიანის გადაყენებისკენ მიდის.

რას ითხოვენ ადამიანები

მეპროტესტეები ჯერჯერობით მხოლოდ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების – გენპროკურორის არტურ მოსიანის, პოლიციის უფროსის კამო აგაჯანიანის და ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის არშავირ გარამიანის გადადგომას ითხოვენ.

თავად ბაკო სააკიანის გადადგომაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, მაგრამ ეს მოთხოვნაც ლამის უკვე მომწიფებულია.

ყარაბაღის პარლამენტის დეპუტატი აიკ ხანუმიანი (რომელიც, როგორც ნიკოლ ფაშინიანი, წარმოშობით სომხეთის იჯევანიდან არის) ბაკო სააკიანს შეხვდა, თუმცა შეთანხმების შედეგების შესახებ ჯერჯერობით არ განუცხადებია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხელისუფლებაში არსებული პანიკა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – მეპროტესტეებთან არამხოლოდ სახელმწიფო მინისტრი არაიკ არუთიუნიანი, და უშიშროების საბჭოს მდივანი ვიტალი ბალასანიანაი გამოვიდნენ, არამედ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სიტუაციის დაწყნარებას ცდილობენ.

თუმცა, არსებობს ასეთი აზრიც, რომ ისინი თავადაც არ იტყოდნენ უარს, რომ ამ სიტუაციით ესარგებლათ და ხელისუფლება შეეცვალათ.

ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში

ყარაბაღის სპეციფიკა ისეთია, რომ აქ ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერები არ არიან. ამიტომაც, კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ბაკო სააკიანი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

განიხილება რამდენიმე ვარიანტი.

ეს არის ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტი არკადი გუკასიანი, რომელიც სერჟ სარგსიანისა და რობერტ კოჩარიანისგან „კომპრომისულ“ კანდიდატად მიიჩნევა.

ან ეს იქნება  ყარაბაღის ახლანდელი  საგარეო საქმეთა მინისტრი მასის მაილიანი, რომელიც 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბაკო სააკიანის მეტოქე იყო, და 10 წელიწადია, ღრმა ოპოზიციაში იმყოფება.

კიდევ ერთი ვერსია – ეს არის დეპუტატი აიკ ხანუმიანი, რომელიც ყარაბაღში საპროტესტო განწყობის მობილიზებას ცდილობს. 2016 წელს მას ყარაბაღის თავდაცვის ექს-მინისტრის სამველ ბაბაიანის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობის შემდეგ სცემეს. თავად ბაბაიანს 2017 წელს, ერევანში ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების მომზადების ბრალდებით,  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და პატიმრობაში იმყოფება.

არსებობს კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი – ახლანდელი სახელმწიფო მინისტრი არაიკ არუთიუნიანი, რომელიც საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და პარტია „თავისუფალი სამშობლოს“ ხელმძღვანელია. ეს პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეადგენს.

როგორც არცახელი ბლოგერი ალექსანდრ კანაიანი წერს, ბაკო სააკიანის მმართველობის ხანა გამალებით უახლოვდება დასასრულს.

ვინ არის ბაკო სააკიანი

ბაკო სააკიანი ყარაბაღის პრეზიდენტი 2007 წელს გახდა, და 2012 -ში ის ხელმეორედ აირჩიეს. პრეზიდენტობამდე ის ყარაბაღის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში ის რუსეთის „ფეესბე“-ში, მოსკოვში-ში სომხეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი იყო.

2017 წელს ყარაბაღში განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც პრეზიდენტი დიდი უფლებამოსილებით აღჭურვა.  ამავდროულად, პარლამენტმა 2017 წლის ზაფხულში ბაკო სააკიანი „გარდამავალ პრეზიდენტად“ აირჩია 2020 წლამდე, როდესაც უკვე საერთო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ეს პოლიტიკური ხრიკი ერევნის მიერ სტეფანაკერტში მისდამი ლოიალურად განწყობილი მთავრობის შენარჩუნების მცდელობად შეფასდა.

თუმცა, სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბაკო სააკიანის სამწლიანმა „გარდამავალმა“ ვადამ აზრი დაკარგა, და როგორც ჩანს, სტეფანაკერტში ხელისუფლების შეცვლა დროის საკითხია.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება.

ასევე წაიკითხეთ