პროექტში ჩართულები არიან - სომხეთი, ყარაბაღის ხელისუფლება, ირანის ფონდი და ყაზახი ოლიგარქი" />

ყარაბაღი: რატომ აღადგენენ სომხები მეჩეთს?

პროექტში ჩართულები არიან - სომხეთი, ყარაბაღის ხელისუფლება, ირანის ფონდი და ყაზახი ოლიგარქი

ალბერტ ვოსკანიანი, სტეფანაკერტი

ყარაბაღში, ქალაქ შუშიში 1992-1994 წლების ყარაბაღის ომის დროს ძლიერ დაზიანებული გევაჰარ-აღას მეჩეთის რესტავრაციას ადგილობრივი საზოგადოება, თითქოს, უნდა აეფორიაქებინა. და ალბათ ბევრი ადგილობრივი მოსახლე იქ ყოველდღიურად უნდა მისულიყო, სამუშაოებს დაკვირვებოდა და ყარაბაღისთვის ამ ფრიად უჩვეულო მოვლენის შესახებ ემსჯელა. 

მაგრამ აღდგენითი სამუშაოების ადგილი, როდესაც იქ JAMnews-ის რეპორტიორი ჩავიდა, ასე სულაც არ გამოიყურებოდა. სამშენებლო მოედანზე რამდენიმე მუშა იყო, მეჩეთის წინ კი ორი ბიჭუნა ველოსიპედით დაქროდა, გვერდით მდებარე ხუთსართულიანი კორპუსიდან კი ისმოდა, თუ როგორ ესაუბრებოდა ბოლო სართულზე ფანჯრიდან ფანჯარაში ორი ბებია ერთმანეთს.

• ყარაბაღის ქალაქი შუშა/შუში –  27 წელიწადი სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლებიდან

• ყარაბაღის „აპრილის ომის“ სამი წელიწადი. რა შეცვალა მან?

• ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სამი ქალის ისტორიების მიხედვით

ეს იყო და ეს. ისეთი განცდა იქმნებოდა, თითქოს საცხოვრებელ სახლს აშენებდნენ, მაგრამ სამშენებლო ხარაჩოების უკან მინარეთები ბრუნდებოდა, და ეს ხედი ომის შემდგომი ყარაბაღისთვის სრულიად ახალი იყო, შეიძლება ითქვას – უნიკალური.

გევაჰარ-აღას მეჩეთი ქალაქ შუშიში/შუშაში, მთიან ყარაბაღში. ფოტო: ალბერტ ვოსკანიანი, JAMnews

გევაჰარ-აღას მეჩეთს, დიდი ხანია, მრევლი აღარ ჰყავს და საქმე ის კი არ არის, რომ ის 25 წელიწადია, რაც დანგრეულია. როდესაც რესტავრაციას დაასრულებენ – იქ სალოცავად მოსიარულე მაინც არავინ იქნება.

1990-იანი წლების ყარაბაღის კონფლიქტის საომარ ფაზამდე შუშის მოსახლეობის უმრავლესობა აზერბაიჯანელი იყო.  ომის დროს ყველა მათგანმა სახლი დატოვა, და აი, უკვე თითქმის 30 წელიწადია, აქ მხოლოდ ქრისტიანი სომხები ცხოვრობენ.  

მაშინ რაღატომ გადაწყვიტეს მეჩეთის აღსადგენად ფულის ჩადებადა არა – დამატებით საცხოვრებელში, ან სავაჭრო ცენტრსა და კინოთეატრში?

ქნარ ბაბაიანმა და ალბერტ ვოსკანიანმა მოკლე ფილმი გადაიღეს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება გევეჰარ-აღას მეჩეთის აღდგენა.

ირანი, ყაზახეთი და გევაჰარ-აღას მეჩეთი

 „ჩვენთვის ეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა, მიუხედავად რელიგიური და კულტურული კუთვნილებისა“, – უთხრა JAMnews-ს  მთიანი ყარაბაღის კულტურისა და სპორტის კულტურული მემკვიდრეობების განყოფილების ხელმძღვანელმა არმან გრიგორიანმა. 

სარესტავრაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელია სომხეთის ფონდი „აღმოსავლეთის ისტორიული მემკვიდრეობის აღორძინება“, მაგრამ სამუშაოები, ორგანიზაცია „იკომოს-სომხეთის“ და „იკომოს-ირანის“ მხარდაჭერით, ირანელ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მეჩეთი ირანულად მიაჩნიათ და სარესტავრაციო სამუშაოებში ირანის აქტიურ მონაწილეობას სწორედ ამით ხსნიან.

მაგრამ პროექტის დაფინანსება საბოლოოდ სრულიად სხვა მხრიდან მოვიდა. 

სარემონტო სამუშაოები გევაჰარ-აღას მეჩეთში, ქალაქ შუშიში/ შუშაში მთიან ყარაბაღში. ფოტო: ალბერტ ვოსკანიანი, JAMnews

თავიდან ფონდმა „სომხეთის განვითარების ინიციატივები“ (IDeA Foundation), მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ და სომხეთის ფონდმა „აღმოსავლური ისტორიული მემკვიდრეობის აღორძინება“  მეჩეთის აღდგენის ერთობლივი პროგრამა დაიწყეს.

ის დასუფთავდა და შემოიღობა.

2017 წელს ირანელმა სპეციალისტებმა რესტავრაციის პროექტი დაასრულეს. 2018 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ მთავარი დონორი ყაზახი ბიზნესმენი ყაირათ ბორანბაევი გახდა.

2019 წლის მაისისთვის Forbes-ის ინფორმაციით,  ბორნბაევი ყაზახეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენიდან მეცამეტე ადგილს იკავებს და სხვა დანარჩენთან ერთად ყაზახეთში, ბელარუსსა და რუსეთში McDonald’s-ის ქსელის მფლობელია. მას ყაზახეთის ახლა უკვე ყოფილ პრეზიდენტთან, მაგრამ მაინც ყოვლის შემძლე ლიდერ ნურსულთან ნაზარბაევთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს: ბორანბაევის ქალიშვილი ალინა ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილ აისულთან ნაზარბაევის მეუღლეა.

რესტავრაციის დაფინანსება პირდაპირი წესით არ ხდება, არამედ ფონდის „ სომხეთის განვითარების ინიციატივები“(IdeA) მეშვეობით.

ისტორიები ბაქოდან

შაჰინ რზაევი, ბაქო

აზერბაიჯანელები, ქალაქ შუშადან  [ქალაქის აზერბაიჯანულად და საერთაშორისოდ მიღებული დასახელება — JAMnews] იძულებით გადასახლებულები JAMnews-თან საუბარში თავიანთ წარსულსა და გევაჰარ-აღას მეჩეთს იხსენებენ.

გევეჰარ-აღას მეჩეთის ისტორია

შუშიში გევაჰარ აღას მეორე, პოპულარული სახელია „ზემო“, რადგან ის ქალაქის ზემო ნაწილში მდებარეობს.

აშოტ არუთიუნიანი, შუშას ძირძველი მკვიდრი, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის გამგე, ჰყვება, რომ შუშიში ასევე 12 მედრესე იყო. ახლა ყველა ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია.

შუშიში „ზემო მეჩეთი“ 1883 წელს შუშის დამაარსებლის, ფანაჰ- ალი ხანის შვილიშვილის, გევაჰარი-ბეიმ აღას დაკვეთით თავიდან აშენდა. მეჩეთი არქიტექტორმა ქერბალი სეფიჰან-ყარაბაღელმა გაარესტავრირა.

 გევხარ-აღა  ყარაბაღის მეჩეთების ტრადიციის შესაბამისად არის დაგეგმილი – ქვის სვეტები ქმნიან ორსართულიან გალერეებს, რომლებიც დაფარულია ნახევარწრიული გუმბათით.

მეჩეთის მთავარ ფასადზე შენარჩუნებულია და ახლა რესტავრირდება წარწერები –სურამები ყურანიდან არაბულ ენაზე.

საბჭოთა წლებში მეჩეთი ისტორიულ მუზეუმად გადაკეთდა, ორჯერ გარესტავრირდა და კარგ მდგომარეობაში იყო.

 

ქალაქ შუშას/შუშის ისტორია კონფლიქტის საომარ ფაზამდე 

JAMnews

ქალაქი ყარაბაღის ქედის მთისწინეთშია გაშენებული, ის ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი იყო,  რუსეთის იმპერიასა და ირანს შორის სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, და 19-ე საუკუნეში სამხრეთი კავკასიის ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქს წარმოადგენდა.

ქალაქის მოსახლეობა შერეული იყო, აქ  სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ცხოვრობდნენ. მე-20 საუკუნის დასწყისში მათ შორის ურთერთობა მკვეთრად დაიძაბა. 1020 წელს მოხდა სომხური დარბევები, ბევრი ადამიანი დაიღუპა, სომხური მოსახლეობის უმეტესობამ ქალაქი დატოვა.

მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანელი გახდა.

შემდეგ მოხდა აზერბაიჯანის მოსახლეობის აჯანყება სოვეტიზაციის წინააღმდეგ. მაგრამ ამბოხება ჩაახშეს. და ახლა უკვე, შურისძიების შიშით, აზერბაიჯანული მოსახლეობა გარბოდა ირანსა და ქვემო ყარაბაღის მიდამოებში.

სომეხმა მოსახლეობამ კი, პირიქით, დაბრუნება დაიწყო.

ქუჩა შუშის /შუშის ძველი ნაწილში, მთიან ყარაბაღში. ფოტო: ალბერტ ვოსკანიანი, JAMnews

და აზერბაიჯანელებმა ქალაქში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც 1923 წელს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი შეიქმნა. და აზერბაიჯანელი მოსახლეობა ისევ ქალაქის  უმრავლესობა გახდა. 

1960-70-იან წლებში მთიან ყარაბაღში დაიწყეს სომხური უბნების დანგრევა, რომლებიც 1920 წლის შემდეგ ნანგრევებად იყო ქცეული. მათ ადგილას მიკრორაიონები გაჩნდა. იქ ბინებს ძირითადად ყარაბაღის სხვა მხარეებიდან ჩამოსული აზერბაიჯანელები იღებდნენ.  

როგორც 2002 წელს გაზეთ „ექო“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის მაშინდელი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ჰყვებოდა , „საკუთრივ სტეფანაკერტში [1960-80-იან წლებში]მუშახელი არ იყო. იქ ოლქის მიმდებარე ადგილებში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ვაგზავნიდით, რათა მთიან ყარაბაღში მეტი აზერბაიჯანელი ყოფილიყო. ამ და სხვა გზებით ვცდილობდი, რომ მთიან ყარაბაღში მეტი აზერბაიჯანელი ყოფილიყო, სომხების რაოდენობა კი შემცირებულიყო“. 

მალე ქალაქ შუშიში აზერბაიჯანელი მოსახლეობის წილი 85 პროცენტამდე გაიზარდა (სსრკ-ს მოსახლეობის 1997 წლის აღწერა). 

მთელი საბჭოთა დროის განმავლობაში ქალაქი სომხურ და აზერბაიჯანულ ნაწილებად იყო დაყოფილი. აქ სამენოვანი სკოლები იყო:აზერბაიჯანული, სომხური და რუსული.

შესაბამისად, დაყოფილი იყო მმართველობაც.  როგორც წესი, კომუნისტური პარტიის რაიკომის პირველი მდივანი (ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი ორგანო) აზერბაიჯანელი იყო, მისი მოადგილე კი – სომეხი.

ასეთივე სურათი იყო, მაგალითად, მილიციაში: უფროსი – აზერბაიჯანელი, მოადგილე – სომეხი.

სომხური ეკლესია  ქალაქ შუშიში/ შუშაში მთიან ყარაბაღში. ფოტო: ალბერტ ვოსკანიანი, JAMnews

ყარაბაღის კონფლიქტი (JAMnews)

1991-1994 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, და ქალაქი შუშა/შუში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ქალაქი მაღალზე მდებარეობდა და იქიდან დედაქალაქის, სტეფანაკერტისა და უახლოესი სომხური სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა შეიძლებოდა. 

აზერბაიჯანის ჯარი ამ უპირატესობას აქტიურად იყენებდა. ამიტომაც ქალაქის გაკონტროლებას ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

1992 წლის 8 მაისს ქალაქისთვის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა. ყარაბაღის თავდაცვის ძალებმა გაიმარჯვეს. აზერბაიჯანის მოსახლეობამ ქალაქი დატოვა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა და მწერალმა თომას დე ვაალმა ყარაბაღის კონფლიქტზე შექმნილ თავის წიგნში „შავი ბაღი“ შუშის ტრაგედიას მთელი თავი  მიუძღვნა

გევაჰარ-აღას მეჩეთი ამ ბრძოლების დროს სერიოზულად დაზარალდა. მთელი ამ წლების განმავლობაში მის კედლებზე საარტილერიო ჭურვების პირდაპირი მოხვედრის კვალი ჩანს. 

გევაჰარ-აღას მეჩეთი ქალაქ შუშიში/ შუშაში მთიან ყარაბაღში აღდგენის დაწყებამდე. ფოტო: ალბერტ ვოსკანიანი, JAMnews

1994 წელს, ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღი არსებობს როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის არც – სომხეთს.

 

აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ომის დროს დაპყრობილად და ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს. კონფლიქტის მხარეები გამყოფ ზოლზე არსებული მუდმივი ბრძოლების შესახებ იუწყებიან, და ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ.

ალბერტ ვოსკანიანმა მეჩეთის აღდგენასთან დაკავშირებით შუშის მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა

რესტავრაციის მოწინააღმდეგეები, სახასიათო კომენტარები:  

„ესე იგი, ერთ წელიწადში იქ უკვე მოლა ილოცებს, მუსლიმებს ნამაზისთვის  შეკრებს და სომეხი მოსახლეობის განადგურებისკენ მოუწოდებს, როგორც ეს წინათ, -1988-1990-იან წლებში ხდებოდა“.

 „ეს ხელისუფლებების ერთმანეთთან ჩვეულებრივი თამაშია, სხვა არაფერი – აქ პოლიტიკის გარდა არაფერია. სხვა დანარჩენი მხოლოდ სიტყვებია. ის ამ ქვეყნის დამპყრობლებმა ააშენეს, რა საჭიროა მათ დანატოვარზე ასეთი ზრუნვა? ჩვენი ეკლესიები ნახევრად დანგრეული დგას“.

 „ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა, აქ კი გადაწყვიტეს მეჩეთის რესტავრაციისთვის ფული დახარჯონ, უნდა რცხვენოდეთ“.

 რესტავრაციის მომხრეები, სახასიათო კომენტარები:  

 „კულტურა ადამიანებს შორის კონფლიქტებისა და სიძულვილის გამო არ უნდა ზარალდებოდეს, სერიოზული მიზეზების შემთხვევაშიც კი. ახლა ეს მეჩეთი არცახის კუთვნილებაა, და იმაზე ლაპარაკი, რომ აღდგენა საჭირო არ არის, ეს საკუთარი ქვეყნის კულტურისა და კულტურული საგანძურის უგულებელყოფაა“;

 „ძალიან სწორია, რომ არესტავრირებენ! ქრისტიანობის ნამდვილი გამოხატულებაა! პატივისცემა და არდანგრევა! ეს ისტორიაა, რომელსაც ვერ გადააგდებ, ისინი იქ ცხოვრობდნენ, და ეს მეჩეთი მართლაც ამშვენებს ამ ქალაქის ისტორიას“;

 „აზერბაიჯანელებს მეჩეთი თავისად მიაჩნდათ და იქ დადიოდნენ. ახლა ისინი შუშიში არ ცხოვრობენ, მაგრამ ეს ტაძრის ბოსლად გადაქცევის საბაბი არ არის, მით უმეტეს – მისი დანგრევის“;

 „მე კულტურის ძეგლების დანგრევის წინააღმდეგი ვარ, სადაც უნდა მდებარეობდნენ ისინი. ირანში ჩვენს ტაძრებს უვლიან და აღადგენენ, და სხვების რელიგიას ძალიან ზრუნვით ეკიდებიან, ჩვენ რატომაც არ უნდა მოვიქცეთ იგივენაირად. ან რა პრობლემაა? კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეგვემატება“.

 „მედიაქსელის“ მხარდაჭერით

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

 


ასევე წაიკითხეთ