ისინი ამბობენ, რომ ყოველთვის აფხაზები იყვნენ და ახლა მხოლოდ „ისტორიულ სამართლიანობას აღადგენენ“ " />

ქართველები აფხაზეთში გვარებს იცვლიან და, ამასთან ერთად, ეროვნებასაც

ისინი ამბობენ, რომ ყოველთვის აფხაზები იყვნენ და ახლა მხოლოდ „ისტორიულ სამართლიანობას აღადგენენ“

აფხაზეთში, გალის რაიონში, უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც აქამდე ქართველებად ითვლებოდნენ, გვარი გადაიკეთეს და აფხაზებად ჩაეწერნენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მურზაყანელი აფხაზების საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ განუცხადა.

გალის რაიონი – აფხაზეთის ადმინისტრაციული ერთეულია. 2011 წლის აღწერით, მოსახლეობის 98.21 პროცენტს ქართველები (მეგრელები) შეადგენენ. ის პირდაპირ მდინარე ენგურთან მდებარეობს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამყოფი ხაზია. გალის რაიონში მდებარეობს ენგურჰესიც – აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული საწარმო.

 

აფხაზეთი რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებს – იმ დროს, როდესაც თბილისი აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს გაერო, ევროკავშირი და ყველა დასავლური სახელმწიფო.

ედიშერ ზუხბამ განმარტა, რომ საუბარია ადგილობრივ მეგრელებზე [ქართული ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობენ. მეგრელების დიდი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს ასევე აფხაზეთშიც – JAMnews].

სახელწოდება სამურზაყანო ეხება სწორედ აფხაზეთის ნაწილს, სადაც ეთნიკურად ქართველები (მეგრელები) შეადგენენ მოსახლეობის 98 პროცენტს. რეგიონის ამ ნაწილში შედის გალის რაიონი.

თომას დე ვაალი: აფხაზეთის თვითიზოლაცია უზარმაზარი პრობლემაა

„ბინადრობის უფლება“ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის – პრობლემის გადაწყვეტა თუ ახალი თავსატეხი?

ზუხბას თქმით, ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ აფხაზური ფესვები აქვს და ოდესღაც აფხაზური გვარი ქართულად (მეგრულად) გადაუკეთეს.

„მაგალითად, ადრე ჩემი გვარი ითქმებოდა, როგორც ზუხბაია. ახლა ჩვენ მივიღეთ შესაძლებლობა, აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა – დავიბრუნოთ ჩვენი თავდაპირველი აფხაზური გვარები“, – განაცხადა ედიშერ ზუხბამ.

მან ასევე დაასახელა რამდენიმე სხვა გვარიც, რომლებიც, მისი თქმით, აშკარად აფხაზური წარმოშობისაა, მაგალითად, აბუხბაია, აძინბაბია, ბაგბაია, ზუხბაია, ინალიშვილი, ქვაცაბაია, ეშბაია და სხვა.

ზუხბას სიტყვებით, მურზაყანელი აფხაზების საბჭოს არსებობის ხუთი წლის განმავლობაში, მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა აფხაზური გვარის დაბრუნების საქმეში დახმარების თხოვნით.

აფხაზეთში ქართველების პასპორტის ისტორია

აფხაზეთის კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას ნებისმიერ ქვეყანასთან, რუსეთის გარდა. ადგილობრივ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა აქვთ და, ამრიგად, მასზე უარის თქმა სჭირდებათ, რათა აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება შეძლონ.

ზაქარეიშვილი: ადრე თუ გვიან ხელისუფლებას ჩემი იდეების გათვალისწინება მოუწევს

აფხაზეთის მოქალაქეობა გაცილებით ბევრ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღო მონაწილეობა, არამედ, ასევე, ვაჭრობისა და ბიზნესისათვის.

როდესაც 2009 წელს ქართული მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების საკითხის გადაჭრა ჯერ მხოლოდ იწყებოდა, მარტივი ფორმა იყო შეთავაზებული: ადგილობრივ ქართველებს (სამურზაყანოელებს) მანამდე, სანამ აფხაზურ პასპორტს მიიღებდნენ, წერილობითი ფორმით უნდა განეცხადებინათ იმის შესახებ, რომ არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

ხელისუფლებისთვის, ისევე, როგორც ბევრი ადგილობრივი მცხოვრებისთვის, ეს პროცედურა უბრალო ფორმალობად იქცა. თბილისსა და სოხუმს შორის არ არის ოფიციალური კონტაქტი ქართულ-აფხაზური დაურეგულირებელი კონფლიქტის გამო, ასე რომ, შემოწმება, ვინ თქვა ნამდვილად უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და ვინ – არა, უბრალოდ, შეუძლებელია.

2014 წლის შემდეგ აფხაზეთში ადგილობრივი ქართველების პასპორტიზაციის საკითხისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.

2015 წლის ზაფხულში, გალის რაიონის ადმინისტრაციამ ადგილობრივების გამოკითხვა ჩაატარა და 18 ათასზე მეტმა გალელმა უპასუხა, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტყვარჩელისა და გალის რაიონის საპასპორტო-სავიზო სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უკანონოს მასობრივად აფხაზური პასპორტების მიცემაში დაადანაშაულეს.

ადგილობრივმა მედიამ დაწერა, რომ საპასპორტო სამსახურის ჩინოვნიკები იღებდნენ ქრთამს (როგორც ადგილობრივები ამბობენ, 150-დან 400 დოლარამდე), თვალს ხუჭავდნენ ყველა საეჭვო საკითხზე და პირდაპირ გასცემდნენ პასპორტებს გალის რაიონის მცხოვრებლებზე.

საბოლოოდ, ადგილობრივ ქართველებზე (გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში) გაცემული 27 ათასი აფხაზური პასპორტის ანულირება მოხდა.

2017 წლიდან კი ადგილობრივ ქართველებზე „ცხოვრების ნებართვის“ გაცემა დაიწყო. ეს დოკუმენტი მათ საშუალებას აძლევს, გადავიდნენ ზუგდიდის რაიონში და შემდეგ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაბრუნდნენ უკან. ეს ადგილობრივი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმდენად, რამდენადაც ბევრი იქ იღებს პენსიას, იქაურ სკოლებში დაჰყავთ შვილები და, ასევე, ყიდულობენ და ყიდიან პროდუქტებსა და საქონელს.

თუმცა აფხაზური „ცხოვრების ნებართვის“ მიღება – მარტივი საკითხი არ არის და ამის მოგვარება აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა.

რა ხდება ქართული გვარის აფხაზურად გადაკეთებისას

თუკი ადრე ეს ადამიანები დოკუმენტებში ქართველებად ეწერენ, ახლა, გვარების შეცვლის შემდეგ, აფხაზებად ჩაითვლებიან. აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად კი, ყოველ აფხაზს, მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს და ცხოვრობდეს, უფლება აქვს, თავისუფლად მიიღოს აფხაზური პასპორტი.

მურზაყანელი აფხაზების საბჭოს წარმომადგენლებმა მესამე ყრილობაზე, რომელიც 19 ივლისს გაიმართა, განაცხადეს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ ადგილობრივს სურს ისტორიული გვარისა და ეროვნების აღდგენა.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ გალის რაიონის მცხოვრებლების სწრაფი ინტეგრაციით აფხაზეთის შიდა ცხოვრებაში“, – განაცხადა ყრილობაზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ