ნამდვილი ქართული სუფრა, ღვინო ქვევრში და სკოლები ისტორიის სახელმძღვანელოს გარეშე " />

ქართველები აზერბაიჯანში: თვითმყოფადობასა და გაუცხოებას შორის

ნამდვილი ქართული სუფრა, ღვინო ქვევრში და სკოლები ისტორიის სახელმძღვანელოს გარეშე

ნიკა მუსავი, ბაშირ კიტაჩაევი, ბაქო 

ალიბეილი – ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში, ქალაქ კახთან მდებარე ერთ-ერთი სოფელი, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. ვიკიპედია ალიბეილის მცხოვრებლებს „ინგილოებად“ მოიხსენიებს, მაგრამ თავად ამ განსაზღვრებას არ ეთანხმებიან და საკუთარ თავს ყველაზე ნამდვილ ქართველებად მიიჩნევენ. და მართლაც, მათ ყველაფერი ქართული აქვთ – დღესასწაულები, სუფრა, ენა, ეკლესია, ღვინოსაც თიხის ქვევრში ამზადებენ ქართული ღვინის დამზადების ყველა წესის დაცვით. და თავიანთ სოფელს ისინი ალიბეგლოს უწოდებენ. 

როგორ ცხოვრობენ ადამიანები ორ ქვეყანას შორის არსებულ სოფელში?

ემოდგომის შუადღე, ცხელი და მშვიდი. ალიბეილში თხილის კრეფის სეზონია გახურებული და სოფლის თითქმის მთელი ზრდასრული მოსახლეობა „პლანტაციებშია“ წასული. მხოლოდ მოტოციკლეტების ხმაური და მათზე გამოდევნებული ძაღლების ყეფა ისმის. 

სოფლის შესასვლელთან, კულტურის სახლის ეზოში, სარემონტო კვარცხლბეკის ძირში, წიწილები ბალახში საკვებს ეძებენ. ეს იოსებ სტალინის ძეგლია. ამბობენ, რომ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მისი მოშორება უნდოდათ, მაგრამ ადგილობრივებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ კი ძეგლი ყველას მიავიწყდა და ახლა ის, ალბათ, ალიბეილის ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ვინ არიან ინგილოები

ბოლო, 2009 წლის აღწერის თანახმად, აზერბაიჯანში, დაახლოებით, 10 ათასი ქართველი (აზერბაიჯანის მოქალაქე) ცხოვრობს. ეს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,1 პროცენტია. ქართველების ძირითადი ნაწილი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, კახისა და ზაქათალის რაიონებში ცხოვრობს.

„საქართველოში ჩვენ ნამდვილ ქართველებად არ მიგვიჩნევენ. მაგრამ როდესაც ადამიანები ჩვენთან ჩამოდიან სტუმრად, ხედავენ, როგორ ვცხოვრობთ, როგორ აღვნიშნავთ ქორწილებს, როგორ საჭმელებს ვამზადებთ, ისინი რწმუნდებიან, რომ ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორიც ისინი“, – ამბობს ქალაქ კახის მცხოვრები, 63 წლის ვასილი ტარტარაშვილი.

დედით რუსი ვასილი ვიქტორის ძე რუსულ სკოლაში სწავლობდა და მისი ყველა მეგობარი ან რუსი იყო, ან აზერბაიჯანელი.

ვასილი ტარტარაშვილი. ფოტო JAMnews

ვასილი სასწავლებლად ბაქოში წავიდა, გარკვეული დრო დედაქალაქში იცხოვრა, შემდეგ კი უკან, გახში დაბრუნდა. გრძნობდა რა თავს ყოველთვის „ნამდვილ ქართველად“, შეგნებულად შეარჩია ცოლად ქართველი, რათა მასთან ერთად ნამდვილი ქართული ოჯახი შეექმნა.

მას შემდეგ ორ ათწლეულზე მეტი გავიდა. ვასილი ვიქტორის ძის ქალიშვილი თბილისში გათხოვდა, ვაჟი ვიქტორი კი საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სახლში დაბრუნდა და ნანაზე დაქორწინდა – ალიბეილელ გოგოზე. ვიქტორმა და ნანამ 2011 წელს „შეცდომით“ გაიცნეს ერთმანეთი. ბიჭი ვიღაცას ურეკავდა სამშობლოში, ნომერი შეეშალა და ყურმილი ნანამ აიღო. ახლა ისინი გახში ცხოვრობენ და შვილს ელოდებიან. 

ვიქტორი და ნანა. ფოტო JAMnews

რაც შეეხება „ინგილოელის“ გაგებას, ადგილობრივები ამბობენ, რომ სჯობს ასე დაუძახონ არა მათ, არამედ ქართველებს, რომლებმაც მრავალი საუკუნის წინ დათმეს ქრისტიანობა და მიიღეს ისლამი. ახლა ისინი ძირითადად აზერბაიჯანში, ზაქათალის რაიონში, კახის მეზობლად ცხოვრობენ.

ქართული ცხოვრების სტილი 

ალიბეილი/ალიბეგლო კახიდან, დაახლოებით, 25 კილომეტრში მდებარეობს – საკმაოდ კარგად მოვლილი და აყვავებული სოფელია: აქ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო და თეატრიც კი.

მთავარი „ბიზნესი“ – თხილია. ყოველ მაცხოვრებელზე აქ ერთ ჰექტარამდე მიწა მოდის – ეს უფრო მეტია, ვიდრე აზერბაიჯანში საშუალოდ.

ალიბეგლოში არავინ უჩივის ხელისუფლებას – სოფელს აქვს გაზი, ელექტროენერგია, დანარჩენ პრობლემებს კი მოქალაქეები თავად უმკლავდებიან.

„ნამდვილი ქართული“ ცხოვრების წესი, რომლითაც ასე ამაყობენ ინგილოები – ეს, პირველ რიგში, სუფრის ტრადიციაა. ღორის მწვადს ამზადებენ, სვამენ სახლის ღვინოს, რომელსაც ქვევრში აყენებენ – თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწაშია მოთავსებული.

არის სხვა ტრადიციებიც – ყველაფერი, რაც უკავშირდება რელიგიას, მაგალითად – ნათლობა, წმინდა გიორგის დღესასწაული. იხსენებენ გარდაცვლილებს, „საკმელს აკეთებენ“ ნახშირზე საკმეველს წვავენ, ამზადებენ საჭმელებს, რომელიც გარდაცვლილს უყვარდა.

უმაღლესი განათლებისთვის – მხოლოდ თბილისში 

სოფელ ალიბეილში ერთი, ცოტა ხნის წინ გარემონტებული სახელმწიფო სკოლაა, სადაც ქართულ ენაზე ასწავლიან. აზერბაიჯანულად ადგილობრივები თითქმის არ ლაპარაკობენ – და ის, ძირითადად, არც კი სჭირდებათ.

სკოლა 216 მოსწავლეზეა გათვლილი, მაგრამ ახლა 161 ბავშვი სწავლობს. მათ 35 მასწავლებელი ჰყავთ – თითქმის ყველა ადგილობრივი.

სკოლის დირექტორი არნო სანაშვილი გვიყვება, რომ სახელმძღვანელოები ან საქართველოდან ჩამოაქვთ, ან კი ქართულად თარგმნიან წიგნებს, რომლებიც აზერბაიჯანში, რუსულ სკოლებში გამოიყენება.

„პრობლემები გვაქვს მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ისტორია – ეს მაინც პოლიტიკური მომენტია“, – ამბობს სანაშვილი. საქმე ისაა, რომ ქართულ და აზერბაიჯანულ სახელმძღვანელოებში, ზოგიერთი ისტორიული მოვლენის განსხვავებული ვერსია გვხვდება. აზერბაიჯანული სახელმძღვანელოების გამოყენება აქ არ შეიძლება, რათა „არ წავიდეთ საკუთარი თავის წინააღმდეგ“, ქართულის კი იმიტომ, რომ არ წავიდეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

არნო სანაშვილი დაიბადა და მთელი ცხოვრება ალიბეგლოში გაატარა. მისი ორი ქალიშვილი თბილისშია გათხოვილი, ბიჭი კი სოფელში დარჩა. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ოჯახში – ახალგაზრდები სკოლის დამთავრებისთანავე მიდიან სოფლიდან. იციან რა მხოლოდ ქართული, მათ უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ თბილისში შეუძლიათ.

„მაგრამ ასაკში შესვლასთან ერთად, მათ გული უკან, მშობლიური სოფლისკენ მიუწევთ“, – ამბობს არნო სანაშვილი.

ოფიციალური მონაცემებით, ალიბეილში ორი ათასი ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სინამდვილეში – უფრო ნაკლები. სტატისტიკური საკითხების მიუხედავად, ერთი რამ ნათელია – უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად არც გაზრდილა და არც შემცირებულა. არ იზრდება საქართველოში სასწავლებლად წასულების გამო, არ მცირდება – დაბრუნებულების ხარჯზე

ქართული უმცირესობის იდენტობის დაცვა – მიღწევა თუ პრობლემა?

ეთნიკური უმცირესობის პრობლემებს აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების პრიზმიდან უყურებენ – აძლევენ თუ არა ხალხს ტრადიციების შენარჩუნებისა და საკუთარ ენაზე საუბრის უფლებას? ასიმილაციის პრობლემა პრინციპში არასოდეს განიხილებოდა, განსაკუთრებით, მცირერიცხოვანი ქართული უმცირესობისთვის.

ის ფაქტი, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით რამდენიმე ათასი ინგილოელი „გამორთულია“ ქვეყნის ცხოვრებიდან და ნელ-ნელა საქართველოში გადავიდა, აზერბაიჯანში არასოდეს განუხილავთ პრობლემად.

პირიქით, ალიბეილსა და სხვა ქართულ სოფლებში ხშირად ჩაჰყავთ ქართველი ჩინოვნიკები და აჩვენებენ, რომ ენასა და კულტურას იქ არაფერი ემუქრება.

აზერბაიჯანის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ელდარ ზეინალოვი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში ქართველების დასაქმების პრობლემები ექსკლუზიურად უკავშირდება ენის ბარიერს და არა – ეთნიკურ წარმომავლობას.

მას მოსამართლე რაფაელ გვალაძის მაგალითი მოჰყავს, რომელიც თავისუფლად ფლობს აზერბაიჯანულ ენას და ბოლო დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა – ქვეყნის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში.

„სხვა საქმეა, რომ ქართულ სკოლებში აზერბაიჯანულის სწავლება მოიკოჭლებს (ისევე, როგორც რუსულენოვან სკოლებში). და აზერბაიჯანულის სწავლების ყველა სწორხაზოვანი მცდელობა მიდის მხოლოდ იქამდე, რომ ენობრივი უმცირესობა მიდის საკუთარ ენობრივ გეტოში, წყდება საზოგადოებრივ ცხოვრებას და საერთოდაც, თავის ენობრივ წრეში ემიგრირდება. მაგალითად, 1999 და 2009 წლების აღწერებს შორის ქართული მოსახლეობა 14900-დან 9900-მდე შემცირდა. ამ სურათით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს ახალგაზრდობის ემიგრაციის შედეგია და ამას უკავშირდება შობადობის შემცირებაც. შესაძლოა, ეს ვიღაცას ხელს აძლევს: არ არის ადამიანი – არ არის პრობლემები, მაგრამ ეს მიდგომა ნამდვილად არ არის ევროპული“.

ასევე, ელდარ ზეინალოვი იხსენებს, რომ აზერბაიჯანში ამ დრომდე არ მიუღიათ კანონი ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამის გაკეთებას ჯერ კიდევ 2001 წელს შეჰპირდა ევროპის საბჭოს.

ოფლის მაღაზიის თაროებზე – ტკბილეული, მაკარონები, ბროლის ვაზები და გასაბერი სპილოებია. ხანშიშესული ცოლ-ქმარი, რომელიც ერთ-ერთ ასეთ მაღაზიას ფლობს, საგულდაგულოდ გაურბის საკუთარი სახელის დასახელებასაც კი, მაგრამ სიამაყით ჰყვება, რომ ერთ-ერთმა ვაჟიშვილმა საქართველოში წასვლისა და თბილისში იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, შერჩევა გაიარა და ახლა პროკურატურაში მუშაობს. მეორე შვილი სოფელში დარჩა და სწორედ მისი ცოლი და შვილები დგანან კართან.

თუკი ვინმე თანხმდება ინტერვიუს მოცემას, ეს ოთხი წლის შვილიშვილი ელენეა, ის ცოტას ლაპარაკობს ინგლისურად: „ელენე, მისცემ ინტერვიუს ჟურნალისტებს?“ გოგონა სერიოზულად და მკაცრად ათვალიერებს სტუმრებს და ბებიას ქართულად ეკითხება: „სად არის მიკროფონი?“.

მაღაზიასთან მუქმა ნარინჯისფერმა ფურგონმა გაიარა, რომლიდანაც ხმის გამაძლიერებლით გაურკვეველ მოკლე სიტყვას ჰყვირიან.

ეს რა არის? 

თონე მუშაობს. თიხის ღუმლები, რომლებშიც ქართველები პურს აცხობენ.

როდესაც ჩვენ მივდივართ, ყურძნის ხეივნის ქვეშ მდგომი ელენე ხელს გვიქნევს და დამშვიდობებისას პირველად გვიღიმის: 

— Bye! 

„ისინი ეშმაკობენ“ 

ახალგაზრდა ალიბეილელმა დავითმა, რომელსაც სრულიად შემთხვევით უკვე საქართველოში შევხვდით, სოფელი სკოლის დასრულების შემდეგ დატოვა. მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ხვდებოდა, აზერბაიჯანში „არაფერი ელოდა“.

„თუკი ქართველები გახსა და ალიბეილში ამბობდნენ, რომ არანაირ დისკრიმინაციას არ გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ, ისინი ან ეშმაკობდნენ, ან ფრთხილობდნენ. სინამდვილეში, დისკრიმინაცია არსებობს, მაგრამ ის აშკარად არ ვლინდება, დეტალებშია. მაგალითად, საავადმყოფოს რიგში დგახარ ტალონით ხელში და ხედავ, რომ აზერბაიჯანლებს რიგის გარეშე ატარებენ, ქართველებს კი ლოდინი უწევთ. რაც შეეხება ენას, მე ვიცი აზერბაიჯანული, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, აზერბაიჯანში კარიერა გამეკეთებინა“.

 

ინგილოები საქართველოში – წახვიდე, რათა დაბრუნდე 

ხატია ღოღობერიძე, თბილისი 

23 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია) საინგილოდან თბილისში 2012 წელს ჩამოვიდა. ვინაობის გასაჯაროება არ სურს  – ამბობს, რომ საინგილოში ბევრი ნათესავი ჰყავს და მათ შეიძლება პრობლემები შეექმნათ. 

ის კახის რაიონიდანაა და ქართულენოვანი სკოლა დაამთავრა. 

საქართველოს სახელმწიფო იმ ინგილო ქართველებისთვის, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალურ ზღვარს გადალახავს, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში, უფასო სწავლას უზრუნველყოფს. გიორგი სწორედ ასე მოხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ახლა უკვე მაგისტრატურაზე სწავლობს.

პარალელურად, რესტორანში მიმტანად მუშაობს.

ამბობს, რომ თბილისში მისთვის სრულიად უცხო გარემოში მოხვდა და მასთან შეჩვევა გაუჭირდა. 

“შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩემთვის პირველი ყველაზე უცნაური შემთხვევა იყო, როცა პირველ კურსზე ლექციაზე ღიად ითქვა სიტყვა “სექსი”. ძალიან გამიკვირდა, ვერ მივხვდი, ეს როგორ შეიძლებოდა”. 

მისი თქმით, ასეთ თემებზე ღიად საუბარი საინგილოში მცხოვრები ქართველებისთვის უცხოა.  

თსუ-ში სწავლის პერიოდში მისთვის მანამდე უცნობი სხვა საკითხებიც აღმოაჩინა. მაგალითად, რა არის შიდსი ან აივ ინფექცია –  ამ სიტყვებს იწერდა და სახლში გუგლში ეძებდა.

“1995 წელს გამოსული წიგნებით რომ დაამთავრებს სკოლას 2012 წელს, იმას აბა როგორი აზროვნება ექნება?…”, – ამბობს გიორგი.

მიუხედავად იმისა, რომ საინგილოში ქართულენოვან სკოლაში სწავლობდა, თბილისში ჩამოსულს ენობრივი ბარიერი მაინც ჰქონდა. ჰყვება, რომ წერა უკეთ გამოსდიოდა, ვიდრე ლაპარაკი და ხანდახან უხერხულ სიტუაციებში ვარდებოდა მისი დიალექტის გამო, რომელიც გარშემო მყოფებს არ ესმოდათ.  

ყველაზე დიდ პრობლემად იგი საქართველოს მოქალაქეობის არქონას მიიჩნევს. სახელმწიფო ამაზე უარს ეუბნება  – ამისთვის მან აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უნდა თქვას უარი, რასაც ვერ ახერხებს. მისი თქმით, აზერბაიჯანში მოქალაქეობიდან გასვლა დიდი ქრთამის გარეშე შეუძლებელია. 

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რატომ არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. სახელმწიფო სერვისების სააგენტოში, არაერთგზის მიმართვის შემდეგ, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოქალაქეობის მიღება საერთო წესების საფუძველზე შეუძლიათ. რაც ქვეყანაში ლეგალურად 10 წლის განმავლობაში ცხოვრებას და ენასა და ისტორიაში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. საქართველოს კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის უფლებას მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს აძლევს, რომლებმაც შემდგომ მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. ამასთან, არსებობს გამონაკლისის სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა – ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2009 წლიდან 10 წლის განმავლობაში, ამ გზით საქართველოს მოქალაქეობა აზერბაიჯანის მხოლოდ 6 მოქალაქემ მიიღო.

გიორგის აზერბაიჯანში დაბრუნება არ სურს. აპირებს სწავლა და სამსახური თბილისში გააგრძელოს. 

იქ რომ დავბრუნდე, რა გავაკეთო? აქ შემიძლია ჩემს ქვეყანას გამოვადგე, ეს არის ჩემი ქვეყანა. იქ ვერაფერს ვიზამ, სამი დიპლომითაც რომ ჩავიდე. ბევრ რამეზე ვიტყოდი უარს, ოღონდ საქართველოს მოქალაქეობა მქონდეს“, – ამბობს 23 წლის ინგილო ქართველი.

თბილისში წამოსვლის ალტერნატივა ბაქო იყო, თუმცა გიორგი დარწმუნებულია, რომ იქ სწავლა და სამსახურის დაწყება დიდი ფულის გარეშე შეუძლებელია. 

თუმცა, ხანდახან საქართველოს საზოგადოებაშიც თავს უცხოდ გრძნობს. ჰქონია უსიამოვნო შემთხვევებიც  – მაგალითად, როდესაც ჰკითხეს „თქვენ, თათრები, ქართულად როგორ სწავლობთო“. ასეთ დროს ცდილობს მშვიდად მოუყვეს მსმენელებს როგორ შეინარჩუნეს საინგილოში ენა და სარწმუნოება.

გული წყდება, რომ საქართველოში საინგილო თითქოს არ ახსოვთ.

21 წლის რომა ნუროშვილი ნეიროქირურგობას აპირებს. ახლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის მე-5 კურსზეა. ისიც კახის რაიონიდანაა და განათლება ქართულ სკოლაში მიიღო. მისი კლასის 10 მოსწავლიდან 6 სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდა.

რომას უნივერსიტეტი მოსწონს. ამბობს, რომ აქ თავს თავისუფლად გრძნობს და სწავლაც საინტერესოა.

სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დარჩენა და მუშაობა უნდა. 

რომანი. ფოტო JAMnews

„საინგილოში რომ დავბრუნდე, ფიზიკურად ვერ გავაგრძელებ ნეიროქირურგიის განხრით მუშაობას. მინდა სასწავლო გრანტი მოვიპოვო და საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა, მოქალაქეობის გამო“– ამბობს რომა.

მას, გიორგისგან განსხვავებით, მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს, რაც სწავლასა და სამსახურში მეტნაკლებად ეხმარება, თუმცა არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობის, ასევე, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამ მოწმობის საფუძველზე ბანკები სესხს არ გასცემენ.

რომა გვიყვება, რომ ჰყავს მეგობრები, რომელთაც არც მოქალაქეობა აქვთ და არც მუდმივი ბინადრობის ცნობა, ამიტომ ისეთ სამსახურებში იწყებენ მუშაობას, სადაც ოფიციალური ხელშეკრულება არ ფორმდება.

გიორგის მსგავსად, მასაც აწუხებს საინგილოს ქართულ სკოლებში გნათლების პრობლემა. ჰყვება, რომ თვითონ 2000 წლამდე გამოცემული სახელმძღვანელოებით სწავლობდა, რომლებიც საქართველოდან იყო ჩატანილი. უფროს კლასებში წიგნების ყიდვა უწევდათ და ამისთვის თბილისში ჩამოდიოდნენ, თუმცა, მოგვიანებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ ამაზეც შეზღუდვა დააწესა, რომელიც განსაკუთრებულად ისტორიულ და რელიგიურ წიგნებს ეხება. ამასთან, სკოლაში საერთოდ არ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

საინგილოში ახლა რომას უმცროსი და სწავლობს. წიგნები აზერბაიჯანულიდან არის ქართულად ნათარგმნი და ყველას ყდაზე ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის დროშა და გერბია გამოსახული.

მისი დაც, ბევრი ინგილო ქართველის მსგავსად, სწავლის გაგრძელებას თბილისში აპირებს.

„მშობლებმა იციან, რომ იქ სწავლის შემთხვევაში წინსვლის პერსპექტივა არ არის. ამიტომ მათაც ურჩევნიათ შვილმა აქეთ გააგრძელოს სწავლა. თუმცა,  უმრავლესობას სურს, სწავლის შემდეგ შვილი დაბრუნდეს, მაგრამ იქ რა უნდა აკეთოს, არ იციან. ბევრია, ვინც ისწავლა, დაბრუნდა და სამსახური ვერ დაიწყო“, – ამბობს რომა.

მისი ოჯახი საინგილოში ცხოვრობს. ცდილობს, ხშირად ჩავიდეს, განსაკუთრებით გიორგობაზე, აღდგომაზე ან ახალ წელზე.

ამბობს, რომ ინგილო ქართველები საქართველოში სასწავლებლად და სამუშაოდ ხშირად ჩამოდიან, მაგრამ იქაურობის მიტოვება არ სურთ.

„იშვიათად ნახავთ ვინმეს, ვინც გაყიდა სახლ-კარი და აქ ჩამოვიდა. უმეტესობას ურჩევნია იქ დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ განვითარების პერსპექტივა არ არის, სამსახური პრობლემურია. ბევრი სიბერემდე აქ მუშაობს და უკვე მოხუცებული გადადის იქით საცხოვრებლად“, – ამბობს რომა.


ასევე წაიკითხეთ