ტყიბულის შახტი საქართველოში ბევრისთვის უბედურ შემთხვევებთან ასოცირდება, თუმცა მეშახტე ქალებს თავიანთი საქმის შიში არ აქვთ" />

ქალები საშიშ სამუშაოზე: ტყიბულელი მეშახტეების ისტორია

ტყიბულის შახტი საქართველოში ბევრისთვის უბედურ შემთხვევებთან ასოცირდება, თუმცა მეშახტე ქალებს თავიანთი საქმის შიში არ აქვთ

2016-2018 წლებში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ადამიანი დაიღუპა. საქართველოში, სადაც შრომითი უსაფრთხოების პრობლემა მრავალი მსხვერპლის მიუხედავად, აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს, მეშახტეობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და სახიფათო პროფესიაა. თუმცა ტყიბულის მაცხოვრებლებისთვის, ეს ოჯახების შენახვის უალტერნატივო გზაა.

მამაკაცებთან ერთად, მინდელის შახტში, სირთულეებისა და მაღალი რისკის მიუხედავად ქალებიც შრომობენ. JAMnews მოგითხრობთ, თუ რატომ გადაწყვიტეს მათ სამუშაო ფორმების ჩაცმა და როგორია მეშახტე ქალების ცხოვრება.

მეშახტეები გამოდიან მინდელის სახელობის შახტიდან. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili

უალტერნატივო სამუშაო

მაკა გოტიაშვილი და ნატო კეთილაძე მინდელის სახელობის შახტის საკვანძო უბანში ამწეს მემანქანეებად მუშაობენ. უბანზე სამი ჭაურია, რომლებითაც მემანქანეებს ადამიანები ჩაყავთ და ამოყავთ 250, 300 და 400 მეტრის სიღრმიდან. მათ ასევე ტვირთის ამოტანაც ევალებათ – 12 ტონა ნახშირი ერთ აწევაზე.

„სხვა რა გზა მქონდა, ოჯახი და შვილები ხომ უნდა მერჩინა. ტყიბულში სხვა რა არის თუ არა შახტი. ამ ქალაქში ყველა შახტით ირჩენს თავს“, – ამბობს 37 წლის მაკა გოტიაშვილი, რომელიც შახტში 7 წელია მუშაობს.

• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი

• როგორ ცხოვრობენ საქართველოში აივ ინფიცირებულები

• ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები

მისი თქმით, საქართველოში ყველაზე საშიშ და მძიმე სფეროში მუშაობაზე არ უოცნებია, თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მემანქანის ფორმა ოჯახის შესანახად მოირგო.

მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში სულ 1400 ადამიანი მუშაობს, აქედან 98 ქალია. თუმცა ამჟამად, მხოლოდ მაკა და ნატო არიან დასაქმებული ასეთ მძიმე სამუშაოზე, დანარჩენები ადმინისტრაციულ სამუშაოს ასრულებენ.

მაკა გოტიაშვილი. ფოტო: თეონა ჯანელიძე

მაკა იხსენებს, რომ გადაწყვეტილების მიღება – დაეწყო თუ არა შახტში მუშაობა, არ გაჭირვებია. სხვა არჩევანი ტყიბულში ფიზიკურად არც ქონია.

„ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. შევისწავლე საქმე, რომელსაც უდიდეს პასუხისმგებლობით ვეკიდები და უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. მართალი გითხრათ, დასვენების დღეებშიც კი, შახტისკენ მიმიწევს გული. ალბათ, ეს არის პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული“, – ამბობს ის.

50 წლის ნატომაც შახტში მუშაობის დაწყება მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. მაკას მსგავსად, ტყიბულში მცხოვრებს და ოჯახის რჩენის ამოცანის წინაშე დამდგარს, სხვა არჩევანი არც მას ჰქონდა და აქ უკვე 12 წელია მუშაობს.

„საქმის არც შიში გვაქვს და არც სიმძიმეს ვერიდებით. მართალია, აქ მუშაობა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების მიზანი, მაგრამ რადგან აქ ვარ ბოლომდე უნდა დავიხარჯო“, – გვიხსნის ნატო კეთილაძე.

დამოუკიდებელ საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 2006 წელს განაახლეს. ოთხი შახტიდან ახლა ორი მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. პროცესს კომპანია “საქნახშირი” კურირებს, რომელიც შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელობაშია.

ეს ორი შახტიც, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, მიზერული დატვირთვით მუშაობს. თუმცა, ეს მცირე დატვირთვაც კი, მნიშვნელოვანი შეღავათია ქალაქისთვის, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ქრონიკულ უმუშევრობაშია ჩაფლული.

პასუხისმგებლობა სხვების სიცოცხლეზე

სამუშაოში, რომელზეც მათი და სხვა მეშახტეების უსაფრთხოებაა დამოკიდებული, მაკა და ნატო თვეში საშუალოდ 800 ლარს იღებენ. ეს მათი უალტერნატივო არჩევანია ოჯახის გამოსაკვებად.

შახტში მემანქანეების საქმე მაქსიმალურ კონცენტრაციას და ყურადღებას ითხოვს. დაუდევრობას, მოშვებას ის პრაქტიკულად არ პატიობს.

„აქ შემოვდივართ მთლიანად საქმეზე მომართული გონებით. ეს არის ჩვენი საქმის სპეციფიკა”, – ამბობს მაკა.

მაკამ და ნატომ შახტში მუშაობის დაწყებამდე სამთო მრეწველობაში სამთვიანი კურსები გაიარეს. ახლა ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, რომელთა ჩანაცვლება კადრების სიმწირს გამო, არც ისე იოლია.

ქალები მაღაროში კვირაში 5 დღეს, დღეში კი 4 საათს ატარებენ. სახლში მისულებს იმ საქმეების კეთება უწევთ, რასაც ოჯახი ითხოვს.

ნატო კეთილაძე. ფოტო: თეონა ჯანელიძე

„წლებმა და გამოცდილებამ ეს თითქოს გაგვიიოლა, ჩვეულებრივი ამბავია. ფსიქოლოგიური მომენტიც არის, ვიცით, რომ საქმე ოჯახშიც და სამსახურშიც ჩვენი გასაკეთებელია. გაგიკვირდებათ და სახლში დიასახლისობას შახტში მუშაობა გვირჩევნია“, – ამბობს ნატო.

ქალები შახტში უფრო მობილიზებულები რომ არიან, ბევრი მამაკაცი მეშახტეც ადასტურებს. რობინზონ კირშანოვი პროფესიით მუსიკოსია, მაგრამ ბევრი ტყიბულელის მსგავსად თავს შახტში მუშაობით ირჩენს.

„ღამის საათებში გვიწევს მორიგეობაც და კაცებს შეიძლება ჩაგვთვლიმოს, ქალები სულ ფხიზლად არიან. მათ იმედზე ნამდვილად შეიძლება ყოფნა“, – გვიხსნის რობიზონ კირშანოვი.

„მე არასოდეს არ ვურჩევ ჩემს მეუღლეს, შვილს ან ახლობელ ქალს იქ მუშაობას, რადგან ასეთი მძიმე სამუშაოსთვის მეცოდებიან“.

მაკას და ნატოს თქმით, გადაწყვეტილების მიღებაში მათ ისიც დაეხმარათ, რომ პირველი ქალები არ ყოფილან, ვინც მინდელის შახტში დაიწყეს მუშაობა.

ლამარა ბერიანიძე, ტყიბულის შახტის ერთადერთი ქალი მარქშეიდერი, დღემდე წუხს, რომ 36-წლიანი შრომის შემდეგ სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.

„სამსახურიდან ისე გამომიშვეს, რომ ზედაც არ შემოუხედავთ ჩემთვის.. თუკი ჩემზე უკეთესი პროფესიონალი მიიღეს, ხომ შეეძლოთ ადამიანურად მადლობა მაინც გადაეხადათ. ამაზე დღემდე მწყდება გული“, – ამბობს ლამარა ბერიანიძე.

ის უკვე ერთ წელზე მეტია რაც პენსიაზე გავიდა, თუმცა თვითონ დღემდე თვლის, რომ ახლა უფრო მეტად შეუძლია შახტში მუშაობა.

მინდელის შახტში. ფოტო: REUTERS/David Mdzinarishvili

ტყიბულს შახტში ბოლო წლების განმავლობაში მომრავლებული უბედური შემთხვევების გამო „სიკვდილს ქალაქსაც“ ეძახიან.

წლიდან-წლამდე ქალაქი ხალხისგან იცლება – საბჭოთა დროს აქ 22 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წლის აღწერის თანახმად, ტყიბულის მოსახლეობა 9770-მდე შემცირდა, თუმცა ამ ადამიანების ნაწილმაც ქალაქი უკეთესი პირობების ძებნაში დატოვა.

აქ ყოველი მეორე შახტში მუშობს ან მუშაობდა. ყველა მაცხოვრებლები ერთნაირადაა მიბმული ამ მრეწველობაზე – თუკი არ იმუშავეს შახტი, ვერ იმუშავებს მარკეტი, ვერ იმუშავებს ტრანსპორტი და ასე შემდეგ.

თუმცა ადგილობრივების ნაწილს ქალაქში ერთადერთ მოქმედ საწარმოში მუშაობის სურვილი ბოლო წლებში დატრიალებულმა ტრაგედიებმა გაუქრო. ისინი თვლიან, რომ უბედური შემთხვევები უსაფრთხოების ნორმის დაუცველობამ გამოიწვია.

კომპანიაში უსაფრთხოების კუთხით ტექნიკის განახლება ბოლოს 2018 წლის ივნისში მოხდა (ბოლო ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე). მაშინ კომპანიაში განმარტავდნენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალიზირებული იყო.

„თუ რომელიმე უბანზე ხდება დაგეგმილი აფეთქება, ოპერატორი ხედავს ზემოდან ყველა იქ მომუშავე პერსონალს, იცის მათი სახელი და გვარი, სად არიან ისინი კონკრეტულად, გამოყვანილია თუ არა ამ უბნიდან და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაძლევთ აფეთქების ნებართვას,” – განმარტავდა „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

მაშინვე მინდელის შახტში ყველა უბანზე დამონტაჟდა სპეციალური სენსორები, რომელიც ადგილზე აჩვენებს ნახშირჟანგის მომატებას და დასაშვებზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში, განგაშს რთავს, რის შემდეგაც ხდება ვენტილაციის ჩართვა და უბნის განიავება.

ტყიბულს სულ უფრო მეტი მაცხოვრებელი ტოვებს. ფოტო: თეკლე მორგოშია

თუმცა იმას, რომ სამთო მრეწველობაში დასაქმებულთა რაოდენობა კლებადია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (სპკგ) თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე ადასტურებს. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი საწარმოების ირგვლივ გაშენებულ ქალაქებს გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.

„ასეთ მძიმე მრეწველობაში ძირითადად მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდნენ ან მძიმე სოციალურმა ყოფამ აიძულათ რომ აქ ემუშავათ”, – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

“ქალაქები, რომლებიც ასეთი საწარმოების ირგვლივ გაშენდნენ, ტყიბული, ჭიათურა და ასე შემდეგ, შესაძლოა გაქრნენ. რადგან ამ ქალაქებში არანაირი პერსპექტივა არ არის. უფრო მეტიც, ისინი არ გრძნობენ თავს დაფასებულად“.

თამაზ დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ მძიმე შრომის გარდა, ამ სფეროში დასაქმებულებს დაუცველ გარემოში უწევთ მუშაობა. თანაც ქალების ხელფასი ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე კაცების.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ