ფანჯარა ევროპაში. მეორე რაუნდი

2013 წელს სომხეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხშეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ახლა კი ბევრად უფრო დაბალი ხარისხის დოკუმენტის გაფორმებას თანხმდება

ფოტო: გევორგ ყაზარიანი

დღის წესრიგი, რომელიც 3 სექტემბრის შემდეგ შეიცვალა

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები დასრულებულია. პროცესი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. მცირე ხნის წინ ბრიუსელში ჩასული სარგსიანი ევრიოკავშირის ხელმძღვანელს, დონალდ ტუსკს შეხვდა და მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განაცხადა. სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი გაფორმდება სახელით „საყოველთაო და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ“ და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების რეალურ მასშტაბებსა და სიღრმეს ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტი ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა, ექსპერტები,  გარკვეულ გარემოებებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ სომხეთისათვის, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, ამ  დოკუმენტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელშეკრულება გაცილებით უფრო დაბალი ხარისხისაა ვიდრე  ის შეთანხმება, რომელსაც ევროპელები სომხეთს 2013 წელს სთავაზობდნენ.  

ეჭვს არ იწვევს ის, რომ სომხეთისათვის ბევრად უფრო ხელსაყრელი მდგომარეობაში იქნებოდა, რომ არა 2013 წლის 3 სექტემბერს მომხდარი მოვლენები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა მისი საგარეო პოლიტიკის ისტორიაში. იმ დღეს სომხეთმა განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ და, შესაბამისად, არ დაამტკიცებს მასში შემავალ ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის ფართო და ყოვლისმომცველი ზონის შექმნის შესახებ. ამის ნაცვლად პრეზიდენტმა სარგსიანმა მოსკოვიდან განაცხადა, რომ ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის პროცესი დაიწყო.

გამომდინარე იქიდან, რომ მოვლენები „მაიდანის“ შემდეგ, ფაქტობრივად, უკრაინის კრიზისის პარალელურად ვითარდებოდა, ბევრისათვის ცხადი გახდა, რომ სწორედ რუსეთი იქცა დაბრკოლებად სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში. მაშ სხვა რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ სარგსიანმა ერთ დღეში შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი და იმ სტრუქტურაში ინტეგრირება დაიწყო, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო ფორმირება და განსაკუთრებული პერსპექტივებით ვერ დაიკვეხნის? ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანიზაციაში შემავალ  ქვეყნებს სომხეთთან საერთო საზღვარი არ აქვთ.

სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი ეტაპი

3 სექტემბრიდან სომხეთმა დაიწყო ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ესეც მინდა, და ისიც“. ოფიციალური ერევანი არც ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ამბობდა უარს, და არც ევრაზიული კავშირის წევრობაზე. ამ ამ გზით სომხეთი ცდილობდა,  დაემტკიცებინა, რომ მისი გადაწყვეწტილება რუსეთის ზეწოლით არ იყო განპირობებული. თუმცა, იმ პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეუძლებელია ამ ორი მიმართულების შეთავსება და განაცხადეს, რომ სომხეთის ვალდებულებები ევრაზიული კავშირის მიმართ აუცილებლად მოვიდოდა წინააღმდეგობაში ევროკავშირის პრინციპებთან და, შესაბამისად, სომხეთს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

გარკვეული პერიოდის მანძილზე სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბუნდოვანი გახდა, მაგრამ მოგვიანებით ასეთი ტიპის განცხადება გაჟღერდა: სომხეთის მიერ საბაჟო კავშირის ფარგლებში აღებული ახალი საერთაშორისო ვალდებულებების გამო ამ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება არ მოხდება, მაგრამ გაგრძელდება ევროკავშირისა და ერევნის დაახლოება ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის დამყარების, მართლმსაჯულებისა და სხვა მიმართულებებით.

3 სექტემბრის შემდეგ ევროკავშირი შოკისმომგვრელი და, ამავდროულად ხისტი განცხადებებით გამოდიოდა. მაგრამ მოგვიანებით ორგანიზაციამ რიტორიკა შეიცვალა და განაცხადა, რომ ევროკავშირი პატივს სცემს სომხეთის გადაწყვეტილებას და გააგრძელებს თანამრომლობას იმ მომართულებებით, რომლებიც ოფიციალური ერევნის ახალ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება. შედეგად, როგორც სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ვექტორი „დარედაქტირა, მაგრამ არ გაუქმებულა“.

ჩარჩო-ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობების დასაწყისი

რუსეთის ექსპერტთა და პოლიტიკოსთა წრეები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირში გაწევრიანების გზაზე სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, რამაც მალე შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 2015 წლის 2 იანვარს სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდა.

თუმცა, იმავე 2015 წლის 7 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადეს, რომ მხარეებმა ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყეს. სომხეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალ შეთანხმებაში იმ საკითხების მაქსიმალური რაოდენობა შევა, რომლებზეც მხარეებს შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსები საერთო დასკვნამდე მივიდნენ. მათი აზრით, ევროკავშირში მიდგომა შეიცვალეს, იმიტომ  რომ სხვა შემთხვევაში სომხეთს რუთეთთან პირისპირ ტოვებდნენ და გავლენას კარგავდნენ. ევროკაშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სომხეთი მათთვის მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს ამ რეგიონში.

რამდენიმე ნაბიჯით უკან

ორგანიზაცია „ინფორმირებული მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დანიელ იოანესიანი მოლაპარაკებების დღეს ბრიუსელში იმყოფებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი დოკუმენტი ასოცირების შეთანხმებასთან შედარებით ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია, შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი უცვლელი დარჩა:

«შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის 90% მართლაც შენარჩუნებულია. ახალი დოკუმენტი თითქმის ისეთივეა, როგორიც  მოლდოვასა და საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ასოცირების შესახებ. თუმცა, ეკონომიკური ნაწილი ძალიან ზედაპირულია, რაც სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებითაა განპირობებული».

ამავდროულად, იოანესიანი მიიჩნევს, რომ ამჟამად სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობისას იმავე ეტაპზე იმყოფება, რომელზეც 2013 წელს იყო. მაშინ ასოცირების შესახებ შეთანხმების გარშემო დაწყებული მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, მაგრამ პარაფირების პროცესი არ იყო დაწყებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი შიშობს, რომ სომხეთი ამჯერადაც  უარს იტყვის დოკუმენტის ხელმოწერაზე. „3 სექტემბრის საშიშროება ჯერ  კიდევ არ კარგავს აქტუალურობას. წინა შემთხვევაშიც ამ ეტაპზე ვიყავით, როდესაც სომხეთის ხელისუფლებამ უკან დაიხია. ახლა ბრიუსელში ვიმყოფები და შემიძლია განგიცხადოთ, რომ აქ ახსოვთ 3 სექტემბერი. იმედი გვაქვს, რომ იგივე სცენარი არ განმეორდება და სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას ამჯერად მაინც მოეწერება ხელი.  სხვა შემთხვევაში სომხეთის პოზიცია იარყოფითად აისახება არამხოლოდ სომხეთის ხელისუფლების ავტორიტეტზე, არამედ სომხეთის სამომავლო განვითარებაზეც“.

ჯერჯერობით, პარაფირებისა და ხელმოწერის მიახლოებითი თარიღებია მხოლოდ ცნობილი.  პარაფირება მაისისთვისაა დაგეგმილი. ხელმოწერა კი – ნოემბრისთვის. იოანესიანის თქმით, ამ ყველაფრის უფრო ადრე დასრულება შეუძლებელია, იმიტომ რომ დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ენებზე უნდა ითარგმნოს, რის შემდეგაც შეთანხმების რედაქტირება მოხდება. საბოლოოდ კი ხელშეკრულებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს გადაუგზავნიან.

არჩევნების ფალსიფიკაციის ფასი

ა.წ. 2 აპრილს სომხეთში სრულიად ახალი ტიპის არჩევნები გაიმართება, რის შემდეგაც ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავა. სახელმწიფო მოწყობის ეს ფორმა სომხეთის მოქალაქეებმა რეფერენდუმის გზით აირჩიეს. კულუარებში შიშობენ, რომ თუკი მომავალი არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად, გამჭვირვალედ არ ჩაივლის, კენჭისყრის შედეგები, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ამის შედეგად ევროკავშირმა ახალი სამართლებრივი ჩარჩო-ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მოახდინოს.

არის თუ არა ვიზების საკითხი დღის წესრიგში?

სხვათა შორის,  შეთანხმებამ ცხარე დებატები გამოიწვია სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს მეტწილად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია აღელვებდათ, ზოგიერთი მათგანი სხვა საკითხებსაც განიხილავდა.

პირველი ტენდენცია:შეთანხმების ხელმოწერა მხოლოდ სარგებელს მოიტანს

«ევროკავშირთან გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება დადებით მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთი ამჯერად მაინც არ შეუშლის ხელს ხელმოწერას?».

«ეს დოკუმენტი მხოლოდ დადებითად აისახება სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობაზე და დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობისათვის. ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ უკვე ისმის დადებითი „მესიჯები“ ბრიუსელიდან».

«სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ყოველთვის შეთანხმებების შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა. ეს პროცესი არ არის დამოკიდებული შეთანხმების შინაარსზე და ამიტომ, შესაძლოა, ახალ დოკუმენტში არც კი აღიბეჭდოს».

მეორე ტენდენცია: პოლიტიკაში მოულოდნელობები არ ხდება

«ევროკავშირი არ იყო მზად, საბოლოოდ ეთქვა უარი საომხეთზე. და არც იტყვის უარს. ევროკავშირში ესმით, რომ თუკი სომხეთზე უარს იტყვიან, ჩვენ ალტერნატივა აღარ დაგვრჩება და რუსეთის პირისპირ აღმოვჩნდებით. მაგალითად, თუკი დასავლეთი კრედიტების გამოყოფას შეგვიწყვეტს, სომხეთი რუსეთზე გახდება დამოკიდებული».

მესამე ტენდენცია: სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ იგეგმება. ყოველ შემთხვევაში – უახლოეს მომავალში.

«სამწუხარო ინფორმაცია: სომხეთი-ევროკავშირის შეთანხმებით გათვალისწინებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მხოლოდ „გრძელვადიან“ მიზანს“ წარმოადგენს».

«ის, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს, სამწუხარო არ არის. ასეთი გადაწყვეტილება სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ასეც იქნებოდა. ევროპელები გულუბრყვილოები არ არიან და „ესეც მინდა და ისიც“ ტიპის ხაფანგზე არ წამოეგებიან».

«თუკი პროცესები სათანადოდ განვითარდება, შესაძლოა,  ვიზების საკითხი, ამ შეთანხმების პირობების გაუთვალისწინებლად გადაწყდეს. მაგრამ პროცესის დაწყებიდან, სულ ცოტა, ორი წელი მაინც უნდა გავიდეს… და თუკი სათანადო პროცესები არ განვითარდება, შეთანხმების უფრო ოპტიმისტური ფორმულირებებიც კი ვერ გვიშველის».


ასევე წაიკითხეთ