სურკოვი იყო კრემლის სიმბოლო რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფარული მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში არიან ჩაბმული " />

რატომ გადადგა პუტინის გავლენიანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან

სურკოვი იყო კრემლის სიმბოლო რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფარული მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში არიან ჩაბმული

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა თავისი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა სურკოვის მოადგილე ალექსეი ჩესნაკოვმა.

ამ ცნობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია რუსეთის მეზობელ რამდენიმე ქვეყანაში, რამდენადაც ამ თანამდებობაზე მყოფი სურკოვი სამი მიმართულებით იყო პასუხისმგებელი – აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის (არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები) და საკმაოდ გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა.

ჩესნაკოვმა ტელეგრამის საკუთარ არხზე „რუხი კარდინალის“ წასვლასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უკრაინის მიმართულებით კურსის შეცვლასთან დაკავშირებით, ვლადისლავ სურკოვი სახელმწიფო სამსახურიდან წავიდა. უახლოესი თვეების განმავლობაში ის მედიტაციით დაკავდება. ამის შემდეგ კი პირობა დადო, გვაცნობოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და სამომავლო გეგმები“.

არავის გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმება „უკრაინული კურსის ცვლილებაში“. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, სურკოვის გადადგომის შესახებ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ ნათქვამი – ჩესნაკოვის პირადი მოსაზრებაა.

რატომ მიდის თანამდებობიდან ადამიანი, რომელსაც ბევრი რუსი, უკრაინელი და კავკასიელი პოლიტოლოგი „კრემლის თოჯინების მმართველს“ უწოდებდა? მოკლედ ვერსიების შესახებ.

ვლადიმირ პუტინი და ვლადისლავ სურკოვი. REUTERS/Alexei Nikolsky                         

სურკოვი უკრაინის მიმართულებით არსებულ ამოცანებს ვერ გაუმკლავდა?

რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ არ გამართლდა კრემლის მოლოდინები „ნორმანდიული ფორმატის“ ბოლო შეხვედრაზე, რომელშიც გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.

იქ პრეზიდენტ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ვლადიმირ ზელენსკის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან დაკავშირებით უკანდახევას აიძულებდა, თუმცა, ასე არ მოხდა. აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წლიდან მოყოლებული, ომი მიდის და არა მხოლოდ ოფიციალური კიევი, არამედ მთელი დასავლური საზოგადოება ადანაშაულებს მოსკოვს სეპარატისტული ძალების ფარულ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაში.

„ნორმანდიული ფორმატი“ უკრაინისთვის: რატომ ვერ შეთანხმდნენ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები

აფხაზეთის კრიზისმა შეარყია კრემლის ნდობა სურკოვის მიმართ?

რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის უახლოესი თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი ვარაუდობს, რომ სურკოვის გაშვების მიზეზი აფხაზეთში ჩავარდნა გახდა.

„სურკოვს ჩაბარებული ჰქონდა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. მან მოახერხა და გაანიავა (ხელიდან გაუშვა) აფხაზეთი – რეგიონი 200-ათასიანი მოსახლეობით, მოსკოვის ერთ საარჩევნო ოლქზე უფრო პატარა. იქაც კი ვერ შეძლო მან კრემლისთვის სასურველი შედეგის უზრუნველყოფა!“, – დაწერა ვოლკოვმა საკუთარ ბლოგზე.

• რა მოხდა აფხაზეთში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

აფხაზი ჟურნალისტი, JAMnews-ის რედაქტორი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ სურკოვის წასვლა „გავლენას არ მოახდენს აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის დიპლომატიის ვექტორზე“:

„მას სურდა აფხაზური პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტში ყოფილიყო ჩართული, თამაშობდა როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან ერთად. ცდილობდა მათით და სხვებით მანიპულირება მოეხდინა. მაგრამ მხოლოდ საშინაო-პოლიტიკურ კრიზისს მიაღწია აფხაზეთში“.

ვლადისლავ სურკოვი დიდი ხანია რუსულ პოლიტიკაშია. მისი კარიერა 2003 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ თავდასხმა წამოიწყო უდიდეს დამოუკიდებელ ნავთობკომპანია „იუკოსსა“ და მის მფლობელზე, მიხაილ ხოდორკოვსკიზე.

იმ დროს, სურკოვი „იუკოსიდან“, სადაც ის მუშაობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა. მან თან წაიყოლა ღირებული შიდა ინფორმაცია „იუკოსოსა“ და მისი ოპერაციების შესახებ.

მას შემდეგ სურკოვს რუსეთის ხელისუფლება არ დაუტოვებია. ის იკავებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ასევე, პუტინის მრჩევლისა და თანაშემწის თანამდებობებს.

სურკოვს უნდა შეექმნა „რუსული სამყაროს“ სამაგალითო მოდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. მაგრამ, როგორც რუსული მედია წერს, ბევრს ვერაფერს მიაღწია და საუბრობენ აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლიანი ომის მეექვსე წელზე, მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებაზე, რომელიც პრორუსმა მებრძოლებმა რუსული იარაღით ჩამოაგდეს და საერთაშორისო სანქციებზე, რომელიც რუსეთს დაუწესეს.

2004 წლიდან მოყოლებული, ვლადისლავ სურკოვი კურირებდა პროსახელისუფლებო ახალგაზრდულ მოძრაობებს, რომელთა ამოცანაც იმაში მდგომარეობდა, რომ ეჩვენებინათ ახალგაზრდების ლოიალურობა რუსეთის ხელისუფლებისადმი. ახლა, ამ მოძრაობების შესახებ არაფერია ცნობილი.

სურკოვი ასევე პასუხისმგებელი იყო რუსეთის ეკონომიკაში ინოვაციების დანერგვაზე. ეკონომიკის ჩამორჩენა გაიზარდა, ინოვაციური პროექტების დანერგვისთვის დახარჯული თანხები კი მილიარდებს შეადგენს.


ასევე წაიკითხეთ