რა ხდება პალესტინისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ" />

იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნას მსხვერპლი მოჰყვა – მოკლულია 58 ადამიანი

რა ხდება პალესტინისა და ისრაელის საზღვრის გასწვრივ

მზის ჩასვლა ღაზას სექტორის თავზე, ხედი ისრაელის მხრიდან. 15 мая 2018. ფოტო: REUTERS/Amir Cohen

პალესტინაში 15 მაისს 58 ადამიანი დაასაფლავეს. ყველა მათგანი პალესტინასა და ისრაელს შორის 2014 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე დიდი შეტაკებების დროს დაიღუპა.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მკვეთრი გამწვავების მიზეზად იქცა იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია, რომელიც 14 მაისს ჩატარდა.

ისრაელის პოლიციისა და ჯარის წინააღმდეგ გამართულ პროტესტებსა და შეტაკებებში დაახლოებით 40 ათასი პალესტინელი მონაწილეობდა, დაჭრილია დაახლოებით 2,200 ადამიანი, ისრაელის მხრიდან არც ერთი ადამიანი არ დაჭრილა და არ დაღუპულა, – იუწყება BBC.

უზარმაზარი მსხვერპლის გამო, ისრაელის ქმედებები გაერომ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა დაგმეს.

ისრაელი ბრალდებებს არ იღებს და ამბობს, რომ თავდასხმისგან თავდაცვის უფლება გამოიყენა. ისრაელის ამ პოზიციას აშშ მხარს უჭერს.

რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს? – მიმოხილვა და კომენტარი BBC-ის მასალების მიხედვით

პალესტინელი დემონსტრანტები, ღაზას სექტორი, 14 მაისი 2014. ფოტო: REUTERS/Ibraheem Abu Mustafa

საკითხის ისტორია

პალესტინელებმა გრძელვადიანი საპროტესტო აქცია 2018 წლის 30 მარტს დაიწყეს. მას „ექვსი კვირა“ დაერქვა და მივიდა 15 მაისამდე, იმ დღემდე, რომელიც პალესტინაში ცნობილია როგორც al-Nakba, რაც „კატასტროფას“ ნიშნავს.

1948 წლის 14 მაისს შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო. მომდევნო დღეს დაიწყო ომი, რომელიც ისრაელს რამდენიმე არაბულმა სახელმწიფომ გამოუცხადა. ომის შედეგად დაახლოებით 750 ათასი პალესტინელი დევნილი გახდა და საკუთარ სახლებში აქამდე ვერ ბრუნდებიან.

დღეისთვის გაერო ხუთ მილიონ პალესტინელს ოფიციალურად დევნილად მიიჩნევს. მათი უმრავლესობა იორდანიაში, ღაზას სექტორში, სირიაში, ლიბანსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობს.

საკუთარ სახლებში დაბრუნება პალესტინის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. ისრაელი, თავის მხრივ, ამბობს, რომ ნებისმიერი განხილვა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც პალესტინის ხელმძღვანელობა დატოვებს „ჰამასს“ – ორგანიზაციას, რომელიც ისრაელის, აშშ-ს, ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულად არის აღიარებული.

წელს 15 მაისის დღე ორივე მხარისთვის განსაკუთრებული იყო. ისრაელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების 70-ე წლისთავს ზეიმობდა. პალესტინა კი al-Nakba-ს კატასტროფის შემდეგ გასულ 70 წელიწადს გლოვობდა.

პალესტინელ დემონსტრანტებს საბურავები დასაწვავდ მიაქვთ. 15 მაისი 2018. ფოტო: REUTERS/Ibraheem Abu Mustafa

რატომ გმოიწივია იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნამ მასშტაბური პროტესტი

ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის კონფლიქტში იერუსალიმი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

იმავე 1948 წლის გაეროს რეზოლუციის მიხედვით, იერუსალიმი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად უნდა გაყოფილიყო. იმ მომენტისთვის, როდესაც კონფლიქტი დარეგულირდებოდა, ეს ნაწილები, შესაბამისად, ებრაული სახელმწიფოსა და პალესტინის დედაქალაქები გახდებოდა.

სიტუაცია ამგვარად 1967 წლამდე შენარჩუნდა. შემდეგ მოხდა ექვსდღიანი ომი, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ წამოიწყო. იმ ომის შედეგად ისრაელმა აღმოსავლეთი იერუსალიმის ოკუპირება მოახდინა.

გაერო აღმოსავლეთ იერუსალიმს ისრაელის ტერიტორიად ისევ არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ამ ადგილის სტატუსის საკითხი მშვიდობიანი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე უნდა გადაწყდეს.

დღეს აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის დაახლოებით 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. გაერო მათ დასახლებას უკანონოს უწოდებს და იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობა სწორედ ასე მიიჩნევს.

ამ მიზეზით ისრაელში თავის საელჩოს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა იერუსალიმში არ ხსნის, აქამდე ყველა მათგანი თელ-ავივიში მდებარეობდა.

სიტუაცია 2017 წლის 6 დეკემბერს შეიცვალა. ამ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ოფიციალურად აღიარა ისრაელის დედაქალაქად. მან ამერიკის საელჩოს იქ გადატანის და ამით საკუთარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულების პირობა დადო.

და აი, 14 მაისს იერუსალიმში აშშ-ს საელჩო გაიხსნა.

თეთრი სახლის მრჩეველი,აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნაზე. 2014 წლის 14 მაისი. ფოტო: REUTERS/Ronen Zvulun

პალესტინელი დემონსტრანტები დროშებსა და ტრამპის პორტრეტებს წვავენ.15 მაისი 2018. ფოტო: REUTERS/Ibraheem Abu Mustafa

საერთაშორისო რეაქცია

მსოფლიოში აშშ-ს ეს გადაწყვეტილება მთლიანობაში უარყოფითად მიიღეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ ამით „მთელი რეგიონი ცეცხლის ალყაში მოექცა“.

საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა ტრამპს დაურეკა, რათა ეთქვა, რომ მისი გადაწყვეტილება „მთელი მსოფლიოს მუსლიმებისთვის აშკარა პროვოკაციად იქცა“.

ისრაელის მოკავშირე, ეგვიპტე, ასევე გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა. „ეს გადაწყვეტილება რეგიონში მშვიდობის დამყარების პერსპექტივას ძირს უთხრის“, – თქვა ეგვიპტეს პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ.

რომის პაპი ფრანცისკე იერუსალიმში გაეროს მიერ შექმნილი სტატუს-კვოს შენარჩუნების მოწოდებით გამოვიდა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ტრამპი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივას საფრთხის წინაშე აყენებს“.

ევროპის კავშირი გამოვიდა შეხსენებით იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატების შემთხვევაში, იერუსალიმი ორივე სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს და ამიტომ, საჭიროა ორივე მხარის სურვილების გათვალისწინება.

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ იერუსალიმში საელჩოს გახსნის თაობაზე აშშ-ს გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ და მიაჩნიათ, რომ ეს რეგიონში მშვიდობას საფრთხეს უქმნის.

ისრაელის ჯარისკაცები ღაზას სექტორის საზღვარზე, მაისი 2018. ფოტო: REUTERS/Amir Cohen

რა იქნება ამის შემდეგ

საერთაშორისო საზოგადოებრიობის შეფასება მთლიანობაში, შესაძლოა, შეჯამდეს როგორც თავშეკავებულად კრიტიკული. ძირითადად გაისმა განცხადებები იმის შესახებ, რომ ისრაელს უფლება აქვს თავდასხმისგან თავი დაიცვას, თუმცა გამოყენებული მეთოდები და მსხვერპლის რაოდენობა დიდ შეშფოთებას იწვევს.

საერთაშორისო ექსპერტები მოელიან, რომ პალესტინელების პროტესტი ახალი ძალით მას შემდეგ განახლდება, როდესაც დაღუპულებს დაასაფლავებენ.

იერუსალიმში, „ძველ ქალაქში“ ისრაელელი პოლიციელი პალესტინელ ქალს ელაპარაკება , 13 მაისი 2018. ფოტო: REUTERS/Ammar Awad


ასევე წაიკითხეთ