შუასაუკუნეების ზღაპრიდან: იქ, სადაც ტელეფონთან მხოლოდ "დანიშნულ" გოგონებს უშვებენ - პირდაპირ ბაქოში " />

სოფლელი გოგონა, რომელსაც ყველაფერი გამოუვიდა

შუასაუკუნეების ზღაპრიდან: იქ, სადაც ტელეფონთან მხოლოდ "დანიშნულ" გოგონებს უშვებენ - პირდაპირ ბაქოში

არიამი ბათუმში გავიცანი, ჟურნალისტების ტრენინგზე. ცოცხალი, მომღიმარი, აქტიური; ინგლისურად სხაპასხუპით ლაპარაკობდა, მაგრამ რუსულად ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ეს უცნაურად მეჩვენა, რადგან აზერბაიჯანში, განსაკუთრებით ქალაქებში რუსული – “ტრადიციულად მეორე ენაა”.

აღმოჩნდა, რომ მარიამი უბრალოდ რეგიონიდან კი არ იყო ჩამოსული, არამედ – გეიგელის ტბის მიმდებარე პაწაწინა, შორეული სოფლიდან. ბაქოში კი დასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

სტატიის გმირი რომ გამხდარიყო, ამაზე დაგვთანხმდა, ოღონდ გვთხოვა:

“თუ შეიძლება, ფოტოს გარეშე! ჯერჯერობით ასეთი გახსნილობისთვის მზად არ ვარ”.

ერთმანეთს სამუშო დღეს შევხვდით, სამსახურის შემდეგ. მარიამი ბინას ახმედლის რაიონში ქირაობს – მეტროდან თხუთმეტი წუთის სავალზე.

ამ ბინაში ყველაფერს მოძველებული, საბჭოური პომპეზურობის კვალი ატყვია – მოოქროვილი ჩუქურთმა ალაგ-ალაგ გადაქექილია, ერთ დროს მოდური შპალერი – გაცრეცილი. ასეთი ბინების პატრონები რემონტზე ფულს არ ხარჯავენ, მაგრამ აუცილებელ მინიმუმს მაინც უზრუნველყოფენ – ძველ კედელზე ახალი, ბრტყელი ტელევიზორი კიდია. შტეფსელები ზოგან მორყეულია და ლამის მოძვრეს – ოჯახში მამაკაცი არ ჰყავთ და არც არავინ არის, ვისაც დახმარება შეიძლება სთხოვონ. სახლი ფარღალალაა, გათბობა კი ჯერ არ ჩაურთავთ; ვსაუბრობთ და ხელებს ჩაის ჭიქებით ვითბობთ.

არიამი თავის ბავშვობაზე მიამბობს, და ჩემთვის, ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, ეს ყველაფერი შუა საუკუნეების დროინდელ ზღაპარს წააგავს. დაუჯერებელია, რომ ერთმანეთისგან სულ რაღაც ხუთი საათის სავალზე ორი, ასეთი განსხვავებული სამყარო არსებობს.

სოფელში ცხოვრება ადრიანად იწყება – ყველა თვალსაზრისით. დილით მამლის პირველივე დაყივლებაზე ქალები შინიდან გადიან – ძროხის მოსაწველად, წყლის მოსატანად, ბავშვების სკოლაში გასაცილებლად. ბავშვები სკოლაში გამოცხადდებიან, მასწავლებელს დაენახებიან, ისიც ჟურნალში აღნიშნავს მათ, და შემდეგ უკვე ტყეშიც შეიძლება წასვლა შეშის მოსაგროვებლად.

პატარა, ღარიბულ სოფელში ცნებები “მდიდარი-ღარიბი” გამქრალია. ქონება თითქმის ყველას ერთნაირი აქვს. თუ ძროხა გყავს ან ცხვრები, მაშინ შემოსავალიც უფრო მეტია. ზოგი ფულს შეშის გაყიდვითაც შოულობს – ბუნებრივი აირი სოფელში საერთოდ არ არის.

“საწყალი დედაჩემი ცდილობდა, საჭმლის ფული მაინც ეშოვა. არ მახსოვს, როდესმე ჩემთვის ხელი ჩაეკიდებინა და ტანსაცმლის მაღაზიაში წავეყვანე. ახლაც სულ სპორტულ ტანსაცმელს ვატარებ – მივეჩვიე”.

აქ ბავშვობა დიდხანს არ გრძელდება; სოფლელ ბავშვს პატარა ასაკიდანვე უამრავი რამ ევალება. თანაც, მკაცრ მშობლებს უნდა შეეგუონ – ოდნავი შეცდომისთვის ხანგრძლივი ლანძღვის მოსმენა უწევთ, ან სულაც მკაცრი მამისგან ცემა-ტყეპის მოთმენა; შეიძლება კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებაც დაგავალონ, და ვაი, შენ დღეს, თუ არ შეასრულებ! – თავზე ხელს არავინ გადაგისვამს.

ღარიბულ ყოფაში, ქალაქიდან მოშორებით, სადაც სულ 450-500 ოჯახი ცხოვრობს, ნაზი გრძნობები – დაუშვებელი ფუფუნებაა. მარიამი ამბობს, რომ ასეთ გარემოში ბავშვი ვერც პიროვნულად განვითარდება, ვერც თავმოყვარე იქნება, და არც საკუთარი თავის პატივისცემა ეცოდინება, რაიმე ნიჭის გამოვლენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

მარიამი გვიყვება:

“უნივერსიტეტის მეორე კურსზე რომ ვიყავი, დასასვენებლად სოფელში ჩავედი. სკოლაში ღია გაკვეთილის ჩატარება ვითხოვე. რადგანაც ერთადერთი ვიყავი, ვინც ბოლო წლებში ბაქოში უმაღლეს განათლებას იღებდა. ბუნებრივია, ჩემდამი ინტერესი დიდი იყო და სიამოვნებით დამთანხმდნენ. ბავშვებს ვთხოვე, დაეწერათ, ვინ უნდოდათ რომ გამოსულიყვნენ. ბიჭები უფრო აქტიურობდნენ, ბევრს პოლიციელობა უნდოდა – თურქულ სერიალებში ნანახი ჩაგრულების დამცავი სამართალდამცავების გავლენით. გოგონების უმეტესობამ კი დუმილი ამჯობინა. “რატომ არაფერი დაწერეთ?”- ვკითხე მათ – “რა მნიშვნელობა ჰქონდა, მშობლები სწავლის ნებას მაინც არ დაგვრთავენ”, – მიპასუხეს გოგონებმა.

გოგონებს პატარა ასაკიდანვე აჩვევენ მორჩილებას და ყველანაირი მოვალეობის შესრულებას. გოგონა სკოლაში ბიჭს არ უნდა გამოელაპარაკოს. ვინმე რომ მოეწონოს და მასთან ერთად გაისეირნოს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სახლში მას საოჯახო საქმეებს ასწავლიან. “ჩვენი მეზობელი, აიტიანი, ჯერ კიდევ მეშვიდე-მერვე კლასში იყო, რომ უკვე უგემრიელეს სადილებს ამზადებდა!”– გვიამბობს მარიამი. ამის გარდა, ძროხაა მოსაწველი და ბოსტანი გასამარგლი.

გოგონას 16 წელი რომ შეუსრულდება, უკვე მის დანიშვნას ცდილობენ. კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა მისი აზრი ან სურვილი, მარიამს და მის დას ეცინებათ:

“რას ამბობ? ვის აინტერესებს შენი სურვილები! ჩემს დაქალს ერთი ბიჭი მოსწონდა და ტელეფონით ჰქონდა მასთან მიწერ-მოწერა. დედამ გაუგო – დამ დააბეზღა – და ტელეფონი წაართვა, სცემა, მერე კი სასწრაფოდ ვიღაც 35 წლის კაცს მიათხოვა. გოგონა 17 წლის იყო.

ახლახან ტელეფონით ველაპარაკე; ახლა ოცი წლის არის და უკვე ორი შვილი ჰყავს. ვეკითხები: “რას აკეთებ-მეთქი?”, მეუბნება: “სერიალს ვუყურებ, ვახშამს ვამზადებ, მალე ქმარიც მოვა”-ო. ქმრის დაბრუნების შემდეგ ტელეფონით ლაპარაკი აღარ შეიძლება”.

ამიტომ გოგონებს მობილური ტელეფონები არ აქვთ. მხოლოდ დანიშნულებს აძლევენ მათი ტარების უფლებას.

ისე მოხდა, რომ მარიამი ადრეული ასაკიდანვე უმამოდ იზრდებოდა.

“ზოგჯერ ვფიქრობ, კარგია, რომ ასე მოხდა. არ ვიცი, ის როგორ გამზრდიდა. დედაჩემი საკმაოდ განათლებული და შეგნებული ქალია. არსდროს არაფერი დაუძალებია ჩემთვის და არც ვუცემივარ. სხვა ოჯახებში მამები მუდმივად სცემენ შვილებს და ცოლებს.

მახსოვს ერთხელ სკოლის ეზოში ფრენბურთს ვთამაშობდით. უცბად დავინახეთ, როგორ მორბოდა ერთი ქალი, რომელსაც კაცი მოსდევდა. ბურთი დავაგდე, რომ მენახა, რა ხდებოდა. კაცი ცოლს დაეწია და სასტიკად სცემა ჩვენ თვალწინ. ისე შემეშინდა, ტირილი დავიწყე. ჩემ მშობლებს ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ, სახლში ასეთი რამ არასდროს მენახა. სხვები კი იდგნენ და უყურებდნენ – მათთვის ეს ჩვეული ამბავი იყო. როდესაც გავიზარდე, შევამჩნიე, რომ ეს ყველაფერი ძალიან გავრცელებული იყო: ქმარი, რომელიც შვილების თვალწინ დედას სცემს. ერთი მეზობლის ქალი სულ ჩვენთან მორბოდა ხოლმე დასამალად”.

მარიამის დედა სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობს. ამის წყალობით, გოგონა ბევრს კითხულობდა, თუმცა იქ დიდი არჩევანი არ იყო.

მარიამს არ ეგონა, რომ ოდესმე ბაქოში იცხოვრებდა.

“რესპუბლიკური არხებიდან მხოლოდ АзТВ გვქონდა, და ისიც ანტენით. იქ კი ბაქოს ყოველთვის საოცარ ფერებში ხატავდნენ”. 

ზაფხულობით სოფელში გრილა და ადგილობრივები თავიანთ სახლებს ქალაქელებზე აქირავებენ – “ჩვენი სახლი ორსართულიანია, მეტ-ნაკლებად გარემონტებულ პირველ სართულზე ჩვენ თვითონ ვცხოვრობდით. მეორეზე უკეთესი პირობები გვქონდა და ამ სართულს ვაქირავებდით. ზოგჯერ მთელი ზაფხულითაც კი ქირაობდნენ ხოლმე”.

როდესაც მარიამი მეექვსე კლასში იყო, მეზობლად ერთი ოჯახი ქირაობდა სახლს. რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ ჩამოდიოდნენ. მათი ვაჟი მარიამზე რამდენიმე წლით იყო უფროსი – დღეს ის ცნობილი ჟურნალისტია.

არც ისე ახლოს ცხოვრობდნენ, მაგრამ სოფელში, გინდა თუ არა, ასე თუ ისე, მაინც შეხვდები ადამიანს; მარიამი ხშირად ხედავდა, როგორ სეირნობდა ეს ბიჭი დასთან ერთად.

“ერთხელაც ჩვენს გვერდით იქირავეს სახლი. ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით ჩემ დაბადების დღეზე. იმის გამო, რომ უმამოდ ვიზრდებოდი, დედა ყოველთვის ცდილობდა, ჩემი დაბადების დღე განსაკუთრებულად აღენიშნა, თავი დაჩაგრულად რომ არ მეგრძნო. დედა ჩამაცივდა: ყველა მეზობელი დაპატიჟეო. და იმ მეზობელთანაც მივედი, სადაც ქალაქელი სტუმრები ცხოვრობდნენ.

მათთან დალაპარაკების მრცხვენოდა; თუ ჩვენთან მოუწევდათ ხოლმე შემოსვლა წყალზე ან სხვა რამეზე, გავრბოდი და ვიმალებოდი, მაგრამ ამჯერად ისინი დაახლოებით თორმეტი საათისთვის გვესტუმრნენ, მომილოცეს და საჩუქარიც კი მომიტანეს – როგორც მახსოვს, ეს იყო ანგელოზის პატარა ფიგურა.

დავმეგობრდით. ბიჭი ბევრს მეცადინეობდა, ინსტიტუტში ჩასაბარებლად ემზადებოდა. ტელეფონები არ გვქონდა და ამიტომ მხოლოდ ზაფხულობით ვურთიერთობდით – მე მათ “ზაფხულის მეგობრებს” ვეძახდი. მთელი ზამთარი ზაფხულის დადგომას ველოდებოდი, რომ ისინი ჩამოსულიყვნენ.

ძალიან საინტერესო, ფართო მსოფლმხედველობის ადამიანები იყვნენ. ახალ მეგობარს ჩემთვის სულ წიგნები ჩამოჰქონდა, ბაქოზე მიამბობდა. ყველანაირად ცდილობდა ჩემს განვითარებას, სიამოვნებით მაცნობდა თავის ქალაქელ მეგობრებს.

სოფლის თვალში, გოგონას უცნობ ბიჭთან დალაპარაკება თითქმის წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ჩვენზე ცუდს არავინ არაფერს ამბობდა; ჩემმა მეგობარმა თავის განთლებულობით ყველა დააინტერესა; თავაზიანი იყო და მუდამ მზად იყო დასახმარებლად. მაგალითად, იმ დროს სოფელში კომპიუტერები არ იყო. მხოლოდ სკოლაში ჩამოიტანეს ორი ცალი. ვინმეს თუ რამე არ გამოსდიოდა, ყოველთვის ეხმარებოდა. მე კი თავის პატარა “ხალა გაზის” (სიტყვასიტყვით “დეიდაშვილი”) მეძახდა.

მეუბნებოდა, რომ უნდა მესწავლა. მე ვუარობდი: “არაფერი მე არ ვიცი, სად მე და სად ბაქო, როგორ უნდა ვისწავლო?” – ის კი ჯიუტად მიმეორებდა: “მოინდომე, იკითხე, ცოტ-ცოტა იმეცადინე, ყველაფერი გამოგივა”.

“ბებიაჩემი განათლებული ქალი იყო, სულ მეუბნებოდა: “შენ ოღონდ ისწავლე და, სწავლის ფულს მე გადაგიხდი ჩემი პენსიითო”, მაგრამ მერვე კლასში რომ ვიყავი, ბებია გარდაიცვალა”.

გასვენებაში ჩამოვიდა მოსკოველი ნათესავი, რომელიც მარიამს მანამდე არასდროს ენახა.

“ბიძია – მოსკოველი კაცი, ყველასთან საჩუქრებით ჩამოვიდა. შენ რა გინდაო, – მკითხა. ვუთხარი, – საჩუქარი არ მინდა სწავლა მინდა-მეთქი!

ბიძიას ეს საინტერესოდ ეჩვენა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა: “ინსტიტუტში ჩასაბარებლად საჭირო ცოდნას აქ ვერ მიიღებ, შეეცადე, რაიმე კურსებზე შეხვიდე და მე ფულს გამოგიგზავნი ხოლმე”.

მარიამი განჯაში გაემგზავრა, დეიდასთან, რომ ინსტიტუტში ჩაბარებამდე კოლეჯში მომზადებულიყო. მაგრამ ის კოლეჯი, რომელშიც მას, ქრთამად გადახდილი 700 დოლარის სანაცვლოდ, უგამოცდოდ სთავაზობდნენ “მოწყობას”, ისეთივე სუროგატი აღმოჩნდა, როგორიც სოფლის სკოლა. მარიამმა თავად მოძებნა აბიტურიენტების ისეთი კურსები, სადაც მართლაც ასწავლიდნენ.

“დეიდას დავპირდი: თუ ვერ ჩავაბარებ, სწავლაზე აღარასდროს ხმას არ ამოვიღებ; სოფელში ვიცხოვრებ და გავთხოვდები-მეთქი.

ცხოვრებით დეიდასთან უნდა მეცხოვრა. ძალიან კარგი ქალია, მაგრამ დედამთილთან ერთად ცხოვრობდა, რომელთანაც არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დეიდა ღელავდა: “აქ როგორ უნდა იცხოვროო?” ვეუბნებოდი: “ნუ ღელავ, აქ მხოლოდ დასაძინებლად მოვალ, დილით წავალ სასწავლებელში და საღამოს დავბრუნდები, ჩემს ხმასაც კი ვერავინ გაიგებს, ოთახიდანაც არ გამოვალ-მეთქი”.

დედა იმაზე წუხდა, როგორ უნდა მეცხოვრა მე, სოფლიდან ჩასულ გოგონას საკმაოდ დიდ ქალაქში. განჯა მხოლოდ ბაქოელებს მიაჩნიათ პროვინციად. სინამდვილეში კი ეს სიდიდით მეორე აზერბაიჯანული ქალაქი ბაქოსგან ოდნავ თუ განსხვავდება – უფრო მცირე მასშტაბია – სხვა არაფერი. “დედას დავპირდი, რომ შარვალზე გრძელ პერანგს ჩამოვიცვამდი, თავდახრილი ვივლიდი და სწავლის გარდა, არაფერზე ვიფიქრებდი”.

დაიწყო მეცადინეობები. არასდროს მარიამს სწავლა ასე არ გასჭირებია. განსაკუთრებით ინგლისურის გაკვეთილებზე წვალობდა. “მასწავლებელი მეუბნებოდა წინადადებას, რომელიც ინგლისურად უნდა გადამეთარგმნა. მე არ შემეძლო და საშინელ შეცდომებს ვუშვებდი. ყველა დამცინოდა. ბევრი ბავშვი ამ კურსებზე ლამის პატარაობიდან დადიოდა, ზოგი – მეექვსე კლასიდან, ძალიან ძლიერი კურსი იყო, საგნები ყველამ ჩემზე უკეთ იცოდა.

ერთი კვირა საშინელ დეპრესიაში ვიყავი. ერთი მხრივ – ვცხოვრობდი სახლში, სადაც სულ ჩხუბი იყო; მეორე მხრივ კი მტანჯავდა საკუთარი სრული უსუსურობის შეგრძნება და იმის გათვითცნობიერება, რომ მე ეს ვერ შევძელი”.

მარიამს გაუმართლა, რომ ბევრმა მასწავლებელმა იცოდა მისი მდგომარეობა – რომ სოფლიდან იყო ჩამოსული და გაჭირვებაში ცხოვრობდა – მას სწავლის საფასური დაუკლეს:

“მათემატიკის მასწავლებელმა თქვა, რომ ფულს საერთოდ არ აიღებდა ჩემგან. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ინგლისური და აზერბაიჯანული ლიტერატურა, და თითოეულ ამ საგანში ასევე დამიკლეს საფასური”.

ინგლისურს კი არდადეგების დროს შეუტია და სულ მალე ეს მისი ყველაზე წარმატებული საგანი გახდა.

“მასწავლებლებს ვუყვარდი. ბიჭებს არსდროს ვეურთიერთებოდი, თავაზიანი ვიყავი, იმის შიშით, რომ მასწავლებელი მისაყვედურებდა, მობილურის ზარს მუდამ ვუწევდი. ზოგიერთი გოგონა ბიჭებს ხვდებოდა, მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო: რა დროს ბიჭებზე ფიქრი იყო, როდესაც განათლება უნდა მიმეღო.

მაშინ სერიოზულად არც კი ვფიქრობდი, ჟურნალისტი რომ გავხდებოდი. მისაღებ გამოცდაზე ბაქოში დედასთან ერთად ჩავედი. შიშისგან ერთიანად ვკანკალებდი. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემი სოფლიდან ერთადერთი ვიყავი, ვინც სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა.

გამოცდის წინ მარიამი და დედამისი ბაქოს იასმალის რაიონში დასახლდნენ, ნაქირავებ ბინაში: “ფანჯრიდან დროშის მოედანი მოჩანდა. ახალი ავტობუსი პირველად იქ ვნახე. ძალიან საინტერესო იყო: შიგნით მჯდომი ადამიანებიდან ზოგი საუბრობდა, ზოგიც რაღაცას კითხულობდა – ზუსტად ისე, როგორც უცხოურ ფილმებში. განჯაში ასეთი დიდი და ლამაზი ავტობუსები არ არის. ვფიქრობდი: ნეტავ მე თუ ვეღირსები-მეთქი ასე ავტობუსით მგზავრობას? გულში კი თავს ვეუბნებოდი: კარგი რა, მარიამ, სად შენ და სად ბაქო”.

ღამით დედა ჩემს საწოლთან მოვიდა, ეგონა, მეძინა, შუბლზე მაკოცა და თქვა: “ო, ალაჰ, შეუსრულე ჩემ შვილს თავისი ოცნება!”

მარიამი ბაქოს სლავური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

თავიდან სამ სხვა გოგონასთან ერთად ქირაობდა ბინას, მაგრამ მეზობელი გოგონები არასერიოზულები აღმოჩნდნენ: გვიანობამდე თურქულ სერიალებს უყურებდნენ და მეცადინეობაში ხელს უშლიდნენ.

მაგრამ გოგონას მოულოდნელად გაუმართლა: მისი ჯგუფელი საერთო სახოვრებელში ცხოვრობდა და მარიამს კომენდატი გააცნო:

“მომეწონა იქაური პირობები, თანაც თვეში 15 მანატად. კომენდატ ქალსაც მოვეწონე. მოგვიანებით მივხვდი – რატომაც. ერთხელ დამიძახა და მითხრა: “მე შენ ძალიან მომწონხარ, იმიტომ, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით, წარბებს არ იქნი” (აზერბაიჯანის სოფლებში მიაჩნიათ, რომ წარბის ამოქნა მხოლოდ ქორწილის შემდეგ შეიძლება). და კარგი ოთახი მომცეს – სუფთა, შეთეთრებული, სადაც სულ ორი გოგონა ვცხოვრობდით.

“საცხოვრებელში სულ სამოცი გოგონა ცხოვრობდა და სამზარეულო ყველასთვის საერთო იყო. ხდებოდა ჩხუბებიც. “ერთი გოგონა წყალს რომ დაადგამდა თმის დასაბანად, მეორეს სადილის მომზადება უნდოდა და მის წყალს გადმოდგამდა. ერთმანეთს ზოგჯერ თმებსაც აწიწკნიდნენ. ცხელი წყალი არ იყო, იყო 50-კაპიკიანი აბანო, მაგრამ, ეკონომიის მიზნით, ზოგჯერ ელექტროჩაიდანითაც კი ვაცხელებდით წყალს. მაგრამ მე მომწონდა, და ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. სოფლად ხალხი ახლო-ახლოს ცხოვრობს, ერთმანეთს იცნობენ და ესალმებიან. მე იქაც ყველას ვესალმებოდი. საერთო საცხოვრებელში ყველა ღარიბი და სოფლიდან ჩამოსული იყო”.

ინსტიტუტშიც კარგად ამეწყო საქმე.

“დეკანი ჩემ მიმართ კარგად იყო განწყობილი. ხედავდა, რომ წესიერად ვიქცეოდი და მხოლოდ მეცადინეობა მაინტერესებდა. საერთოდ, ჩვენს სასწავლებელში დიდ ყურადღებას აქცევდნენ სტუდენტის მატერიალურ მდგომარეობას.

ისე მოხდა, რომ კარგი სწავლისა და ჩემი მდგომარეობის გამო, ჰასან ბეკ ზარდაბის სახელობის სტპენდია დამინიშნეს – 106 მანათი; შემდეგ კი სამსახურიც შემომთავაზეს – უნივერსიტეტის ჟურნალის რედაქტორობა – ხელფასი 80 მანეთი. მშვენივრად ვცხოვრობდი, ოღონდ კარგი ტანსაცმლის შესაძენად არ მყოფნიდა.

ჯგუფელებთან მარიამს ახლო მეგობრობა არ გაუბამს. “ქალაქელები” სულ თავიანთ უპირატესობას უსვამდნენ ხაზს. “უფრო მეტად მათ ვუსმენდი, მე თვითონ კი ლპარაკის მრცხვენოდა. ამის გამო, ჩემს კურსელებს ცოტა ჩლუნგი ვეგონე, – იხსენებს მარიამი. ჯგუფში რაიონიდან ჩამოსული სამი გოგონა ვიყავით, ერთი სწავლის დამთავრების შემდეგ უკან დაბრუნდა, მეორემ – რომელიც ლენქორანიდან იყო – GIPA-ში გააგრძელა სწავლა, თბილისში ცხოვრობს და ცნობილი ჟურნალისტია”.

ბევრს ეგონა, რომ არაფერი გამომივიდოდა, მაგრამ აი, ახლა მსხვილ მედია-პროექტში ვმუშაობ – ვაქვეყნებთ ახალ ამბებს, საინტერესო ანალიტიკურ სტატიებზე ვმუშაობთ, რეგიონებში ტრენინგებს ვატარებთ და შეხვედრებს ვმართავთ.

და მაინც, სულ მეკითხებიან: “როდის უნდა გათხოვდე?”, მაგრამ არ მინდა – გათხოვება დღეს ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩემთან ერთად ბევრი გოგონა სწავლობდა, რომლებიც უკან დაბრუნდნენ და ოჯახები შექმნეს. მინდა ვკითხო მათ: რაღას ჩამოდიოდით? და რისთვის ისწავლეთ?”

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ