ხელისუფლება ეკონომიკის განვითარებისთვის იმპულსს ელოდება" />

სომხეთში შემცირდა საშემოსავლო გადასახადი მათთვის, ვინც მაღალ ხელფასს იღებს

ხელისუფლება ეკონომიკის განვითარებისთვის იმპულსს ელოდება

სომხეთში 2020 წლის 1 იანვრიდან ყველა მოქალაქე, განურჩევლად მათი სახელფასო ანაზღაურებისა, ბიუჯეტში ერთნაირი ოდენობის გადასახადს შეიტანს – საკუთარი შემოსავლის 23 პროცენტს. აქამდე ყველაზე მდიდრებისთვის გადასახადი 36 პროცენტს შეადგენდა.

ამგვარად, ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას, ვინც მეტს გამოიმუშავებს. არამაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანები ისეთივე პროცენტს გადაიხდიან, რასაც მანამდე იხდიდნენ – მათი შემოსავალი არ გაიზრდება. ასეთები კი ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ.

ხელისუფლება მოელის, რომ ახალი მიდგომის წყალობით, დამსაქმებლები თავიანთი თანამშრომლების მაღალ ხელფასებს აღარ დამალავენ, რაც მთლიანობაში ეკონომიკის განვითარებას დაეხმარება.

მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეფორმა საზოგადოებაში ახალ პრობლემებს შექმნის, რადგან სოციალურ პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ყველა დეტალი: ვინ რამდენს გადაიხდის და რატომ.

•  რატომ აღარ არის ხელსაყრელი სომეხი მუშახელისთვის რუსეთში გამგზავრება?

სომხეთში ახალი გადასახადის შემოღებას აპირებენ

როგორ იყო წინათ

წინათ დაბეგვრა  – დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის სამნულიანი იყო. ეგრეთ წოდებული „პროგრესული გრაფიკი“ გულისხმობდა, რომ გადახდა ხელფასის მიხედვით იზრდებოდა.

მაგალითად, არაუმეტეს 150 დრამის [დაახლოებით $314] შემთხვევაში, გადასახადი 23 პროცენტს შეადგენდა; 150 ათასიდან ორ მილიონ დრამამდე [დაახლოებით $4, 192] – უკვე 28 პროცენტს. მათ კი, ვისი ხელფასიც ორი მილიონი დრამი და მეტი იყო, გადასახადი ყველაზე მაღალი ჰქონდათ -36 პროცენტი.

რა იქნება ახლა

ქვეყანა შემოსავლების დაბეგვრის „ბრტყელ“ ანუ „პროპორციულ“ სისტემაზე გადავიდა. ცვლილება განსაკუთრებით დადებითია მათთვის, ვისი ხელფასიც 150 ათას დრამამდეა. მათთვის გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამ კატეგორიაში, ძირითადად, შედის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროები, რაც ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, აბსოლუტურ უმრავლესობას – მათ  65 პროცენტს, ვინც ხელფასს იღებს, სომხეთში ისინი შეადგენენ, ვინც 150 ათას დრამზე [დაახლოებით $314] მეტს არ იღებს.

მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ ყოველ მომდევნო წელს, 2023 წლის ჩათვლით, გადასახადი ერთი პროცენტით დაიკლებს.  ანუ, 2023 წელს საშემოსავლო გადასახადმა დაახლოებით 20 პროცენტი უნდა შეადგინოს.

 ხელისუფლების პოზიცია და ექსპერტების მოსაზრება

მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ წევრი, ეროვნული საკრებულოს ეკონომიკურ საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბაბკენ ტუნიანი მიიჩნევს,  რომ ამ რეფორმის მთავარი ამოცანა დამსაქმებლების მხრიდან საკუთარი თანამშრომლების რეალურად მაღალი ხელფასების გამჟღავნებაა:

 „რეფორმის ძირითადი დადებითი შედეგი იქნება სომხეთში საქონლისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც მომავალში მომუშავეთა კეთილდღეობაზე აისახება“.

თუმცა, ეკონომისტი ტადევოს ავეტისიანი უსამართლობად მიიჩნევს იმას, რომ რეალურად ხელფასი გაეზრდებათ მაღალი, და არა დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად კიდევ უფრო მეტად დაიყოფა.

 „სომხეთში სამომხმარებლო კალათის ზომაზე დაბალი ხელფასის მქონე მოქალაქეების რაოდენობა 25 პროცენტს შეადგენს. მათთვის არაფერი შეიცვლება. სამაგიეროდ, უმცირესობა, ვისი ცხოვრების დონეც ისედაც ბევრად მაღალი იყო, კიდევ უკეთ იცხოვრებს“.


ასევე წაიკითხეთ