რატომ დაიწყო კრიზისი, რა ცვლილებებია მოსალოდნელი და რა შანსები აქვთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან " />

“სომხეთში რევოლუცია ჯერ არ დასრულებულა” – ამბობენ სომეხი ექსპერტები

რატომ დაიწყო კრიზისი, რა ცვლილებებია მოსალოდნელი და რა შანსები აქვთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვიან

2018 წლის ოქტომბრის დასაწყისი სომხეთში ახალი პოლიტიკური კრიზისის დასაწყისად იქცა. აქამდე ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი თანაარსებობდა: ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ოპოზიციიდან მოვიდა – და პარლამენტი, რომლის უმრავლესობასაც წინა ხელისუფლების დეპუტატები წარმოადგენენ.

მაგრამ 2 ოქტომბერს პრემიერსა და პარლამენტს შორის ფაქტობრივი დაპირისპირება დაიწყო. ვადამდელი არჩევნების, უკვე 2018 წლის დეკემბერში ჩატარების თაობაზე ფაშინიანის გადაწყვეტილებას პარლამენტი წინ აღუდგა.

2 ოქტომბერს საღამოს პარლამენტმა რეგლამენტის შესახებ კანონპროექტში მიიღო ცვლილება, რომელიც ამ შესაძლებლობას ფაქტობრივად ბლოკავდა.

საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა Facebook-ის საკუთარი გვერდის საშუალებით ხალხს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. და ერთი საათის განმავლობაში ათასობით ადამიანმა ეროვნული საკრებულოს შენობა უკვე ალყაში მოიქცია.

სიტუაცია პარლამენტში სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განიმუხტა. ნიკოლ ფაშინიანი შეკრებილების წინაშე გამოვიდა და განაცხადა, რომ მიღწეულია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება და რიგგარეშე არჩევნები 2018 წლის დეკემბერში ჩატარდება.

თუმცა, მოგვიანებით ცვლილებების მიმღებმა პოლიტიკურმა ძალებმა განაცხადეს, რომ იყო მხოლოდ მსჯელობა, შეთანხმება კი არანაირი არ არსებობს.

სომეხი ექსპერტები თავის აზრს გამოთქვამენ იმის თაობაზე, თუ რატომ აღმოცენდა კრიზისი, რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ და რა შანსები აქვთ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიისწრაფვიან.

კონტექსტი

სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას ბევრი კრიზისად ახასიათებს.

ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლო, რადგან მას ქვეყნის ათობით ათასმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. ქუჩაში გამოსული და ოპოზიციის მოთხოვნების გამზიარებელი ადამიანების ზეწოლით, პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად აირჩია.

ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი თანამოაზრეებისა და მომხრეებისგან შემდგარი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბების საშუალება მიიღო. თუმცა, ფაშინიანს პარლამენტში მხარდაჭერა ძველებურად არ გააჩნია.

აქ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის უდგას სათავეში უმრავლესობა არ აქვს. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო. სწორედ ის გახდა მაშინ მმართველი.

რევოლუციის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ მმართველობა შეწყვიტა, მაგრამ არსებული მანდატების რაოდენობის მიხედვით, მას ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებების შეფერხება შეუძლია.

შესაბამისად, პრემიერი ფაშინიანი აუცილებლად მიიჩნევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს ახალი პარლამენტის ჩამოყალიბების საშუალებას გააჩენს, რომელშიც პოლიტიკური ძალების განლაგება შეიცვლება. 2 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 2018 წლის დეკემბერში ჩატარდება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ დადგენილება მთავრობის იმ პროგრამაშიც იყო ჩადებული, რომელიც ფაშინიანის არჩევის შემდეგ მიიღეს. მაგრამ პრემიერი მაშინ ამბობდა, რომ არჩევნები 2019 წლის მაისამდე ჩატარდებოდა.

2 ოქტომბერს, უახლოეს ხანში მოსალოდნელი არჩევნების თაობაზე ცნობის შემდეგ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა სასწრაფოდ მოიწვიეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. მათ მიიღეს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის დათხოვნას ხელს უშლის.

კენჭისყრაში პარლამენტში წარმოდგენილი ოთხი ძალიდან სამი მონაწილეობდა. არ მონაწილეობდა მხოლოდ ფრაქცია „ელკი“, რომელსაც პრემიერად არჩევამდე ნიკოლ ფაშინიანი მეთაურობდა.

ფრაქცია „ცარუკიანისა“ და პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენლებმა რესპუბლიკური პარტიის ინიციატივას დაუჭირეს მხარი, და როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, კონტრრევოლუციის ნაწილად იქცნენ.

რევოლუციის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა

სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „ძალაუფლების ტრანზიტი“ მიმდინარეობს, და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია.

პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული საკრებულოს ფრაქციებსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დაპირისპირება მოსალოდნელი იყო:

„ოთხი წლის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლოსთან თანამშრომლობა იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც ახლა იქ არის წარმოდგენილი, და თან ისეთ პოლიტიკურ სისტემაში, როგორც ჩვენია, ძნელად წარმოსადგენია. რაღაც უნდა მომხდარიყო. ადრე იქნებოდა თუ გვიან, მაგრამ უნდა გვევარაუდა, რომ მოხდებოდა. ეს ყველაფერი კანონზომიერია“.

პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ მომხდარი – რევოლუციის გაგრძელებაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა:

„ის მხოლოდ ეროვნული საკრებულოს არჩევნების შემდეგ დასრულდება, როდესაც არამხოლოდ მთავრობა განახლდება, არამედ – პარლამენტიც. ასე რომ, სომხეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება“.

რატომ გამოვიდნენ დეპუტატები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ

სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება ყოფილი მმართველი პარტიის მხრიდან თავისი „პოლიტიკური ცხოვრების“ გაგრძელებისადმი მისწრაფებას უკავშირდება.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ამ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი, ქვეყანაში ახლახან ჩატარებული არჩევნებისგან დისკომფორტი მათაც იგრძნეს.

ერევანში უხუცესთა საბჭოს არჩევნები ჩატარდა, ანუ – დედაქალაქის პარლამენტის. მისმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ერევნელების უმრავლესობა ახალ პრემიერს და მის გუნდს უჭერს მხარს. ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა ხმა მისცა ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი უჭერდა მხარს. არჩევნების სხვა მონაწილეები ამას არ მოელოდნენ.

„უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველი სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, როდესაც არ მომხდარა მასობრივი გაყალბება, ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა საარჩევნო სისტემაზე ზეწოლა. თუმცა, საპარლამენტო ძალებმა იმდენი ხმა ვერ მიიღეს, რასაც მოელოდნენ, და მათ გაუჩნდათ შიში, რომ ამგვარ სიტუაციაში ისინი ვერც პარლამენტში მოხვდებიან. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ“, – აღნიშნავს სტეპან გრიგორიანი.

ალექსანდრ ისკანდრიანი მიიჩნევს, რომ ეროვნული საკრებულოს ახლანდელი ფრაქციები ახალ არჩევნებში საკუთარ პოზიციებს ვერ შეინარჩუნებენ.

„დაშნაკცუტიუნს“ ელექტორალური რესურსი საერთოდ არ გააჩნია. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ისინი პარლამენტში უბრალოდ ვერ გავლენ. „აყვავებული სომხეთი“ მიიჩნევს, რომ საკრებულოში რომც გაძვრეს,  ადგილების ის რაოდენობა, რომელსაც ის ახლა ფლობს, ახალი არჩევნების შემდეგ აღარ ექნება. ანუ იმ როლს, რასაც ისინი პოლიტიკაში ასრულებენ, ვეღარ შეინარჩუნებენ.

ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ ამ ძალებს გარკვეული დროით სურთ ხელისუფლებაში დარჩენა, იმ იმედით, რომ ფაშინიანის რეიტინგი დაეცემა. დროსაც ამის გამო წელავენ.

რატომ სურს ფაშინიანს არჩევნების დეკემბერში ჩატარება

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისადმი მისწრაფებას ნიკოლ ფაშინიანი ეკონომიკის არგუმენტით ხსნის. ის აცხადებს, რომ ინვესტორები სტაბილურობას ელოდებიან, და არჩევნებამდე სომხეთის ეკონომიკაში ფულს არავინ ჩადებს.

სტეპან გრიგორიანს ეს არგუმენტი დასაბუთებულად მიაჩნია:

„ინვესტორები და დონორები ელოდებიან, როდის დამთავრდება რევოლუცია. ახალი პარლამენტის გარეშე ეკონომიკაში ფულის ჩადებას ვერავინ გადაწყვეტს. თამაშის წესები ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“.

თუმცა, ალექსანდრ ისკანდრიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა – მხოლოდ საბაბია. მთავარი მიზანია – ხელისუფლების სრულად მოპოვება.

„პარლამენტის ალყაში მოქცევა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ინვესტორების გამო არ ხდება. ეს ძალაუფლებისთვის ხდება“.

სტეპან გრიგორიანი სხვა პოლიტიკურ არგუმენტსაც გვთავაზობს: ახლანდელი პარლამენტი არალეგიტიმურია და ხალხის ნებას არ გამოხატავს:

„ბევრი დეპუტატი ამბობს, რომ ხალხის ზეწოლას განიცდის. ეს სრული გაუნათლებლობაა, დეპუტატი ხომ სწორედ ხალხის წარმომადგენელია. გარდა იმისა, რომ ამ პარლამენტის მიმართ ლეგიტიმურობის თვალსაზრისით სერიოზული კითხვები არსებობს, როგორც ახლა ირკვევა, ამ დეპუტატებს დეპუტატობასთან და ხალხთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

გუშინ დეპუტატებიდან ხალხის წინაშე არავინ გამოსულა. (2 ოქტომბერს ფაშინიანმა ისევ მიმართა ქვეყნის მოქალაქეებს, ქუჩებში გამოსულიყვნენ, და რესპუბლიკური პარტიისთვის კონტრრევოლუციური გადაწყვეტილების მიღების უფლება არ მიეცათ. მოწოდებას ათობით ათასი ადამიანი გამოეხმაურა და მათ პარლამენტის შენობა დაბლოკეს, რათა დეპუტატებზე ზეწოლა მოეხდინათ – JAMnews). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხალხს არ წარმოადგენენ. ისინი არალეგიტიმურები არიან“.

რა არის ფაშინიანის მთავარი იარაღი

ნიკოლ ფაშინიანს ძველებურად აქვს იმედი, რომ მას ხალხი გაჰყვება. და 2 ოქტომბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს იმედები არცთუ უსაფუძვლოა.

ალექსანდრ ისკანდარიანი თანახმაა, რომ შექმნილ სიტუაციაში ნიკოლ ფაშინიანის მთავარ იარაღს მისი მაღალი რეიტინგი წარმოადგენს:

„ნიკოლ ფაშინიანს პოლიტიკური ნება და მასობრივი მხარდაჭერა აქვს. ეს მასობრივი მხარდაჭერა ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნების დროს გამოიცადა. ეს არჩევნები, არსებითად, სოციალურ გამოკითხვას წარმოადგენდა. და ეს ფაშინიანის პოპულარობის პიკია. გასაგებია, რომ ასეთი ციფრების მიღწევა სხვა დროს ძნელი იქნება. და ამ რესურსის ახლავე არგამოყენება – საცოდაობაა“.


ასევე წაიკითხეთ