ბოლო მომენტამდე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შეთანხმება ამჯერადაც ვერ შედგებოდა, მაგრამ სომხეთმა მიიღო იმის შანსი, რომ „დასავლეთისა და აღმოსავლეთის თანამშრომლობის ხიდად იქცეს“ " />

სომხეთი – ევროკავშირი. მეორე, წარმატებული მცდელობა

ბოლო მომენტამდე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შეთანხმება ამჯერადაც ვერ შედგებოდა, მაგრამ სომხეთმა მიიღო იმის შანსი, რომ „დასავლეთისა და აღმოსავლეთის თანამშრომლობის ხიდად იქცეს“

24 ნოემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ფაქტი უკვე შეფასდა განსაკუთრებულ ისტორიულ მოვლენად. ეს შეფასება სომხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, არმენ აშოტიანს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ  შეთანხმების დოკუმენტი არამხოლოდ ევრაზიული კავშირის წევრობისა და ევროკავშირთან თანაშრომლობის შეთავსების, არამედ ევროპულ სივრცეში გაბატონებული კონფრონტაციის პოლიტიკის კონსოლიდაციის სტრატეგიით შეცვლის საშუალებასაც გვაძლევს.

სევდიანი ისტორიის მქონე შეთანხმება

სომხეთის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 4 წლის წინ, 2013 წლის 24 ნოემბერს უნდა გაფორმებულიყო, თუმცა, 2013 წლის 3 სექტემბერს ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაერთიანებას და იმ პერიოდში ჯერ კიდევ არარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირში გაწევრიანებას აპირებდა.

მაშინ ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას არ გააფორმებდნენ ისეთ ქვეყანასთან, რომელიც უკვე იყო სხვა საბაჟო კავშირის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ევროკავშირს  შეთანხმების მხოლოდ პოლიტიკური ნაწილის  ხელმოწერას სთავაზობდა, ბრიუსელმა საერთოდ უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2015 წელს, სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებიდან მცირე ხნის შემდეგ განახლდა. იმავე პერიოდში უკრაინაში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო – რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში კი ჰიბრიდული ომი დაიწყო.

ერევანი აქტიურად ეძებდა საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზებს და, ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, მთლიანად რუსეთთანაა ინტეგრირებული. მაგრამ, ამის მიუხედავად,  ერევანმა მაინც მოახერხა ევროპის კავშირთან დაწყებული მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა და ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

სერჟ სარგსიანმა სომხეთის მოქალაქეებისთვის სასარგებლო სამი ძირითადი მიღწევა დაასახელა

რადიო თავისუფლების შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება სომხეთი-ევროკავშირის შეთანხმება სომხეთის მოქალაქეებზე, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა უპასუხა, რომ დროთა განმავლობაში აღნიშნული შეთანხმება აუცილებლად იქონიებს სათანადო ეფექტს, რადგანაც ევროკავშირის დახმარებით რეფორმების განხორციელების ფორსირება მოხერხდება და, ამას გარდა, სომხეთის მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას მიიღებენ.

საზოგადოებას მღელვარებას იწვევდა ის, თუ როგორ იმოქმედებს ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ქვეყნის უსაფრთხოებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ერთსულოვნება, რომელსაც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მომუშავე „ეუთოს მინსკის ჯგუფი“ ავლენს:

«ესაა იშვიათი შემთხვევა, როდესაც ისინი სრულად თანამშრომლობენ და ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა».

ამდენად, სერჟ სარგსიანმა ბოლო პერიოდის მთავარი მიღწევები  განსაზღვრა:  ფინანსური და სხვა ტიპის დახმარება, რომელსაც ქვეყანა რეფორმების განხორციელების პროცესში მიიღებს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია  და უსაფრთხოების გარკვეული გარანტია ევროკავშირისგან იმ შემთხვევაში, თუკი რეგიონში სამხედრო მოქმედებები განახლდება.

თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მიგრაციის, ბიზნესის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროებში.

ამას გარდა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროპის კავშირმა  ახალი საავიაციო შეთახმების დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო მოლაპარაკებების პროცესიც დაასრულა.  ევროკავშირის ტრანსპორტის საკითხების კომისარმა, ვიოლეტა ბულკმა აღნიშნა, რომ  საავიაციო შეთანხმება არამხოლოდ გაამჯობესებს ბაზრებზე წვდომას, არამედ უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტების დანერგვასაც შეუწყობს ხელს.

შეთანხმება და ყარაბაღის კონფლიქტი

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე გამოსვლლისას სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია  იმ შემთხვევაში, თუკი ყარაბაღის ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება არ იქნება დაცული. მისი თქმით ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა კონფლიქტების ჭრილში არ უნდა იქნას განხილული.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების გაფორმება რეგიონული კონფლიქტების (მ.შ. ყარაბაღის პრობლემის) მოგვარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ სომხეთი ევროკავშირის შეთანხმების გაფორმების შემდეგ განაცხადა:

«ჩვენ მხარს ვუჭერთ „ეუთოს“ მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენაა მიმართული».

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის სამიტი გაიმართა.

«მხარდაჭერას ვუდასტურებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეების ძალისხმევას, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით – საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების (ძალის გამოუყენებლობის, ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლების) დაცვით მოგვარებისკენაა მიმართული.

კონფლიქტის ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან სამშვიდობო რეჟიმი და პატივი სცენ 1994-95 წლებში დადებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ნდობის აღსადგენად და შეამცირონ დაძაბულობა მხარეების შეხების ზოლში – მიიღონ ის ზომები, რომლებიც ვენის, სანქტ-პეტერბურგისა და ჟენევის შეთანხმებებითაა განსაზღვრული »,აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის სამიტის დეკლარაციაში.

აზერბაიჯანი სომხეთი-ევროკავშირის შეთანხმების ხელმოწერის პროცედურის ჩაშლის სურვილს არ მალავდა  

აზერბაიჯანი ცდილობდა, სომხეთსა და ევროკავშირს შორის დადებული  ხელშეკრებულების ტექსტსა და აღმოსავლური პარტნიორობის შემაჯამებელ დეკლარაციაში სომხეთისათვის არასასურველი ფორმულირებები შეეტანა.  დეკლარაციის ტექსტის შეთანხმება ბოლო მომენტამდე ვერ ხერხდებოდა, რადგანაც აზერბაიჯანი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დოკუმენტში ხაზგასმული ყოფილიყო უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და აზერბაიანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ევროპული ორგანოები არაერთხელ გამოსულან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოწოდებით; ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კი ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპებს უსვამდნენ ხაზს.

ოფიციალური ბაქო დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ამ ტენდენციის  მოშთობას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. მეტიც, ბრიუსელის სამიტამდე მცირე ხნით ადრე აზერბაიჯანელმა დიპლომატებმა ევროპაში აქტიური მოღვაწეობა დაიწყეს. ბაქო შეეცადა გამოეყენებინა ის ანტისეპარატისტული განწყობა, რომელიც ევროპაში კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ წარმოიშვა.  მოეწყო ფორუმები და მიღებულ იქნა რამდენიმე დეკლარაცია, მაგრამ ამ ყველაფერმა გავლენა არ იქონია ევროკომისიის პოზიციაზე.

ამას გარდა, აზერბაიჯანელი დიპლომატები შეეცადნენ, თურქეთის გზით მოეხდინათ ყარაბაღის  საკითხის განხილვის აქტივაცია, თუმცა, ეს მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა. 9 ნოემბერს ვენაში „ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ევროკავშირმა   განაცხადეს, რომ ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პროცესში ძალის გამოუყენებლობის  პრინციპსა და კონფლიქტის ზონაში შემაკავებელი მექანიზმების დანერგვას უჭერენ მხარს.

ბრიუსელის სამიტამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  ნატოს  საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. თუმცა, ამის პასუხად ნატოს გენერალური მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა ალიევს სომხეთთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა და ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.

ასეთივე პასუხი მიიღო ალიევმა ევროპის კავშირისგანაც – გაფართოების საკითხებისა და კეთილმეზობლური პოლიტიკის კომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ყარაბაღის პრობლემის განხილვა არ იყო დაგეგმილი.

სტრატეგიული კვლევების ფრანგული ცენტრის ექსპერტის, კაიც მინასიანის თქმით,  აზერბაიჯანი დოკუმენტის საბოლოო გაფორმების პროცესის ჩაშლას ცდილობდა

«მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ – რომელიც აზერბაიჯანის დამარცხებად  უნდა ჩაითვალოს – ბაქოს „ვაზნები“ აღარ დარჩა ».

საბოლოოდ, აღმოსავლეთის პარტნიორობის დეკლარაციის ტექსტში კონფლიქტებთან დაკავშირებით ზოგადი ფორმულირებები იქნა გამოყენებული. ხელმოწერის პროცესის ჩაშლის გეგმამ კრახი განიცადა.

რუსეთი სომხეთის არჩევანს პატივს სცემს, მაგრამ შეთანხმებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს

სომეხი ექსპერტები ბოლო მომენტამდე ირწმუნებოდნენ,  რომ  არ იყო გამორიცხული, რუსეთს ხელმოწერის ჩაშლა ეცადა, მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ცნობების თანახმად, დოკუმენტის ყველა პუნქტი მოსკოვთან იყო შეთანხმებული.

და, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტში საერთოდ არაა ნახსენები ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, სომხეთის ხელისუფლება ყველა შემთხვევას იყენებდნენ იმის ხაზგასასმელად, რომ ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის მოთხოვნებთან.

რუსეთს ერთხელაც კი არ დაუფიქსირებია თავისი მოსაზრება  შეთანხმებასთან დაკავშირებით. კრემლს არც პოზიტიური შეფასება გაუკეთებია, და არც ნეგატიური. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელიც ერევანს ხელმოწერამდე ორი დღით ადრე  ესტუმრა, ამ საკითხს არაერთმნიშვნელოვანი დუმილით შეხვდა.

რუსეთის ელჩმა სომხეთში, ივან ივან ვოლინკიმა „არმინფოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ისეთ შეთანხმებასა და გაერთიანებაში, რომელიც მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს  არ ეწინააღმდეგება. ამასთან, დიპლომატს გამაფრთხილებელი რეპლიკის გაკეთებაც არ დავიწყებია:

«ამასთან სომხეთისათვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების საკითხში ევროპის კავშირი რუსეთს ვერ ჩაანაცვლებს. ამ მხრივ, საკუთრივ ევროკავშირიც „ნატოზეა“ დამოკიდებული. დოკუმენტი, რომელიც, გეგმის მიხედვით, ევროკავშირსა და სომხეთს შორის უნდა გაფორმდეს, არ შეიცავს ევროკავშირის დამატებით ვალდებულებებს  სომხეთისათვის რაიმე სახის სავაჭრო პრეფერენციების მინიჭებასთან დაკავშირებით – გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყველაზე ხელსაყრელი სავაჭრო რეჟიმი არსებობს და „GSP+“-ის სახელით ცნობილი პრეფერენციული სისტემა მოქმედებს».

ამას გარდა, მან აღნიშნა, რომ «სომხეთს შეუძლია იქცეს „თანამშრომლობის ხიდად“ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს  – დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – იმ შუამავლად, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე».

თავის მხრივ, დოკუმენტის ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა:

«ყველა ქვეყანას თავისი საგარეო პოლიტიკური ინტერესები, მიზნები და ამოცანები აქვს. ჩვენ ამ ყველაფერს პატივს ვცემთ».

JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას

Related Posts

"ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმების დარღვევა სომხეთის მოქალაქეების უფლებებსაც არღვევს"

55 ათასი ადამიანი გავიდა საქართველოდან ევროპაში უვიზოდ და მათგან 3 ათასი უკან არ დაბრუნებულა

55 ათასი ადამიანი გავიდა საქართველოდან ევროპაში უვიზოდ და მათგან 3 ათასი უკან არ დაბრუნებულა

აზერბაიჯანი - რუსეთი: რატომ არ გამოგვდის მეგობრობა

აზერბაიჯანი - რუსეთი: რატომ არ გამოგვდის მეგობრობა

აზერბაიჯანი 2017 წელს

აზერბაიჯანი 2017 წელს

ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანში იმედოვნებს, რომ წელს პარტნიორობის ახალ შეთანხმებას მოეწერება ხელი

ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანში იმედოვნებს, რომ წელს პარტნიორობის ახალ შეთანხმებას მოეწერება ხელი

საქართველო 2017. მოვლენები, რომლებმაც შეგვცვალა

საქართველო 2017. მოვლენები, რომლებმაც შეგვცვალა

სომეხი პოლიტოლოგები 2017 წელს აჯამებენ

სომეხი პოლიტოლოგები 2017 წელს აჯამებენ

სომხეთი გახდა პირველი ქვეყანა ევრაზიის კავშირიდან, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთი გახდა პირველი ქვეყანა ევრაზიის კავშირიდან, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთი-ირანის საზღვარზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნა

სომხეთი-ირანის საზღვარზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნა

სომხეთში სახელმწიფოს მომავალ მეთაურად მოქმედი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ესახებათ

სომხეთში სახელმწიფოს მომავალ მეთაურად მოქმედი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ესახებათ

სომხეთში სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგე პარტიის წევრები დააკავეს

სომხეთში სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგე პარტიის წევრები დააკავეს

სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს

სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს


ასევე წაიკითხეთ