ის, რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და დაწყებული პროცესები მიმდინარე 2018 წელსაც გაგრძელდება " />

სომეხი პოლიტოლოგები 2017 წელს აჯამებენ

ის, რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და დაწყებული პროცესები მიმდინარე 2018 წელსაც გაგრძელდება

ფოტო: სედა გრიგორიანი, JAMnews

JAMnews-მა სომხეთისთვის მნიშვნელოვანი ის მოვლენები გამოყო, რომლებიც 2017 წელს მოხდა და ასევე გაიხსენა ის მოვლენები, რომლებიც, გარკვეული პირების ვარაუდით, შარშან უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. ამ ყველაფრის ანალიზი კი ქვეყნის ორ წამყვან პოლიტოლოგს ვთხოვეთ.

რა მოხდა 2017 წელს

 

გთავაზობთ „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის, პოლიტოლოგ ალექსანდრ ისკანდარიანის კომენტარს:

 

 

 

  1. სომხეთმა ევროკავშირთან გაფართოებული და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან ასეთი შეთანხმება გააფორმა. მიღებული დოკუმენტი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

«ამ შეთანხმების გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისათვის. თუმცა, ერთბაშად არაფერი შეიცვლება. ამ დოკუმენტის თანმდევი აღფრთოვანება რამდენადმე გადაჭარბებულად მეჩვენება. ეს დოკუმენტი კარგი ყოფაქცევისთვის მიღებული მედალი არაა; ესაა შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება, გამოიყენო – ან, არ გამოიყენო.

რეფორმებსა და ღირებულებებს რაც შეეხება, აღსანიშნავია ის, რომ სომხეთს საკუთარი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან ჰარმონიზაციისა და ქვეყნის მართვის პროცესების სრულყოფის შესაძლებლობა ეძლევა. კერძოდ, საუბარია მონოპოლიების კონტროლის, კორუფციასთან ბრძოლისა და სხვა ამოცანების შესრულების გამარტივებაზე, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ კორუფციასთან ქვეყნის გარედან ბრძოლა შეუძლებელია. ნურავინ იფიქრებს, რომ ევროპა პირდაპირ გაატარებს შესაბამის ზომებს იმისათვის, რათა პოლიციელმა ქუჩაში ქრთამი არ აიღოს. სომხეთი ამ კონდიციამდე თავად უნდა მივიდეს.

ევროპას მხოლოდ ტექნიკურ, ფინანსურ და საექსპერტო საკითხებში შეუძლია დახმარება და მზადაა, ეს დახმარება აღმოგვიჩინოს. სინამდვილეში სომხეთი უკვე მიისწრაფის ამისკენ და უკვე 7-8 წელია, რაც ამ გზაზეა და ხელმოწერილი დოკუმენტი სინამდვილეში 2013 წელს უარყოფილი ასოცირების ხელშეკრულების ოდნავ ჩასწორებული ვარიანტია.

მაგრამ ამის მიუხედავად, არ იქნება გონივრული, თუკი  ვიფიქრებთ, რომ ეს დოკუმენტი სომხეთს შვეიცარიად გადააქცევს. ჩვენ ვაკვირდებით იმ ქვეყნებს (საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას), რომლებმაც ეს შეთანხმება ჩვენზე ადრე გააფორმეს და ვხედავთ რომ ამ სახელმწიფოებს შვეიცარიის დონისთვის არ მიუღწევიათ, ზოგიერთ მათგანში კი ჩვენზე უარესი სიტუაციაა.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

ჩემი აზრით, დაიწყება ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი, რომელსაც ევროპის ყველა ქვეყანა გაივლის და საბოლოოდ, შეთანხმება ძალაში შევა. არ არის გამორიცხული, რომ წლის შუა პერიოდში უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესი დაიწყოს».

  1. ვარდენის-მარტაკერის გზის მშენებლობის დასრულება. ამ გზის სიგრძე 116 კილომეტრია და ის მთიან ყარაბაღისა და გარესამყაროს სომხეთის გზით დამაკავშირებელი მეორე სატრანსპორტო არხია, რომელიც საერთო-სომხურ ფონდ „ჰაიასტანის“ („სომხეთი“) დაფინანსებით აშენდა. გზა დღეში ორივე მიმართულებით მოძრავ 1500-მდე ავტომობილს ემსახურება. ვარდენის-მარტაკერტის პროექტი 2013 წლიდან ამოქმედდა და ის სტეფანაკერტ-გორისის (სომხეთი) საავტომობილო გზის ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული.

«ამ გზას სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ის ძალიან საჭირო საკომუნიკაციო არხია, რომელიც სომხეთსა და ყარაბაღს (განსაკუთრებით კი ამ რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილს) შორის აშენდა. ამას გარდა, ამ ავტომაგისტრალს სამხედრო მნიშვნელობაც გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ ის სამხედრო ტრანზიტს უზრუნველყოფს.

ამას გარდა, ამ პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასიც აქვს  – ეს გზა სწორედ იმ ტერიტორიაზე გადის, რომელიც,  პრესაში დაბეჭდილი პუბლიკაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკოსებისა და შუამავლების გამონათქვამების მიხედვით, სავარაუდოდ,  აზერბაიჯანელებს უნდა გადაეცეს მას შემდეგ, რაც კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების ფაზა დასრულდება.

ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ სომხური მხარეები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ ვერ ხედავენ კონფლიქტის მოგვარების რაიმე სერიოზულ პერსპექტივას. ყველა სერიოზულ მკვლევარს ისედაც კარგად მოეხსენება, რომ ეს გზა ამ პესიმისტური დამოკიდებულების პირდაპირ პოლიტიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს – ეს მართლაც გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

ვარდენის-მარტაკერტის გზა მის გარშემო არსებული სივრცის კეთილმოწყობამდე მიგვიყვანს. ამ შემთხვევაში გზა ამ ნაწილის მთელ ინფრასტრუქტურას გულისხმობს».

  1. ირანის საზღვარზე მეღრის თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნა ექსპერტთა ვარაუდით, ეს სივრცე სომხეთის ტერიტორიის განვითარების პროცესს დააბალანსებს, ეროვნული ეკონომიკის გლობალურ კონკურენტუნარიანობას გაზრდის და კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოებას შეუწყობს ხელს. მეღრის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ფართო დარგობრივი მასშტაბი ექნება – სოფლის მეურნეობით, გადამამუშავებელი წარმოებითა და ვაჭრობით დაწყებული – ტურიზმით დასრულებული.

«ამ პროექტს სერიოზული პოტენციალი გააჩნია. უკვე ამოქმედებულია ამ ზონის მუშაობისთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური აქტივები, რაც იმის ნიშანია, რომ პროექტი გაგრძელდება. ირანსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობის საკითხებში სომხეთი ერთგვარ ჰაბად [კვანძად] გადაიქცევა. ამასთან, სომხეთი ამ ფუნქციას ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილისთვის შეასრულებს.

ამ პროექტს არამხოლოდ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ფუნქცია, არამედ სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნება. სომხეთის როლი ირანთან თანამშრომლობის საკითხში აღნიშნული პროექტის პოლიტიკურ კომპონენტს წარმოადგენს.

ირანი სპეციფიკური ქვეყანაა, რომელსაც თითოეულ ქვეყანასთან განსაკუთრებული და თავისებური ურთიერთობები აქვს. მეღრის  თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ირანსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების  საკითხში.

ზონის სრულფასოვნად ასამუშავებლად რაიმე გარე დაბრკოლება არ არსებობს. როგორც ჩანს, ამ პროექტის დეტალების სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმება საჭირო აღარაა, რადგანაც მეღრის თავისუფალი ეკონომიკური ზონა უკვე გახსნილია.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

მეღრის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით სომხეთ-ირანის ურთიერთობები განვითარდება და გაღრმავდება. ეს ისეთი ურთიერთობებია, რომლებშიც უკვე პრაქტიკულად გამომუშავებულია შიდა რესურსი. უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. საკმაოდ შთამბეჭდავი ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულებაც დადებითად შეიძლება შეფასდეს. აშკარად იგრძნობა ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთის ჯაჭვის მშენებლობის აუცილებლობა. გასაკეთებელი ბევრია – გზების მშენებლობით დაწყებული და ელექტროენერგიის წარმოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებით დასრულებული. თავისუფალი ეკონომიკური ზონა ამ ამოცანების შესრულებას შეუწყობს ხელს».

  1. ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები 2015 წლის 6 დეკემბერს გამართული რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, წელს გამართული არჩევნების შედეგად ფორმირებული პარლამენტის შემადგენლობა მთლიანად პროპორციული სისტემის საფუძველზეა დაკომპლექტებული. პარლამენტში შევიდნენ: მმართველი რესპუბლიკური პარტია (რომელმაც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო), ბლოკი „ცარუკიანი“, ახლადშექმნილი ოპოზიციური კოალიცია „იელქი“ და პარტია „სომხეთის რევოლუციური ფრონტი დაშნაკცუთიუნი“

2018 წლის აპრილში მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება და სომხეთი რეალურად გადავა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე.

«ეს სომხეთის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ყველაფერი საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივასთან დაკავშირებული რეფერენდუმით დაიწყო, რასაც საკუთრივ საპარლამენტო არჩევნები მოჰყვა; მესამე ეტაპი კი 2018 წლის აპრილში დაიწყება, როდესაც  საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება.

ჩემი აზრით, სომხეთი ერთბაშად არ შეიცვლება, მაგრამ ძალიან ბევრი გარდაქმნის მომსწრე გავხდებით. ბევრი ცვლილება უკვე დაწყებულია. მაგალითად, უნდა აღინიშნოს პარლამენტის როლის გაძლიერება, პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობის ზრდა, ძალაუფლების გადაცემის პროცესის დეპერსონიფიკაცია და ა.შ. ეს ყველაფერი ქვეყნის მართვაზე იქონიებს გავლენას და არსებით როლს ითამაშებს სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა ოპოზიციური ბლოკი, რომელსაც „იელქი“ ეწოდა, მაგრამ ამ ძალამ  სომხეთის პოლიტიკური მოედნის დაბალანსება ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ის ოპოზიციური განწყობა, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო და პოლიტიკური სტრუქტურების მიმართ აქვს, ბევრად უფრო მძაფრია იმ პოზიციისგან, რომელსაც „იელქი“ იკავებს პარლამენტში.

საზოგადოებაში ძალიან მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, სოციალური და პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული უკმაყოფილების დონე და ხალხის პოლიტიკური ელიტასთან გამიჯნულობის მასშტაბები. „იელქი“ კი სტაბილურობით არ გამოირჩევა და ამ საპროტესტო განწყობებს საკმარისად ზუსტად და ძლიერად არ გამოხატავს. ეს თავად სტრუქტურის სისუსტითაა განპირობებული. „იელქს“ ამის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და საექსპერტო რესურსები არ გააჩნია.

ესაა სომხური პოლიტიკური სისტემისთვის და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბლოკი. ესაა ოპოზიციური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია საზოგადოების საპროტესტო განწყობა გამოიყენოს, არჩევნების წინ მის ხელთ არსებული რესურსების მობილიზება მოახდინოს და პარლამენტში შევიდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად რესურსები არ ყოფნის, ამიტომ რეალურ ოპოზიციურ განწყობებსა და ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალების საპარლამენტო წარმომადგენლებს შორის რეალური დისპროპორცია ფიქსირდება.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

2018 წლის აპრილიდან პოლიტოლოგებს საინტერესო ცხოვრება ექნებათ, რადგანაც მმართველობის სტრუქტურის სახეცვლილების პერიოდი დაიწყება. როდესაც ხელისუფლება პერსონიფიცირებულია, არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს ერთ კაბინეტში მჯდომი ერთი ადამიანი იღებდეს, მაგრამ ახალი სისტემის პირობებში პარტიის ლიდერმა თავისი თანაგუნდელები უნდა დაიყოლიოს, რის შემდეგაც პარტიამ მთელი პარლამენტი და მისი თითოეული დეპუტატი უნდა დაარწმუნოს თავისი პოზიციის სისწორეში. საბოლოოდ კი პარლამენტმა უმრავლესობის გზით პრემიერზე უნდა იქონიოს გავლენა. ეს სხვა სქემაა. რა თქმა უნდა, სისტემა ერთბაშად არ ამოქმედდება, მაგრამ ქვეყნის მართვის მეთოდები თანდათანობით შეიცვლება».

რა არ მოხდა

 

 

გთავაზობთ „პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრის“ ექსპერტის, პოლიტოლოგ რუბენ მეღრაბიანის კომენტარს:

 

  1. ექსპერტები, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტს აკვირდებიან, ვარაუდობდნენ, რომ 2017 წელს ყარაბაღში ომი განახლდებოდა. 2016 წლის ოთხდღიანი დაპირისპირება, რომელსაც „აპრილის ომს“ ეძახიან, ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა იმ შეტაკებებს შორის, რომლებიც 1994 წლის შემდეგ მოხდა. მილიტარიზაციის იმ მზარდი დონის გათვალისწინებით, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანში ფიქსირდება, ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ არ იყო გამორიცხული, 2017 წელს ახალი ომი დაწყებულიყო; მაგრამ ომის თავიდან აცილება მაინც მოხერხდა.

«შარშანწინდელი აპრილის მოვლენების განმეორების შესაძლებლობის აღსაკვეთად სომხურმა დიპლომატიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ამ პროცესს საკუთრივ მოლაპარაკებების პროცესმა და არსებულმა კონიუნქტურამ შეუწყო ხელი.

2017 წელი გამორჩეულია იმით, რომ ამ პერიოდში საერთაშორისო პლატფორმებზე მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტებს შორის ერთგვარი წონასწორობა დამყარდა: ერთ კალათაში აღმოჩნდა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ყველა ის კონფლიქტი, რომლებიც მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იქნას გადაწყვეტილი. კერძოდ, საუბარია იმ კონფლიქტებზე, რომლებიც უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში ფიქსირდება.

მაგრამ ცალკე კალათში აღმოჩნდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც ჰელსინკის პრინციპების დაცვით უნდა მოგვარდეს. ასეთმა დივერსიფიცირებულმა მიდგომამ, რომელიც უკვე არაერთ განცხადებაშია ხაზგასმული, სომხეთსა და ევროპის კავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ დადებული ხელშეკრულების დადებით უკვე იურიდიული ძალაც მიიღო.

ამას გარდა, სომხური მხარის მიერ მიღებული სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც “აპრილის ომის” დასაწყისის მსგავსი მოულოდნელობის გამორიცხვისკენ იყო მიმართული, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა მოსალოდნელი ომის თავიდან აცილების საქმეში.

ომის შეწყვეტას აზერბაიჯანის მოუქნელმა პოლიტიკამ და შეცდომებმაც შეუწყო ხელი. აღსანიშნავია ის სკანდალები, რომლებიც აზერბაიჯანი-ისრაელის ურთიერთობებს სდევდა თან (უპილოტო საფრენი აპარატები , ლაპშინი). აზერბაიჯანთან დაწყებული სამხედრო თანამშრომლობა საზიანო გამოდგა.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

ომის განუახლებლობა მოლაპარაკებების პროცესის აქტივაციას გამოიწვევს. უფრო სწორად, მოლაპარაკებების პროცესის განმსაზღვრელი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება. სომხეთს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა და მოწინავე ზოლში თავისებური გადაიარაღება მოახდინა, რითაც მოულოდნელობის ეფექტისგან დაიზღვია თავი. ეს ყველაფერი 2018 წელს სამხედრო უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს».

  1. პრემიერმინისტრმა კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ შემუშავებულია 3,2 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამები. ვარაუდობდნენ, რომ ამ თანხიდან 830-840 მილიონი 2017 წელს უნდა დახარჯულიყო. პროგრამა რუსეთში მცხოვრები სომეხი მეწარმეების მიერ გასული წლის იანვარში შექმნილ „სომხეთის ინვესტორთა კლუბს“ უნდა განეხორციელებინა – დაპირებული ინვესტიციები ქაღალდზე დარჩა.

«კარენ კარაპეტიანის ხელისუფლების გეგმები რუსულ ინვესტიციებზე იყო აგებული, მაგრამ ამჟამად რუსეთის ეკონომიკა სავავალო მდგომარეობაშია. კრემლი ცდილობს, როგორმე შეასუსტოს ის სანქციები, რომლებიც მოსკოვს დაუწესეს. ამას გარდა რუსეთის ხელმძღვანელობა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სიის შემცირებისკენაც მიილტვის, რომელთა მოღვაწეობაც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უწყობდა ხელს და ამ პირების მიმართ დადგენილი შეზღუდვების თანმდევი სავარაუდო ეფექტების მინიმიზაციას ცდილობს.

ამავდროულად, „როსსტატის“ მონაცემებით, ბოლო 8 წლის პერიოდში რუსეთის ფედერაციაში მრეწველობის რეკორდული ვარდნა დაფიქსირდა. თავად რუსეთიც საინვესტიციო შიმშილს განიცდის. გამოდის, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის მოლოდინები თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარაპეტიანის მთავრობას (ანუ ქვეყნის ამჟამინდელი აღმასრულებელი ხელისუფლება) არც დასავლეთთან აქვს აქტიური კონტაქტი და ამიტომ პრემიერმინისტრობის პერიოდში კარენ კარაპეტიანი ერთ დასავლურ დედაქალაქშიც კი არ ჩასულა.

ჩვვენ ვხედავთ, რომ სომხეთის ინფრასტრუქტურული პროექტები კონსერვირებულია და საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები (შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან, მნიშვნელოვანი წინსვლა სომხურ-ისრაელურ ურთიერთობებში, „ნატოსთან“ დადებული ხელშეკრულება და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან და ინდოეთთან) ქვეყნის ეკონომიკურ კონიუნქტურას არ შეესაბამება. ეს მიღწევები ეკონომიკური წარმატებებით არ არის განმტკიცებული და ამიტომ არსებობს იმის საფრთხე, რომ არსებული პროგრესი დროებითი აღმოჩნდეს? და ასეთ შემთხვევაში სად და რისთვის უნდა განხორციელდეს ინვესტიციები?

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

2017 წლის შედეგების შეჯამება ეკონომიკური პოლიტიკის კურსის კორექტირებამდე მიგვიყვანს».

  1. ოპოზიციურმა ბლოკმა „იელქი“ სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის საკითხის განხილვის ინიცირება მოახდინა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის წევრობა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. პარლამენტმა ამ საკითხს კენჭი უყარა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დატოვების ინიციატივა ხმების უმრავლესობით უარყო – საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის შესახებ უბრალოდ ჩავარდა.

«სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის ამ მცდელობას თავიდანვე მცირე შანსები ჰქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება ამ საკითხს განიხილავს. ამ დისკუსიის სიმძაფრე შენარჩუნდება და საბოლოოდ სომხეთი ამ უსარგებლო ბორკილებს მოიშორებს. თუკი სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის ფორმებს გავითვალისწინებთ, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ეს ურთიერთდამოკიდებულება საზიანოა.

ევრაზიული კავშირიდან გასვლის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული საპარლამენტო დებატები მხოლოდ პირველ ფაზას წარმოადგენს. ამ თემაზე საუბარი მოგვიანებით განახლდება და საკუთრივ რუსეთის პოლიტიკა მოგვცემს ამ განხილვის განახლების საფუძველს. რუსეთში არამხოლოდ წარმოება, არამედ საბანკო სექტორიც რთულ მდგომარეობაშია. ქვეყნის შიდა მართვის ხარისხი ძალიან დაბალია და, ამას გარდა, ამ სახელმწიფოს მიმართ უმკაცრესი სანქციებია დაწესებული. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირს  ასეთი საგარეო ზეწოლა არც კი დაესიზმრებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას.

როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებული სუბიექტი ეკონომიკურადაც გაკოტრდება, მმართველი რესპუბლიკური პარტია ქვეყნის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის ინიციატივით გამოვა. რესპუბლიკელები მიხვდებიან, რომ იმ გაერთიანებაში დარჩენა, რომელიც მის წევრს არაფერს პირდება, არაფერს აძლევს და მხოლოდ ავიწროვებს, ამ ორგანიზაციის დატოვებაზე ბევრად უფრო ცუდი გადაწყვეტილებაა. ყველა წინაპირობა და ტენდენცია იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად გარკვეული დრო და საზოგადოების ძალისხმევაა საჭირო.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

ეს წელი იმიტომ იქნება მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირთან დადებული შეთანხმების რატიფიკაცია დაიწყება და ამ დოკუმენტის იმპლემეტაციისთვის საჭირო ინსტიტუტებს ჩაეყრება საფუძველი. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს დისკუსიების სერიას ევრაზიული კავშირის მავნებლობის შესახებ».

  1. სომხეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონის შემცირების პირობა დადო. ეს მაჩვენებელი სომხეთში თითქმის 30%-ს უტოლდება. ხელისუფლება ამ გეგმის განხორციელებას ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, მინიმალური სახელფასო განაკვეთის მატებითა და სოციალური მხარდაჭერის ბერკეტების გააქტიურებით აპირებდა, მაგრამ გასულ წელს ეს პროექტი არ შედგა.

«ხელფასებისა და ეკონომიკური დონის ზრდა არც იგეგმებოდა. ასეთი მოლოდინის საფუძველი არ არსებობდა, იმიტომ რომ ამ სფეროში სისტემური ცვლილებები არ მომხდარა – ასეთი განზრახვა არც ხელისუფლებას ჰქონია. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მცირე ცვლილებები განეხორციელებინა და ეს გარდაქმნები ისე მოეხდინა, რომ არაფერი შეეცვალა. პროცენტული მაჩვენებლები, შესაძლოა, გაუმჯობესდა კიდეც, მაგრამ „ქარის მოტანილი ქარმა წაიღო“.

რატომ წაიღო? იმიტომ რომ 2018 წლის პირველ იანვარს ორი საზიანო დოკუმენტი ამოქმედდა – ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც მეწარმეებს დამატებით სააქციზო ხარჯებს აკისრებს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსი, რომელიც მონოპოლიზირებული ეკონომიკის მქონე, იმპორტზე დამოკიდებულ სომხეთში ფასების საყოველთაო ზრდას გამოიწვევს.

რას უნდა ველოდეთ 2018 წელს

მე პირადად ვერ ვხედავ იმ მუხრუჭს, რომელიც ამ ქვეყანაში სიღარიბის დონის ზრდას შეაჩერებს. არაკომპეტენტური მთავრობა, რომელსაც პოლიტიკური აზროვნებისა და პოლიტიკური ამოცანების აღქმის უნარი არ აქვს, სავარაუდო სავავალო შედეგამდე მიგვიყვანს».

პუბლიკაციის ტერმინები , ტოპონიმები, მოსაზრებები და იდეები ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.


ასევე წაიკითხეთ