რუსი უფლებადამცველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საშინელ მდგომარეობას ასახავს" />

სიძულვილი, შევიწროება, დასმენები. მოხსენება რუსეთში ლგბტ თემის მდგომარეობის შესახებ

რუსი უფლებადამცველების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საშინელ მდგომარეობას ასახავს

REUTERS/Anton Vaganov

„ნოვაია გაზეტას“ მასალის მიხედვით

რუსეთის ლგბტ თემის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება –  5,400 რესპონდენტის გამოკითხვის მონაცემებს, ასევე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების მონიტორინგს ეყრდნობა.  

მონიტორინგის პროგრამის შედეგად მიღებული მონაცემები ამომწურავი არ არის. რუსეთში ლგბტ თემის წარმომადგენლები ყოველთვის არ არინ მზად, ღიად ისაუბრონ დისკრიმინაციის იმ შემთხვევებზე, რომელთა მსხვერპლნიც ხდებიან. ისინი პოლიციასა და მედიასაც იშვიათად მიმართავენ.

მ 

ოხსენების თანახმად, დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად ის ოჯახები განიცდიან, რომლებშიც ერთ-ერთი მშობელი ლგბტ თემისადმი თავის კუთვნილებას აღიარებს. ასევე, არცთუ იშვიათია მასწავლებლების დევნის შემთხვევები – ყველაზე ხშირად შევიწროება დასმენით იწყება – სოციალურ ქსელში მსხვერპლის ეკაუნტიდან შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებით, ამ ინფორმაციის მსხვერპლის სამუშაო ადგილზე წარდგენით, და მოთხოვნით, რომ „ბავშვები ამორალური გავლენისგან დაიცვან“.

ამგვარი დასმენის გამო, ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკის მუსიკალური სკოლიდან საესტრადო ვოკალის მასწავლებელი მარია შესტოპალოვა გააძევეს. დამსმენმა (ეს არის სანკტ-პეტერბურგის მცხოვრები, სახელად ტიმურ ბულატოვი, უფლებადამცველები მას კარგად იცნობენ) სოციალურ ქსელში მასწავლებლის პროფილი შეისწავლა და მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია სკოლის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიას გადასცა.

იმის ნაცვლად, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თავად აქტივისტისთვის დაეკისრებინათ (თუნდაც პერსონალური მონაცემების გავრცელების გამო), სკოლის დირექტორი შეეცადა, რომ შესტოპალოვასგან „სამსახურიდან საკუთარი სურვილით გათავისუფლების“ მოთხოვნა მიეღო. ახალგაზრდა ქალი მანამდე იყო უარზე, ვიდრე მას არ დაემუქრნენ, რომ სამსახურიდან „აღმზრდელობით ფუნქციებთან შეუთავსებელი ამორალური ქცევისთვის“ დაითხოვდნენ.

ტიმურ ბულატოვის მეორე მსხვერპლი გახდა ეკატერინბურგის მცხოვრები იულია სავინსკიხი, რომელიც სამი ბავშვის აპეკუნი იყო.

ბულატოვის მიერ დასმენის შემდეგ, რომელმაც სავინსკიხის ტრანსგენდერობაში შეიტანა ეჭვი, სახელმწიფომ იულიას ორი არასრულწლოვანი ნაშვილები ბავშვის აპეკუნობა ჩამოართვა. ბულატოვს ეჭვი იმის გამო გაუჩნდა, რომ სავინსკიხი სოციალურ ქსელში ტრანსგენდერი ადამიანის სახელით აქვეყნებდა ბლოგს, და თან მან სარძევე ჯირკვლების ამოკვეთის ოპერაცია გაიკეთა.     

იულია სავინსკიხმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ შვილების ოჯახში დაბრუნება ჯერ ვერ შეძლო. ამავდროულად, სქესის შეცვლის უფლება რუსეთის კანონმდებლობით არის დაცული და რუსეთის ტრანსგენდერი საზოგადოებისა და სახელმწიფოს (ჯანდაცვის სამინისტროს სახით) კონსტრუქციული თანამშრომლობის მაგალითებიც არსებობს.

მაგალითად, გასულ წელს ჩინოვნიკებისა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა ერთობლივი მუშაობის დროს, როგორც იქნა, შეთანხმდნენ ფედერალური ცნობის პროექტზე, რომლის საფუძველზეც, სქესშეცვლილ ადამიანებს დაბადების ახალ მოწმობას მისცემენ. მანამდე, სწორედ დადგენილი ნიმუშის დოკუმენტის არარსებობის გამო, რუსი ტრანსგენდერები ადმინისტრაციული ქმედებებისას არნახულ სირთულეებს აწყდებოდნენ.

ისინი გენდერული იდენტობის შეცვლის შემდეგაც ძველი პასპორტით აგრძელებდნენ ცხოვრებას. მათ არ შეეძლოთ სამსახურში მოწყობა, მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა. მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც კი პრობლემას წარმოადგენდა.  

ერთ-ერთი გამოკითხული ტრანსგენდერი ქალის ნაამბობით, ექიმებმა მას კვინკეს შეშუპების დროს ანტიჰისტამინური ნემსის გაკეთებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ მისი პასპორტი (მამაკაცის სახელზე გაცემული) სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ მის ახლანდელ გენდერულ იდენტობას არ შეესაბამებოდა. 

 რ

უსეთის ხელისუფლება ლგბტ-თემის წინააღმდეგ ქსენოფობიური განწყობის პროვოცირებას ეწევა, ხოლო როდესაც საუბარი ამ პოლიტიკისგან გაღვივებული სიძულვილისა და მტრობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს ეხება – ხელისუფლება შესაბამისი მოტივის არსებობას არ აღიარებს.

მოხსენების ავტორები ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად პეტერბურგელი ჟურნალისტის დმიტრი ცილიკინის მკვლელობას ასახელებენ. დაკავებულმა 22-წლის სტუდენტმა სერგეი კოსირევმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რა დროსაც თავს „გეების წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის“ მისიის მქონე „გამწმენდი“ უწოდა, და ღიად აღიარა, რომ მსხვერპლი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მოკლა. მის მიუხედავად, გამოძიებამ ამ დანაშაულს მაინც „უეცრად წარმოქმნილი ჩხუბის დროს“ მომხდარი ჩვეულებრივი მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ