საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახაა - მთავარია, რუსეთი არ გავაღიზიანოთ. ცერცვაძის საქმე ამის კარგი მაგალითია" />

სიბრძნე სისულელისა, ანუ შეხვედრა წარსულთან

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ცალსახაა - მთავარია, რუსეთი არ გავაღიზიანოთ. ცერცვაძის საქმე ამის კარგი მაგალითია

წარსული

80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, ახალგაზრდა არაფორმალთა (ასე უხმობდნენ მაშინ სამოქალაქო აქტივისტებს) ემოციური მოწოდებების საპასუხოდ, ცეკას და შემოქმედებითი ინტელიგენციის ნომენკლატურიდან ხშირად ისმოდა ფრაზა: “გამოვიჩინოთ სიბრძნე”.

ეს სიბრძნე რეალურად მდგომარეობდა იმაში, რომ ზედმეტი რადიკალიზმით კრემლი არ გაგვეღიზიანებინა. პარტიული ელიტა არაფორმალებს კონსტრუქციული მიდგომისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რადგამ ამ გზით თითქოს მეტი სასიკეთო შედეგის მიღწევა შეიძლებოდა. აქაოდა, თქვენ რომ ქუჩაში “ძირს რუსეთის იმპერია” გაჰკივიხართ, რუსები ბრაზდებიან და ჩვენ მერე საქმის ჩაწყობას ანუ საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებების მოსკოვში გატანას ვეღარ ვახერხებთო.

დღეს ეს არასერიოზული და ღიმილისმომგვრელი ჩანს, თუმცა მაშინ ყველაფერი სიახლე იყო და მთელ საბჭოურ ნომენკლატურას ჯერ მარტო მიტინგის დანახვაზე უსკდებოდა გული და იქ დაძახებულ მოწოდებებზე ხომ საერთოდ.

ეს ტენდენცია 90-იანებში, სამხედრო გადატრიალების შემდგომაც გაგრძელდა. რუსეთის მკვეთრი კრიტიკა ახლა უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გახდა მიუღებელი.

მახსოვს, ჯაბა იოსელიანი სერიოზულად ჯავრობდა, ჩვენ რუსებს ველაპარაკებით, ზღვისპირეთში “დაჩებს” ვპირდებით და ამ დროს ეს ოპოზიციონერები რუსეთის გინებით გამოხტებიან და საქმეს გვიფუჭებენო. მაშინდელი ხელისუფლების და მათი მომხრეების აზრით, აფხაზეთში მარცხი და ეკონომიკური სიძნელეებიც იმის ბრალი იყო, რომ თავის დროზე სიბრძნე ვერ გამოვიჩინეთ და ნაცვლად იმისა რომ რუსეთი მოგვეთაფლა და თავი მოგვექონა, ამხელა ქვეყანა გადავიკიდეთ და გადავიმტერეთ.

ამგვარი “სიბრძნის” უსაფუძვლობა თავად ცხოვრებამ გვაჩვენა. პრაქტიკამ ნათლად დაგვანახა, რომ არანაირი აზრი არა აქვს რუსეთისადმი კონსტრუქციულ, მეგობრულ,  მაამებლურ მლიქვნელურ თუ სხვა ამდაგვარ ჟესტებს. ეს არ ცვლის კრემლის აგრესიულ დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ.

რუსეთის აგრესიის ერთადერთი საპირწონე მხოლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მტკიცე და თანმიმდევრული კურსია. მართალია, სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთისადმი ზედმეტად აგრესიულ რიტორიკას საყვედურობდნენ, თუმცა პრეტენზია აქ შეიძლებოდა გვქონდეს მხოლოდ გამოხატვის ფორმებსა და ემოციურობის დოზებზე და არა ზოგადად იმაზე, თუ რატომ არ იჩენდა ის ხელისუფლება ‘სიბრძნეს” ძველნომენკლატურული გაგებით.

მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ეს ძველი „სიბრძნე“ოდესმე ისევ აქტუალური გახდებოდა საქართველოში, მაგრამ, როგორც ჩანს, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს.

აწმყო

ქართველი სამხედროს, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაპატიმრების ფაქტს საქართველოში საკმაოდ მძაფრი რეზონანსი ჰქონდა. [გუშინ, 26 იანვარს ცერცვაძე უკვე გამოუშვა უკრაინის სასამართლომ -JAMnews]

მართალია, ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით არა ქართველმა, არამედ უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, მაგრამ ეს არ ხსნის იმ სერიოზულ პრეტენზიებს, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ირკვევა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლა და მათ ინტერპოლის არხით ცერცვაძის პერსონალური მონაცემები გადასცა. შემდგომ ამისა, ქართველმა სამართალდამცავებმა უბრალოდ თავიდან მოიშორეს ცერცვაძის საქმე: საზღვარზე გაატარეს ინტერპოლის მიერ ძებნილი ოფიცერი, ისე, რომ არც გააფრთხილეს და არც დაჰკითხეს.

ამ საქმის პერიპეტიებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ ყურადღებას იმ აშკარა ტენდენციაზე გავამახვილებ, რის გამოც ამხელა ისტორიული ექსკურსი დამჭირდა.

თავისთავად გიორგი ცერცვაძის შემთხვევა შეიძლებოდა კონკრეტული ძალოვანი უწყების შეცდომად და არაკვალიფიციურ ქმედებად ჩაგვეთვალა, რომ არა ფაქტების მთელი წყება, რომელიც ამ საქმეს სხვა შემთხვევებთან ერთ რიგში აყენებს და ხელისუფლების პოლიტიკის გარკვეულ ტენდენციაზე მიუთითებს. აქ რამდენიმე შემთხვევას ჩამოვთვლი:

  1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ წავიდა გასული წლის ბოლოს გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილებოდა. მიზეზად დასახელდა ის, რომ ეს იყო მხოლოდ წევრი ქვეყნების შეკრება და საქართველოს დელეგაცია მიწვეული არ ყოფილა. თუმცა, ვისაც პოლიტიკის ანაბანა ესმის, იმან ისიც უნდა იცოდეს, რომ როდესაც შენი ქვეყნის ინტერესებს ეხება საქმე, ელემენტარულად ვალდებული ხარ არაოფიციალური არხების და ორმხრივი შეხვედრების ფორმატიც გამოიყენო.
  1. რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის სამინისტრო დაეთანხმა “გაზპრომის” პირობებს ტრანსკავკასიური გაზსადენიდან საქართველოს წილის მონეტიზაციის შესახებ, რითაც დაზარალდა ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს მაშინ, როდესაც შარშან ანალოგიურ წინადადებაზე უარი ითქვა და ახლაც მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული შეიცვლებოდა თუ არა ტრანზიტის პირობები.
  1. საქართველოს მთავრობაში დაიწყო ლაპარაკი რკინიგზის აქციების 25 პროცენტის გაყიდვის თაობაზე. აქციების გაყიდვაზე საუბრობს ის ხალხი, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ამ იდეას  ეწინააღმდეგებოდა. მაშინ გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ რკინიგზის წილის ყიდვით რუსეთია დაინტერესებულია და ლონდონის ბირჟაზე აქციების გატანის შემთხვევაში მაღალი ალბათობით სწორედ რუსები შეისყიდდნენ ამ აქციებს.  დღეს რუსებზე და იმაზე, რომ შესაძლოა, მათ შეისყიდონ საქართველოს სტრატეგიული ობიქტის აქციები, აღარავინ ლაპარაკობს.
  1. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა მიეღო განცხადება, რომელიც დაგმობდა სირიაში რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.
  1. საკონსტიტუციო კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ არიან თანახმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, ესეც სრულიად საკმარისია.

უკვე შეიძლება დადგენილ ფაქტად მივიღოთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს არაფერი ისეთი არ გააკეთოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის, ანუ ოკუპანტის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ქვეყნის უკმაყოფილება.

რუსეთის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები არათუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, არამედ ხელისუფლების მომხრე აქტივისტთა შორისაც სანთლით უნდა ეძებო და მაშინაც ან მიაგნებ ან არა. ანუ, გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ენით რომ ვთქვა, აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს “გამოიჩინოს სიბრძნე” და  “არ გააღიზიანოს რუსეთი”.

გიორგი ცერცვაძის შემთხვევაც ორგანულად ჯდება ამ რიგში.

სამომავლო პერსპექტივა

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რისი მაჩვენებელია ამგვარი დამოკიდებულება? (რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თამამად შეიძლება მივიღოთ როგორც დადგენილი ფაქტი)

“ნაციონალურ მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის პირველი დღიდანვე აცხადებდა, რომ ის არის კრემლის მარიონეტი და მისი მიზანი საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაა. ცერცვაძის შემთხვევაც მათთვის

ივანიშვილის და მისი გუნდის მოღალატური პოლიტიკის მორიგი გამოვლინება გახდა.

ჩემი აზრით, ასეთი ახსნა არასწორია. “ქართული ოცნება” უკვე ოთხი წელია იმყოფება ხელისუფლების სათავეში  და ის რომ რეალურად ყოფილიყო მარიონეტული რეჟიმი, ამ ხნის განმავლობაში ქართულ-რუსული კოლაბორაცია უკვე ორმხრივ შეთანხმება-გადაწყვეტილებებში იქნებოდა ასახული – არც ნატოს სწავლების ცენტრი გაიხსნებოდა საქართველოში და კიდევ ბევრი რამ არ გაკეთდებოდა. რუსეთთან ურთიერთობების უფრო კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანაზე კი ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები ადრეც ლაპარაკობდნენ. თუმცა, კონსტრუქციულობა ერთია და მარიონეტობა სულ სხვა.

მეორე მხრივ, სწორედ ეს კონსტრუქციულობაა პრობლემა. ასეთი მიდგომები ძალიან გვაგონებს 80-იანი წლების ნომენკლატურის შეხედულებებს, გვაგონებს კი არა ფაქტობრივად იგივეა. სულ ველოდები წარსულთან შეხვედრის იმ მომენტს, როდესაც  ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი იტყვის საკრალურ ფრაზას “გამოვიჩინოთ სიბრძნე”

მოტივაცია ამგვარი მიდგომისა, შესაძლოა, ძალიანაც კეთილშობილურია და ვიღაცას მართლა ჰგონია, რომ ენა ტკბილად მოუბარი არა მარტო გველს ამოიყვანს ხვრელიდან, არამედ ჩრდილოეთის დათვსაც მოულბობს გულს. თუმცა, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაც რომ საუკეთესო სურვილებითაა მოკირწყლული, ისიც კარგად ვიცით. ჩვენი დამოუკიდებლობის ოცდახუთწლიანი ისტორიაში ლამის მართლა ქვანიც კი ღაღადებენ ამგვარი “სიბრძნის” წინააღმდეგ.

მაშ, რა ახირებაა რუსეთის მიმართ ეს ძველნომენკლატურული კონსტრუქციულობა?

ის ახირებაა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის ვიღაც ხომ უნდა ერკვეოდეს ისტორიული და პოლიტიკურ კანონზომიერებებში? პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები კი დღევანდელ საქართველოში არის მხოლოდ ერთი კაცი. ყველა დანარჩენი მხოლოდ შემსრულებელი და აღმასრულებელი მენეჯერია, რომელთაც არცა აქვთ უფლება მიიღონ რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილება.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია ამ ერთი ადამიანის მენტალიტეტსა და კვალიფიკაციაზე, რომელიც 80-იანიც წლების ინტელიგენციისა და ნომენკლატურის ხედვებისგან დიდად არ განსხვავდება.

შესაძლოა, თავად ხელისუფლების შიგნითაც არსებობს საღი აზრი და ვიღაცეები ხვდებიან კიდეც, რომ ზეგარდმოდან წამოსული ეს “სიბრძნე”  არცთუ ჭკვიანურია, მაგრამ როგორც კლასიკოსმა თქვა, ლომს, თუნდაც ცალთვალას, ვინ შეჰბედავს ელამი ხარო?

მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღება და ხელისუფლების წიაღში არანაირი ავტონომიური ორგანიზაციულ-პოლიტიკური სუბიექტები აღარ არსებობენ, კონკრეტული ჩინოვნიკის საღი აზრი მის პირად აზრად დარჩება.

ასეთი რელიქტური მიდგომებით რომ ქვეყანა შორს ვერ წავა, ცხადზე უცხადესია, და ალბათ ცერცვაძის შემთხვევის მსგავსი პრეცედენტები კიდევ გვექნება, ვიდრე არსებითად არ შეიცვლება ქვეყნის მართვის არაფორმალური სტილი, რაც საკმაოდ რთული წარმოსადგენია ამ ხელისუფლების პირობებში.

* სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტრორის პირად შეხედულებებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიცია. 

ასევე წაიკითხეთ