სომხური სკოლები რეფორმებს ემსხვერპლა" />

სახელმძღვანელო, რომელიც ცოდნის სურვილს გიკარგავს

სომხური სკოლები რეფორმებს ემსხვერპლა

‘ერევანში ჩავედით და იქ სომხური ენის სახელმძღვანელო შევიძინეთ. საზღვარზე კი წიგნის შემოტანის უფლება არ მოგვცეს. მებაჟეებს ვემუდარებოდით, – სწავლა ხომ საჭიროა! წიგნებიც ძვირია – მხოლოდ მეორე კლასის მშობლიური ენის სახელმძღვანელო 1700 დრამი დაგვიჯდა’, – გვითხრა მეორეკლასელი ნარეკის დედამ, სატენიკ ნააპეტიანმა.

საქართველოში სახელმძღვანელოების შეტანა არ შეიძლება, ამიტომ მშობლები და გამყიდველები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ, რომ ამ აკრძალვას გვერდი აუარონ. ქართულ ბაზრობებზე ასეთი სახელმძღვანელოების უკანონოდ შეძენაც შეიძლება და ეს წიგნები საკმაოდ ძვირი, 18-30 ლარი [დაახლოებით 8-15 დოლარი] ღირს.

წელს სომხეთის სათვისტომოების სამინისტრომ და საქართველოს განათლების სამინისტრომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სომხურ სკოლებს მშობლიური ენის სახელმძღვანელოს 5265 ეგზემპლარი უნდა გადასცემოდათ. საქართველოში სულ 135 სომხური სკოლაა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს წიგნები არც ისე ბევრ მოსწავლეს ეყოფოდა, დანარჩენებმა კი მშობლიური ენა გაცვეთილი წიგნებით უნდა ისწავლონ.

როგორც ჩანს, თუ ენა ქართული არ არის, არც მნიშვნელოვანია 

საქართველოში, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთში მდებარე ახალქალაქისა და ნინოწმინდას რაიონების სკოლებში მოსწავლეთა დაახლოებით 95 პროცენტი სომეხია, რადგან აქ კომპაქტურად სახლობს სომხური თემი.

ამ ბავშვების უმრავლესობა სომხურ სკოლებში სწავლობს და ახალი სახელმძღვანელოების იმედი არ აქვს. აქ ყოველ წელს წიგნების ქსეროასლებს იღებენ და, შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა. ბავშვები ნაცრისფერი, გაცვეთილი წიგნებით სწავლობენ. ამ სახელმძღვანელოებში ტექსტები თითქმის არ ჩანს, სურათები კი არათუ შავ-თეთრი, არამედ შავ-წითელია. ამ წიგნებში ვერაფერს გაარჩევთ.

‘გაცვეთილი და ზოგჯერ დახეული წიგნები ბავშვებს საგნისადმი ზიზღს უჩენს. მოსწავლეებს ებადებათ აზრი, რომ მშობლიური ენა და ლიტერატურა მეორეხარისხოვანი საგნებია,’ – ამბობს მასწავლებელი ანაით მარაბიანი.

‘სომხური ენის სახელმძღვანელოებს უძველესი წიგნებივით ვეპყრობით. გვეშინია, საერთოდ არ დაგვეხეს. ჩემ შემდეგ ამ წიგნებით ჩემმა ძმამ უნდა ისწავლოს,’ – ამბობს მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ლარისა შიპაკციანი.

მაგრამ წიგნის, როგორც ცოდნის წყაროს, მიმართ ზიზღს მხოლოდ მისი გარეგნული მხარე არ განსაზღვრავს.

ყველა სხვა საგნის სახელმძღვანელოები ქართულ სკოლებში დანერგილი წიგნების სომხურ თარგმანებს წარმოადგენს. მაგრამ – როგორ თარგმანებს! მაგალითად, მათემატიკის სახელმძღვანელოში შიდა კუთხეს ‘კუთხე-ფარდა’ დაარქვეს. ბრჭყალები კი საერთოდ არ არის.

‘დედა ხშირად მეუბნება: ‘წადი, წიგნში გადაამოწმე’. ვამოწმებ, მაგრამ არ მჯერა, რადგან გაკვეთილზე ჯერ აღმოჩენილ შეცდომებს ვასწორებთ მასწავლებელთან ერთად, და ამის შემდეგ ვიწყებთ სწავლას,’ – ამბობს მეტერთმეტე კლასის მოსწავლე, მანუშაკ პაშაიანი.

‘მთელი გვერდები უაზრო ტექსტებითაა სავსე. სიტყვების რაღაც ნაკრებია მხოლოდ, – ფიზიკის სახელმძღვანელოების შესახებ საუბრისას განაცხადა სკოლის მასწავლებელმა, არუთიუნ ავეტიანმა, – და უკვე ხუთი წელია, რაც ეს გრძელდება. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ სახელმძღვანელოები ხარისხიანად თარგმნონ.’

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მათ არც მაღალი კვალიფიკაციის მთარგმნელები ჰყავთ, და არც ფული აქვთ იმისთვის, რომ ახალი წიგნები გამოსცენ. ახალი სახელმძღვანელოები ექვს წელიწადში ერთხელ იბეჭდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს ახალი წიგნები გამოვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სომხური სკოლების პედაგოგები განათლების სამინისტროს ემუდარებოდნენ, რომ ფიზიკის სახელმძღვანელო ფიზიკის სპეციალისტს ეთარგმნა თავიდან!

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცა განათლების სამინისტრო, თუმცა ჯავახეთის სკოლებში არავის აქვს ილუზია – ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, წინა წლებში დაბეჭდილ ‘ახალ’ სახელმძღვანელოებში არაფერი იცვლებოდა.

სომეხი და ქართველი ბავშვები არ მეგობრობენ, რადგან ერთმანეთის არ ესმით

ის ადამიანები, რომლებიც ამ ორი რაიონის სკოლებში ასწავლიან, ამბობენ, რომ მათ ცუდ სახელმძღვანელოებზე უფრო სერიოზული პრობლემებიც აქვთ. ზამთარში მოსწავლეები მთელი გაკვეთილის განმავლობაში შეშის ღუმელით თბებიან. გათბობა არ არის, ყინვა კი მინუს 20 გრადუსამდეც კი ეცემა. ასეთ დროს არც გეოგრაფიის თავი აქვს ვინმეს, და არც მათემატიკის. ზოგიერთ სკოლაში ღუმელზე პასუხისმგებელ პირებს ნიშნავენ.

კარგია, როდესაც ვინმეს დანიშვნის საშუალება არსებობს. ახალქალაქის რაიონის ზოგიერთ სკოლაში, ყველაზე დიდ კლასში 13 მოსწავლე ირიცხება. წელს ერთ-ერთ სკოლაში მხოლოდ ექვსი პირველკლასელი მივიდა.

დამაინც… ბევრი ადამიანისთვის სკოლა ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება მიხვიდე (სახლსა და მაღაზიას თუ არ ჩავთვლით). უფროსკლასელებისათვის სკოლა კლუბიცაა და წვეულების გასამართი შენობაც. მოკლედ, არამხოლოდ სასწავლებელი, არამედ გასართობი დაწესებულებაც არის.

კარგი იქნებოდა, სომეხ და ქართველ ახალგაზრდებს ერთმანეთთან უფრო ინტენსიური ურთიერთობა ჰქონოდათ. ამით ორ თემს შორის არსებული დაძაბულობა განიმუხტებოდა. მაგრამ სკოლის სომეხმა მოსწავლეებმა ქართული ენა არ იციან.

ამ თემაზე წერაც აღარ მინდა, რადგან ეს პრობლემა უკვე ბევრჯერაა განხილული. ამ საკითხის მოსაგვარებლად, ბოლო ათი წელია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათზე მეტი პროგრამა განხორციელდა, რომელთა დიდი ნაწილზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა. თუმცა, სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა.

მცირე ხნის წინათ ახალქალაქში საქართველოს განათლების მინისტრი ჩამოვიდა და ადგილობრივ მასწავლებლებთან გამართულ ფართომასშტაბიან, საერთო შეხვედრას დაესწრო. მინისტრი მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხებზე ლაპარაკობდა, მაგრამ -ქართულად. მისი წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პედაგოგებმა, რომლებიც თავაზიანად ესწრებოდნენ მის გამოსვლას, მისი ნათქვამიდან, ფაქტობრივად, ვერაფერი გაიგეს და გაოგნებულებმა და შეიძლება ითქვას, აღშფოთებულებმაც დატოვეს იქურობა. ანუ – პრობლემის კონსტრუქციული გზით გადაწყვეტისკენ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა.

და მაინც – რატომ ვერ ლაპარაკობენ ჯავახელები ქართულად?

როზა თამარიანი ახალქალაქის სომხურ სკოლაში ქართულს ასწავლის. ბავშვები ენას სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულის საშუალებით სწავლობენ; მაგრამ უკვე სამი წელია, რაც ზემოაღნიშნული რვეულები აღარ ჩამოდის. შედეგად ბავშვები ძველ, ხშირად დახეულ რვეულებს იყენებენ, რომლებსაც მემკვიდრეობით იღებენ. ასეთი რვეულები ყოველთვის ვარგისიც კი არ არის მოსწავლისთვის გამოსაყენებლად.

‘რვეულები იხევა და იჭმუჭნება. ზოგჯერ ისეთი საშინელი იერი აქვს, რომ ვერაფერს ამოიკითხავ. თან, ბოლომდე ვერც შლი იმას, რაც იქ წინამორბედებმა ჩაწერეს. ძველი ტექსტი მაინც ჩანს,’ – ამბობს მასწავლებელი.

საქართველოს განათლების სამინისტრო დაბეჯითებით აღნიშნავს, რომ ქართული ენის რვეულების განახლება ყოველწლიურად ხდება. მათ მისაღებად მშობელმა უბრალოდ დირექტორს უნდა მიმართოს და პრობლემა გადაწყდება.

რეალურად, რვეულების არარსებობა იმავე ‘თარგმნის სირთულეებთან’  არის დაკავშირებული. განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ყველა სკოლას უგზავნის სასწავლო მასალების სიას და დირექტორები ვალდებულები არიან, მიუთითონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ. ცხადია, ეს სიები ქართულადაა შედგენილი. იმ სკოლის დირექტორმა, რომელშიც როზა თამარიანი ასწავლის, სიაში არ მიუთითა რვეულები და, შესაბამისად, ეს სასწავლო საშუალებები არც ჩამოსულა. დირექტორმა კი იმიტომ არ აღნიშნა, რომ ქართული არ იცის.

ალბათ მას შემდეგ, რაც 2010 წელს ახალი სასწავლო გეგმა, ‘ბილინგვური სწავლება’ ამოქმედდა, თბილისში ბევრს გაუჩნდა ილუზია, რომ ‘ყინული დაიძრა’. ამ პროგრამის მიხედვით, სომხურ სკოლებში გაკვეთილები პირველივე კლასიდან ორ ნაწილად იყოფოდა – 20 წუთის განმავლობაში გაკვეთილი სომხურად უნდა ჩატარებულიყო, დანარჩენი 20 წუთი კი – ქართულად.

გამოიცა ახალი ორენოვანი სახელმძღვანელოები, რომლებშიც მასალის 30 პროცენტი ქართულად იყო დაბეჭდილი, დანარჩენი 70 პროცენტი კი – სომხურად. გეგმის მიხედვით, რაც უფრო მაღალი კლასისთვის იყო განკუთვნილი სახელმძღვანელო, მით უფრო დიდი იყო მასში ქართული ტექსტის ხვედრითი წილი.

კლასში ორი მასწავლებელი უნდა შესულიყო – საგნის სპეციალისტსა და ქართული ენის პედაგოგი. ან, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი მასწავლებელი, რომელიც შეეძლო, ორივე ნაწილს გაძღოლოდა.

თუმცა, ახალქალაქში მხოლოდ 10 ისეთი მასწავლებელი თუ მოიძებნა, რომელთაც ორივე ენაზე შეუძლიათ ასწავლონ. 10 ადამიანი მთელ რაიონში, სადაც 55 სომხური, 7 ქართული, 1 რუსული და ორი სომხურ-ქართული სკოლაა! 10 მასწავლებელი თითქმის 8 ათას მოსწავლეზე!

‘საკუთრივ იდეა გასაგებია, მაგრამ პროექტის ავტორებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჯავახეთის სკოლების პედაგოგთა 90 პროცენტი ქართულ ენას არ ფლობს! შედეგად, გაკვეთილები მაინც სომხურად ტარდება. პედაგოგები იტანჯებიან ამ სახელმძღვანელოებით და ცდილობენ, ისე თარგმნონ, როგორც შეუძლიათ,’ – ამბობს სოფელ ოლავერდის სკოლის დირექტორი, გარნუკ ტაშჩიანი.

‘მივესალმებით ორენოვან სწავლებას, მაგრამ სათანადო კადრებითა და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას ვითხოვთ,’ – ამბობს სოფელ კულიკამის სკოლის დირექტორი, არმინე უზუნიანი.

ამასობაში კი სწავლების ხარისხი მაინც ზარალდება. მოსწავლეს არ შეუძლია ‘ქართული’ ნაწილის ათვისება. არადა, სწორედ ეს ნაწილია არსებითი და მთავარი, რადგან მასალის ამ ფრაგმენტშია თავმოყრილი ფაქტები, რომელთა შესწავლაც გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს! და რა ძალისხმევაც უნდა გაწიოს მასწავლებელმა, სკოლაში ცოდნის მთავარ წყაროდ მაინც სახელმძღვანელო რჩება. ამ შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს ორენოვან სახელმძღვანელოსთან, რომელიც ბავშვის სწავლის საშუალებებს კი არ აფართოებს, არამედ ზღუდავს, რადგან მათ სახელმძღვანელოს მხოლოდ იმ მცირე ნაწილის გაცნობის საშუალება აქვთ, რომელიც სომხურადაა დაწერილი.

ლუსინე, სამველ უზუნიანის დედა, ყოველდღე, სომხური გამოთქმის არ იყოს, ‘სახეზე ხელებაფარებული’ (ანუ მორიდებით) მიდის სოფლის სკოლის ქართული ენის მასწავლებელთან, რომ პედაგოგმა სამველს დავალების ის ნაწილი უთარგმნოს, რომელიც ქართულადაა დაწერილი. მაგრამ ასეთი ‘იღბლიანი’ ნაცნობობით ყველა მშობელი ხომ ვერ დაიკვეხნის.

‘საუკეთესო შემთხვევაში, ბავშვები ქართულ ენას მხოლოდ სასაუბრო დონეზე ფლობენ. როგორ ისწავლონ? საბოლოოდ მე თვითონ ვთარგმნი სასწავლო მასალას და შემდეგ ვასწავლი – ოღონდ მაინც სომხურად. ძალიან მიჭირს, რადგან ქართული ენა სრულყოფილად არც მე ვიცი,’ – ამბობს ახალქალაქის მკვიდრი, ბიოლოგიის მასწავლებელი სირაკან შაფაქციანი.

‘ორენოვანი სწავლება მაშინ იმუშავებს, როდესაც ეს პროგრამა პროფესიონალური კადრებით იქნება უზრუნველყოფილი. რა შედეგს უნდა ველოდოთ ამჯერად, როდესაც არათუ კომპიუტერები და თანამედროვე მეთოდიკა, არამედ ნორმალური სახელმძღვანელოები და მასწავლებლებიც არ გვყავს?’ – რიტორიკულ კითხვას სვამს სოფელ აზავრეთის სკოლის დირექტორი, სლავიკ ეღიაზარიანი.

მშობლიური ენა, რომელიც დისკრიმინაციას განიცდის

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სომხურ ოჯახებს აშფოთებს. ლაპარაკია გასულ წელს განათლების სამინისტროს მიერ არაქართულ სკოლების სასწავლო გეგმაში დანერგილ ცვლილებებზე.

სომხური ენისთვის მეათე და მეთერთმეტე კლასებში მხოლოდ პირველ სემესტრში რჩება კვირაში ხუთი გაკვეთილი. მეორე სემესტრში მშობლიური ენის შესწავლას მხოლოდ ოთხი საათი ეთმობა.

რომელ საგანს ერგო ეს დამატებითი საათები? გაირკვა, რომ – არც ერთს. ამდენად, ჩინოვნიკებმა უბრალოდ შეუმცირეს დატვირთვა იმ მოსწავლეებს, რომლებიც ქართულენოვანი თანატოლებისგან განსხვავებით, საკუთარ, მშობლიურ ენასაც სწავლობენ.

შედეგად, სომხურ სკოლებში, უწინდელი 384 გაკვეთილის ნაცვლად, 374 ტარდება. ამდენად, სასაათო ბადე 10 საათით შემცირდა – ინგლისურ ენას რუსულ ენასა და ბიოლოგიას სამ-სამი საათი დააკლდა, მშობლიურ ენას კი – ერთი.

და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს სომხურ სკოლებში სომხურ ენის გამოსაშვები გამოცდა არ არის დაწესებული. მართალია, ყველა საკოლას აქვს უფლება, ერთი გამოცდა საკუთარი შეხედულებისამებრ დააწესოს, და ბევრი სასწავლო დაწესებულება ასეც იქცევა, მაგრამ ყველა – არა. მოსწავლეები კი, რადგან სომხურში გამოცდა არ აქვთ, ამ საგანს ზერელედ სწავლობენ.

‘სომხურის შესწავლისადმი ფორმალური მიდგომა ბევრ მოსწავლეს ამ საგნის მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებას უჩენს. ჩვენ დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ ბავშვმა მშობლიური ენის სიყვარული არ დაკარგოს,’ – ამბობს ახალქალაქის №5 სკოლის დირექტორი, ემა ნაჰატაკიანი.

სომხური ენის გამოცდა ერთიანი ცენტრალიზებული გამოცდების სიაში რომ ჩართონ, ამისთვის საჭიროა ფინანსები და პროფესიონალური კადრები. საქართველოს განათლების სამინისტრო არც ერთს ფლობს, და არც მეორეს.

არავინ აპირებს პრობლემის გადაჭრას

შედეგად, სომხური სკოლები ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდნენ. ისინი ვერ მიიღებენ ახალ კადრებს. სკოლადამთავრებულები ქართული პედაგოგიურ სასწავლებლებში ჩაბარებისგან თავს იკავებენ (მაშინაც კი, როდესაც მათ ამის სურვილი აქვთ), რადგან ქართული არ იციან. ის სტუდენტები კი, რომლებიც სომხეთში არსებულ პედაგოგიურ სასწავლებლებში სწავლობენ, ხვდებიან, რომ მშობლიური ჯავახეთის სკოლებში სამუშაოს ვერ იშოვიან – იმავე ქართული ენის არცოდნის გამო. სხვათა შორის, მოქმედი მასწავლებლების კონტინგენტი, ძირითადად, იმ სპეციალისტებისგან შედგება, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული განათლება საბჭოთა პერიოდში მიიღეს. ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს ჯავახეთში ათი წლის შემდეგ?

ექვსი წლის წინათ საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საშეღავათო პროგრამა, ‘4+1’ ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართულ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მშობლიურ ენაზე, რის შემდეგაც აბიტურიენტი მოსამზადებელ კურსზე ირიცხება, სადაც ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ქართულ ენას სწავლობს, და მხოლოდ ამის შემდეგ აბარებს ძირითადი ფაკულტეტის გამოცდებს.

ამის მიუხედავად, ჯავახელი აბითურიენტები სწავლის გასაგრძელებლად ძალიან იშვიათად ჩადიან თბილისში. ეს მათთვის ძალიან რთულია და თან მათ მოწადინებას განსაკუთრებული მხარდაჭერით არავინ ხვდება. ახალგაზრდები, ძირითადად, მიემგზავრებიან სომხეთში ან რუსეთში, სადაც ქართული ენის ცოდნა საჭირო არ არის.

ადგილობრივები სიამაყით აღნიშნავენ, რომ ჯავახეთის ძალიან ბევრი მკვიდრი დღეს ერევანში, მოსკოვში პეტერბურგსა და კრასნოდარში საკუთარ პროფესიებში საუკეთესო სპეციალისტები არიან. ჯავახეთიდან კი იმიტომ წავიდნენ, რომ აქ ნორმალური მომავალი არ ესახებოდათ.

 გამოქვეყნებულია: 26.04.2016


ასევე წაიკითხეთ