კამათში აქტიურად ჩაება აფხაზური და ქართული საზოგადოება " />

აფხაზეთის ომის მემორიალი შოტლანდიაში – რა ბედი ელის მას?

კამათში აქტიურად ჩაება აფხაზური და ქართული საზოგადოება

შოტლანდიის პატარა ქალაქ კილმარნოკში არსებული ძეგლი, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, აფხაზეთისა და საქართველოს საზოგადოებაში პეტიციების, მიტინგების, მრგვალი მაგიდების, მაღალ დონეზე განხილვებისა და სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსიების მიზეზად იქცა.

სტელა ჯერ კიდევ 1995 წელს დაიდგა. მასზე დატანილია აფხაზეთის დროშისა და ასეთი წარწერის გრავიურა: „სოხუმთან დაძმობილებული ჩვენი ქალაქისგან მათი ხსოვნის საპატივცემულოდ, ვინც აფხაზეთი-საქართველოს 1992-1993 წლების კონფლიქტში დაიღუპა“.

ძეგლი იქ სწორედ იმის გამო გაჩნდა, რომ კილმარნოკი და სოხუმი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან დაძმობილებული ქალაქები არიან. მაშინ, 1995 წელს ამ ძეგლის გახსნაზე სოხუმის მერი გარი აიბა იყო ჩასული. ამ ჟესტის საპასუხოდ კი, სოხუმის ერთ-ერთ ქუჩას შოტლანდიის ქუჩა დაერქვა.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ძეგლის არსებობის შესახებ მხოლოდ ახლა, რამდენიმე დღის წინ შეიტყო. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა ოფიციალურ ლონდონს თავისი პროტესტი გაუგზავნა. მას დაეთანხმნენ და მემორიალის აღების გადაწყვეტილება მიიღეს.

მემორიალის დადგმიდან 22 წელიწადია გასული და შოტლანდიაში მისი არსებობა ბევრს დაავიწყდა. თუმცა, საქართველოსა და აფხაზეთის საზოგადოებაში ძეგლის სავარაუდო აღების ამბავმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ბოლო ხანს მათ ერთობლივად სამსჯელო თემა ძალიან ცოტა აქვთ.

აფხაზური მხარის რექცია

აფხაზეთში, მემორიალის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, კილმარნოკისა და შოტლანდიის ხელისუფლების მიმართ შედგენილ პეტიციაზე ხელისმოწერების შეგროვება დაიწყეს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელშიც ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით საქართველოს ქმედებები შეაფასა როგორც „აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერების განადგურების მიზნით ჩადენილი ვანდალური აქტი“.

განცხადებაში ასევე ნათვამია, რომ „ძეგლის წინააღმდეგ ოფიციალური თბილისის ბრძოლა ქართველი გვარდიელების მიერ 1992 წლის ოქტომბერში აფხაზეთის სახელმწიფო არქივისა და აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის გადაწვას ჰგავს“.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დიკუსიებზე საერთაშორისო შუამავლებს მოუწოდა, რომ “საქართველოს მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს ადვეკვატური და ობიექტური შეფასება მიეცეს“.

ანალოგიური განცხადებებით გამოვიდა აფხაზეთის თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია. საზოგადოებრივმა პალატამ საგანგებო განცხდება გაავრცელა.

აფხაზეთის სოციალური ქსელები კატეგორიულად გმობენ ძეგლის აღების გადაწყვეტილებას. რამდენიმე სახასიათო მაგალითი:

„ძეგლებს ფუნდამენტალისტები ებრძვიან, ბნელი ვანდალები, რადგან ისინი კულტურის ნამდვილი მოძულეები არიან. ამ შემთხვევაში, თალიბებს, ისლამური სახელმწიფოს წევრებსა და კულტურულ ევროპელებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ“.

„ეს – თანმიმდევრული პოლიტიკაა, რომ აფხაზეთს, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ყველგან რაიმე ავნონ. ხან ბავშვებს კონცერტებზე ან შეჯიბრებებზე გამგზავრებას უკრძალავენ, ახლა კი, აი ეს ძეგლი“.

„ამასაც მოვესწარით, რომ ჩვენი მახსოვრობის წაშლას ცდილობენ. მიცვალებულები მაინც მოასვენონ“.

„კილმარნოკის მახლობლად პატარა დასახლებაა – სახელად Moscow. ბარემ იქნებ მისი აღებაც მოეთხოვათ?“

„უძლურებს მხოლოდ ძეგლებთან შეუძლიათ გამკლავება. არ ღირს გულის დაწყვეტა. სუსტისგან სხვას რას უნდა ველოდეთ?“

„დემონაჟის შემდეგ ძეგლი აფხაზეთში უნდა გადმოვიტანოთ და შოტლანდიის ქუჩაზე დავდგათ, და ეს ამბავი შოტლანდიელებს ვაცნობოთ. დაე, შერცხვეთ! მთის ხალხის რაიმე ნიშანწყალი მაინც თუ აქვთ შერჩენილი, იმედი მაქვს, შერცხვებათ“.

„ქართველებმა ომის დროს ჩვენი არქივები გადაწვეს, ახლა ძეგლებს იღებენ – აი, სწორედ ასეთი ფაქტებისგან შედგება ხალხის ისტორიული მეხსიერება“.

ქართული მხარის რეაქცია

ქართული მხარე აცხადებს, რომ მემორიალის დემონტაჟზე არ არის ლაპარაკი – მას უბრალოდ სახე შეეცვლება და ადგილზე დაბრუნდება.

„ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას უბრალოდ მივუთითეთ, რომ მემორიალი პოლიტიზირებულ სიმბოლიკას შეიცავდა და, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას არ შეესაბამებოდა. ადგილობრივი მთავრობა ამ არგუმენტს დათანხმდა და დაგვპირდნენ, რომ ძეგლს შესაბამისობაში მოიყვანდნენ. ამ მიზნით ის დროებით აიღეს, და გამოსწორების შემდეგ ადგფილზე დააბრუნებენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქრთველოს სახალხო დამცველის მიერ სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე (ონლაინ-პორტალი „ეხო კავკაზას“ ციტატა).

თუმცა, საქართველოში ძეგლის აღების წინააღმდეგ პროტესტით ერთდროულად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა, ასევე აფხაზეთის მიერ ინიცირებულ პეტიციასაც საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს.

„ჩვენ აფხაზებს სოლიდარობას ვუცხადებთ იმ საკითხში, რომ 21-ე საუკუნეში ძეგლებთან ბრძოლა“ უაზროა და არაშორსმჭვრეტელური. ჩვენი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება – სამშვიდობო ძალისხმევაზე მიტანილი სერიოზული დარტყმაა, და ის ურთერთობების მოგვარებას ხელს არ უწყობს, პირიქით, უფრო მეტად გვაშორებს აფხაზებისგან. საერთაშორისო არენაზე შერიგების სურვილს გამოვთქვამთ, სინამდვილეში კი სრულიად საწინააღმდეგოს ვაკეთებთ“, -უთხრა JAMnews-ს სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთმა მონაწილე ჟურნალისტმა რუსიკო მარშანიამ.

საქართველოს სოციალურ ქსელებში ძეგლის ისტორიასთან დაკავშირებით ასევე უაღრესად მწვავე პოლიმიკა მიდინარეობს. რამდენიმე სახასიათო კომენტარი:

„ძეგლებთან, დროშებთან და ქვებთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის სისუსტეზე მეტყველებს. ჯობს, საქმით დაკავდნენ – მაგალითად, ლარის გაუფასურება შეაჩერონ“.

ვეჭვობ, შოტლანდიის „რომელიღაც“ ქალაქში, 90-იან წლებში დამონტაჟებული მემორიალური ქვის აღებას არაღიარების პოლიტიკასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის რაიმე შეეძინოს; ნდობის საკითხს კი მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. არის საკითხები სადაც განსაკუთრებული დელიკატურობა გვმართებს. ვფიქრობ, შეიძლებოდა ამ საკითხის ბევრად უმტკივნეულოდ გადაწყვეტა!“.

„ასეთი მემორიალები რუსეთში დადგან! ცივილიზებულ სამყაროში აფხაზებისა და მათი მემორიალების ადგილი არ არის“.

„როგორ დაუშვა საქართველოს მთავრობამ, რომ აფხაზეთის დროშა ამდენ ხანს ფრიალებდა შოტლანდიაში? თუკი ასეთ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, აფხაზეთის დროშები ყველგან გაჩნდება და ცივილიზებული სამყარო მათ არსებობას შეეჩვევა, იმ აზრს შეეგუება, რომ აფხაზეთი – საქართველო ნაწილი არი არის“.

„ნდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ პრინციპული პოზიციების არსწბობის შემთხვევაში. ჩვენი პოზიციაა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. მათი – რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა. ამიტომ ენის მოჩლექვა, დების და ძმების ძახილი და მსგავსი სისულელეები არაა საჭირო ნდობის აღსადგენად. საჭიროა საკუთარი და სხვისი ღირსების შეგნება. ორივენი ომგადახდილები და ტრავმირებულები ვართ, შეცდომა ორივეს დაგვიშვია და დანაშაული ორივეს ჩაგვიდენია. სწორედ ამ პოზიციების გაცნობიერებით შეიძლება ნდობის აღდგენა“.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ