პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოელების შრომას და ცხოვრებას არეგულირებს


ასეთ ბოქლომებს თბილისის ისტორიულ უბანში, ხიდზე უცხოელი ტურისტები ტოვებენ. REUTERS/დავით მძინარიშვილი
საქართველოში, შესაძლოა, უცხოელთა დასაქმების და ბინადრობის წესები შეიცვალოს.
პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, ასევე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ინიციატივის ავტორია ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”. ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში უნდა შევიდეს.
მთავარი ცვლილებაა ის, რომ უცხოელებს სამსახურს მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზებენ, თუკი იმ კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების სურვილს საქართველოს მოქალაქე არ გამოთქვამს.
ასევე, შედგება იმ სპეციალობების და და პროფესიების სია, სადაც უცხოელებს დასაქმების უფლება ექნებათ.
“ნაციონალური მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში, რომელსაც რეგიონში ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს, უცხოელების დასაქმება უნდა რეგულირდებოდეს, რათა მათ ადგილობრივ მოსახლეობას არ წაართვან სამუშაო ადგილები.
“ქვეყანა არ განიცდის არამარტო არაკვალიფიციური, არამედ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს, ამიტომ უცხოელთათვის ქართულ სამუშაო ბაზარზე შემოსვლის ლიბერალური წესების არსებობა არასწორია”, – წერია კანონპროექტში.
ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერი უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების წესის გამკაცრებას ითხოვს
კანონპროექტი ითხოვს, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს იმ სპეციალობების/პროფესიების ნუსხა, რომელ სფეროშიც არსებობს დეფიციტი ან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესი, რომ იქ მუშაობდნენ აუცილებლად კვალიფიციური უცხოელი კადრები.
“დაუშვებელია შრომითი კონტრაქტი შეთავაზებულ იქნეს უცხოელისთვის, თუ არსებობს ამ სამუშაო ადგილის დაკავების მსურველი და იგივე კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე“,-აღნიშნულია პროექტში.
• 2012-2016 წლებში საქართველოში უცხოელებზე 70 508 ბინადრობის ნებართვა გაიცა. 2017 წელს გაცემულია 1173 ბინადრობის ნებართვა (მოთხოვნის შემცირება დაკავშირებულია საქართველოში უვიზოდ ყოფნის წესების გამარტივებასთან). ქვეყნების მიხედვით, ბოლო წლებში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა გაიცა აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, ინდოეთის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეებზე.
• 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა.
• ყველაზე ხშირად (53 პროცენტი) უძრავ ქონებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ. შემდეგ მოდიან უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და ა.შ. ეს ინფორმაცია „2017 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.