საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები
20-21 ივნისის ღამეს საპროტესტი აქციის დარბევას ხელისუფლებამ საკადრო გადაწყვეტილებებით უპასუხა – პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ირაკლი კობახიძემ, მის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა წარადგინა.
პარლამენტის შენობასთან ახლა სიმშვიდეა, თუმცა საღამოს 19 საათისთვის მოქალაქეები დიდ საპროტესტო აქციას აანონსებენ.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის გასაპროტესტებლად გამართული აქცია გუშინ ღამე ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. აქციის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შეკრებილებს პარლამენტის შენობის დაკავებისკენ მოუწოდა. მელიას მოწოდებას რამდენიმე ათეული ადამიანი გამოეხმაურა, ისინი პოლიციელთა კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ.
აქციას სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში შლიდნენ. დაკავებულია ათობით ადამიანი. რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე სასწრაფო დახმარების მანქანებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის ორ ახალგაზრდა მონაწილეს თვალის ამოღება დასჭირდა. თვალში მათ რეზინის ტყვია მოხვდათ.
თმცა.მეორე დღეს საპროტესტო აქციაზე აქციაზე პარლამენტთან უფრო მეტი ადამიანი მივიდა. აქციაზე სამი ძირითადი მოთხოვნა დაასახელეს:
1.გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები.
2.გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით არაპროპორციული ძალა გამოიყენა მიტინგის დასაშლელად;
3.და დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც პროპორციული წესით ჩატარდება.
რამ გამოიწვია 21 ივნისის კრიზისი? ვინ არის პასუხისმგებელი და სად არის გამოსავალი? ექსპერტების მოსაზრებები “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ყველაზე რთული ღამის შემდეგ
• ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისთვის
• ბასიანი, ბიძინა და კალენდარი
• საქართველომ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ორი საჩივარი შეიტანა
გია ნოდია:
ხელისუფლებამ ორჯერ გამოისვა ყელში დანა: ჯერ გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმით, მერე იმით, თუ როგორ დაშალა საპროტესტო აქცია.
დიახ, ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა. დიახ, ნიკა მელიას [“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი] მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მას გამართლება არა აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი. თუმცა, ხელისუფლებამ რამდენიმე რამე უნდა გაითვალისწინოს:
2007 წლის 7 ნოემბერსაც და, მით უმეტეს, 2011 წლის 26 მაისსაც იმდროინდელ ხელისუფლებას აქციების დაშლის ლეგალური საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ამის გაკეთება მას სერიოზულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდა. ამ ხელისუფლების სპიკერებმა და მომხრეებმა ის დაშლები წინა ხელისუფლებას უპატიებელ დანაშაულად ჩაუთვალეს. ახლა თვითონ უარესი გააკეთეს.
ამ შემთხევაში, თვითონ დაშლის პროცესი იყო, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორეს მხრივ კი, გაუმართლებელი სისასტიკის მაგალითი. რეზინის ტყვიების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმით, რომ ის ნამდვილ ტყვიებს ჯობია. როდესაც პარლამენტის შენობაში შეჭრის საფრთხე აღარ არის და მაინც რეზინის ტყვიებით დასდევ ხალხს ქუჩებსა და სკვერებში, ეს შეუძლებელია რამით გაამართლო.
ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. ეს სახელმწიფოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ყველას საერთო ინტერესია პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, თუმცა ეს ძალიან ძნელია.
ოპოზიციის მხრიდან ეს უნდა ნიშნავდეს სადღაც შევარდნის და რაღაცის დაკავების ცდუნებაზე უარის თქმას.
რაც შეეხება მშვიდობიან მასობრივ პროტესტს – ის გამართლებულიცაა და აუცილებელიც, ოღონდ სრულიად არაპროდუქტიული იქნება, რომ ამ პროტესტს ერთი რომელიმე პარტია მოექცეს სათავეში (თუნდაც ამ წუთში „კოალიცია“ ერქვას).
კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას. 2007 წელს პრეზიდენტი გადადგა – ახლა ეს შეუძლებელია, რადგან არაფორმალური ლიდერი, რომელიც ქვეყანას რეალურად მართავს, ვერ გადადგება. კობახიძის [პარლამენტის თავმჯდომარე] და გახარიას [შს მინისტრი] გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი.
რაკი სრულად პროპორციული არჩევნების წესი არის ის, რაც საზოგადოებას ასე თუ ისე აერთიანებს, ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.
არ ვიცი, ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რომ საქმეს ეშველოს, მაგრამ აუცილებელი კია.
გია ხუხაშვილი:
„ქართული ოცნება“ აღარც უარყოფს, რომ ის, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრეა. ეს ორი ძალა წლებია ერთმანეთში არჩევს საქმეებს და მამა-შვილის საქმის გარჩევაში მთელი ქვეყანა გაილახა. ამის დიდხანს ყურება აღარ შეიძლება. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის მანკიერი სიმბიოზი, რომელიც საზოგადოებას განვითარების საშუალებას არ აძლევს და მუდმივად ამ მანკიერ წრეში ატრიალებს. ეს უნდა დამთავრდეს.
მე პირადად 7 ნოემბერთან ანალოგიებისგან თავს შევიკავებდი. სპეცრაზმი ძალიან სპეციფიური დაჯგუფებაა – ისინი თუ მიუშვი, ცხადია იქ სისასტიკე გარდაუვალი იქნება. თუმცა, სხვა საკითხია, რომ სპეცრაზმის გამოყენებამდე არ უნდა მიიყვანო საქმე.
მომხდარზე სრული პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა იმან, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების უნარი არა აქვს. გუშინ შეიქმნა ვითარება, რაზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდებოდა – გავრილოვის პარლამენტში მისვლას ვგულისხმობ. ეს ორივემ დაგმო. მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ორივე ერთი და იგივე რამეს ამბობდა. ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო პასუხისმგებელი პირის სწრაფად გამოკვეთა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დეკლარირება. ეს იყო გასაკეთებელი, მეტი არაფერი. თუმცა, ეს მანკიერი სიმბიოზი ერთმანეთით იკვებება და იმ საკითხშიც კი, რაზეც თანხმდებიან, მზად არიან, ერთმანეთს ყელი გამოღადრონ.
სამწუხაროდ, ეს ხელისუფლებაც ამთავრებს ისე, როგორც დაამთავრა წინამ. ვერ გეტყვით, რომ ეს ხვალ ან ზეგ მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უკვე შეუქცევადია იმიტომ, რომ რუბიკონი გადალახულია. დღეს ვნახავთ ორივე მხრიდან თავის მართლების მცდელობებს, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკურ ელიტას მთლიანად, “ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მათი პასუხისმგებლობა ერთად უნდა დადგეს.
მიშას და ბიძინას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი და ყველაზე კარგი იქნება, თუ თვითონ წავლენ. თქვან, ჩვენ ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასო და წავიდნენ. ეს იქნებოდა ჯანსაღი განვითარება, თუმცა ამის ილუზია არავის აქვს. ამიტომ, რასაც ნებაყოფლობით არ აკეთებს ელიტა, საზოგადოებამ უნდა გააკეთებინოს. სხვა საკითხია, ვინ და როგორ. ეს კითხვები არსებობს. თუმცა, ისტორიული კანონზომიერება გვკარნახობს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დავაბრუნოთ და ჭაობში საბოლოოდ არ ჩავიძიროთ, ეს ორივე ძალა მოსაშორებელია.
თორნიკე შარაშენიძე, დოქტორი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, GIPA-ს პროფესორი
სამარცხვინო ის არის, რომ, როდესაც ეს რუსი კომუნისტი ჩამობრძანდა, ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონია, ყურიც არ შეუბერტყია და როდესაც ხალხი გაბრაზდა, მერე შეშინდნენ და მხოლოდ მერე დალაგდნენ ბოდიშების სახდელად. ეს იყო პირველი მარაზმი. მეორე მარაზმი იყო მიტინგის დარბევა. მე არ მომეწონა, როდესაც პარლამენტში შევარდნას ცდილობდნენ, ეს ჩემთვის მისაღები არ იყო და ამის გამო წამოვედი მიტინგიდან, მაგრამ, როდესაც ამას არაადეკვატურად და უგუნურად უპასუხეს, ეს იყო კატასტროფა. მაქსიმუმ ორი საათი რომ გაეძლოთ, მიტინგი ჩვეულებრივად დაიშლებოდა და ხელისუფლება სიტუაციიდანაც გამოძვრებოდა, მაგრამ გუშინ რაც გააკეთეს, ერთი ერთში ჰგავდა 2007 წლის 7 ნოემბერს ყველაფრით, თავიდან ბოლომდე, მათ შორის, იმ საშინელი ხმოვანი სიგნალის გამოყენებით და იმით, რომ მერე ხალხს დასდევდნენ ქუჩა-ქუჩა და იჭერდნენ.
ეს რაღა აუცილებელი იყო, ხალხს საცემად ფილარმონიამდე რომ მისდევდნენ? განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ აქციის დაშლის მერე რომელიმე ტელევიზიაში არ შევარდნენ. 12 წელი გავიდა და ვერანაირი დასკვნები არ გამოიტანეს. მერე რა, რომ შევარდნას ცდილობდნენ, შევარდნენ? ხალხის დევნა და დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლას რა აუცილებელი იყო? ამას რა გამართლება მოეძებნება?
გუშინ კობახიძე რომ გადამდგარიყო, თუმცა ამის უნარი ვინ მისცა, თავის გუნდსაც და თავის კარიერასაც გადაარჩენდა. ახლა უკვე ჩაირეცხება და მიჰყვება ყველა, მთელი ხელისუფლება და დამთავრდება ამით.
დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტია
ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ ჩაიდინა, სისხლის სამართლის დანაშაულია. იქ თუ რამდენიმე ადამიანი რაღაცას აშავებდა და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, თავისუფლად შეეძლოთ, ისე აღეკვეთათ ეს მცდელობა, აქცია არ დაეშალათ, თანაც ამ ფორმით.
მეორე პრობლემაა, რაც ამას მოჰყვა – პრაქტიკულად ნადირობა გამოცხადდა ადამიანებზე. სერიოზულად არის ხალხი დაშავებული, თვალები აქვთ ამოთხრილი. ეს არის ადამიანების უსაფრთხოების დაცვა? აქციის დაშლა გადაიზარდა სადამსჯელო ოპერაციაში. ამას არანაირი გამართლება არა აქვს, ხელისუფლებას უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
გამოვიდა ისე, რომ რუსი დეპუტატის მასპინძლობას და კობახიძე-გახარიას დანაშაულებრივ ქმედებებს მთელი ხელისუფლების პრესტიჟი გადააყოლეს. რა თქმა უნდა, მე ხელისუფლების პრესტიჟზე არ ვდარდობ, გუშინდელი დღე თავისთავად იყო უმძიმესი. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია საზოგადოებაში და მხოლოდ ვადამადელი პროპორციული არჩევნები თუ გამოასწორებს ვითარებას. რაც უფრო დიდხანს ჩაებღაუჭება ეს ხელისუფლება ძალაუფლებას, მით უფრი უარესი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც.