ცხინვალში ისტორიული - „ებრაული კვარტალის“ ბედს განიხილავენ, რომელიც ორი ომის შედეგად დაინგრა " />

ცხინვალის „ებრაული კვარტალი“ – აღვადგინოთ თუ დავივიწყოთ?

ცხინვალში ისტორიული - „ებრაული კვარტალის“ ბედს განიხილავენ, რომელიც ორი ომის შედეგად დაინგრა

ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში, დედები შვილებს იმ შენობებთან თამაშის უფლებას არ აძლევენ, რომლებშიც დიდი ხანია არავინ ცხოვრობს – შიშობენ, რომ ავარიული ნაგებობებიდან აგურები ჩამოიყრება.

აქ იწყება ყველასთვის ცნობილი ცხინვალის „ებრაული კვარტალი“ – აგურის ორსართულიანი საცხოვრებლები, რომლებიც ტყვიებითა და არტილერიის ჭურვებით დაზიანებული ფასადებით ძალიან განსხვავდება მეზობელ ქუჩებზე მდგარი ახალი შენობებისგან.

ფოტო: ჟანა ტარხანოვა, JAMnews

ებრაელები ცხინვალში: სამასწლიანი ისტორია 

ოსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ცხინვალის ებრაული საზოგადოება ორი ათას ადამიანზე მეტს ითვლიდა. აქ იყო მოქმედი სინაგოგა და სკოლა.

ებრაული საზოგადოებიდან გამოსული ადამიანები დაკავებული იყვნენ ხელსაქმით, ვაჭრობით, ფლობდნენ საპარიკმახეროებს, ფეხსაცმლის სახელოსნოებს, აგურის ქარხნებს, ასევე მათ ეკუთვნოდათ ფაქტობრივად ყველა მანუფაქტურის მაღაზია. ორი საცხობიც იყო, სადაც მაცას აცხობდნენ.

საზოგადო მოღვაწეს, ისტორიკოს ფატიმა მარგიევას ახსოვს ცხინვალელი მოხუცების ისტორიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ცხინვალელი ებრაელების წინაპრები ესპანეთიდან მე-17 საუკუნეში გადმოსახლდნენ.

ორი ომი: საზოგადოების დასასრული 

„ებრაული კვარტალი“ 1990-იანი წლების დასაწყისამდე – შეიარაღებულ კონფლიქტამდე – ცხინვალის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და თვალწარმტაცი კუთხე იყო.

საბჭოთა კავშირის დანგრევამ და თბილისსა და ცხინვალს შორის გამწვავებულმა კონფლიქტმა ცხინვალელ ებრაელებს არჩევანი არ დაუტოვა – საგანგაშო დროებამ და სახიფათო მოვლენებმა მათი ისრაელში ემიგრაციის პროვოცირება მოახდინა. დაცარიელებული კვარტალი, ისევე, როგორც ცხინვალის დანარჩენი რაიონები, სროლების ფონზე ნგრევას აგრძელებდა.

როგორც ერთიანი საცხოვრებელი რაიონი და არქიტექტურულ-კულტურული კომპლექსი, „ებრაული კვარტალი“ პირდაპირი საარტილერიო ცეცხლით 1991-1992 წლებში განადგურდა, როდესაც ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე მნიშვნელოვანი შემაღლებული ადგილები დაიკავეს.

2008 წლის აგვისტოში „ებრაული კვარტალი“ ისევ მასირებული ცეცხლის ქვეშ მოყვა და მაშინ საბოლოოდ განადგურდა 1990-იან წლებს სასწაულით გადარჩენილი ნაგებობები, რომლებიც დახვეწილი ჩუქურთმებითა და ქვის მყარი ფასადებით გამოირჩეოდა.

ფოტო: ჟანა ტარხანოვა, JAMnews

აღვადგინოთ თუ დავივიწყოთ? 

უკანასკნელი წლების განმავლობაში „ებრაულ კვარტალში“ მდგარი შენობების ნარჩენები თვალსა და ხელს შუა ინგრევა. ახლოს მდებარე კერძო სახლების მცხოვრებლებს ეშინიათ, რომ ავარიული შენობები დაიშლება და ნანგრევები შესაძლოა თავში დაეცეს გამვლელებს ან ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში თამაშობენ. სწორედ ამიტომ, ზოგიერთები ძველი შენობების დანგრევას ითხოვენ.

სამხრეთ ოსეთის ვანეევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვიაჩისლავ ჯაბიევი ქალაქის ძველი ნაწილის შენარჩუნებას უჭერს მხარს:

„ებრაული კვარტალი უნდა შევინარჩუნოთ და რესტავრირება ჩავუტაროთ – რათა ვიცოდეთ, როგორ შენდებოდა ცხინვალი და როგორი იყო მისი ისტორიული გარეგნობა. ეს მეხსიერებაა“.

არქიტექტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ტაბუევა დარწმუნებულია, რომ ებრაული კვარტალის დანგრევის საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას განხილვიდან:

„შენობების დანგრევა არ შეიძლება, იმდენად, რამდენადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს“.

დავის გადაწყვეტა ცხინვალის მერიას შეეძლო შენობის შემოღობვითა და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის აღდგენისთვის თანხების გამოყოფით.

მაგრამ ცხინვალის მთავარი არქიტექტორი მერაბ ტადტაევი აქცენტს „შესაბამისი თანხების არარსებობაზე აკეთებს, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო“. საკუთარი ფინანსები ქალაქის ხელისუფლებას არ აქვს, ასევე არ არიან სპეციალისტები, რომლებიც ნაგებობების კონსერვაციას აიღებდნენ საკუთარ თავზე.

კულტურისა და წესიერების საკითხი 

ისრაელში ემიგრირებულ „ებრაული კვარტალის“ ყოფილ მცხოვრებლებს არ უნდათ გულგრილად უყურონ იმას, როგორ შეიძლება ბულდოზერებით დაანგრიონ ომისგან დაზიანებული შენობები, რომლებშიც ოდესღაც თვითონ ცხოვრობდნენ.

რუსულენოვან ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ისრაელის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ელიონ ვილენჩიკი ცხინვალში დაიბადა. აქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები. ოჯახი თელ-ავივში საცხოვრებლად 1990-იანი წლების დასაწყისში გადავიდა.

ახლა ელიონ ვილენჩეკი ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ ორგანიზაციას „ცხინვალელი ებრაელების კულტურული მემკვიდრეობა“ და ძალიან ეხმარება თანამემამულეებს, ორგანიზებას უკეთებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას. ის ხშირად ჩადის ცხინვალში, რომელსაც „ჩემს ქალაქს“ უწოდებს.

ვილენჩიკი „ებრაული კვარტალის“ დანგრევის კატეგორიული წინააღმდეგია:

„ხელისფულებას ვიღაც არასწორი პოლიტიკური ნაბიჯისკენ უბიძგებს, ჩვენი ხალხების ურთიერთობის გაფუჭება სურს? ჩვენ ცხინვალში დავკარგეთ ყველაფერი. „ებრაული კვარტალის“ შენარჩუნების საკითხი – ეს ოსური მხარის საკითხია, მათი კულტურისა და წესიერების“.

ფოტო: ჟანა ტარხანოვა, JAMnews

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ