თეატრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებისათვის" />

სამომავლო გეგმები: არსებობის არშეწყვეტა

თეატრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსახიობებისათვის

ასეთ ბინას, როგორც წესი, უბრალოდ “მარტოხელა მამაკაცის საცხოვრებელს” უწოდებენ – ძალიან ცოტა ავეჯი, ნამწვებით სავსე მიწის თხილის კოლოფები და ტანსაცმელი, რომელიც მთელ სახლშია მიმოფანტული. კლასიკურ სურათს ოთხი ახალგაზრდა კაცი ავსებს. ერთი შეხედვით, ჩვენ წინაშე ბანალური მამაკაცური შეკრებაა, მაგრამ თუკი დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ოთახის კუთხეში დიდი აფიშაა გაკრული, კედელზე ორი ყავარჯენია აყუდებული, ოთახის ცენტრში, დანჯღრეულ სკამზე მჯდარი ერთ-ერთი კაცი კი დროდადრო ისტერიკულად იცინის.

“არა, არა! ასე ხელოვნურად ნუ გაიცინებ, – აწყვეტინებს მისი ერთ-ერთი მეგობარი, – და გთხოვ, როდესაც ამბის თხრობას დაიწყებ, ნუ შეეცდები, გული აუჩვილო მაყურებელს. პრინციპში, ამის გაკეთება ძალიან ადვილია. ამისთვის შენი ბიოგრაფის ზოგიერთი დეტალიც საკმარისია; მაგრამ ჩვენ აუდიტორიას უფრო ღრმა ემოციები უნდა აღვუძრათ. მაყურებელს… ან სიტყვებით უნდა მოვეფეროთ, ან სილა უნდა გავაწნათ. გესმის? კარგი. კიდევ ერთხელ”.

ასეთ “საველე” პირობებში (მხატვრული ხელმძღვანელის ბინაში) მიმდინარეობს ახლად შექმნილ თეატრ “ესას” გენერალური რეპეტიცია. პრემიერა ზეგისთვისაა დაგეგმილი.

ექსპერიმენტული თეატრი “ესა” სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვისაა გამიზნული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი დასი, მეტწილად, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებითაა დაკომპლექტებული.

შეიძლება ითქვას, რომ “ესას” მსახიობებს სპეციალური პროფესიული განათლება საერთოდ არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით თეატრის “დამფუძნებელ მამასა” და სამხატვრო ხელმძღვანელს, ნიჰად ღულამზადეს, რომელიც პროფესიონალი მსახიობი და დამწყები რეჟისორია.

თეატრი “ესა” როგორც შემოქმედებით, ისე სოციალურ ექსპერიმენტს წარმოადგენს, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს. აზერბაიჯანისთვის, სადაც შშმ პირების უმრავლესობას საზოგადოებრივი ცხოვრება არ აქვს, ეს თეატრი ეგზოტიკურ სიახლეს წარმოადგენს. იმ მიზეზების სია, რომელთა გამოც ეს ადამიანები საზოგადოებას მოწყდნენ, პანდუსების არარსებობით იწყება და სპეციალური ეტლების ფასებით სრულდება. ასე რომ, თეატრმა მაშინვე მიიპყრო პრესისა და ტელევიზიის ყურადღება.

თუმცა, მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის სურვილი ჯერჯერობით არავის გამოუხატავს. ნიჰად ღულამზადეს თქმით, ამჟამად “ესა” მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს, რის გამოც, თეატრის მესვეურები ბევრს ვერაფერს ახერხებენ. პირველი სპექტაკლი 400 მანათი (დაახლოებით $230) დაუჯდათ. ეს თანხა ნიჰადის ძმამ, ნიჯათ ღულამზადემ გაიღო. ნიჯათი თეატრის მენეჯერია.

აქედან მომდინარეობს მთავარი პრობლემაც – ახალბედა თეატრი ჯერჯერობით უსახლკაროა და პრემიერისთვის სცენა “უნივერსიტეტმა “ხაზარმა” “ათხოვა”.

აქ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გათამაშდა სადებიუტო სპექტაკლი, რომელსაც “DUMB” ეწოდება.

ადვილია ობიექტურობა და კრიტიკულობა მაშინ, როდესაც სცენაზე ჯანმრთელ არტისტებს ხედავ. მაგრამ თუკი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა საუბარი, უნებლიეთ გერთვება თვითცენზურა და საკუთარი აზრების ობიექტურობაში შეგაქვს ეჭვი. მართლა მოგეწონა ეს დადგმა, თუ შენს ნათქვამს გულმოწყალება, მორალი ან რაიმე სხვა, გარეშე გრძნობა განსაზღვრავს? თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოება შედარებით უფრო ლმობიერია ხოლმე. ასე იმიტომ ექცევიან, რომ არ სურთ, უკანასკნელ არამზადებად იგრძნონ თავები.

მაგრამ მსახიობების გამორჩეულობის გაუთვალისწინებლადაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. სხვათა შორის, ამ გამორჩეულობის დავიწყება ადვილი აღმოჩნდა – ან რეჟისორის მიერ გაწეული სამუშაომ გამოიღო შედეგი, ან უბრალოდ სიუჟეტი აღმოჩნდა საინტერესო. სპექტაკლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ეტლს ვეღარ ამჩნევ და უბრალოდ ადამიანს ხედავ, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ცხოვრებაზე საუბრობს.

მთელი მოქმედება ოთხი მონოსპექტაკლით, სიგიჟის, სიყვარულის, მშობლების მიმართ დამოკიდებულებისა და ღამის კოშმარების შესახებ მოყოლილი ოთხი მონათხრობისგან შედგება. თითოეული მონოლოგი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, თითოეულ სიტყვას სხვა მსახიობი წარმოთქვამს და მაყურებელი მხოლოდ სპექტაკლის ფინალურ ნაწილში ხვდება, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიას წარმოადგენს.

ნიჰად ღულამზადეს თქმით, სპექტაკლში მოთხრობილი ამბების 80% რეალურ ცხოვრებაში მოხდა. ზოგიერთი შემთხვევა თავად მსახიობებს გადახდათ, დანარჩენი კი მათი მეგობრებსა და ნაცნობების ბიოგრაფიებიდანაა აღებული. ოთხივე არტისტმა თავად დაწერა ის მონოლოგი, რომელსაც სპექტაკლის დროს კითხულობს; ამდენად, პიესას ერთდროულად ოთხი ავტორი ჰყავს. და მხოლოდ ერთი პერსონაჟი. არა, ორი; იმიტომ, რომ გმირის სიგიჟე სრულიად დამოუკიდებელი პერსონაჟია, რომელიც ხმას არ იღებს და სცენაზე ბალეტის მოცეკვავესავით ირჯება.

“DUMB” ისტორიაა ბავშვობის დროს გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც გმირს მთელი ცხოვრების მანძილზე სდევს თან, უცნაური და საშინელი ქმედებებისკენ უბიძგებს, ცხოვრებას უნგრევს (არამხოლოდ მას, არამედ სხვა ადამიანებსაც) და საბოლოოდ ნამდვილ ტრაგედიად გარდაიქმნება. მოკლედ, პროფესორი ფროიდი რომ მჯდარიყო დარბაზში, ალბათ, დიდ სიამოვნებას მიიღებდა.

პირველი სპექტაკლი წარმატებით დასრულდა. რა იქნება ამის შემდეგ?

თეატრის ყველაზე დიდი ოცნება საკუთარი შენობაა. დასსა და მის ხელმძღვანელობას არ სურს, ბოროტად გამოიყენოს უნივერსიტეტ “ხაზარის” სტუმართმოყვარეობა. და რომც უნდოდეთ, მაინც ვერ შეძლებენ ამას.

“ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ თეატრმა არსებობა გააგრძელოს, – ამბობს ნიჰად ღულამზადე, – ამისათვის კი, პირველ რიგში, თავად უნდა გვჯეროდეს მისი სიცოცხლისუნარიანობის”.

[Image_eb38e498c5534a7d8b241bd4905d3d00]

[Image_31a3cf9e27a84d90aa3e95e12c6e6102]

[Image_c14115b867d4485a98d7c200f1086e51]

[Image_9cbc2e1387d54e31a54e499b522b83fe]

[Image_08731d4502074879b55a869b98bbc944]

[Image_095aa06c07d14d5bad0e038e38363110]

[Image_2c16a6707cf94619aced31a0085aa894]

[Image_49b8d6dc98694cd998e00d2c05da44ef]

გამოქვეყნდა 12.01.2017

 

IMG_7448

IMG_7484 (1)

IMG_7463

IMG_7453

IMG_7454

IMG_7421

IMG_7415

Original_as_razmik

 

Published 12.01.2017


ასევე წაიკითხეთ