სალომე ზურაბიშვილი: საქართველო არ არის მზად რუსეთთან თანამშრომლობისთვის
საქართველო არ არის მზად თანამშრომლობისთვის რუსეთთან, რომელიც “ასე იქცევა საოკუპაციო ხაზთან”.
ამის შესახებ საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ბი-ბი-სი”-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
“ვიდრე რუსეთი ასე იქცევა საოკუპაციო ხაზთან, სადაც ყოველ დღე იტაცებენ ადამიანებს და ვიდრე ეს ხაზი არის მუდმივი საფრთხე, რომელიც მოცოცავს ჩვენი ქვეყნის სიღრმეში სულ უფრო ახლოს და ახლოს თბილისისკენ, მე არ მგონია, რომ რუსეთთან თანამშრომლობა იყოს შესაძლებელი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
რუსეთთან დიალოგის აღდგენის ხელისშემშლელ ფაქტორად მან უკრაინაში მიმდინარე რუსული პოლიტიკაც დაასახელა.
• ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?
• გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ქუჩაში გადის
• საერთაშორისო დამკვირვებლები: არჩევნები კონკურენტული იყო, თუმცა სამართლიანი არ ყოფილა
• ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
მისი თქმით, საქართველო მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის მხოლოდ დასავლეთის მონაწილეობით:
“თუ დასავლეთი და ევროპა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დაიწყებენ რაიმე ფორმით დიალოგს რუსეთთან, ჩვენც იქვე ვიქნებით და ყურადღებით დავაკვირდებით, რომ არ მოხდეს ჩვენი პრინციპების, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის პროევროპული ქვეყანა.
“ჩვენ ვართ დასავლეთი, ჩვენ ვართ ევროპა” – აღნიშნა მან. მისი თქმით, ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი იქნება პროევროპული და არ აპირებს ბალანსირებას რუსეთსა და ევროპას შორის.
ვლადიმირ პუტინზე
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს რუსეთი და პუტინი არის სხვა, ვიდრე იყო 2005 წელს, როდესაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანას დათანხმდა.
“არ მგონია, რომ დღეს პუტინი ბაზების გაყვანას დათანხმებულიყო. 2008 წლის ომის შემდეგ, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რუსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიას და ეს ბლოკავს რუსეთთან დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობას,” – ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, 2005 წელს, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი პირობები იდგა.
“დღევანდელ პირობებში, რუსეთის აგრესიული განწყობის გათვალისწინებით, საქართველოს არ შეუძლია რუსეთთან პირისპირ დარჩენა. ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს ჩვენს პარტნიორებთან, ზურგს უკან ისინი უნდა გვეგულებოდეს,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, რუსეთთან საქართველომ დიალოგი მარტომ არ უნდა აწარმოოს, მხოლოდ საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით.
საბჭოთა მენტალობის შეცვლაზე
როგორც ზურაბიშვილმა “ბი-ბი-სი”-ს უთხრა, როგორც პრეზიდენტი, ის იქნება აქტიური როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც.
პირველი, რაშიც ის თავის დანიშნულება ხედავს, რს არის საგარეო პოლიტიკა. ჩემი მიზანია, საქართველო მსოფლიო რუკაზე უფრო თვალსაჩინო გავხადო, ამბობს ზურაბიშვილი.
“ეს ექვსი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ პერიოდში ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთ ევროპას. მე სულ მახსოვს, რომ სწორედ ქალბატონი ვიკე-ფრაიბერგა (ლატვიის პრეზიდენტი 1999-2007 წლებში) იყო ის ადამიანი, რომელმაც მიიყვანა თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატომდე,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი აქტიურობა მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნითაც. პირველ რიგში, მისი თქმით, საქართველოში საბჭოთა მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და უფრო ევროპული გახდეს.
“მე გავიზარდე ევროპაში, 30 წელი ვიყავი ფრანგი დიპლომატი. კარგად ვიცი, როგორ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება და ვიმოძრაოთ ევროპისკენ,” – უთხრა ზურაბიშვილმა ბრიტანულ ტელეკომპანიას.
მისი თქმით, პრეზიდენტობის ყველაზე რთული პერიოდი იქნება პირველი კვირები და თვეები, ვიდრე არ მოხდება საზოგადოების დამშვიდება და გაერთიანება ხმაურიანი და შეურაცხმყოფელი საარჩევნო კამპანიის შემდეგ.
მეხუთე პრეზიდენტი საქართველომ 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აირჩია.
სახელისუფლებო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმებიც 59. 52 % დააგროვა, მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან გრიგოლ ვაშაძემ კი – 40,48% .
ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ქუჩის აქციებს აანონსებს. პირველი აქცია კვირას, 2 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
ახალი კონსტიტუციით, საქართველო პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აირჩია, უკვე 2024 წელს პრეზიდენტს 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.