ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თითოეული მხარე თავის მოთხოვნაზე რჩება" />

ერევნის და ბაქოს პოზიციები ბრატისლავაში შეხვედრის შემდეგ

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თითოეული მხარე თავის მოთხოვნაზე რჩება

Зограб Мнацаканян, Эльмар Мамедъяров, ОБСЕ,

ბრატისლავაში 4 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მკვეთრი ურთიერთბრალდებებით გამოვიდნენ. დიდი ანგარიშით,  შინაარსის თვალსაზრისით, ეს ახალი განცხადებები არ არის. ზოგრაბ მნაცკანიანმა და ელმარ მამედიაროვმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით თავიანთი ქვეყნების პოზიციები კიდევ ერთხელ წარმოადგინეს.

თავიდან მამედიაროვმა აზერბაიჯანის მიდგომა ეუთოს მინისტრთა კონფერენციაზე წარმოადგინა. ის  ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან გაყვანაზე, და იქ, უსაფრთხოების ზომების დაცვით, აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნების შესახებ ლაპარაკობდა. მნაცკანიანთან შეხვედრის შემდეგ მან სომხური მხარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასა და აზერბაიჯანის მიერ „ყველას ყველაზე“ პრინციპით ტყვეთა გაცვლაზე უარის თქმაში დაადანაშაულა.

მნაცკანიანმა, რომელიც ეუთოს მინისტრთა კონფერენციაზე სიტყვით აზერბაიჯანელი კოლეგის მამედიაროვის შემდეგ, მეორე დღეს გამოვიდა,  სომხეთის ოფიციალური პოზიცია წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ ყარაბაღელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება არ უნდა იყოს შეზღუდული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობით, ყარაბაღის კონფლიქტი „მხოლოდ მშვიდობიანი გზით“ უნდა მოგვარდეს.

ყველა დეტალი  კერძოდ რა განაცხადა ელმარ მამედიაროვმა და რა უპასუხა ამაზე ზოგრაბ მნაცკანიანმა.

ზოგრაბ მნაცკანიანის გამოსვლა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმით დაიწყო, რომ ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით და უკვე არსებული ფორმატით – მინსკის ჯგუფის შუამავლობით უნდა მოგვარდეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ყარაბაღელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობით არ უნდა შეიზღუდოს:

 „მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უცვლელი უფლება მშვიდობიანი მოგვარების ძირეულ პრინციპსა და საფუძველს წარმოადგენს.  ამ პრინციპის შეუზღუდავად აღიარება მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის სფეროში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იქნეს მიღებული. ტერმინი „შეუზღუდავად“ უშუალოდ ეხება მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებას – იურისდიქციის, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიღმა შეინარჩუნოს და განსაზღვროს თავის სტატუსი.“.

მუდმივი მტრული პოლიტიკა და აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ხალხის ეგზისტენციური, ფიზიკური უსაფრთხოების შერყევა და მუქარა, მათ შორის 2016 წლის აპრილში აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის მიმართ აგრესიის ბოლო მცდელობა, მთიანი ყარაბღის ხალხზე აზერბაიჯანის იურისდიქციის გავრცელების პრეტენდენტობის გამომრიცხავია, და ამის არალეგიტიმურობას უსვამს ხაზს“.

სომეხმა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მოლაპარაკებების მაგიდასთან ყარაბაღის მხარის დაბრუნების საკითხი. ამას მოითხოვს სომხეთის პრემიერი ფაშინიანი, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა. ის ამას იმით ხსნის, რომ ყარაბაღელ ხალხს ის არ აურჩევია და მათი სახელით ლაპარაკის მანდატი არ გააჩნია.

 „მშვიდობიანი მოგვარება ყოვლისმომცველი უნდა იყოს – კონფლიქტის ყველა მხარის უშუალო ჩართვის გზით. ამიტომ, მთიანი ყარაბაღი  თავისი რჩეული წარმომადგენლების საშუალებით მოლაპარაკებების პროცესში უშუალო მხარეს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მშვიდობიან პროცესში არცახის რჩეული წარმომადგენლების სრულფასოვანი მონაწილეობის აუცილებლობას, განსაკუთრებით კონფლიქტის მოგვარების არსებით საკითხებზე“, – განაცხადა ზოგრაბ მნაცკანიანმა.

მამედიაროვის განცხადება მოლაპარაკებების შემდეგ

უკვე 6 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას სომხური მხარის პოზიციასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მამედიაროვის თქმით, მთელი გასული წელიწადი სომხეთის ხელისუფლება სულ გამოდიოდა პროვოკაციული განცხადებებით, რაც მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ იყო მიმართული:

 „სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, რაც მილანში შეხვედრიდანაა გასული, მე სომხეთისა და აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესზე ვერ განვაცხადებ. ფრონტის ხაზზე დღეს შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ, მოლაპარაკებებში პროგრესი მაინც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სტატუს-კვოს მიუღებლობის შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც აცხადებენ. სომხეთმა უარი უნდა თქვას ყარაბაღში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაკავებაზე – პრინციპით „ყველა ყველაზე“.

აზერბაიჯანმა ტყვეების გაცვლისთვის მზადყოფნასთან დაკავშირებით 2019 წლის 11 სექტემბერს განაცხადა. მაშინ სომხეთმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თუმცა ორივე მხრიდან ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ გაცვლა არ შედგებოდა.

საბოლოოდ, სომხეთმა ტყვეების გაცვლაზე უარი განაცხადა. უარი ბრატისალვაში ახლახან ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც დადასტურდა.

საუბარია ოთხ ტყვეზე – ორივე მხრიდან ორ-ორ ადამიანზე. საქმე ისაა, რომ ბაქოსა და ერევანში ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები არსებობს იმის თაობაზე, თუ ზუსტად როგორ ჩავარდნენ ეს ადამიანები ტყვედ.

აზერბაიჯანელებს – დილგამ ასკეროვსა და შაჰაბაზ გულიევს ყარაბაღში სამუდამო და 22-წლიანი პატიმრობა მკვლელობების, ჯაშუშობასა და გატაცებების ბრალდებით მიუსაჯეს. აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ ისინი სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ჩავიდნენ.

და პირიქით – აზერბაიჯანში კარენ კარაპეტიანი დივერსანტად მიაჩნიათ, და მას 20 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, სომხეთში კი მას ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანს უწოდებენ.

რაც შეეხება ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეს არაიკ კაზარიანს, აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ ის, არაადამიანური მოპყრობის გამო, სამხედრო ნაწილიდან თავად გაიქცა. სომხეთი კი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდას გზა აებნა.

4 დეკემბერი

ბრატისლავაში 4 დეკემბერს წელს უკვე მეხუთედ შედგა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ზოგრაბ მნაცკანიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა

ის ეუთოს მინისტრთა 26-ე კონფერენციის ფარგლებში ეუთოს მინსკის ჯგუფის, ასევე ეუთოს მოქმედი წარმომადგენლის  თანდასწრებითა და მონაწილეობით ჩატარდა. 

როგორც წესი, მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით  მხარეების მიერ მიღწეული მოლაპარაკებების თაობაზე ძუნწი ინფორმაცია გაჩნდა. მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, თუ კერძოდ რაზე იმსჯელეს მინისტრებმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის ცნობით, რამდენად დაძაბული იყო სიტუაცია.

იქ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით წარადგინა თავის ქვეყნის პოზიცია, რომელსაც სომხეთი კატეგორიულად არ ეთანხმება. საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის სტატუსზე. 

ყველა წვრილმანი ერევნიდან და ბაქოდან

• სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი აზერბაიჯანის პირველ ლედის ყარაბაღში იწვევს, ოღონდ – გარკვეული პირობებით

• ევროპულ სატრანსპორტო პროექტ TRASECA -სთან დაკავშირებით ბაქოში

• სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ერთმანეთთან სრული გასაიდუმლოების რეჟიმში ჩავიდნენ

ინფორმაცია ერევნიდან

ოფიციალური ფორმულირებები შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით

სომხეთის სამინისტროს პრეს-მდივანი იუწყება:

 „შეხვედრის დროს დაზავების გაძლიერების პროგრამები, და ნდობის ზომების გამყარების ღონისძიებები განიხილებოდა. ასევე მიღწეულია შეთანხმება შემდეგი წლის დასაწყისიდან ერთობლივი მუშაობის გაგრძელების შესახებ“.

ოფიციალურ შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ სომეხმა მინისტრმა   ხალხების მშვიდობისთვის მზადების თვალსაზრისით, სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან და აზერბაიჯანიდან ჟურნალისტების ურთიერთვიზიტების წყალობით , არსებული მოკრძალებული შედეგი აღნიშნა. საუბარია ჟურნალისტების გაცვლით პროგრამაზე. რომელიც ნოემბრის ბოლოს განხორციელდა და ვერც სომხეთში და ვერც აზერბაიჯანში ჟურნალისტურ წრეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. 

რაზე შეიძლებოდა ემსჯელათ მინისტრებს

სომხეთის მედიაში დიდი ყურადღება მიიპყრო ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის პოზიციამ, რომელიც იქვე, ბრატისალავაში, ეუთოს მინისტრთა კონფერენციაზე მამედიაროვმა წარდგინა.

კერძოდ, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის „ტერიტორიული მთლიანობის“ ფარგლებში უნდა მოხდეს. რაც შეეხება ყარაბაღის საბოლოო სტატუსს, ის აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა იყოს.

 „პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სომხეთის შეიარაღებული ძალების მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან და აზერბაიჯანის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სრული და უპირობო გასვლა.

ამას უნდა მოჰყვეს იძულებით გადასახლებული აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნება – უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, და ასევე რეგიონში კომუნიკაციების გახსნით.

შემდეგ ეტაპად აზერბაიჯანს ესახება მთიანი ყარაბაღის სტატუსის აზერბაიჯანის შემადგენლობაში, აზერბაიჯანის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრა.

ამგვარმა სტატუსმა რეგიონის სომხური და აზერბაიჯანული თემების მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა უზრუნველყოს, და არადისკრიმინაციულ საფუძველზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული განხორციელების გარანტიად უნდა იქცეს“.

ბოლოს ნათქვამია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი ზემოთ ჩამოთვლილი ჩარჩოების მიღმა კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას ვერ ხედავს.

სომხეთის რეაქცია ბაქოს დოკუმენტზე

ოფიციალური ბაქოს პოზიციას სომხეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 

ბრატისლავაში წარდგენილი დოკუმენტის შინაარსზე ერთ-ერთმა პირველმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოახდინა რეგირება. მან სცადა, რომ ამ შინაარსით აღშფოთებული პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები დაეწყნარებინა:

 „ყარაბაღის მოგვარების თემა – ეს ის საკითხია, რომელშიც ყველა წინადადება რაიმე სენსაციის პრეტენდენტია. როგორც წესი, ამ ფორმატში გამართულ შეხვედრამდე ან მის შემდეგ რაღაც განცხადებები კეთდება. ერთი რამ შემიძლია მკაფიოდ ვთქვა – არავითარი სამსჯელო დოკუმენტი მოლაპარაკებების მაგიდაზე არ არის“. 

თუმცა, ამ განცხადების შემდეგ სომხეთის პოლიტიკურ წრეებში მხოლოდ კრიტიკა გაისმოდა. კერძოდ, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, პოლიტოლოგმა სურენ სარკსიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა:

 „აზერბაიჯანის პოზიციას გავეცანი. ამ მომენტიდან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული  მოლაპარაკებები უაზრობად მიმაჩნია

მოვუწოდებ ყველა ძალის ჯარში კონცენტრირებისკენ“. 

ექსპერტის აზრი ერევნიდან

პოლიტოლოგმა აკოპ ბანდალიანმა ბრატისლავაში გამართული შეხვედრის მნიშვნელოვნება იმ პროცესების კონტექსტში აღნიშნა, რაც აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკაში შეინიშნება:

 „აზერბაიჯანის შიდა სახელისუფლებო წიაღში პროცესების ტრანფორმაციის გააქტიურება, მოცემული შეხვედრის ფონზე, მთავარ საკვანძო საკითხს წარმოადგენს

მეჰრიბან ალიევამ თავის წილი, ასე ვთქვათ, „ნათლობა“ უკვე მიიღო, როდესაც მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა. ვნახეთ, რომ მისი ვიზიტის, პუტინთან შეხვედრისა და მისგან მედლის მიღების შემდეგ [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მეჰრიბან ალიევა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა – JAMnewsაზერბაიჯანში პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადეს“.

ბადალიანი, ასევე, სომხურ-აზერბაიჯანული კონტაქტების გააქტიურებასაც შეეხო, ანუ ორი ქვეყნისა და მთიანი ყარაბაღის ჟურნალსიტების ურთიერთვიზიტებს, ასევე სომხეთის დელეგაციის ბაქოში გამგზავრებას, და ევროკავშირის რეგიონული საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტ TRASECA -სთან დაკავშირებით ბაქოში გამართულ კონფერენციაზე სომხეთის დელეგაციის ჩასვლას.

 „აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო შანტაჟის ახლანდელი პოლიტიკა მრავალ პრობლემას აწყდება. ანუ საკმაოდ აშკარაა, და ამას აპრილის ომიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი სომხეთსა და არცახს სამხედრო გზით ვერ მოერევა. შესაძლოა, დაიწყოს ომი – ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ეს კი არავის სჭირდება. სხვა ვარიანტები არ არსებობს. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანს აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ მშვიდობის მიღწევის გზები გამონახოს“, – ამბობს ექსპერტი.

ინფორმაცია ბაქოდან 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარეებმა მიმდინარე სიტუაცია და მომავალში კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს. მინისტრები  მოლაპარაკებების გაგრძელებასა და მომავალი წლის დასაწყისში მომდევნო შეხვედრის თაობაზე შეთანხმდნენ.

ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე პოლიტოლოგი ელჰან შაჰინოღლი დარწმუნებული იყო, რომ ის ამაოდ ჩაივლიდა.

მან გაიხსენა, რომ მამედიაროვისა და მნაცკანიანის ოთხ წინა შეხვედრას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. 

 „შეხვედრის წინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარუდგინა. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონფლიქტი ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს, უზუნველყოფილ უნდა იქნას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და დასრულდეს ოკუპაცია

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ აზერბაიჯანის საკონსტიტუციო კანონმდებლობის თანახმად, კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ეტაპად უნდა იქცეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის აზერბაიჯანის შემადგენლობაში თვითმართველობის სტატუსის განსაზღვრა.  ოფიციალური ბაქოს ამგვარი განცხადება, რომელიც ბრატისლავაში შეხვედრის წინ გაკეთდა, ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანი სომხეთის არავითარ სურვილსა და პირობას არ მიიღებს

სომხეთის მთავრობა თავისებურად ასევე ემზადებოდა ბრატისლავაში შეხვედრისთვის, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, თავის ერევნის რეზიდენციაში მიიღო ყარაბაღის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, რომელსაც მანამდე ყარაბაღში უკვე შეხვდა. ამით ფაშინიანი აჩვენებს, რომ მასა და ყარაბაღელ სეპარატისტებს შორის არავითარი კონფლიქტი  და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, და რომ სეპარატისტები მას ანგარიშს უწევენ. გარდა ამისა, ფაშინიანი ამგვარად ბაქოს და საერთაშორისო საზოგადოებას ახვედრებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა ყარაბაღელი სეპარატისტების ინტერესებს უნდა პასუხობდეს.

ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ბრატისლავაში შეხვედრა ჯერ კიდევ მანამდე აღმოჩნდა უშედეგო, ვიდრე დაიწყებოდა“,თქვა ელჰან შაჰინოღლიმ

ორმხრივი კონტაქტების გააქტიურება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

2019 წლის შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის სხვადასხვა დონის ორმხრივი კონტაქტები მკვეთრად გააქტიურდა.

17-21 ნოემბერს აზერბაიჯანში ორი სომეხი და ერთი მთიანი ყარაბაღელი ჟურნალისტის  ვიზიტები შედგა, ასევე სამი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ვიზიტები – სომხეთსა და მთიან ყარაბაღში. 

სომეხი ჟურნალისტები ბოლოს აზერბაიჯანში ორგანიზებულად 2001 წელს ჩავიდნენ.

4 დეკემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით,  TRASECA-ს მე-14 სხდომასა და სტრუქტურის ოცი წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ბაქოში სომხეთის ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრა. თუმცა, ოფიციალურ ბაქოს სომხეთის დელეგაციის ჩასვლა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, მაგრამ არც უარუყვია.  

ბოლოს სომხეთის ოფიციალური პირები ბაქოში 2017 წელს  ჩავიდნენ. მაშინ

საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტ“-ზე ბაქოში იმ დროს სომხეთის

პარლამენტის საგარეო კავშირების კომისიის თავმჯდომარე არმენ აშოტიანი და

დეპუტატი მანე თანდილიანი იმყოფებოდნენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ