საკითხის ევოლუცია" />

სად შეიძლება გავერთოთ ბაქოში მეგობრებთან ერთად?

საკითხის ევოლუცია

სად და როგორ შეგიძლიათ გაერთოთ თანატოლებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუკი 17 წლის ხართ და აზერბაიჯანში ცხოვრობთ. სტატია დისერტაციად რომ არ იქცეს, ასაკობრივი შეზღუდვა საჭიროა. ამავე მიზეზის გამო არ ვახსენებთ სპორტს, რომელსაც სხვა დროს განვიხილავთ; არ ვისაუბრებთ ქალაქგარეთ დასვენებაზე; ვეცდებით, ქალაქის საზღვრებს არ გავცდეთ და დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებით შემოვიფარგლოთ. როგორ ატარებს უქმეებს ახალი თაობა? რა განვითარება ჰპოვა გართობის ამ სახეებმა?

„მაჟორკა“

უპირველეს ყოვლისა, “არაფორმალებს“ შორის პოპულარულ „მაჟორკას“ ხსოვნას მივაგოთ პატივი.

ასე ეწოდებოდა ადგილს, სადაც ახალგაზრდებს გიტარები მიჰქონდათ და მღეროდნენ, ლუდს სვამდნენ და პოლიციას გაურბოდნენ. მოკლედ, ერთობოდნენ. მაჟორკა ხან ნასიმის ძეგლთან „ეწყობოდა“, და ხანაც – ნიზამის ქანდაკებასთან.

სინამდვილეში „მაჟორკა“ 50-იანების ბოლოს გაჩნდა და ბიტნიკებისა და „სტილიაგების“ შეკრების ადგილს წარმოადგენდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. საბჭოთაკავშირში „მაჟორებს“ ნომენკლატურის მუშაკების შვილებს უწოდებდნენ – ახალგაზრდებს, რომლებსაც ბევრი ფული ჰქონდათ და აკრძალულ ჯაზზე მიუწვდებოდათ ხელი.

„მაჟორკამ“ საბჭოთა კავშირის პირქუშ პერიოდს, „პერესტროიკას“, დემოკრატების ეპოქასა და ახალი „პარტოკრატების“ ხანას გაუძლო, მაგრამ სოციალური ქსელების ზეწოლას შეეწირა.

ინტერნეტკლუბები

«А С — ზევით, В А — ზევით, В А — ქვევით, ქვევით» – დააჭერ და გამოხტება დიალოგური ფანჯარა, რომლითაც შეგიძლია, შენი გმირის სიცოცხლე 95-მდე გაზარდო და საბოლოოდ მოკლა შაოკანი. Mortal Combat-ის „ფატალიტის“ ალგორითმი ზოგიერთ გეიმერს დღემდე ახსოვს.

„სეგას სალონი“ ინტერნეტკლუბის ერთგვარ პროტოტიპს წარმოადგენდა. როგორც წესი, ეს იყო პატარა ოთახი (ხშირად ნახევარსარდაფის ტიპის) სადაც ტელევიზორები და მათზე მიერთებული Sega-ს კონსოლები იდგა.

ერთი ან ორი „მამედი“ [ადრე (2006 წლამდე) „მამედი“ 1000 მანათს ეწოდებოდა. თანამედროვე ფულით ათასმანათიანზე პირველი რესპუბლიკის დამაარსებელი, მამედ ემინ რასულზადე იყო გამოსახული, რის გამოც ამ ნომინალის კუპიურას მისი სახელი ეწოდა] თუ გაქვს, შეგიძლია, „სეგას სალონში“ ითამაშო; ხოლო თუ არ გაქვს, გვერდით დგახარ და რჩევებს იძლევი. ასეთ ადგილებში გოგონები არ დადიოდნენ. “სეგას სალონში“ მისვლა ქალიშვილისთვის შეუფერებელ ქცევად ითვლებოდა. ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ სალონები ბიჭებით იყო სავსე.

«ჩვენთან, მიახლიაში [უბანი ბაქოში — რედ. შენ.] რამდენიმე ასეთი სალონი იყო გახსნილი. იქ მეტწილად ბიჭები იკრიბებოდნენ. გაკვეთილების შემდეგ სეგას სალონში მივდიოდით. თუკი ვინმეს ზედმეტი „მამედი“ გაუჩნდებოდა, ფულის დასახარჯად მაშინვე სალონისკენ მიეშურებოდა.

ერთი გოგონაც იყო. მის სახელს ვერ ვიხსენებ. მხოლოდ ის მახსოვს, რომ „მორტალ კომბატში“ ყოველთვის სონიას (თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟს) ირჩევდა ამიტომაც „სონია“ შევარქვით. პერიოდულად სალონში მისი მამა შემოდიოდა და გოგონას ყვირილითა და წივილ-კივილით აგდებდა სახლში.

დაახლოებით თორმეტი წლის იყო. მისი ძმა ორი წლით უმცროსი იყო მასზე. თამაშის დაწყებამდე „სონია“ თავის ძმას „დარაჯად“ აყენებდა – იმისათვის, რათა მათი მამის გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილიყო. ბიჭი მოთმინებით იდგა ხოლმე კართან და თუკი მამა მოვიდოდა, გოგონა მაგიდის ქვეშ იმალებოდა, ჩვენ კი გოგონას სკამებს ვაფარებდით ხოლმე, რათა იმ კაცს არ დაენახა.

კარგად თამაშობდა. სონია ერთ-ერთი უძლიერესი გმირია, მაგრამ მაგ პერსონაჟით თამაში ძალიან რთულია. თუმცა,იმ გოგოს არ უჭირდა».

მოგვიანებით, 90-იანების ბოლოს და 2000-ანების დასაწყისში ინტერნეტკლუბები გაჩნდა. დღეში რამდენ საათს ატარებთ ინტერნეტში? ასეც ვიცოდი. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სახლში კომპიუტერი არ გაქვთ და დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გეძლევათ იმისთვის, რომ ინტერნეტით ისარგებლოთ. ინტერნეტკლუბებში საკურსოები იწერებოდა და „ონლაინ რეჟიმში“ სასიყვარულო ურთიერთობები ყალიბდებოდა. ეს ის დრო იყო, როდესაც კომპიუტერი თანდათანობით კარგავდა ფუფუნების საგნის „სტატუსს“ და სამუშაო იარაღის ფუნქციას იღებდა, ტექსტის აკრეფისა და „ინტერნეტით სარგებლობის“ უნარი კი CV-ში იწერებოდა – გრაფაში „უნარ-ჩვევები“.

„დაიალ-აპის“ ტიპის მოდემების ეპოქაში ინტერნეტკლუბებში საკმაოდ მაღალი ფასები იყო დაწესებული. ქალაქის ცენტრში ერთი საათი 5 „მამედი“ (მაშინდელი 5000 მანათი), გარეუბნებში კი 3 „მამედი“ ღირდა. ეკონომიის მიზნით, ერთ კომპიუტერს ორი ადამიანი იღებდა ხოლმე.

ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს ინტერნეტკლუბი მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას წარმოადგენდა. პოპულარობის ზენიტში ზოგიერთი ასეთი კლუბი განვითარებული ახალგაზრდობის შეკრების ადგილად იქცა. მაგრამ უსადენო ინტერნეტის და მასთან ერთად ხელმისაწვდომი ინტერნეტმოწყობილობების გამოჩენისთანავე ინტერნეტკლუბმა, როგორც მოვლენამ, მნიშვნელობა დაკარგა და საზოგადოების დაბალი ფენებიდან გამოსული მცირეწლოვანი გეიმერების სათამაშო მოედნად იქცა. ზოგჯერ აქ მოზრდილი ადამიანებიც შემოირბენენ ხოლმე – მეტწილად ის ადამიანები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ პრინტერი.

გასართობი ცენტრები

ორიათასიანი წლების დასაწყისში არც ისე ბევრი ატრაქციონი და გასართობი ცენტრი არსებობდა და ყველა მათგანი კარგად იყო ცნობილი. მაგალითად, კინოთეატრ “აზერბაიჯანის” მახლობლად მდებარე Magic World-ში სათამაშო ავტომატები იდგა, “მეტკარტინგში“ კარტინგით ერთობოდნენ, ბაქოს გასართობ ცენტრში კი ბოულინგი თამაში შეიძლებოდა.

იმ პერიოდში „მეტკარტინგმა“ უამრავი ფული დახარჯა იმისთვის, რათა ბაქოელები დაერწმუნებინა, რომ რბოლა გართობის ძვირიანი საშუალებაა, რომელიც ყველამ უნდა გამოსცადოს. გასართობი ცენტრის მფლობელებმა ადგილობრივ ტელეარხებზე რეკლამა განათავსეს.

«როდესაც ჩემი თანდასწრებით წარმოთქვამენ სიტყვას „მეტკარტინგი“ , ავტომატურად ჩამესმის ძრავის ზუზუნი. იმ ძველი რეკლამის ხმა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მაშინ საკუთრივ რეკლამის ცნებაც ახალი იყო და ამიტომ ყოველი მეორე სარეკლამო რგოლი ან მემი ხდებოდა, ან უბრალოდ ძალიან ზუსტად გამახსოვრდებოდა».

ამჟამად ბაქოში დაახლოებით ოცი გასართობი ცენტრია. თითოეული მათგანი მომსახურების სტანდარტულ ნაკრებს გვთავაზობს – ბოულინგს, ბილიარდს, „მეტკარტინგსა“ და სათამაშო აპარატებს – გვთავაზობს. და არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად. გასართობი ცენტრი ან სავაჭრო ცენტრში მდებარეობს, ან დიდი ინფრასტრურქტურული ობიექტებითაა გარშემორტყმული (იგულისხმება კაფეები, რესტორნები, „სპასალონები“, ფიტნესცენტრები და, რა თქმა უნდა, მაღაზიები).

ბიზნესის წარმოების ასეთი სტილის ანალიზის შედეგად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საკუთრივ გართობის ინდუსტრია განსაკუთრებული შემოსავლიანობით არ გამოირჩევა. ყბადაღებული ბოულინგი აშკარად არ სარგებლობს მასობრივი პოპულარობით, იმიტომ რომ დაწესებული ფასები მეტისმეტად მაღალია სტუდენტების ჯგუფებისათვის, მდიდარი მშობლების შვილები კი უპირატესობას კლუბებსა და რესტორნებს ანიჭებენ. პოტენციურ კლიენტებად მხოლოდ სამსახურების მქონე, დაოჯახებული ადამიანები რჩებიან; მათი თავისუფალი დრო კი ცალკე განსჯის საგანია.

დისკოთეკები

„2000-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტში ჩავაბარე. სწორედ მაშინ წავედი პირველად დისკოთეკაზე – “Skylife”-ში მივედი, რომელიც საკმაოდ ცნობილ კლუბს წარმოადგენდა ბაქოში. ჩემმა ყოფილმა კლასელმა მიმიყვანა. „ცნობილი“ნიშნავდა იმას, რომ დაწესებულებას ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მაშინ ასე მიაჩნეოდა. კლუბში ელვის სისწრაფით ვითარდებოდა სასიყვარულო ურთიერთობები. და მოულოდნელად სრულდებოდა ხოლმე. ტუალეტში არასრულწლოვანი ახალგაზრდები ეწეოდნენ და ზოგჯერ სექსითაც კავდებოდნენ. ბუნებრივია, მშობლები მასეთ დაწესებულებაში წასვლის უფლებას არ მომცემდნენ. დედ-მამას ვეუბნებოდი, რომ იქვე მდებარე ბიბლიოთეკაში მისვლას და მეცადინეობას ვაპირებდი, მაგრამ სინამდვილეში საცეკვაოდ მივდიოდი ხოლმე”.

ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი ცნობილი დისკოთეკა არსებობდა. კინოთეატრ „ვიატიანის“ შენობაში ამავე სახელწოდების მქონე საცეკვაო მოედანი იყო მოწყობილი. ცოტა მოშორებით, ფაქტობრივად, „პერიფერიაზე“ კი „მერვე საოცრება“ მდებარეობდა. ეს დისკოთეკები, მეტწილად, საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის იყო გახსნილი. გოგონები უფასოდ შედიოდნენ, ბიჭები კი 2, 4, ან 5 „მამედს“ იხდიდნენ.

«ამ დისკოთეკებზე შეგეძლო, მეგობრებთან ერთად მისულიყავი და უბრალოდ გეცეკვა. ჩვენ, მცირეწლოვანი კონტინგენტი, ნაშუადღევს, 3-დან 5 საათამდე შუალედში მივდიოდით და იქაურობას საღამოს 8-9 საათზე ვტოვებდით. ჩვენ შემდეგ კი იმ სივრცეს სრულიად განსხვავებული კონტინგენტი იკავებდა».

დისკოთეკები ვრცელ, ნესტიან, ცუდი ვენტილაციის მქონე დარბაზებში იმართებოდა. ხშირად საცეკვაო მოედნის მოსაწყობად ნახევარსარდაფის ტიპის სივრცეს ირჩევდნენ ხოლმე. დისკოთეკებზე, როგორც წესი, იმ პერიოდის პოპულარული ჰიტები ჟღერდა.

მოგვიანებით, უფრო მდიდარი პუბლიკისათვის ელიტური დისკოთეკები – 10.33 და «გვირაბი» გახსნეს.

ზოგადად, არქაულ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ყველა დისკოთეკა გარყვნილების ბუდედ ითვლებოდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პროსტიტუტები მართლაც ბევრ დისკოთეკაზე „მოღვაწეობდნენ“. და, ამას გარდა, დაკომპლექსებულ ახალგაზრდობას ცეკვის დასაწყებად ბევრი უნდა დაელია. ასეა თუ ისე, „უბრალოდ დისკოთეკამ“, როგორც მოვლენამ, არსებობა შეწყვიტა (შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფორმირდა და კლუბებად იქცა).

ჩემი აზრით, დისკოთეკა, როგორც მოვლენა, ეკონომიკურ პროცესებს შეეწირა. დისკოთეკა არაა სარფიანი საქმე, იმიტომ რომ შენთან უბრალოდ საცეკვაოდ მოდიან, და არა სასმელების შესაკვეთად. სწორედ ამიტომ შეიცვალა ფორმატი – კლუბი პასიური დასვენების ადგილად იქცა. მიდიხარ, ბილეთის ფასს იხდი, რაიმეს უკვეთავ და ცეკვავ. ადრე ყველაფერი უფრო მარტივად იყო. ამასთან, დისკოთეკებისა და კინოს გარდა გასართობი არ გვქონდა».

კლუბები

ბაქოში ბევრი კლუბია – Enerji, Old City Club, Castle. გართობას რაც შეეხება, აქ შოუბიზნესის (მეტწილად რუსული შოუბიზნესის) ვარსკვლავების წარმოდგენები იმართება ხოლმე. ამას გარდა, აქ “მსოფლიოში“ სახელგანთქმულ „დიჯეებსაც“ იწვევენ. ამ შემთხვევაში, სიტყვით „მსოფლიო“ რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი აღინიშნება.

აქ მოსახვედრად კი დიდ ფულს იხდიან. ფასები დაახლოებით 30 დოლარიდან იწყება და 300-მდე ადის. ასე რომ სტიპენდიით კლუბებში ვერ ივლი. მდიდარი მშობლებისგან მიღებული ჯიბის ფული, ან შეძლებული მეგობრის სპონსორობა თუ „გიშველის“ მხოლოდ.

კლუბებში აუცილებლად მოქმედებს „ფეისკონტროლი“: სპეციალურად „დატრენინგებული“ მცველი ზრუნავს იმაზე, რომ მოუვლელმა ქალებმა და არაპრეზენტაბელური გარეგნობის მქონე მამაკაცებმა კლუბის ზღურბლი არ გადაკვეთონ.

ახალგაზრდა ქლაბერები აცნობიერებენ რომ ელიტას წარმოადგენენ და ამიტომ იერარქიული თამაშებს ადრეულ ასაკშივე სწავლობენ. „კლუბელმა“ გოგონებმა ზუსტად იციან, ვის როგორ უნდა მიესალმონ. იციან, რომ ზოგიერთ შემხვედრს ორივე ლოყაზე უნდა აკოცონ, სხვებს კი უბრალოდ „გამარჯობა“ უნდა უთხრან. ამიტომ ბაქოურ კლუბებში მოცეკვავე პუბლიკა საერთოდ არ ჰგავს მხიარულ ახალგაზრდობას – გულიანად მოლხენა და, ამავდროულად, სტატუსის შენარჩუნება ძალიან ძნელია.

«Была в Opera Sky-სა და Pacifico-ში ვიყავი. მოწყენილობა სუფევდა. არავინ ცეკვავდა. ისხდნენ და ტელეფონებს მისჩერებოდნენ. ტუალეტში შევედი და ქალების ბრბო დამხვდა. მოდელები. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ცეკვავდნენ».

კარაოკე

2000-იანების შუა წლებში ძალიან ბევრი „კარაოკე-კაფე“ გაჩნდა. ხშირად ქუჩაშიც კი ისმოდა, როგორ მღეროდა მორიგი მოყვარული ვოკალისტი მიხაილ კრუგის „ვლადიმირსკი ცენტრალს“, ან ლიუბოვ უსპენსკაიას რეპერტუარს. ფასები ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა, მაგრამ, როგორც წესი, კარაოკეში მონაწილეობა ძალიან ძვირი ჯდებოდა.

ამჟამად კარაოკე დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ სიმღერის მოყვარულები ჯერ კიდევ არსებობენ. ჯერ კიდევ შემორჩა ყველაზე ძველი ადგილები – სამედ ვურგუნის ქუჩაზე მდებარე „ნელსონი“, და „კარაოკე-კლუბი“, რომელიც „ჰაგანის“ ქუჩაზეა გახსნილი.

ხელმისაწვდომი ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად რეპერტუარმა ევოლუცია განიცადა – გაჩნდა სიმღერები აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე. ჯერ კიდევ პოპულარულია რუსული ესტრადა – ისევე როგორც მსოფლიო ესტრადის მოდური ჰიტების სტანდარტული ნაკრები და პოპმუსიკისა და როკის კლასიკა.

აქ მოსვლა და კარაოკეში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ორიოდე კოქტეილის შეძენის საშუალება აქვს. მთავარია, სიმღერის სურვილი გქონდეთ. ამასთან, აქ ბევრად უფრო „ოჯახური“ ატმოსფეროა, ვიდრე კლუბებსა და რესტორნებში.

«სულ ორი კატეგორიის სტუმრები ამ დაწესებულების სტუმრები ორ კატეგორიად იყოფიან. ზოგიერთს შეუძლია და უყვარს სიმღერა. ისინი ფხიზელ მდგომარეობაშიც მღერიან და კლუბში საკუთარი „ნიჭის“ დემონსტრირებისათვის დადიან. ამას გარდა, კლუბში ისეთი ადამიანებსაც შეხვდებით, რომლებმაც საერთოდ არ იციან სიმღერა, მაგრამ დიდი გრძნობით, უმოწყალოდ მღერიან ხოლმე. როგორც წესი, სიმღერის დაწყებამდე ასეთი ადამიანები ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამენ ხოლმე. რთულია, რაიმე სხვა შეფასება მისცე „კარაოკე კლუბებს“. შეიძლება ითქვას, რომ აუდიტოტექნიკის ხარისხი გაუმჯობესდა და სიმღერების კატალოგიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავი გახდა. ის რაც პროგრამაში არ არის, ინტერნეტში მოიძებნება».

კინო

ერთ დროს პოპულარული კინოთატრებმა – „არაზმა“ და „ვიატიანმა“ პოსტსაბჭოთა ეპოქაში „პროფილი შეიცვალეს“. “არაზში“ რესტორანი ფუნქციონირებდა, „ვიატიანში“ კი – დისკოთეკა (მოგვიანებით აქ მაღაზიები და კაფე გახსნეს). შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში სახელგანთქმული „აზერბაიჯანი“ თითქმის ერთადერთი კინოთეატრი იყო,სადაც ფილმებს უჩვენებდნენ. 90-იანებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ იქ შეიძლებოდა კინოსიახლეების ნახვა. კინოთეატრი Dolby Digital-ის სისტემის თანამედროვე დინამიკებით იყო აღჭურვილი.

სხვათა შორის, მოდური „მინისინემას“ პროტოტიპად სწორედ მიტოვებული კინოთეატრები მოგვევლინა.

«მაგალითად შეგეძლოთ, კინოთეატრ „ნიზამიში“ საკუთარი DVD დისკი მიგეტანათ და მეგობრებთან ერთად გექირავებებინათ დარბაზი. სწორედ „მინისინემაში“ ვუყურეთ „ჰარი პოტერის“ მეხუთე ნაწილს, რომელიც მაშინ ახალი გამოსული იყო».

მოგვიანებით „მინისინემა“ გავრცელდა. პატარა დარბაზებში დიდი, მთელ კედელზე „გადაჭიმული“ ეკრანები იყო დამონტაჟებული და კომფორტული დივნები იდგა. სასმელებისა და მისაყოლებლის შეკვეთაც შეიძლებოდა.

ამჟამად ბაქოში თვრამეტი კინოთეატრია. დედაქალაქში კინო პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ფილმების „ასორტიმენტი“ დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა: რამდენიმე „3D-სიახლე“, სამამულო წარმოების ორი კომედია (ხუთი წლის წინ ასეთი ფილმები არ გამოდიოდა) და, როგორც წესი, ერთი საბავშვო მულტფილმი.

თეატრი

თეატრის მოყვარულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. რუსულენოვანი პუბლიკისათვის არსებობს რუსული დრამატული თეატრი. ამ თეატრის რეპერტუარი მეტწილად საშუალო ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.

«2000 წელს მშობლებთან ერთად ვნახე სპექტაკლი «ტორგოვაიაზე შევხვდებით», რომელიც იმ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მარტივად აღსაქმელი იუმორითა და ნოსტალგიური სულით გაჯერებული სპექტაკლი აღმოჩნდა. ასაკოვან ადამიანებს ემიგრანტების ისტორიები მოეწონათ, ახალგაზრდები კი „ცისფერების” შესახებ შეთხზულ ხუმრობებზე იცინოდნენ. მაგრამ მე არ მეცინებოდა».

კლასიკის მოყვარულთათვის ოპერისა და ბალეტის თეატრი და მუსკომედიის თეატრი არსებობს, ბავშვებისთვის კი თოჯინების თეატრი და მოზარდ მაყურებელთა თეატრი ფუნქციონირებს. ალტერნატივის სახით არსებობს „შიშველ ენთუზიაზმზე“ დაფუძნებული რამდენიმე ახალგაზრდული თეატრი. ასეთი კოლექტივები ნაქირავებ ბინებში მუშაობენ, თავად ამზადებენ დეკორაციებს და ხელფასებს არ იღებენ.

ასეთ თეატრებში პროგრესული აზერბაიჯანული ახალგაზრდობის ახალი თაობა დადის – ის ხალხი, რომელიც მეორე ენად არა რუსულს, არამედ ინგლისურს, ან თურქულს ირჩევს და ორიენტირებას დასავლურ კულტურაზე ახდენს.

საკვები, როგორც დასვენების კულტურის ნაწილი

ბაქოში ყოველთვის არსებობდა კვების ობიექტები, რომლებიც ასახავდა საზოგადოების კულტურას ისტორიის თითოეულ მომენტში.

1999 წლიდან ასეთ წერტილად პირველი „მაკდონალდსი“ იქცა, რომელიც „შადრევნების მოედანზე“ გაიხსნა. თავიდან ამ რესტორანში საღამოს კაბებითა და კოსტიუმებით დადიოდნენ. „მაკდონალდსში“ სიარული პრესტიჟულად ითვლებოდა. ამჟამად ეს ობიექტმა თითქმის მთლიანად დაკარგა კულტურული მნიშვნელობა და ჩვეულებრივ რესტორნად იქცა, სადაც უბრალოდ „ფასტ ფუდის“ საჭმელად დადიან.

„პორტოფინო“, „რაფსოდია“, „პიცა ინი“, “პიცა ჰატი“ – აი, ის ადგილები, სადაც 90-იანებში და 2000-იანებში ერთობოდნენ და იკვებებოდნენ ბაქოელები.

«ერთი პიცა „პიცა ჰატში“ სამი „შირვანი“ (30 000 ძველი მანათი) ღირდა, სტიპენდია კი ერთ-ნახევარ შირვანს უდრიდა. ასე რომ პიცერიაში საკუთარი ფულით იშვიათად დავდიოდით ».

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის დანგრევისა და მშიერი 90-იანების შემდეგ გონზე მოდიოდა, კაფეების კერძებისა და სასმელების ფასები არ იყო ხელმისაწვდომი საშუალოსტატისტიკური ბაქოელისთვის. ამიტომ „პიცის საჭმელად წასვლა“ განსაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა“. პიცის მაღალი ფასი დაუძლეველ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა – 8 ადამიანი საზიარო პიცას ყიდულობდა და თითოეული მათგანი პიცის ნაჭერსა და ცივილიზაციასთან ზიარების საშუალებას იღებდა.

ამის შემდეგ კი ნავთობის ფულმა და კონკურენციამ ერთგვარი სასწაული მოახდინა საზოგადოებრივ ინდუსტრიაში – ფასები შემცირდა, საშუალოსტატისტიკური ბაქოელის შემოსავლები კი გაიზარდა. სტიპენდიის განაკვეთიც კი გაიზარდა – რამდენჯერმე გადააჭარბა პიცის ფასს. საკვები აღარ ითვლებოდა „დეფიციტურ რესურსად“ და ახალგაზრდები ერთმანეთს უკვე არა საჭმელად, არამედ ლუდის დასალევად ეპატიჟებოდნენ. ბაზარი ნიშებად დაიყო – გაჩნდა ახალგაზრდული ბარები, რომლებშიც იაფი ალკოჰოლი იყიდება, ფასტფუდის რესტორნები, სადაც წახემსება შეიძლება, ყავახანები, სადაც ადამიანები შეხვედრებს მართავენ და პაბები, სადაც მეგობრები იკრიბებიან და ლუდს სვამენ ხოლმე.

ანუ აზერბაიჯანში ისეთივე მდგომარეობა შეიქმნა, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ათი აზერბაიჯანელიდან მხოლოდ ერთი შესთავაზებს თავის მეგობრებს ბოულიგკლუბში, თეატრში, ან კინოში წასვლას. დანარჩენები ურთიერთობის ტრადიციულ ფორმას, ქეიფს მიანიჭებენ უპირატესობას.

ინტელექტუალური თამაშები

1975 წელს საბჭოთა კავშირში გაჩნდა სატელევიზიო თამაში „რა? სად? როდის?“. 1989 წელს კი ამ პროექტის სპორტული ვერსია შეიქმნა. ტელეთამაშისგან განსხვავებით (სადაც მოაზროვნეთა გუნდი ტელემაყურებელთა კითხვებს პასუხობს) სპორტულ ვერსიაში მონაწილეობენ გუნდები, რომლებიც ერთმანეთს ლოგიკასა და ერუდიციაში ეჯიბრებიან. „სპორტის“ ამ სახეობამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა აზერბაიჯანში .

თავიდან პარკებში, ბიბლიოთეკებში, ცარიელ კლასებსა და ტექნიკუმებში თამაშობდნენ. ამჟამად კი ახალგაზრდა, ნაკლებად ახალგაზრდა და ასაკოვანი ადამიანები პაბებსა და „სოციალურ ბარებში“ (ზოგჯერ პარკების სკამებზე) იკრიბებიან, ტაშს უკრავენ და ხმამაღლა კითხულობენ მასალებს „ბერნარდ შოუს» შესახებ. გამვლელები, რომლებმაც არ იციან, რა ხდება, ცნობისმოყვარეობით აკვირდებიან ამ უცნაურ ადამიანებს.

ამ თამაშის პოპულარობა არ მცირდება. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მოაზროვნეები ამ მოძრაობას იშვიათად ტოვებენ. ზოგიერთი მოაზროვნე კლუბს ჯერ კიდევ მუწუკებიანი მოზარდი იყო, როდესაც კლუბს შეუერთდა, მაგრამ დღემდე თამაშობს (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ულვაშიან და ღიპიან ბიძაკაცად იქცა).

ამას გარდა არსებობს ამ თამაშის სხვა სახეობებიც – „ბრეინ რინგი“ და „ჯეპარდი“, რომლებსაც ბოლო წლებში ახალი ინტელექტუალური ტურნირები შეემატა. ამ ახალი თამაშების პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

არსებობს ბარი „პაბ-ქვიზი“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს, ლუდი დალიოს და პოპკულტურის (კინოს, მუსიკისა და ლიტერატურის) შესახებ შეთხზული გამოცანები გამოიცნოს. კლუბ „42“-ში კი სტუმრები თავსატეხებს, რებუსებსა და საინტერესო ამოცანებს ხსნიან. 2000-იანების შუა წლებიდან არსებობს მშვენიერი თამაში „ხამსა“ (თავისი კლუბებითა და ჩემპიონატებით), რომელიც ძალიან პოპულარულია აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში.

«ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს შორის იშვიათად შეხვდები ჭკვიან ადამიანებს. ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოება დეგრადაციას განიცდის და ძალიან შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კითხულობენ და აზროვნებენ. თუმცა, მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ჭკვიანი ადამიანების რაოდენობა დიდია, მაგრამ ძალიან ძნელია მათი შემჩნევა და გამორჩევა მაშინ, როდესაც ისინი ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებაში არიან გაბნეულნი. თითოეულ მათგანს „კრეატიული დასვენება“, და, საერთოდ, კრეატივი სჭირდება».

“კვესტოთახები“

“მე და ჩემი სამი მეგობარი ჯაჭვებით მიგვაბეს კედელზე და გვითხრეს, რომ თავისუფლების მოსაპოვებლად გამოცანები უნდა გამოგვეცნო. სხვა შემთხვევაში აქედან ვერ გავაღწევდით. შემდეგ კი გამოგვკეტეს. ასე მოვხვდით თამაშ „ხერხის“ კვესტრუმში. სცენარის მიხედვით, თამაშის ორგანიზატორები საშიში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ და მოთამაშეები უნდა შეაშინონ, მაგრამ მაშინ ორსულად ვიყავი და ამიტომ თამაშის ამ ნაწილზე უარი ვთქვით».

“კვესტ რუმები“ მცირე ხნის წინ გაჩნდა. ერთდროულად რამდენიმე ასეთი დაწესებულება გაიხსნა – Portal Games, Questomania, EuroGuest, Exit, Tala Escape, Evden qacish („სახლიდან გაქცევა“) და ა.შ. ტრადიციისამებრ, ესაა რამდენიმე (ორი, ან მეტი) ოთახისგან შემდგარი სივრცე, რომელიც სცენარის შესაფერისი დეკორაციებითაა გაფორმებული. მონაწილეებს (მათი რაოდენობა თამაშის არჩევასა და გავლას სთავაზობენ. მოთამაშეებს (მათი რიცხვი, შესაძლოა, ორიდან ათამდე ვარირებდეს) მეტნაკლებად რთული ინტელექტუალური გამოცანები ელოდებათ, რომელთა ამოხსნასაც ყურადღება და გუნდური მუშაობა სჭირდება. ზოგიერთი „კვესტოთახი“ ძალიან პატარაა და მწირი, ერთგვაროვანი დეკორაციები აქვს. თუმცა, უფრო რთული ოთახებიც არსებობს. თითოეულმა „კვესტ რუმმა“ჯადოსნურ ადგილზე ყოფნის ილუზია უნდა შექმნას. ეს თამაში დიდ კონცენტრაციას მოითხოვს.

თითოეული მოთამაშე 10-15 მანათს იხდის. ფასი კვესტის სირთულეზეა დამოკიდებული.

ანტიკაფე – დასვენების ახლებური ფორმა

ანტიკაფე კიდევ ერთი სიახლეა, რომელმაც ძალიან ადვილად მოიპოვა პოპულარობა. დედაქალაქში უკვე რამდენიმე ანტიკაფე მოქმედებს. აქ არ არის საჭირო რაიმეს შეკვეთა – უბრალოდ აქ გატარებულ დროში სიმბოლურ თანხას იხდი და უფლება გეძლევა, იჯდე დივანზე, სვა ჩაი და ორცხობილები ჭამო.

Tik Talk ქალაქის ყველაზე ძველი და ყველაზე პოპულარული ანტიკაფეა. ამას გარდა, შეგიძლიათ, “Second home”-საც (“მეორე სახლი”) მიაკითხოთ, სადაც ფუმფულა კატა დაგხვდებათ. ეს ანტიკაფე ორ სართულს იკავებს. აქაური წესების მიხედვით, შესვლის წინ ფეხსაცმელი უნდა გაიხადოთ და ჩუსტები უნდა ჩაიცვათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც სახლია – ოთახებში მოჭედილი, დაღუნული ფეხების მქონე ავეჯი დგას, გალიაში თუთიყუში ზის, იატაკზე კი თბილი ხალიჩა აფენია.

კომფორტული ატმოსფეროს გამო აქ ძალიან მოსახერხებელია მეცადინეობა. აქ ხშირად მოდიან სტუდენტები – დაბადების დღეებს აღნიშნავენ და სიურპრიზებსა და მინიკონცერტებს მართავენ ხოლმე.

ანდერგრაუნდი

90-იან და 2000-იან წლებში არაფორმალურ გარემოში დალევა და კარგი ხმაურიანი მუსიკის მოსმენა როკკონცერტებზე იყო შესაძლებელი. ასეთი ტიპის წარმოდგენები, როგორც წესი, კულტურის სახლებში იმართებოდა ხოლმე.

მაგრამ 2000-იანი წლების ბოლოს ამ ფორმატმა „დნობა“ დაიწყო. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა. უმაგიდო და ყუმაშის მოუხერხებელი სკამებით გაწყობილი ძველი კულტურის სახლების ალტერნატივას უფრო მოსახერხებელი იატაკქვეშა პაბები წარმოადგენს. ჩვეულებრივი პაბებისგან განსხვავებით, აქაურობა ღარიბულად, მაგრამ ორიგინალურადაა გაფორმებული (მოკლედ, ინტერიერი „დიდი რუდუნებითაა“ მორთული), აპარატურა ყოველთვის ჩართულია (ყოველთვის მიქშერი დგას, ზოგჯერ – დასარტყამი ინსტრუმენტების ნაკრებიც), სივრცის მცირე ნაწილი კი სცენისთვისაა განკუთვნილი. უქმეებზე აქ მუსიკოსები უკრავენ ხოლმე.

ასეთი დაწესებულებების უპირატესობა ისაა, რომ აქ ყოველთვის მოიძებნება იაფი ლუდი. როგორც წესი, NZS-ს ასხამენ ხოლმე, თუმცა, ბოლო სამი წელია “NZS”-ის ლუდი „ჟიგულიოვსკოემ“ შეცვალა. როგორც წესი, ეს უკანასკნელი 1 მანათი ღირს. ასეთი ფასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალგაზრდები ფულის დეფიციტს განიცდიან.

ასეთი დაწესებულებების უმრავლესობა ქალაქის ცენტრში, ბაშირ საფაროღლუსა და მის პარალელურ ქუჩებზე მდებარეობს. სწორედ ამ კვარტალშია განთავსებული Le Chateau, Old School, 1984, Yeralti და ა.შ.

Le Chateau
Old School
Old School
Old School
Old School

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დასვენების ადგილების მრავალფეროვნება გაიზარდა და ეს პროცესი ყბადაღებულმა კრიზისმაც კი ვერ შეცვალა. იაფი და, ამავდროულად, საინტერესო სერვისის შეთავაზების მიზნით ადამიანებმა „კრეატიული“ იდეების განხორციელება დაიწყეს.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები მაინც აცხადებენ, რომ „ამ ქალაქში ვერსად გაერთობი“. ერთი მხრივ, ეს შეიძლება დედაქალაქელების ნაწილისთვის დამახასიათებელი ქრონიკული უკმაყოფილებით აიხსნას, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ გართობის ინდუსტრიის ზოგიერთი სფერო დამთრგუნველი ერთფეროვნებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გართობის სფეროს განვითარების დინამიკა მოთხოვნას არ პასუხობს. მომხმარებლები უკეთეს სერვისს, ფასების დიდ ასორტიმენტსა და მეტ მრავალფეროვნებას ითხოვენ.


ასევე წაიკითხეთ