ექსპერტების აზრით, სომხეთი თურქეთთან კავშირების არქონამ გადაარჩინა, ხოლო საქართველოზე დარტყმა ტურიზმიდან მიღებულმა მზარდმა შემოსავლებმა შეარბილა" />

როგორ მოქმედებს თურქული ლირის გაუფასურება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?

ექსპერტების აზრით, სომხეთი თურქეთთან კავშირების არქონამ გადაარჩინა, ხოლო საქართველოზე დარტყმა ტურიზმიდან მიღებულმა მზარდმა შემოსავლებმა შეარბილა

bne IntelliNews-ის მასალების მიხედვით

თურქულმა ლირამ გაუფასურება აგვისტოს ბოლო დღეებში განაახლა. ეს თურქეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებული სიახლის ფონზე მოხდა. გასული კვირის შემდეგ თურქული ვალუტა კიდევ ოთხი პროცენტით დასუსტდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, სულ წლის დასაწყისიდან ლირამ ღირებულების 40 პროცენტზე მეტი დაკარგა.

რეგიონისთვის ეს ცუდი სიახლეა. თურქეთის მეზობლებისთვის ლირის პრობლემები უფრო შესამჩნევია  – თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთის ეკონომიკა უფრო დიდია, რეგიონის ქვეყნები კი ვაჭრობითა და ინვესტიციებით ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

უკანასკნელ ათწლეულში თურქეთი კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. თურქეთი  მთელი რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის საინვესტიციო კვანძად იქცა, და გეოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული სიახლოვის გამო, სამხრეთი ევროპის მთელი რეგიონისთვის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი გახდა.

თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთინვესტირებისა და სავაჭრო ურთიერთობების „ოქროს სამკუთხედი“ ჩამოყალიბდა, რომლის სიმბოლოდაც გასული წლის ნოემბერში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნა იქცა.

მთელ რეგიონთან თურქეთის განვითარებული ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებს ანკარის პრობლემების მძევლად აქცევს. თუმცა, თურქეთის კრიზისს სომხეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს – აქ ქვეყნებს შორის კონტაქტები მინიმალურია და ერთმანეთს შორის ვაჭრობის მოცულობა და ინვესტიციებიც უმნიშვნელოა.

საქართველო

მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გამო, ლირის დაცემა ქართულ ლარსა და აზერბაიჯანულ მანათზე მნიშვნელოვნად აისახა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურმა დინამიკამ სერიოზული შედეგების თავიდან აცილების საშუალება გააჩინა.

„გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ლარს დაეხმარა, რომ 2018 წლის აგვისტოს დასაწყისამდე ვარდნა თავიდან აეცილებინა. მაგრამ 10 აგვისტოს მომხდარმა ლირის კოლაფსმა მოლოდინზე გავლენა მოახდინა, და ქართული ვალუტა დოლართან მიმართებით ერთ დღეში 3,9 პროცენტით დაეცა, და მისმა კურსმა ერთ დოლარის სანაცვლოდ – 2,57 ლარი შეადგინა“, – წერს თბილისში არსებული საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart კრიზისის შედეგების შესახებ თავის13 აგვისტოს ანალიტიკურ შენიშვნაში. თურქეთის გაგრძელებული კრიზისის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები 2018 წლის ბოლოს ლარის კურსის დოლართან მიმართებაში 2,7-მდე დაცემას მოელიან.

რეგიონის ქვეყნების პრობლემა ის არის, რომ ლირა ძალიან ღრმად და სწრაფად ჩაეშვა, ვაჭრობის პირობები შეცვალა და რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტის კურსების ცვლა გამოიწვია, რადგან თურქეთში მათი ექსპორტი ძალიან გაძვირდა, ხოლო თურქეთიდან იმპორტი ძალიან გაიაფდა. იგივე მოხდა კიდევ ერთ საკვანძო სავაჭრო პარტნიორთან -რუსეთთან მიმართებაშიც,და რუბლის დაცემას მსგავსი შედეგები მოჰყვა, თუმცა – ნაკლებად კრიტიკული. რუბლისა და ლირის დაცემით გამოწვეულმა ორმაგმა დარტყმამ მთელი რეგიონის ვალუტების ზომიერი დევალვაცია გამოიწვია.

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ლარის დევალვაციას რამდენადმე შეანელებს. თუმცა, ტურისტული სეზონის დამთავრების შემდეგ ქართულ ვალუტას ეს წყარო გამოეცლება. მაგრამ საეჭვოა, საქართველო ისეთივე პრობლემების წინაშე დადგეს, რასაც თურქეთი და რუსეთი განიცდიან.  

რასაკვირველია, საქართველოს სავაჭრო ბალანსი წლის პირველ ნახევარში ხელსაყრელზე მეტიც კი იყო: ექსპორტის ზრდამ, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 28,5 პროცენტი შეადგინა, საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებისგან შემოსული თანხა 18,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი – 28, 9 პროცენტით, რამაც ლარი დოლართან მიმართებით 5,7 პროცენტით გაამყარა.

ცენტრალურმა ბანკმა ეს ხელსაყრელი სიტუაცია მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 87,5 მილიონი დოლარით შესავსებად გამოიყენა, და მათი საერთო თანხა თითქმის სამ მილიარდს გაუტოლდა. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს რეზერვები შეიძლება კურსის შემდგომი ვარდნის შესაჩერებლად გამოიყენონ.

აზერბაიჯანი

თურქეთის ეკონომიკურ პრობლემებზე აზერბაიჯანი უფრო დამოკიდებულია, რადგან ნახშირწყალბადის ექსპორტი მის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქვეყნის ხელისუფლება ბოლო ხანს ეკონომიკის დივერსიფიცირებას ცდილობს, მაგრამ მისი ნაწილი, რომელიც ნავთობის ინდუსტრიაზე არ არის მიბმული, უფრო სუსტია და ვალუტის კურსის მერყეობაზეა დამოკიდებული.

მეტიც, თურქეთის კრიზისი ქვეყნის ნავთობის სექტორზეც იმოქმედებს, – წერს აზერბაიჯანელი ეკონომისტი გუბად იაბდოღლუ Eurasianet-სთვის გაკეთებულ კომენტარში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია – თურქეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. დღეისთვის ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 19 მილიარდი დოლარის ექვივალენტურია, მაგრამ ლირებად არის დენომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ლირის დაცემამ ამ კომპანიას სერიოზული ზარალი მოუტანა.

ამასთანავე ქვეყნის სუვერენული ფონდი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი – საკუთარი აქტივების დაახლოებით 0,9 პროცენტს ინახავს თურქეთის სამთავრობო ბონდებში (თურქეთის მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები), რომლებიც წელს ასევე გაუფასურდა, – იუწყება Eurasianet.

და ბოლოს, აზერბაიჯანი აზერბაიჯანული ბანკის  PASHA-ს თურქული ქვედანაყოფის საშუალებით დაკავშირებულია თურქეთის საბანკო სექტორთან, რომელმაც ამ წლის ივნისში 25 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ბონდები გამოუშვა. 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ