2017 წლის 16 ოქტომბერს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება სერიოზულ გარღვევად იქცეს. მაგრამ იქცევა კი? " />

როგორ მივაღწიოთ მშვიდობას ყარაბაღში? – რეცეპტები ბაქოდან და ერევნიდან

2017 წლის 16 ოქტომბერს ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება სერიოზულ გარღვევად იქცეს. მაგრამ იქცევა კი?

სოფელი ალშანი ყარაბაღში. მოსახლეობის უმეტესობა – გადმოსახლებულია სოფელ ტალიშიდან , რომელიც 2016 წლის აპრილის ომის დროს ძლიერ დაზარალდა. ფოტო: ოლესია ვართანიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას შეიძლებოდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის წერიტილის დასმისთვის ხელი შეეწყო – ორივე ლიდერი მშვიდობის დამყარების სურვილს გამოთქვამს. თუმცა, თითოეულ მათგანს საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი, თუ როგორ უნდა მივიდნენ მშვიდობამდე.

კვე თითქმის სამი თვეა, რაც ყარაბაღის ფრონტის ხაზზე გასაოცარი სიმშვიდე სუფევს. ნაღმმტყორცნებისა და მართვადი რაკეტების, დრონებისა და ზარბაზნების ადგილი შედარებით მსუბუქმა ცეცხლსასროლმა იარაღმა დაიკავა.  2016 წლის აპრილის შეტაკების შემდეგ პირველად მოხდა, რომ ორივე მხარემ იარაღი გვერდზე გადადო და სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების დიდი ხნის ნანატრი შეხვედრის წინ შეისვენა.

პრეზიდენტების დონეზე მოლაპარაკებები ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ყოფილა. შეხვედრების განახლების თაობაზე საერთაშორისო შუამავალთა ყველა წინა მოწოდება უშედეგოდ სრულდებოდა – იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მისხდომოდნენ, ლიდერები ზოგჯერ სამხედრო ფორმაში გამოეწყობოდნენ და ერთმანეთის სამხედრო პოზიციების ჭოგრიტით დასათვალიერებლად მიემართებოდნენ.

პრეზიდენტების ახლანდელი შეხვედრა ზაფხულის დასაწყისიდან მზადდებოდა; საერთაშორისო შუამავლებმა უზარმაზარი ძალიხმევა გამოიჩინეს, რომ ლიდერები კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის შეწყვეტაში დაერწმუნებინათ – ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი მიუძღვის რუსეთის ლიდერს, რომელმაც ამ ზაფხულს ჯერ აზერბაიჯანის პრეზიდენტი მიიწვია, შემდეგ კი სომხეთის, რათა სხვა საკითხებთან ერთად ყარაბაღის  პრობლემაც განეხილათ.

კელბაჯარი/კევაჩარი. ფოტო: ოლესია ვართანიანი

მშვიდობა აზერბაიჯანული მხარის გაგებით: მიწების დაბრუნების გზით

ორმხრივი სროლების შეწყვეტის ინიციატივა უფრო აზერბაიჯანის მხრიდან მოდის. ბაქოში ღიად აცხადებენ და თან სურთ საპირისპირო მხარე მიახვედრონ, რომ როგორც კი ის მომავალი ყარაბაღის რეგიონის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდება, რეგიონში სწორედ ასეთი სიმშვიდე დაისადგურებს.

„იქნება მშვიდობა და აყვავება“, – ჯერ კიდევ გაზაფხულზე აღწერდა ჩემთან საუბარში ამ მიმზიდველ პერსპექტივას მაღალი თანამდებობის აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი: ყველა საზღვარი გაიხსნება, მიწები განინაღმება, სახლებს აღადგენენ, ინფრასტრუქტურას წესრიგში მოიყვანენ და „რეგიონი ისევ გაცოცხლდება“.

მისი თქმით, სომხურ მხარეს მხოლოდ ის ევალებოდა რომ დათმობებზე წასვლას დათანხმებოდა.

ყარაბაღში ომის დასრულებიდან უკვე 25 წელიწადი გავიდა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას სულ უფრო მეტად უჭირს საკუთარ საზოგადოებას აუხსნას, თუ რა მიზეზით ეგუება რეგიონის ყველაზე მდიდარი ქვეყანა მთავარი ეროვნული საკითხის გადაუჭრელობას – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას.

ყარაბაღის საკითხის „სწრაფად გადაწყვეტის“ მოთხოვნამ, თუნდაც სამხედრო გზით, მხოლოდ მას შემდეგ იმატა, რაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და 2016 წლის აპრილში. მართალია, სამხედრო შემადგენლობის  დანაკარგებით, მაგრამ მაინც შეძლეს კონფლიქტის ზონაში ორ სტრატეგიულ სიმაღლეზე ფრონტის ხაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ დაბოლოებებზე კონტროლის აღდგენა.     

ბაქოს გაგებით, სამშვიდობო პროცესის დაწყება – “ეს არის მიწების იმ ნაწილის განთავისუფლების კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მოცემულ მომენტში სომხური მხარის კონროლქვეშაა და რომლებსაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევს1992-93 წლების ყარაბაღის ომისდროინდელი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე დაყრდნობით” – სწორედ ამ სივრცეზე უნდა დაიწყოს დაპირებულის აღდგენა და  აზერბაიჯანელი მოსახლეობის შემდეგომი დაბრუნება.

შუში/შუშა: ფოტო: ოლესია ვართანიანი

ომის დროს სომხურმა ჯარმა არამხოლოდ უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის და მისი საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების დაკავება შეძლო, არამედ მის გარშემო რაიონებისაც – ხუთის მთლიანად და ორის – ნაწილობრივ – ტერიტორია, რომელსაც დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დღეს თავის კუთვნილად მიიჩნევს, სომხური მხარე მას ასევე არცახს უწოდებს; ის თითქმის 2,5 -ჯერ დიდია იმაზე, რა ადგილსაც ეს რეგიონი აზერბაიჯანის სსრ-ის ავტონომიურ ოლქად ყოფნის დროს იკავებდა.     

აზერბაიჯანელი დევნილების თითქმის 40 პროცენტია წარმოშობით ყარაბაღის კონფლიქტური ზონის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე  აგდამისა და ფიზულინსკის რაიონებიდან. რეგიონის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი – აგდამი – მთელი ამ წლების განმავლობაში ქალაქ-მოჩვენებად რჩება. ბოლოჯერ იქ ჩასვლისას ჩემი ყარაბაღელი მძღოლი ამ უსახურავოდ დარჩენილი სახლების კედლებს შორის დაიკარგა კიდეც. უკაცრიელ ქუჩებში დიდხანს ბოდიალის შემდეგ აგდამის ნანგრევებიდან გამოღწევა საბოლოოდ მხოლოდ  Google Maps-ის ნავიგატორის დახმარებით შევძელით.

აგდამი  – ქალაქი-მოჩვენება. ფოტო: ოლესია ვართანიანი

სომხური მხარისთვის მიწების დაბრუნების პერსპექტივა უაღრესად მტკივნეული თემაა – ეს პირველ რიგში ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უკავშირდება და ასევე ბევრი ვეტერანის კატეგორიულ წინააღმდეგობას, რომლებმაც ამ „საალაფო“ ტეროტორიების დაპყრობა 1990 -იან წლებში შეძლეს.   

ოდესღაც, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, სომხეთის ახლანდელმა ლიდერმა განაცხადა, რომ „აგდამი არასდროს ყოფილა სომხეთის მიწა“. ამ ფრაზას ყარაბაღის ვეტერანები სერჟ სარგსიანს დღემდე წამოაძახებენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოშობით იქაური და ყარაბაღის ომის მონაწილეა.

 25 წლის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიების საკითხს რიგი მნიშვნელოვანი ნიუანსიც დაემატა.  ახლა იქ ბევრ ადგილას წარმოიქმნა დასახლებები. ტერიტორიის გასწვრივ – არის გზები, რომელიც სომხურ დასახლებებს აკავშირებს. მიწების ნაწილს, დე-ფაქტო რესპუბლიკის საბუთების მიხედვით,  ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის უკვე ჰყავს  ახალი მფლობელები, რომლებიც გადასახადებს იხდიან, სოფლის მეურნეობას განვითარებას ეწევიან.

სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონის დასავლეთით მდებარე გრძელ ხეობას გვიანდელი საბჭოთა პერიოდის  უნიკალური არქიტექტურის მქონე ქალაქთან მივყავართ, რომელსაც   აზერბაიჯანულად  კელბაჯარი ჰქვია, სომხურად კი – კარვაჩარი. შესასვლელში – უზარმაზარი მისასალმებელი პლაკატია გაკრული,  წარწერით „სომხური ციხე-სიმაგრე“.

 ომის შედგომ წლებში ადგილობრივი ნაგებობების 7 პროცენტი  ახალ სახლებად გადააკეთეს აზერბაიჯანიდან დევნილი სომხებისთვის. ქალაქის დიდი ნაწილი ისევ სახლების ჩონჩხებით არის სავსე, მაგრამ ყოველწლიურად  რამდენიმე ადამიანი მაინც ჩნდება, ვინც მზადაა, რომ საკუთარი სახსრებით აღადგინოს ეს აზერბაიჯანულწარწერებიანი შიშველი კედლები.

კებაჯარი/ კევაჩარი ფოტო: ოლესია ვართანიანი

„ვერც ერთი სომეხი პრეზიდენტი ვერ გაბედავს ამ მიწის თუნდაც ერთი სანტიმეტრის დათმობას“, – მცირედი ეჭვის გარეშე მითხრა ერთმა აქაურმა გოგონამ.

როგორც იმ თაობის სხვა წარმომადგენლები, ვინც ომის შედეგ გაიზარდა, ჩემი ახალგაზრდა თანამოსაუბრეც დარწმუნებული იყო, რომ სადავო ტერიტორიების თუნდაც ნაწილის აზერბაიჯანის უშუალო კონტროლქვეშ გადაცემის მცდელობა სომხეთის დედაქალაქში მიტინგებს გამოიწვევს, და შესაძლოა, ამას ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაც მოჰყვეს.

მშვიდობა სომხური მხარის გაგებით: ძალის გამოყენებაზე უარის თქმის გზით

ყარაბღში ყველა ჩემი ჩასვლის შედეგად ვერც ერთი ისეთი ადამიანის პოვნა ვერ შევძელი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიების დაბრუნებას ეთანახმებოდა.  ეს თემა აქ უშუალოდ უკავშირდება მთავარ საკითხს – უსაფრთხოებას.

ომის შემდგომი წლების განმავლობაში მიმდებარე მიწები „უსაფრთხოების სარტყელად“ იქცა. ადგილობრივ საველე მეთურებს ვერ წარმოუდგენიათ, თუ რანაირად შეიძლება მოხდეს იმ სტრატეგიული სიმაღლეებისა და ტერიტორიების ნებაყოფლობით „მოწინააღმდეგისთვის ჩაბარება“, რომელთა დახმარებითაც ამ წლების განმავლობაში ფრონტისპირა სროლების სომხური დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით შეკავებას ახერხებდნენ.    

ყარაბაღის ომი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ადამიანები, რომლებიც საუკუნეობით გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, და ძალიან მსგავსი ტრადიციები და ყოფა ჰქონდათ, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.  ყარაბაღში ორწლიანი საომარი მოქმედებების შედეგად  ყველა მხრიდან 18,000 ათს ადამიანზე მეტი დაიღუპა.

სხვა ევროპული კონფლიქტური ზონებისგან განსხვავებით, ყარაბაღში არასდროს ყოფილა არც სამშვიდობო ჯარები და არც საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც რეგიონში რაიმე სხვაგვარი უსაფრთხოების გარანტიას მაინც შექმნიდა, ვიდრე ეს რთული საფრონტო სიმაგრეების ქსელიანი ბუფერული ზონაა, რომელიც სრულიად სხვადასხვა სახის იარაღით იყო სავსე.  

2016 წლის აპრილის დაპირისპირებამ ცეცხლს მხოლოდ ნავთი დაასხა – ბევრმა ყარაბაღელმა თვალნათლივ იგრძნო ომის დაწყების პერსპექტივის რეალურობა, რამაც თავის დაცვის მისწრაფება კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. ამის მიღწევის ერთ-ერთ გზად სომხურ მხარეს დე-ფაქტო რესპუბლიკისთვის სტატუსის მინიჭება მიაჩნია.

განძასარი. ფოტო: ოლესია ვართანიანი

მათ ამის მიღწევა მოლაპარაკებების პროცესით სურთ – თუმცა, ეს  მიუღებელია აზერბაიჯანისთვის, რომელიც ყარაბაღის თავის სახელმწიფოს შემადგენლობაში შენარჩუნებისკენ, და ამბოხებული რეგიონის საკუთარი კონტროლის ქვეშ დაბრუნებისკენ მიისწრაფვის.

ორი კვირის წინ აზერბაიჯანელმა ლიდერმა განაცხდა, რომ რეგიონში „მეორე სოხური სახელმწიფოს“ შექმნას არ დაუშვებს. ეს განცხადება მისი მხრიდან პირველად არ გაისმის, სტატუსის მინიჭების თაობაზე სომხური მხრიდან გახშირებული და უფრო ხმამაღალი მოთხოვნების საპასუხოდ. აპრილის ომის შემდეგ სომხურმა მხარემ ყარაბაღის აზერბაიჯანის წიაღში დაბრუნების დაშვებაც კი შეწყვიტა.  

 მიუხედავად ამისა, ყარაბაღისგან განსხვავებით, ერევანში ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი ადამინები შეგხვდეთ, მათ შორის ხელისუფლების უმაღლეს წრეებში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მიწების საკითხიც და მთელი კონფლიქტიც შეიძლება, რომ გადაიჭრას. მაგრამ ეს მხოლო იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი ბაქო  ყარაბაღის სომხური მოსახლეობის სუვერენული უფლებების აღიარებას დათანხმდება. მარტივად რომ ვთქვათ – დეფაქტო რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის საზღვრებს მიღმა თვითგამორკვევის პერპსპექტივის აღიარებას.   

„რატომ არ ესმით ბაქოში, რომ ნდობის გარეშე არაფერი გამოვა?!“ – გაკვირვებით შლიდა ხელებს  მაღალი თანამდებობის მქონე ჩემი სომეხი თანამოსაუბრე.

მისი თქმით, მოცემულ მომენტში  ნდობის პერსპექტივა გაჩნდებოდა, აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხის გადაჭრის გზების ჩამონათვალიდან ომის შესაძლებლობა  ნებაყოფლობით რომ გამოერიცხა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, დასძინა ჩემმა თანამოსაუბრემ, მხარეები ერთმანეთს მუდამ „ძალის ენით“ დაელაპარაკებიან: გაგრძელდება შეიარაღების ზრდა, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების მუქარა და მუდმივი სროლები, რომლებიც ომში გადაზრდის საფრთხეს შეიცავს.

ომის მუქარის აღკვეთა სომხეთის ლიდერის იმ ინიციატივას უკავშირდება – რომ გაზრდილიყო ეუთოს დამკვირვებელთა რიცხვი, ასევე კონფლიქტის ზონაში ამოქმედებულიყო საერთაშორისო გამოძიების მექანიზმი.

ბაქოში ამბობენ, რომ სიხარულით იტყოდნენ უარს სამხედრო გეგმებზე, მაგრამ დაიღალნენ იმ მომენტის ლოდინით, როდესაც სომხური მხარე მზად იქნება მოლაპარაკებების პროცესის განსაახლებლად და დათმობებზე წასასვლელად.

“ომი – ერთადერთი ინსტრუმნეტია, რაც დაგვრჩა, რომ მათ თუნდაც რაიმეს გაკეთება ვაიძულოთ“, – თქვა ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკმა. მას გულწრფელად არ სურდა ომის დაწყება, რომელიც მის ნათესავებსა და ნაცნობებს შეიწირავს.  

სტეფანაკერტი/ ჰანაკენდი.ფოტო: ოლესია ვართანიანი

როგორ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე?

ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. და არც პრეზიდენტების შეხვედრიდან  ღირს, რომ გამრღვევ და სწრაფ გადაწყვეტილებებს ველოდეთ ამ მრავალწლიანი პრობლემაში, რომელიც  აპრილის დაპირისპირებისაა და ორივე მხრიდან შემდეგომი სამხედრო განწობების გამო, მხოლოდ გაღრმავდა. ერთ შეხვედრაში პრეზიდენტები ასევე ვერ შეძლებენ, რომ მთიანი ყარაბაღის  სტატუსის საკითხი გადაწყვიტონ – ის, რაზეც, უკვე თითქმის 30 წელია, კამათობენ.

თუმცა, ორი ლიდერის შეხვედრამ შესაძლოა, იმედი გააჩინოს, რომ ყარაბაღის პროცესი ფრონტისპირა ზონიდან მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდება. ამას კი პირველ რიგში ორივე მხრიდან საველე მეთაურებს შორის ქმედითი ურთიერთობები შეუწყობდა ხელს, რათა ფრონტის ხაზზე მორიგი ინციდენტები აიცილონ.

თუკი პრეზიდენტები ამის გაკეთებას შეძლებენ – 2017 წლის 16 ოქტომბერს ჟენევაში მათი შეხვედრა, შეიძლება, ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე სერიოზულ გარღვევად მივიჩნიოთ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ