უმუშევრობა და ფასების ზრდა დანაშულის ზრდის საწინდარია?  " />

რისთვის კლავენ ქალებს აზერბაიჯანში

უმუშევრობა და ფასების ზრდა დანაშულის ზრდის საწინდარია?  

რისთვის კლავენ ქალებს აზერბაიჯანში

“ორი-სამი თვის წინათ ვიეჭვე, რომ ელნარას ახალგაზრდა კაცთან, ვინმე აზერთან ჰქონდა ურთიერთობა. მე ეს სიზმარში ვნახე, და ვიფიქრე, რადგან დამესიზმრა, ესე იგი, მათ შორის მართლაც რაღაც იყო. ამ ეჭვიანობის გამო, ცოლის მიმართ გული გამიცივდა, ხშირად ვჩხუბობდით. მერე ვეღარ მოვითმინე და მოვკალი”.

ეს ყველაფერი საშიში ფილმის სცენარი არ გეგონოთ, ეს ერთი მკვლელობის ისტორიაა, რომელიც ბაქოს დასახლება პირალაგიში მოხდა. აიდინ მამედოვს სიმთვრალეში თავისი სიზმარი გაახსენდა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ცოლი. ბაქოს მძიმე დანაშაულებათა სასამართლომ მას 17 წელი მიუსაჯა. სააპაელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

“ქალთა მკვლელობების” რაოდენობა აზერბაიჯანში არათუ მცირდება, არამედ ყოველდღიურად მატულობს. მიზეზები კი სულ უფრო უცნაურია: სიზმარში მიღალატა, ერთხელ ზარს არ უპასუხა, მშობლებთან სტუმრად წასვლა მოითხოვა, წუწუნებს, რომ სახლში სიცივეა.

ფიზულის რაიონში ზოხრაბ გიანჯევმა თავის ცოლს ვუსალა ასადოვას ყელი გამოსჭრა. ვუსალამ თქვა, – სახლში ცივა და ბავშვები იყინებიანო. ქმარს მისი წუწუნი არ მოეწონა და მოკლა. ეს წელს მოხდა, 6 იანვარს. ამ წლის მხოლოდ პირველ კვირაში კიდევ 4 ქალი მოკლეს.

რადგან წელიწადი ჯერ არ დასრულებულა, ქალთა მკვლელობების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. მაგრამ ქალთა დახმარების საზოგადოებრივი გაერთიანება “Təmiz dünya” (“სუფთა სამყარო”), პრესაში გამოქვეყნებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ასეთმა მკვლელობებმა, გასულ წლებთან შედარებით, იმატა და თან ეს შემთხვევები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მაგალითად, გამაოგნებელი შემთხვევა იყო, როდესაც ქმარმა ფეხმძიმე ცოლს სამი შვილის თვალწინ თავი მოაჭრა.

პრესაში გამოქვეყნებულ ასეთ შეტყობინებებს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები; სოცილურ ქსელებში დაიწყო აქცია “კმარა ქალების ხოცვა”. ამ კამპანიის ინიციატორმა, ქალთა დახმარების საზოგადოებრივი გაერთიანება “სუფთა სამყაროს” ხელმძღვანელმა, მეჰრიბან ზეინალოვამ ის პრობლემები ჩამოთვალა, რომელთა გამოც, აზერბაიჯანელი ქალები დაუცველები არიან “ყოფითი კრიმინალის” წინაშე: პატრიარქალური სტერეოტიპების გაღრმავება, ეკონომიკური დამოკიდებულება და საზოგადოებაში ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობა, ყოფითი ძალადობის შესახებ საჩივრების მიმართ ჩინოვნიკების უყურადღებობა, სოციალური სამსახურის ინსტიტუტების უმოქმედობა, ადრეული ქორწინებები და ა.შ.

რა ღირს სამართალი?

მეჰრიბან ხანუმის თქმით, ხშირად პოლიცია ასეთ საქმეებს უგულისყუროდ იძიებს: “ჩვენ მოგვმართეს საკუთარი ქმრის ხელით მოკლული საბინა ვედრიევას მშობლებმა, რომლებიც შიშობენ, რომ მკვლელობის საქმეს არასწორად გამოიძიებენ.

საბინას მამა, მაზახირ ჯაბროვი ამბობს, რომ მისი ქალიშვილი განსკუთრებული სისასტიკით მოკლეს – ბლაგვი საგნითა და დანით. ქალს სხეულზე აღმოჩენილია ნაჩხვლეტ-ნასერი ჭრილობები”.

მამის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში მის ქალიშვილს 5-ჯერ სცემეს – ქმარმა, დედამთილმა და მამამთილმა. ის მშობლების სახლში დააბრუნეს, მაგრამ იმის გამო, რომ ორსულად იყო და თან სამი შვილი ჰყავდა, ისევ უკან, ქმართან გაუშვეს. “ქალი იმ დღესვე მოკლეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოკლულის ოჯახს უფასო ადვოკატი ვერ მოვუძებნეთ. თავად კი ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ”, – ამბობს ზენალოვა.

ამრიგად, თავად ძალადობის გახშირებული შემთხვევების პრობლემას კიდევ ერთი ემატება – სასამართლოების უუნარობა, უფასო სასამრთლოთი უზრუნველჰყონ აზერბაიჯანის მოქალაქეები.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ასეთი დანაშაულებისთვის 17-20- წლიანი პატიმრობაა განსაზღვრული. უკანასკნელი მოვლენების ფონზე კი, ბევრი ადამიანი, მათ შორის ელმირა ახუნდოვაც, ითხოვს სიკვდილით დასჯის აღდგენას, რომელიც აზერბაიჯანში 1998 წელს გაუქმდა.

სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახური კონფლიქტისა და სხვა მიზეზების გამო, დარეგისტრირებულია 422 დანაშაულის ფაქტი. რვა ქალი მოკლულია, დანარჩენების ჯანმრთელობას საშუალო და მძიმე ზიანი მიადგა, ან ისინი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს და სხვა.

ქალთა მკვლელობების სტატისტიკის მკვლევარის, ჟურნალისტ გაჯი ზეინალოვის გამოთვლებით, მხოლოდ აპრილის თვეში ბაქოში 5 ქალი მოკლეს, ხოლო მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანად – 25. მკვლელებს შორის არიან – ყოფილი ქმრები, ყოფილი შეყვარებულები, ყოფილი მამამთილები, ახლანდელი ქმრები, ძმები, მეზობლები.

“სუფთა სამყარო”, საკუთარი მონაცემებიდან გამომდინარე, ირწმუნება, რომ მოკლულია ას ქალზე მეტი.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ვებგვერდზე დანაშაულები მსხვერპლის სქესის ან მკვლელობის მოტივის მიხედვით არ არის დაყოფილი, ამიტომ დინამიკის თვლ-ყურის დევნება საკმაოდ რთულია. სტატისტიკის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების რიცხვმა 2000-იანი წლების დასაწყისიდან თითქმის ორჯერ იმატა და 2015 წელს 3922-ს მიაღწია.
თუ ოფიციალურ მონაცემებს ჟურნალისტურ კვლევებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგებს შევუთავსებთ, დავინახავთ, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა მეათე მკვლელობა – ყოფით ნიადაგზე ქალის მკვლელობაა.

მენტალიტეტი

თუ ციხეს ვერ გადაურჩება, იქ მაინც შეუძლია იცხოვროს როგორც “ავტორიტეტულმა მკვლელმა”. ძველებური ტრადიცია ჯერ ისევ ცოცხლობს აზერბაიჯანის ციხეებში. “სინდისის პატიმრები”, მაგალითდ ღალატისთვის ცოლის მკვლელები, ციხეებში განსაკუთრბული ავტორიტეტით სარგებლობენ.

ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია – საზოგადოების “ტრადიციული აზროვნებისკენ” გადახრა – მისი მკაცრი ტაბუებითა ორმაგი სტანდარტით. ამ სტანდარტებში, მაგალითად, თავისუფლად ეწერება ვაჟის მიერ დედის მოკვლა, თუკი ის მამის სიკვდილის შემდეგ ვინმე სხვა კაცს ხვდება, მამის მიერ ქალიშვილის მოკვლა, რომელმაც ღამე შინ არ გაათია, და ასე შემდეგ. ისეთი მედიაც კი არსებობს, რომელიც ასეთი მკვლელების შესახებ თანაგრძნობის გამომხატველ შენიშვნებს აკეთებს.

ფსიქოლოგი-იურისტი ორახნ სულთანოვი მიიჩნევს, რომ გახშირებული მკვლელობების მიზეზი ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებაა: “ყველასთვის ცნობილია ის გამაოგნებელი ექსპერიმენტები, როდესაც ფსიქოლოგები ცდილობდნენ, დაედგინათ, თუ რა ვითარებაში მიდის საშუალო ადამიანი ზანეობრივი კანონების წინააღმდეგ. და შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე იყო – “მაძღარი” საზოგადოების წარმომადგენელი შეძლებული ადამიანებიც კი, საკმარისი იყო შეზღუდულ პირობებში მოექციათ, მაშინვე ცხოველებივით იწყებდნენ მოქცევას.

ხოლო დაბალი კულტურული დონის გაუნათლებელი ადამიანისთვის ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ერთდერთ ორიენტირად მისი “მამაკაცის სტატუსი” რჩება, ანუ სწორედ ის “ღირსება”. თუკი ის სხვა მხრივ არ არის შემდგარი და განვითარებული, ეს ერთადერთია, რაც მას გააჩნია. ამიტომ, ნებისმიერმა მინიშნებამაც კი ცოლის ღალატზე, ან მისი მხრიდან გამოთქმულმა ამგვარმა პრეტენზიამაც კი – “შენ ხომ ცოტას შოულობ”, შეიძლება სრულიად დააკარგვინოს კონტროლი. თუ უმუშევრობა მოიმატებს და ფასები გაიზრდება – კიდევ უფრო მეტი “შეუმდგარი” კაცი გვეყოლება, რომლებიც სულ იმის ძებნაში იქნებიან, ვიზე იყარონ ჯავრი, და ყოფითი ძალადობაც მოიმატებს.”

რას აკეთებს სახელმწიფო?

წესით, ქალებზე ძალადობის პრობლემის მოგვარებაზე ოჯახის, ქალთა და ბავშვთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტი უნდა მუშაობდეს. კომიტეტის თვმჯდომარემ, ჰიჯრან ჰუსეინოვამ, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, რომ “აზერბაიჯანში ძალიან სერიოზული სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება ქალებისა და ბავშვების დასაცავად”. შემდეგ ჰუსეინოვამ ჩამოთვალა, თუ ვინ შეიძლება სახელმწიფოს ამ საქმეში დაეხმაროს: არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ამ უკანასკნელს მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება განესაზღვრა.

რაც შეეხება არასამთვარობო ორგანიზაციებს, “ქალთა კრიზისულმა ცენტრმა”, მატანატ აზიზოვას (ამჯერად პოლიტემიგრანტის) ხელმძღვანელობით, უზარმაზარი სამუშაო გასწია ძალადობის მსხვერპლთათვის ფსიქოლოგიური და სხვა დახმარების საქმეში. მას შემდეგ, რაც “კრიზისულმა ცენტრმა” იძულებით შეწყვიტა საქმიანობა, “სუფთა სამყარო” ერთადერთ ადგილად რჩება, რომელსაც ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ დასახმარებლად მიმართონ. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წელია, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურა გართულდა, ახლების გახსნას არ უნდა ველოდეთ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის საგანმანათლებლო სამუშაო განათლების სამინისტროს სვინდისზე რჩება, რომელსაც ახალი მინისტრი მიკაილ ჯაბაროვი ხელმძღვანელობს, და რომელმაც ჯერ მისი ძირითადი საქმიანობისადმი მოქალაქეების მრავალრიცხოვან პრეტენზიას უნდა დააღწიოს თავი.

გამოქვეყნებულია 17.12.2016

 


ასევე წაიკითხეთ