ხელისუფლება დუმს და ამ ვაკუუმს ავსებენ სხვები" />

რა კითხვები დატოვა 22 ნოემბრის სპეცოპერაციამ

ხელისუფლება დუმს და ამ ვაკუუმს ავსებენ სხვები

გიორგი გოგუას ფოტო 

22 ნოემბრის სპეცოპერაციამ საქართველო ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

თუ აქამდე სამართალდამცავებისა და ტერორისტების ღია ომს სადღაც შორს – პარიზში, ლონდონსა და ვაშინგტონში ვადევნებდით თვალს, ახლა ეს ყველაფერი უკვე აქვე, ჩვენს თვალწინ, მეზობელ ქუჩაზე განვითარდა.

საზოგადებისთვის ჯერ კიდევ უცნობია სპეცოპერაციის მომზადების, დაგეგმარებისა და ჩატარების დეტალები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგაც არ ავრცელებს მეტ ინფორმაციას.

თუმცა, იმ ღია პროცესზე დაკვირვებით, რომელსაც მთელი საქართველო ადევნებდა თვალს ტელეეკრანებიდან, რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება უკვე შეიძლება:

შევძელით თუ არა არა შიშის და პანიკის თავიდან აცილება?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვერ შევძელით პანიკის შეკავება და შიშის ფაქტორის მართვა.

ამის მიზეზი პასუხისმგებელი პირების მხრიდან სტრატეგიული კომუნიკაციის ჩავარდნა იყო.

მაღალი თანამდებობის პირებმა არჩიეს საერთოდ არ გაეკეთებინათ შეფასებები მანამდე, სანამ სპეცოპერაცია არ დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგადი და რამდენიმეწამიანი პრესკონფერენციები არა თუ არ აქრობდა საზოგადოებაში გავრცელებულ სპეკულაციებსა და ჭორებს, არამედ პირიქით, მეტ მისტიციზმსაც კი სძენდა პროცესს.

სტრატეგიული კომუნიკაცია არ არის მხოლოდ პრესასთან ურთიერთობა და ღიად ყველა დეტალზე საუბარი. პირველ რიგში, ეს არის საზოგადოებისთვის კარგად შემუშავებული გზავნილის (ნარატივის) მიწოდება. მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სტანდარტული ფრაზები, როგორიცაა „ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება“’, „ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც დაგეგმილი გვაქვს“ და ა.შ. ასეთი ფრაზები გუშინ არ ისმოდა. ამდენად, არსებული ვაკუუმი თავისუფლად გამოიყენეს მედია საშუალებებმა და სხვა აქტორებმა.

როგორ იმუშავა მედიამ?

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გაშუქება ნამდვილად არ არის მარტივი. მით უფრო, როდესაც საამისო გამოცდილება არ არსებობს.

დღეს ტერორიზმის გაშუქების პრობლემა ზოგადად მთელი საერთშორისო მედიის წინაშე დგას და ჟურნალისტები სპეციალურ ტრენინგებს გადიან, რომ კრიზისულ სიტუაციებში მუშაობის უნარ-ჩვევები შეიძინონ.

სრულიად ბუნებრივია, რომ მედიას უნდა პირველმა მოგვითხროს ამბავი – რაც შეიძლება სწრაფად და ექსკლუზიურად. ამასთანავე, საზოგადოებასაც აქვს უფლება იცოდეს, თუ რა ხდება მის თავს.

ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჟურნალისტებს უკარგავს უნარს დაიცვან ბალანსი ტერორისტული აქტების გაშუქების პროცესში. ქრება ზღვარი მედიის პირველად დანიშნულებას – საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და ეთიკას შორის. ამიტომ, არც თუ ისე იშვიათად, მედია ამ პროცესში უარყოფით როლსაც თამაშობს.

ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვუკარნახებთ ჟურნალისტებს როგორ გააშუქონ ესა თუ ის საკითხი, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია წარმოსახვითი შუალედის დაცვა. მედიის წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეუძლია გააღვივოს ეთნიკური, რელიგიური დაპირისპირება და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იარლიყები მიაკეროს.

იარლიყები და სტერეოტიპები

იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სხვა, მნიშვნელოვან პრობლემამდე მიგვიყვანა. რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტმა და ადგილობრივი მაცხოვრებლის ინტერვიუმ ხაზი გაუსვა დაპირისპირების პროცესში პანკისის ხეობას (იმ ბინის მეპატრონე, სადაც დამნაშავეები იყვნენ გამაგრებული, პანკისის მკვიდრია და ა.შ)

ჩვენ საზოგადოებაში პანკისის ხეობასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ გაჩენილ მითსა და სტერეოტიპს დასასრული არ უჩანს. მედიის დაუდევრობის შედეგად, პანკისის ხეობისადმი სიძულვილის ენით მოსაუბრეთა რაოდენობამ იმატა. მარტივი იქნება იმის წარმოდგენა, როგორი ზეწოლის, წნეხისა და განცდის ქვეშ უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას იმ ხეობაში, რომლისგანაც მტრის ხატია შექმნილი.

ვინ შეიძლება გამოიყენოს 22 ნოემბერის მოვლენები?

ბოლო დროს საქართველოში მზარდი ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტური და პოპულისტური ჯგუფები ხშირად აპელირებენ “უცხოელების” მიერ საქართველოს უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაზე. არ არის გამორიცხული, ამ პროცესმა მემარჯვენე რადიკალებს ახალი ენერგია მისცეს და მათი მხარდამჭერთა რიგები გაზარდოს.

მათ პოპულისტურ სურვილს, რომ მაქსიმალურად შეიზღუდონ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ყოფნა საქართველოში, დაემატება კიდევ ერთი, ჰიპოტეტურ კითხვად ჩამოყალიბებული არგუმენტი: „გსურთ რომ უფრო მეტი მსგავსი შემთხვევა (ტერაქტი) მოხდეს?’’.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, რომელმაც შეიძლება მოვლენები სათავისოდ გამოიყენოს რუსეთია, კერძოდ:

ა) მომხდარ ამბავს რუსეთი ეფექტურად გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ თავისი პროპაგანდისთვის. საერთაშორისო არენაზე კრემლი მუდმივად აპელირებს იმით, რომ საქართველო ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყანაა. გუშნდელი ამბავი კი, მას კარგ არგუმენტად გამოადგება.

ბ) ასევე, კრემლმა აღმოაჩინა, რომ საქართველოში პანიკის, შიშის დათესვა და სახელმწიფო სისტემისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება მარტივი კრიზისის შექმნითაც არის შესაძლებელი.

კითხვები, რომლებზეც საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს მიიღოს პასუხი

გამოძიების დასრულებას და საბოლოო დასკვნების დადებას, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუმცა არსებობს კითხვები, რომლებზეც საზოგადოებას მოკლე ვადებში სჭირდება პასუხი:

ა) ვისთან გვაქვს საქმე? რომელი ჯგუფის წარმომადგენლები არიან და რა მიზნით იყვნენ საქართველოში? სურდათ საქართველოში რაიმე ტიპის ქმედების ჩადენა თუ აპირებდნენ სხვა ქვეყანაში გადასვლას?

ბ) ჩატარდა თუ არა სპეცოპერაცია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად? შეიქმნა თუ არა ოპერატიული შტაბი? რატომ არავინ მისცა ჟურნალისტებს ინსტრუქცია, რომ არ მოხვედრილიყვნენ სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში?

მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს დროული კომუნიკაციის აუცილებლობა. სტრატეგიული კომუნიკაცია უპირველეს ყოვლისა საჭიროა კრიზისის დროს და არა მისი დასრულების შემდგომ. თუ პასუხისმგებელი პირები საინფორმაციო ველში საკუთარ გზავნილსა და ობიექტურ ინფორმაციას არ შემოიტანენ, ამ ყოველივეს სხვა აქტორები საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით გააკეთებენ.

 

 

გიორგი გოგუაძე – საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირქტორის მოადგილე


ასევე წაიკითხეთ