ეთნიკური უმცირესობებების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთი უკეთ დაეხმარება, ვიდრე ევროკავშირი" />

რა იციან ქართველებმა ევროკავშირზე? გამოკითხვა

ეთნიკური უმცირესობებების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს რუსეთი უკეთ დაეხმარება, ვიდრე ევროკავშირი

ევროპის ფონდის დაკვეთით, CRRC-იმ 2017 წელს მეხუთედ ჩაატარა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და მისდამი დამოკიდებულების შესწავლას.

2017 წელს 2 258 რესპონდენტი გამოიკითხა.

ევროკავშირის დახმარება მნიშვნელოვანია

გამოკითხულთა 45 პროცენტი ევროკავშირის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი და მხოლოდ 10 – ნეგატიურად. 40 პროცენტი ნეიტრალურად.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, 8 პროცენტის აზრით კი, ეს დახმარება ნაკლებად მნიშვნელოვანია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, 84 პროცენტის აზრით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება მნიშვნელოვანია, მათ შორის 38 პროცენტი ამ დახმარებას აფასებს, როგორც “ძალიან მნიშვნელოვანს”.

მოსახლეობის 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 49 პროცენტი. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი რიცხვი, ვინც ევროკავშირს ქართული ტრადიციების მტრად მიიჩნევდა 2015 წელს 15 პროცენტით მეტი იყო.

საქართველოს მოსახლეობისათვის ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა არის პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო შემდეგ უკვე ეკონომიკური გაერთიანება.

ეს ორგანიზაცია გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის (74 პროცენტი) მშვიდობასთან, უსაფრთხოებასთან და დემოკრატიასთან ასოცირდება.

ევროკავშირის შესახებ ცოდნის ნაკლებობა

გამოკითხვა ადასტურებს მოსახლეობის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. თუმცა, ამავე დროს, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ეს ენთუზიაზმი უფრო მეტად მოსახლეობის იმედებისა და მოლოდინების გამოხატველია, ვიდრე ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნის.

CRRC საქართველოს მეირ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, “არის თუ არა ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრი”? 2017 წელს, გამოკითხული მოსახლეობის 16 პროცენტი პასუხობს დადებითად.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ 2009 წლიდან 2015 წლამდე ამ კითხვაზე არასწორი პასუხების წილი სტაბილურად იკლებდა და 2015 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი მიიჩნევდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია. ბოლო კვლევაში კი, ეს წილი კვლავ გაიზარდა.

“საქართველოს მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირში გაწევრიანებასთან გააიგივა ან დაუკავშირა,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

უფსკრული ეთნიკურ უმცირესობებსა და ქართულენოვან მოსახლეობას შორის

ყველაზე ნაკლები ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ. მათ უმრავლესობას უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე – რა არის ევროკავშირი.

კითხვაზე, “ყველაზე უკეთ, ვის შეუძლია დღეს დაეხმაროს საქართველოს?” – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 54 პროცენტი პასუხობს, რომ ყველაზე უკეთ საქართველოს დახმარება რუსეთს შეუძლია.

მაშინ როდესაც იგივე კითხვაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 35 პროცენტი ევროკავშირს ასახელებს. დაახლოებით მეოთხედი რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს (24% და 23%).

CRRC საქართველოს მეირ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულენოვნებთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ იშვიათად ასახელებენ ევროკავშირს (15% და 35%) და დაახლოებით 4-ჯერ უფრო იშვიათად – ამერიკის შეერთებულ შტატებს (5% და 23%).

2016 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება, ხოლო 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში ხანმოკლე ვიზიტებით.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ