მთავრობამ უნდა შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა ან მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი" />

საქართველოს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მიიღო. რას ნიშნავს ეს და როგორ იმუშავებს?

მთავრობამ უნდა შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა ან მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი

სოფელი ტბეთი, ცხინვალთან ახლოს; ფოტო: REUTERS/კაზბეგ ბასაევი

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

საქართველოს პარლამენტში, ე.წ. “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის ინიციატივით ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო” მას შემდეგ გამოვიდა, რაც 23 თებერვალს ცხინვალში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობაში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები დაიცვას, იდეის ავტორების აზრით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის “შავი სია” ამ სიტუაციიდან ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა.  

JAMnews შეეცადა გაერკვია, რა არის “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” და როგორ იმუშავებს ის:

რა არის “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მთავარი მიზანი?

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებული ფაქტების ფონზე პოლიტიკური შეფასებები არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას დაცვის და პრევენციის მექანიზმი. მათი აზრით, ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური ბერკეტი საერთაშორისო სანქციებია.

“ეს სია არ არის პანაცეა, მაგრამ რაღაც დაბრკოლებას მაინც აჩენს. მით უფრო, როცა ხელთ სხვა არანაირი მექანიზმი არ გვაქვს. სიას შემაკავებელი ეფექტი ექნება, სამიზნედ ყოფნა არავის არ უყვარს”, – ამბობს სერგი კაპანაძე, “ევროპული საქართველოს” წევრი, რომელიც არის ამ პროექტის უშუალო ავტორი და ინიციატორი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ დანაშაულებში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

სერგი კაპანაძის აზრით, ეს სია მაღალ, საგარეო დონეზე დისკომფორტს შეუქმნის რუსეთს, თუკი საქართველოს ხელისუფლება ყველა მაღალი ტრიბუნიდან ამ სიაზე ისაუბრებს.

კონკრეტულად რა სანქციები დაეკისრება ამ სიაში შემავალ პირებს?

1. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შემავალ პირებს დაუყადაღდებათ ის ქონება, რომელზეც საქართველოს მთავრობის ხელი მიუწვდება;

2. მათ შეეზღუდებათ ქონების გადაადგილება თუ შეძენა, ასევე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებში;

3. ისინი ვერ მიიღებენ ვიზებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სამოგზაუროდ;

4. ისინი ვერ ისარგებლებენ იმ შეღავათებით, რომლებიც საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის აქვს დაწესებული – მაგალითად, ვერ იმკურნალებენ საქართველოში (2010 წლიდან მოქმედებს ე.წ. ჯანდაცვის პროექტი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთიდან და ოსეთიდან პაციენტების უფასოდ მკურნალობას საქართველოს საავადმყოფოებში. იმის გამო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯანდაცვის სექტორი სუსტად არის განვითარებული, ხოლო რუსეთში ავადმყოფის გადაყვანა შორია და ძვირი, ამ სერვისით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ბევრი ადამიანი სარგებლობს.)

 ვინ მოხვდება სიაში?

რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს იმ პირთა სია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა ან მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. უშუალო შემსრულებლების გარდა, სიაში მოხვდებიან დანაშაულის ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირებიც.

ჯერჯერობით, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ზუსტად ცნობილია, რომ სიაში მოხვდება, ეს არის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი.

იდეის მიზანი არ არის, რომ სია რაც შეიძლება დიდი იყოს. პირიქით, სია უნდა იყოს პატარა და ის უნდა იყოს პრევენციული ხასიათის, – აცხადებენ იდეის ავტორები.

“ამ სიაში თუ შეიყვან სიტყვაზე 500 ადამიანს, მათ უკვე არაფრის შეეშინდებათ. ხოლო, თუ შეიყვან ხუთს, 495 შეიძლება დაფიქრდეს, ღირს თუ არა ამ სიაში მოხვედრა. მთავარია, სხვებმა დაინახონ, რომ თუ სიაში მოხვდები, პრობლემები გექნება”, – ამბობს სერგი კაპანაძე.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ავტორების თქმით,  ამ სიის მიზანი არ არის სამშვიდობო, პოლიტიკური პროცესისთვის პრობლემების შექმნა და სიაში მაღალი თანამდებობის პირების შეყვანა (მაგალითად აფხაზეთის ლიდერის ხაჯინბას, ან რუსეთის პრეზიდენტის პუტინის.)

სია მთავრობის შესაბამისმა სტრუქტურებმა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შს სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად უნდა შეადგინონ. მთავრობა ამ სიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ეს უნდა მოხდეს 2018 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე.

ასევე, რეზოლუცია ავალებს მთავრობას გამოიძიოს ამ პირთა საქმეები და აცნობოს ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს.

გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები:

22 თებერვალს ცხინვალის სამართალდამცავებმა ახალგორში დააკავეს სამი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის ახალგორში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც იმავე ღამეს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილმა დაკავების შემდეგ ბადრაგისთვის იარაღის წართმევა სცადა, შეხლა-შემოხლის დროს კიბეზე დაგორდა და რამდენიმე საათში ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ ტატუნაშვილი “ოსი ხალხის გენოციდის” მონაწილე იყო და სწორედ ამიტომ დააკავეს.

“რადიო თავისუფლება” რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში ცხოვრობდა, ის ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა, ამიტომ საზღვარს ხშირად და თავისუფლად კვეთდა და მანამდე ადგილობრივ ოს ძალოვნებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ამ ვერსიის არ სჯერათ არც მისი ოჯახის წევრებს და არც ოფიციალურ თბილისს. ის ფაქტი, რომ ცხინვალის მხარე 26 დღის განმავლობაში აჭიანურებდა ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას, უფრო მეტად ადასტურებს თბილისის ეჭვებს, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი გარდაცვალება სწორედ ამან გამოიწვია.

ამ შემთხვევის შემდეგ ბევრმა გაავლო პარალელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან. საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს.

პროდუქტებით დატვირთული ოთხოზორია აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა აფხაზ მესაზღვრეებთან. ერთ-ერთმა მას 6 ტყვია ესროლა. შემთხვევა თბილისის მიერ კონტროლირებად მონაკვეთზე მოხდა.

ეს ყველაფერი დეტალურად არის ცნობილი იმის გამო, რომ ოთხოზორიას მკვლელობა ქართულ საგუშაგოსთან დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ გადაიღო. ეს კადრები მედიითაც გავრცელდა.

მის მკვლელს, რაშიდ კანჯი ოღლის (რომელსაც ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა), აფხაზურმა სასამართლომ ჯერ შინაპატიმრობა მიუსაჯა, ხოლო შემდეგ, მტკიცებულებების არქონის გამო, ეს მსუბუქი სანქციაც მოუხსნა. არც ოთხოზორიას მკვლელი და არც სხვა პასუხისმგებელი პირები დასჯილნი არ არიან.


ასევე წაიკითხეთ