ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აღნიშნულ განცხადებას თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა" />

რასმუსენი საქართველოს ნატო-ს წევრობის გერმანულ მოდელს სთავაზობს

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აღნიშნულ განცხადებას თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

“ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს ისე, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,” – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ამ სიტყვებმა თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ნატო-ს მაღალჩინოსანი საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე  „Now What?” დასასწრებად ჩამოვიდა.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას, რასმუსენმა აღნიშნა, რომ დროა საქართველოსა და ალიანსში იმსჯელონ ისეთი მექანიზმის შემუშავებაზე, რომელის მიხედვითაც, საქართველო ალიანსის წევრი გახდება ისე, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.

ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემაფერხებელი არ გახდეს და რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოთი მანიპულირება, აღნიშნა მან.

რას ნიშნავს ნატო-ს მეხუთე მუხლი:

 

ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი ცნობილია როგორც ”ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის ”სამხედრო ძალების” გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

 

 

“ამერიკის ხმასთან”  ინტერვიუში  რასმუსენმა განმარტა, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს და ალიანსმა ის გერმანიის შემთხვევაში დაუშვა.

„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა რასმუსენმა.

მან ასევე თქვა, რომ ალიანსმა 2008 წელს შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოსა და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა, იგივე „მაპი“ არ მიანიჭა.

რასმუსენის თქმით, საქართველო ასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს ნატო-ს წევრობისთვის, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა.

“ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით?” – განაცხადა რასმუსენმა.

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, არის თუ არა მზად საქართველოს მთავრობა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს, რასმუსენმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლების განწყობები არ იცის.

რასმუსენმა ამ თემას “რისკიანი გზა” უწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დისკუსია ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თბილისი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, პუტინი ვეღარ შეუშლის ხელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.

REUTERS/Yves Herman 

“ეს შიგნით უნდა განიხილოთ, რადგან ეს ასევე რისკიანი გზაა. თუმცა ვფიქრობ, უნდა გავერიდოთ პუტინის  ვეტოს. მან [პუტინმა] იცის, რომ ნატო და ევროკავშირი არ მოინდომებენ ეს პრობლემები [ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემები] ალიანსში გადმოვიდეს. სწორედ ამიტომ ის [პუტინი]აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მაგრამ თუკი საქართველო იტყვის, რომ მზადაა შეუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, რომ თანახმაა, რომ მეხუთე მუხლი მხოლოდ იმ ტერიტორიზე ამოქმედდეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში,” – აღნიშნა რასმუსენმა. 

მისი თქმით, მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით საქართველოს წევრობა არ გადაწყდებოდა, თუმცა “ყველაზე ცოტა, საქართველოს მთავრობის ასეთი გადაწყვეტილება წევრობაზე რეალური საუბრის ხელახლა დაწყების საფუძველი იქნებოდა”.

“ეს იქნება პირველი და რეალური ნაბიჯი იმ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, რაც ნატო-მ უკვე 2008 წელს მიიღო, რომ თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი, თუ აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებთ”, – განაცხადა რასმუსენმა.

• კარასინი საქართველოს ემუქრება: “ჩვენ ხომ გვახსოვს, საიდან იწყებოდა უკრაინის პრობლემები”

• მედვედევი: საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება 

ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს

ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 77% ემხრობა, ნატო-ში – 74%

ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია  

რას ეტყვის ადამიანებს, ვინც ამ შესაძლო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვად ჩათვლის? – ჰკითხა რასმუსენს “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტმა.

სწორედ ამიტომაა აღნიშნული არჩევანი სარისკო, უპასუხა ნატოს მაღალჩინოსანმა.

“რა თქმა უნდა, ეს რისკია. ამიტომ არის ეს საქართველოს განსახილველი და გადასაწყვეტი, თუ როგორ მოიქცეს. მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რა არის უფრო სარისკო – ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება საქართველოს სამომავლო წევრობაზე ნატო-ში”, – თქვა მან. 

 

რა რეაქცია მოჰყვა რასმუსენის ნათქვამს?

როგორც მოსალოდნელი იყო, რასმუსენის აღნიშნულ განცხადებას თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. პროდასავლური ოპოზიცია და ექსპერტები ამ ფორმულაში საქართველოსთვის ისტორიულ შანსს ხედავენ.

სხვაგვარად ფიქრობენ პრორუსული ძალები. მიუხედავად იმისა, რომ რასმუსენი თავის განცხადებაში მხოლოდ ნატო-ს მეხუთე მუხლის გავრცელებაზე საუბრობდა, ზოგმა ეს განცხადება წაიკითხა, როგორც  მოწოდება, საქართველომ უარი თქვას თავის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვია მიუღებელია “საქართველო ნატოს წევრი გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე”:

“ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს”, – ასეთი პასუხი გასცა რასმუსენის წინადადებას  საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება და ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება ნატო-ს წევრი.

მისი თქმით, ოფიციალურ დონეზე საქართველოს ხელისუფლებაში რასმუსენის მიერ წამოწეული საკითხი არასოდეს განხილულა.

” ამ თემის ოფიციალური განხილვა არასოდეს ყოფილა, ეს არის მხოლოდ ექსპერტების მოსაზრება, ეფუძნებიან რა გამოცდილებას“, – აღნიშნა  სესიაშვილმა. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს არც ერთ მეგობარს არასდროს უთქვამს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე უნდა გახდეს.  ხიდაშელის თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენი საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი სრულად, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, მაგრამ შესაძლოა მხოლოდ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე.

“ყველა, ვინც საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს, კარგ შემთხვევაში არის ან დეზინფორმატორი ან უბრალოდ ქვეყნის მტერი,” – აღნიშნა ხიდაშელმა.

“პრაგმატული და მისაღები ფორმაა, რომ ეს გაწევრიანება მოხდეს დათქმით, რომ მე-5 მუხლის მოქმედება არ გავრცელდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ანუ საქართველო ნატოს წევრი ხდება სრულად, მისი მთელი ტერიტორიით, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, მაგრამ შესაძლოა, მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ ამას ამბობს რასმუსენი საქართველოს სხვა მეგობრებიც”, – ამბობს ხიდაშელი.

ოპოზიციური პარტიის ​”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს ამბობს, რომ ანდერს ფოგ რასმუსენის შემოთავაზება საქართველოს ინტერესშია.

“იგივე ხალხი, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს რუსეთთან ომით, (ბუნებრივია, ომი არავის უნდა და უნდა ავიცილოთ თავიდან), ამავე დროს, იძახის, მეხუთე მუხლი უნდა გავრცელდეს აფხაზეთზეო. მაშინ ეგ ომს ნიშნავს და სწორედ ამ საბაბით თუ არგუმენტით იბლოკება ნატოს წევრობა. ბატონმა რასმუსენმა რაც თქვა, სწორედაც რომ საქართველოს ინტერესშია, რომ არაოკუპირებული საქართველო იყოს დაცული და ეს ზრდის შანსებს სწრაფად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ასე იყო გერმანიის შემთხვევაში (მაგრამ ეს არ არის ზუსტი ანალოგია) და ბევრ სხვა შემთხვევაში”, – ამბობს ბოკერია.

“ის, რომ ნატო-ს ყოფილმა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა ეს განაცხადა, ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, – ასე შეაფასა „რონდელის“ ფონდის მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა რასმუსენის განცხადება.

„ეს განცხადება არის დადებითი, იმიტომ რომ ნატო-ში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რომ ეს იყო რუსეთის მიმართ არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რამაც წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ. რაც შეეხება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატო-ს მეხუთე მუხლი… ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემდგომი შესაძლო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით,” – აღნიშნა ბატიაშვილმა. 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ასევე ეთანხმება რასმუსენს, რომ ამ თემაზე დისკუსიები უნდა დაიწყოს.

„დიახ, დისკუსები უნდა დაიწყოს იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში. თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, კარგიც კი არის. ამ შემთხვევაში ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვითხოვთ ალიანსისგან შეიარაღებულ მხარდაჭერას, მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერა გვჭირდება”.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მისთვის მისაღები პოზიციაა, რომ საქართველო მიიღონ ნატოში ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ შეეხოს  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა კონსენსუსამდე უნდა მივიდეს ქართული საზოგადოება.

“ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთსა და ცხინვალს და უკვე ნატო-ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის. მთავარია ეჭვქვეშ არ დადგეს შერიგების საკითხი და დიალოგი არ შეწყდეს“, – აღნიშნა მან. 

 

 


ასევე წაიკითხეთ