ლაშა ბუღაძის ბლოგი" />

პროკურორი ბიძა

ლაშა ბუღაძის ბლოგი

არც ანარქია მირჩევნია, არც ტირანია ჩემი ქვეყნისთვის…

შეწყდეს სიკვდილი უასაკოთა ამიერიდან!

 ესქილე, ორესტეა

____________________

ვინ წარმოიდგენდა ოთხმოცდაათიან წლებში, რომ თინეიჯერები კანონის სამართლებრივ სივრცეში აღსრულებას მოთხოვდნენ არაადეკვატურ ხელისუფლებას?!

ჩემ ბავშვობაში (უპრიანი იქნებოდა მეთქვა, ყრმობაში) თავში აზრად არ მოუვიდოდა არავის, რომ მანიფესტაციები მოეწყო მკვლელისთვის ხელის დამფარებელი, შესაბამისად, ქუჩური ვენდეტების წამახალისებელი კრიმინალური სისტემისათვის!

გარდა იმისა, რომ სისტემა თავად იყო მკვლელი, პრინციპში ერთგვარ მენტალურ ნორმად ქცეულიყო თავად შურისძიების ფენომენი – წახალისებულ და რიგ შემთხვევაში, რომანტიზებულ ნორმად.

მკვლელი შესაძლოა პოპულარული გამხდარიყო სწორედ იმიტომ, რომ მკვლელი იყო.

მკვლელი დაუსჯელი რჩებოდა, რადგან ფასეული სწორედ დაუსჯელობა იყო და არა ადამიანის სიცოცხლე.

თუკი ვინმე უნდა გადარჩენილიყო, სწორედ მკვლელი, რადგან მკვლელს ყოველთვის ფარად ედგა სისტემა, ფარად ედგა სისტემის კაცი, კრებითი თუ კონკრეტული პროკურორი ბიძა, რომელიც ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამართალი.

ჩვენ გვახსოვს თხუთმეტი-თექვსმეტი წლის უტვინო მკვლელები, რომლებიც ვერც იაზრებდნენ, რა ჩაიდინეს და რომელთაც ფაქტობრივად მკვლელობის ჩადენისთანავე უდანაშაულოდ აცხადებდა სისტემა – პროკურორი ბიძა, რომელიც მკვლელს მხოლოდ მცირე ხნით თუ მოაცილებდა დანაშაულის სამართლებრივ თუ მორალურ ეპიცენტრს, რადგან დიდი ხნით გარიდების საჭიროება არც იყო – ღირებული ხომ დანაშაული იყო და არა ზნეობა.

პროკურორი ბიძა ყველაფერს იღონებდა, ოღონდ კი სამუდამო უბედურებით დაწყევლილი მკვლელი პასუხისმგებლობისგან გაერიდებინა.

პროკურორი ბიძა ძლევამოსილ პროკურორ ბიძად იგრძნობდა თავს, თუკი თხუთმეტი-თექვსმეტი წლის მკვლელი “სერიულ მკვლელად” იქცეოდა და ბიძაც ყოველ ჯერზე წარმატებით მოახერხებდა მის გარიდებას დანაშაულისგან.

ხოლო ამორალური სისტემა ერთმნიშვნელოვნად თავისიანის მხარეს დადგებოდა და არავითარ შემთხვევაში – და არც ერთხელ – მსხვერპლის მხარეს.

ჩვენ გვახსოვს, როგორ სძულდა სისტემას შვილმოკლული მშობელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სიცხადეს და ადეკვატურობას ითხოვდა სისტემისაგან.

ჩვენ გვახსოვს, როგორ დააფარა ხელი სისტემამ მკვლელებს, რაკი მათ თავისიანად თვლიდა და ჩაგრულს კი – მტრად.

ჩვენ გვახსოვს, როგორ თვლიდა სისტემა მტრად მიცვალებულს.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ებრძვის სისტემა შვილმკვდარ მშობელს – ინტრიგებით, შანტაჟითა და შეურაცხყოფებით, რომელიც ისევ და ისევ სამართალს ეძებს ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ისევ მთავარი ფასეულობაა ჩემიანი და არა სიმართლე.

ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემაში არაფერი შეცვლილა.

ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემას დასკვნა ვერ გამოაქვს წარსულის გაკვეთილებიდან.

ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა ვერ მალავს პრობლემას – ისევე, როგორც პროკურორი ბიძები მალავდნენ მკვლელს, მაგრამ ვერ მალავდნენ თავად დანაშაულს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავს სად დაემალები?!     


ასევე წაიკითხეთ