მოგითხრობთ, რატომ არ არის სომხეთში მიღებული ოჯახურ ძალადობაზე საუბარი და კანონზე, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ" />

ოჯახური ძალადობა სომხეთში. ოჯახური პრობლემები ფატალური დასასრულით

მოგითხრობთ, რატომ არ არის სომხეთში მიღებული ოჯახურ ძალადობაზე საუბარი და კანონზე, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 100 შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ქალი საკუთარ ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

ერთი მკვლელობის ქრონიკა

9 მაისს, სომხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალაქ მასის სამედიცინო ცენტრში, მოკლული ქალის ცხედარი მიიტანეს. ეს სოფელ შაუმიანის მკვიდრი, 30 წლის მარიამ ასატრიანი იყო.

პოლიციის განცხადებაში აღინიშნა, რომ დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი: ქალი რეზინის მილითა და ბრტყელტუჩათი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით, მაშინვე დააკავეს 26 წლის აკოფ ოგანიანი, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მისცა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მარიამსა და აკოფს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

რუსეთი: დაუსჯელი ოჯახური ძალადობის ერთი წელიწადი

სკანდალური ისტორია სომხეთში: ქალი ამტკიცებს, რომ შვილი გაუყიდეს და მის დაბრუნებას ითხოვს

მოგვიანებით გაირკვა, რომ მარიამმა სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ კიდევ ამ შემთხვევამდე ორი წლით ადრე შეატყობინა, ხანგრძლივ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. უფრო მეტიც, 2017 წლიდან მოყოლებული, „ქალთა დახმარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს მარიამ ასატრიანის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.

2017 წლის ოქტომბერში, ქალი თვითონ დაუკავშირდა ცენტრს ცხელი ხაზის საშუალებით. მაშინ პარტნიორმა ის სასტიკად სცემა და ხელი მოტეხა. მას სხეულზე სხვადასხვა სახის ჭრილობა აღენიშნებოდა. მარიამ ასატრიანმა ორი თვე იცხოვრა „ქალთა დახმარების ცენტრის“ თავშესაფარში, მოგვიანებით კი საკუთარი სურვილით დატოვა დაწესებულება.

მარიამმა ცენტრს მეორედ 2018 წელს მიმართა – მორიგი სასტიკი ცემის შემდეგ, რის შედეგადაც ორივე ხელი ჰქონდა მოტეხილი. ერთი სიტყვით, სამართალდამცავი ორგანოები საქმის კურსში იყვნენ იმის შესახებ, რომ მარიამს პერიოდულად სცემდნენ, ამასთან, ყველაფერი იცოდნენ მისი ტრავმების შესახებ, მაგრამ არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

მარიამს ორი შვილი ჰყავდა. ერთი ბავშვი 3 წლის იყო, მეორე კი – 40 დღის. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მკვლელობის მომენტში მარიამი ორსულად იყო.

რატომ არ არის სომხეთში მიღებული ოჯახურ ძალადობაზე საუბარი?

ბევრს მიაჩნია, რომ ასეთი ოჯახური საქმეები, როგორიცაა კამათი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა, სახლის კედლებს არ უნდა გასცდეს, მით უმეტეს, არ უნდა გადაწყდეს პოლიციის დახმარებით.

ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველები ქალები და ბავშვები არიან. დაუცველები არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, ფინანსურადაც. ძალიან ხშირად, ქალები და ბავშვები არ საუბრობენ იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც განიცდიან, იმიტომ რომ, ფინანსურად დამოკიდებულები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქმე სასამართლომდე მიდის, მოძალადე ქმრის მიმართ ყველაზე ხშირად გამოიყენება ჯარიმა, რის შემდეგაც, ისინი ოჯახსა და საკუთარ მსხვერპლს უბრუნდებიან. სომხეთში, როგორც წესი, საკუთრების უფლება მამაკაცებს ენიჭებათ და ძირითადად, სწორედ ისინი არიან ხოლმე საცხოვრებელი ფართის ერთადერთი მფლობელები.

2000-იან წლებამდე, სომხეთში არ არსებობდა არც ერთი თავშესაფარი ან დაცვის ცენტრი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის. „ქალთა დახმარების ცენტრი“ პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო სომხეთში, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ოჯახურ ძალადობას განიცდიდნენ.

ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი, ასმიკ გევორგიანი ამბობს, რომ 2010 წლამდე, როდესაც ცენტრი მუშაობას მხოლოდ იწყებდა, მათთან წელიწადში, დაახლოებით, 50 საჩივარი შედიოდა, ახლა კი ეს ციფრი 2000-მდე გაიზარდა. ამასთან, ცენტრის თავშესაფარში ერთდროულად ცხოვრება მხოლოდ 16 ადამიანს შეუძლია.

ახლა სომხეთში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის ორი თავშესაფარი არსებობს – და ორივე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალისხმევით. დაზარალებულებს იქ ორ თვემდე შეუძლიათ გაჩერება.

სარწმუნო ციფრები

ოჯახური ძალადობის შესახებ ზუსტი სტატისტიკის მოძიება საკმაოდ რთულია.

2018 წლამდე ოჯახური ძალადობა არ ფასდებოდა დანაშაულად. ახლა კი ოჯახურ ძალადობად არ ითვლება დანაშაული, რომელსაც სჩადის მამაკაცი, ვისი ურთიერთობაც მსხვერპლთან კანონით არ არის განმტკიცებული.

• 2016-2017 წლებში, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ქალების მკვლელობის 19 სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, რომელთაგანაც სამი დაიხურა.

• 2018 წლის პირველ 6 თვეში ქალების მკვლელობის 9 შემთხვევა დარეგისტრირდა.

• 2017 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ოჯახური ძალადობის 793 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 18-ში – მსხვერპლი მამაკაცი იყო. გამოძიების ეტაპამდე მხოლოდ 458 საქმე მივიდა. კოალიციამ „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, იმავე წელს 5 600 შეტყობინება მიიღო ძალადობის შესახებ.

• 2018 წელს ოჯახური ძალადობის შესახებ 519 სისხლის სამართლის დანაშაული გამოიძიეს. ამ საქმეების გამოძიებისას, 493 ადამიანი იქნა დაზარალებულად ცნობილი, მათგან 25 – 12 წელზე უმცროსია, 8 – 12-დან 14 წლამდე, 24 – 14-დან 16 წლამდე, ცხრა – 16-დან 18 წლამდე ასაკის, 183 მსხვერპლი 18-დან 35 წლამდე ასაკის, 244 კი 35 წელზე უფროსი.

• კოალიცია „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მონაცემებით, 2010-2017 წლებში სომხეთში ქალების მკვლელობის 50 შემთხვევა დაფიქსირდა.

• ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სომხეთში ყოველი მეხუთე ქალი განიცდის ძალადობას.

კანონის შესახებ

2015 წლიდან, სომხურმა მედიამ აქტიურად დაიწყო ოჯახური ძალადობის ფაქტების გაშუქება და ხელისუფლება შესაბამისი კანონის მიღებაზე დაფიქრდა. თუმცა, ის მხოლოდ 2017 წლის დეკემბერში მიიღეს.

„ოჯახური ძალადობის პრევენციის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ოჯახში თანხმობის აღდგენის შესახებ“ კანონის მიღებამ, სომხეთში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ ის გაანადგურებდა ტრადიციული სომხური ოჯახის საფუძვლებს და სახელმწიფოს ოჯახის საქმეებში ჩარევის უფლებას მისცემდა, მათ შორის, მშობლებისთვის ბავშვების წართმევის.

უფლებადამცველების აზრით, ეს კანონი სერიოზულ გადახედვას საჭიროებს და მან ხელშესახები შედეგები არ მოიტანა. მისი მიღების შემდეგ, სომხეთში ოჯახური ძალადობის 990 შემთხვევა დაფიქსირდა – მარტო სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით. ეს მხოლოდ სავარაუდო ციფრია, რამდენადაც ქვეყანაში არ არსებობს ოჯახური ძალადობის ფაქტების ერთიანი ბაზა.

მაგრამ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება ძალადობის მსხვერპლებს, რომელთაც თავშესაფრის დატოვების შემდეგ, წასასვლელი არსად აქვთ.

ამ თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება საცხოვრებლის დასაქირავებლად, პროფესიულ სასწავლებელში რაიმე კურსის გასავლელად ან მკურნალობისთვის. ხელისუფლების კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, დადგინდა მინიმალური პირობები, რომელსაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები უნდა აკმაყოფილებდნენ და ასევე, დადგინდა, მასში მომუშავე ადამიანების მინიმალური სავალდებულო უნარ-ჩვევები.

ახლა სომხეთი ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის ემზადება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას, ოჯახურ ძალადობასა და მასთან ბრძოლას შეეხება. ამასთან, აპირებენ სახელმწიფო სახსრებით პირველი თავშესაფრის აშენებას.

უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ კონვენციის მიღება საზოგადოების პროტესტის მიზეზი გახდება. და ამავდროულად, ეს იქნება ერთგვარი ტესტი სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების, მისი პოლიტიკური ნებისა და გამბედაობისთვის, გადაწყვიტოს ეს საკითხი.

P.S.

სტატიის მომზადების პერიოდში, სომხეთში კიდევ ორი ქალი მოკლეს. ყოფილმა ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა 37 წლის კარინა აკოფიანი – ოთხი შვილის დედა. სოფელ ბასენში კი ძმამ სასიკვდილოდ სცემა 1957 წელს დაბადებული და, სუსანა კანდალიანი, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


ასევე წაიკითხეთ