აზერბაიჯანის ახალ პრეზიდენტს 17 ოქტობერს 7 წლის ვადით აირჩევენ " />

აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტია „მუსავათმა“ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

აზერბაიჯანის ახალ პრეზიდენტს 17 ოქტობერს 7 წლის ვადით აირჩევენ

ოპოზიციურმა პარტია „მუსავათმა“ გადაწყვიტა, შემოდგომისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისა გამბარის კანდიდატურა წამოაყენოს. მართალია, კანონის მიხედვით, კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია არჩევნების თარიღამდე ორი თვით ადრე იწყება, მაგრამ „მუსავათმა“ საარჩევნო შტაბის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ისა გამბარი ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსია. ის აზერბაიჯანის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და უკვე 22 წელია “მუსავათის” უცვლელი თავმჯდომარეა. 2014 წელს, პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მან თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული აზრის ეროვნული ცენტრი” დააფუძნა.

1992-1993 წლებში გამბარი პარლამენტის სპიკერის თანამდებობას იკავებდა და მცირე დროით აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოვალეობასაც კი ასრულებდა. 2003 წლის არჩევნებში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს და ილჰამ ალიევის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამბარის კანდიდატურა ისევ წამოაყენეს, თუმცა მან თავისი კანდიდატურა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

პარტია „მუსავათის“ სხდომაზე ისა გამბარმა საკუთარი საარჩევნო პლატფორმის მთავარი მიმართულებები განსაზღვრა – მან ისაუბრა ცვლილებების აუცილებლობაზე. თავის გამოსვლაში ისა გამბარმა რუსულ იმპერიალიზმზეც ისაუბრა. მისი აზრით, რუსული იმპერიალიზმი დღესაც აფერხებს აზერბაიჯანის განვითარებას და ამ ქვეყანას რეალურად დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

„პუტინის მთავრობა აგრძელებს იმპერიალიზმის პოლიტიკას. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც თანამდებობისა და ძალაუფლების გამო, მზად არიან მოსკოვის ყველა მითითება შეასრულონ. ხვალ, თუკი ასეთი სიტუაცია შეიქმნება, ისინი მზად იქნებიან, სსრკ-ს აღდგენასაც მოაწერონ ხელი და რუსული არმიის მოწვევაზეც არ იტყვიან უარს. ეს ხალხი აზერბაიჯანის პოლიტიკაში კვლავ წამყვან როლს ასრულებს“, – თქვა გამბარმა თავის გამოსვლაში, რომლის ვიდეოჩანაწერი ფეისბუკზე გამოქვეყნდა.

  • აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის 17 ოქტომბერს ჩატარდება.
  •  2016 წლის 26 სექტემბერს ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.

ასევე წაიკითხეთ