პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს" />

ნელი სიკვდილისთვის განწირულნი

პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ნუბარაშენის საპყრობილეში სამუდამო პატიმრობამისჯილებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტა გადაწყვიტეს. პატიმრები დაარწმუნეს, რომ სომხეთის პარლამენტი მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს.

რა ხდება? რატომ შიმშილობდნენ პატიმრები, რა ცვლილებებს მოითხოვენ და რას ელიან?

1991 წელს სომხეთში სასიკვდილო განაჩინზე მორატორიუმი გამოცხადდა. 2003 წელს, ევროსაბჭოში შესვლის შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა. იმავე წელს მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი, სასჯელის უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობაა.

2003 წლის პირველ აგვისტოს სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ყველა სიკვდილმისჯილის შეწყალების ბრძანებას მოაწერა ხელი, და ყველა სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალა.

სომეხი უფლებადამცველების მტკიცებით, ექსპრეზიდენტი ქოჩარიანის ბრძანება უკანონოა, რადგან სახელმწიფოს მეთაურს სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის უფლებამოსილება არ აქვს.

სომხეთის ჰელსინკის კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის, ავეტიკ იშხანიანის აზრით, სიკვდილმისჯილთა სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოს უნდა განეხილა. მისი თქმით, „სასჯელის შეცლის უფლება მხოლოდ სასამართლო უწყებას აქვს“.

უფლებადამცველმა არ გამორიცხა, რომ ამ საქმეების სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, სიკვდილმისჯილებს სასჯელის სხვადასხვა ზომას შეუფარდებდნენ, რადგან კანონით, განაჩენის შეცვლის დროს სასამართლო ვალდებულია, უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანოს. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც თავის დროზე სიკვდილით დასჯის განაჩენები გამოიტენეს, არის მუხლი, რომელშიც წერია: „ბრალდებულის შეწყალების შემთხვევაში, სასიკვდილო განაჩენი თხუთმეტ წლამდე პატიმრობით იცვლება“.

იშხანიანი აზრით, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის გადაწყვეტილება სამუდამო პატიმრობის სიკვდილით დასჯით ჩანაცვლების შესახებ შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც სამუდამო პატიმრობამისჯილის გამართლებას აძნელებს, ისაა, რომ სომხეთში ნივთმტკიცებები ნადგურდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ უდანაშაულობის სომხური პროექტის“ ხელმძღვანელი, Hetq.am-ის ჟურნალისტი ზარუი მეჯლუმიანი მიიჩნევს, რომ ნივთმტკიცებების „დნმ ანალიზი“ მსჯავრდებულების უდანაშაულობის დადასტურების საშუალებას მოგვცემდა.

‘ევროპის ქვეყნებში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებული ნივთმტკიცებების შენახვა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს. აშშ-ში კი, დნმ-ის ანალიზის წყალობით, 20-30 წლიანი პატიმრობის შემდეგ 338 პატიმარი გაამართლეს’ _ აღნიშნა მან.

მეჯლუმიანი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს სასამართლოს შეცდომები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში გარდაუვალია. სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის პროექტში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები უნდა შეინახონ. თუმცა, პროექტის ძალაში შესვლამდე მკვლელობების პროცესებთან დაკავშირებულ ნივთმტკიცებებს ისევ ანადგურებენ.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სამუდამო პატიმრობამისჯილებს ვადამდელი გათავისუფლებისა და საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება არ აქვთ. მისი აზრით, სამუდამო პატიმრობამისჯილები 20-25 წლის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდნენ.

‘სომხეთის პარლამენტში 2011 წლიდან შესულია კანონპროექტი, რომელიც სამუდამო პატიმრობამისჯილებისთვის სასჯელის მოხდის წესის ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით სამუდამო პატიმრობის პირველი თხუთმეტი წლის გასვლის შემდეგ პატიმარს ნახევრად დახურული რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანენ. განაჩენის გამოტანიდან 18 წლის შემდეგ კი სასჯელი ნახევრად ღია რეჟიმით შეიცვლება’, _ განმარტა ექსპერტმა.

მისი აზრით, ამ კანონის მიღება ადამიანს 20 წლის შემდეგ საზოგადოებაში დასაბრუნებლად მოამზადებს. სამუდამო პატიმრობამისჯილების ვადამდელი გათავისუფლება ევროპის ქვეყნებში, მაგალითად ინგლისსა და ან ფინეთში, დამკვიდრებული პრქტიკაა. თანაც, სტატისტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში დანაშაულის ახალი პრეცედენტები თითქმის გამორიცხულია.

უფლებადამცველები დარწმუნებულები არიან, რომ სასჯელის მიზანი პატიმრის გამოსწორებაა. ისინი ამტკიცებენ, რომ თუკი სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა და პატიმრების ვადამდელი გათავისუფლების პრაქტიკა არ დაინერგა, ტუსაღების საკნებში სამუდამოდ გამომწყვდევა და მათი ნელი სიკვდილისთვის გაწირვა პატიმრობასაც აზრს უკარგავს. ასეთ შემთხვევაში, ალბათ სასიკვდილო განაჩენის აღდგენა უფრო ჰუმანური იქნებოდა. 

24.12.2015

სომხეთში, ნუბარაშენის საპყრობილეში, მეათე დღეა, შიმშილობენ ტუსაღები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. საპროტესტო აქციის 32 მონაწილე საქმის გადახედვას ითხოვს.

14 დეკემბერს 28 პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა, 16 დეკემბერს კი აქციის მონაწილეების რიცხვი 35-მდე გაიზარდა. თუმცა, სამი დღის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, სამმა მათგანმა შიმშილობა შეწყვიტა. პატიმრები მასმედიასთან შეხვედრასაც ითხოვენ. ისინი უარს ამბობენ სეირნობაზე და საკნებიდან არ გადიან.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ეს საპროტესტო აქცია ნუბარაშენის ციხეში პირველი არაა. კონკრეტული პატიმრების პროტესტის ცალკეული შემთხვევების გარდა, 12-16 ოქტომბრის მასობრივი საპროტესტო აქციაც უნდა გავიხსენოთ, რომლის დროსაც სამუდამო პატიმრობამისჯილებმა მათი საქმეების გადახედვაზე უარის მიღების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადეს. აქციის მონაწილეები ვადამდელი და პირობითი განთავისუფლების საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვასაც ითხოვდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, 15 ოქტომბრისთვის აქციაში 50-დან 57-მდე პატიმარი იღებდა მონაწილეობას.

22 ოქტომბერს სომხურმა სასამართლომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო  _ მოსამართლემ ყარაბაღის ომის ვეტერანს, სოგომონ კოჩარიანს სამუდამო პატიმრობის სასჯელი მოუხსნა და გაათავისუფლა. გადაწყვეტილების საფუძველი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. გათავისუფლებულმა კოჩარიანმა საპყრობილის გარეთ მხოლოდ 15 დღე იცოცხლა. ყოფილი პატიმარი 8 ნოემბერს, ღამით ერევნის  ‘წმინდა გიორგი განმანათლებელის’ სახელობის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

ამჟამად სომხეთის საპყრობილეებში სულ 102 სამუდამო პატიმრობამისჯილი იმყოფება. სამართალდამცველების მონაცემებით, ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აღნიშნული მაჩვენებელი 30-ს არ აღემატება.
პატიმართა პროტესტს მათი ნათესავებიც უჭერენ მხარს, რომლებით პერიოდულად სომხეთის მთავრობის კანცელარიასთან, პარლამენტის შენობასთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან იკრიბებიან და აქციებს მართავენ.

რამდენიმე დღის წინ, 18 დეკემბერს პატიმრების ნათესავები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მთავრობის შენობასთან და სამუდამო პატიმრობამისჯილების პობლემებისადმი ყურადღების გამოჩენა მოითხოვეს. 21 დეკემბერს მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილით მიმართეს და ქვეყნის პირველ პირს იგივე მოთხოვნები წაუყენეს. საპროტესტო მიმართვას 13 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. იგივე შინაარსის წერილი პრემიერმინისტრ ოვიკ აბრამიანსაც გაუგზავნეს.

ეროვნული კრების სახელმწიფო და სამართლებრივი საკითხების მუდმივი კომისიის ხელმძღვანელი, ოგანეს სააკიანი პატიმრების ნათესავების ჯგუფს შეხვდა და დაარწმუნა ისინი, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე პატიმრებსაც შეხვდება და მათ მოთხოვნებს განიხილავს.

JAMnews მოვლენების განვითარებას თვალყურს ადევნებს.


ასევე წაიკითხეთ